საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #740აპ-22 ქ. თბილისი
ვ-ე დ.-740აპ–22 19 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის განაჩენით დ. ვ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში; დ. ვ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 94-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან (1961 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სასჯელის მინიმუმის გათვალისწინებით), რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, დ. ვ-ეს დამატებით სასჯელად 2 წლით ჩამოერთვა საბანკო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ დამატებით სასჯელად 1 წლით ჩამოერთვა საბანკო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დ. ვ-ეს ბრალი დაედო: ქონების დიდი ოდენობით გატაცებაში მითვისებით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესს; წინასწარი შეცნობით ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· დ. ვ-ე 1994 წლის ოქტომბერში დანაშაულებრივად დაუკავშირდა სააქციო კომერციული ბანკის – “ს-ოს ბ-ის“ ვ-ის რაიონის განყოფილების მთავარ ბუღალტერს – ნ. ძ-ს, რომელთან ერთადაც, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების მიზნით, ყალბი დოკუმენტაციის შედგენის გზით, 1994 წლის ოქტომბრიდან 1995 წლის აგვისტოს ჩათვლით “ს-ოს ბ-ის“ ზემომითითებული განყოფილების საკორესპონდენტო ანგარიშიდან უკანონოდ რიცხავდა დიდი ოდენობით ფულად სახსრებს სხვადასხვა ფირმის ანგარიშზე და შემდგომ ითვისებდა. აღნიშნული გზით მან მიითვისა სახელმწიფოს თანხა – 463 274 ლარი და 5 600 აშშ დოლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ვ-ე 1994 წლის ოქტომბერში დანაშაულებრივად დაუკავშირდა სააქციო კომერციული ბანკის – “ს-ოს ბ-ის“ ვ-ს რაიონის განყოფილების მთავარ ბუღალტერს, რომელთან ერთადაც, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების მიზნით, 1994 წლის ოქტომბრიდან 1995 წლის აგვისტოს ჩათვლით “ს-ოს ბ-ის“ ზემომითითებული განყოფილების საკორესპონდენტო ანგარიშიდან უკანონოდ რიცხავდა დიდი ოდენობით ფულად სახსრებს ფირმა “ს.--ის“ ანგარიშზე, რომლის ხელმძღვანელიც იყო დ. ვარდანიძე და შემდგომ ითვისებდა. აღნიშნული გზით მან მიითვისა სახელმწიფოს თანხა – 226 717 აშშ დოლარი (294 732 200 000 კუპონი).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დ. ვ-ის დამნაშავედ ცნობა საბრალდებო დასკვნაში ასახულ ყველა ბრალდებაში (საქართველოს 1961 წლის რედაქციის სსკ-ის 94-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით) და მისთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.
4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
5. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
6. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულფასოვნად არ შეაფასა და გამოიტანა დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ვ-ის საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) ბრალდების ნაწილში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ. ვ-ე იყო ბანკ „ნ-ს“ ხელმძღვანელი. იგი არ მუშაობდა “ს-ოს ბ-ში“, არ ეკავა რაიმე თანამდებობა და არ გააჩნდა არანაირი სამსახურებრივი უფლებამოსილება. მეტიც, ბრალდების ფორმულირებიდანაც კი არ გამომდინარეობს, რომ ბრალდება მას ედავება ბანკ „ნ-დან“ თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. აღნიშნული კი ცალსახად გამორიცხავს დ. ვ-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობას ბოროტად გამოყენებას. ასევე, საქმის მასალების ანალიზით არ ირკვევა, რომ “ს-ოს ბ-ის“ ვაკის რაიონის განყოფილების საკორესპონტენტო ანგარიშიდან ფირმა “ს.--ის“ ანგარიშზე თანხების გადარიცხვისას დ. ვ-ე იყენებდა ყალბ დოკუმენტებს ან ბუღალტერი ნ. ძ-ი იყენებდა მათ, რაც შეცნობილი ჰქონდა დ. ვ-ეს.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ დ. ვ-ეს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულები, ამიტომ საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
8. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც დ. ვ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია) სანქციის ფარგლებშია (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სასჯელის მინიმუმის გათვალისწინებით), შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე