საქმე N 330100121005212735
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №707აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი
ა. ა., №707აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ა. (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 2 სექტემბერს, თ. ქ-ზე, ა. ა-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,0064 გრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა მ. შ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
1.3. 2021 წლის 6 სექტემბერს, თ– ქ-ზე, ა. ა-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,0177 გრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა მ. შ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის განაჩენით ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ა-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ა. ა-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 13 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მ. შ-ის ჩვენება, რომ მან ა. ა-სგან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერებები, ვინაიდან თავად მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მას მ. შ-ისთვის ნარკოტიკული საშუალება არ მიუყიდია და სანაცვლოდ თანხა არ აუღია. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, რომ ა. ა. მ. შ-ს გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ამასთან, როგორც ჩანაწერითა და მოწმის ჩვენებით ირკვევა, იგი სპეციალური ტექნიკით აღჭურვამდე არავის გაუჩხრიკავს, კამერა კი ჩართო მ. ა-თან შეხვედრის წინ და გამორთო შეხვედრის დასრულებისთანავე, შესაბამისად, შეხვედრამდე და შემდეგ მისი ქცევის გაკონტროლება იყო შეუძლებელი.
4.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ შესაფუთ მასალაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთვის არაინფორმაციულია. გარდა ამისა, ა. ა-ს პირადი და ბინის ჩხრეკისას არ ამოუღიათ ის კუპიურები, რომლებითაც მ. შ-მა შეასრულა საკონტროლო შესყიდვა. კუპიურების ნომრები არ ჩანს არც ვიდეოჩანაწერში.
4.3. კასატორმა ასევე განმარტა, რომ 2021 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ მ. შ-ის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ ხსენებულ დღეს მან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ა. ა-სგან, თუმცა შეხვედრის ვიდეოგადაღება არ მომხდარა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, რომ ა. ა-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, ამასთან, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების შესახებ და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. ა-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე მ. შ-ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 2 სექტემბერს იგი შეხვდა ა. ა-ს, რომელმაც იცოდა, რომ წარსულში იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოქსინის“ შეძენა. მას არ ჰქონდა ფული, ამიტომ დაშორდნენ ერთმანეთს. გზაში მან გაიაზარა, რომ აღნიშნული იყო დანაშაული, ამიტომ მომხდარის შესახებ განაცხადა პოლიციაში და ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან. მას 2021 წლის 2 სექტემბერს გამომძიებელმა საკონტროლო შესყდვისთვის გადასცა 100 ლარი. იგი იმავე დღეს თ ქ-ზე შეხვდა ა. ა-ს, რომლისგანაც ამ თანხით შეიძინა ,,სუბოქსინის“ ფხვნილი, რაც მალევე, იმავე ქ-ზე წარუდგინა გამომძიებელს, რომელმაც დალუქა ადგილზე. 2021 წლის 6 სექტემბერს იგი აღჭურვეს სათვალთვალო ვიდეოკამერით და ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადასცეს ფულადი თანხა - 200 ლარი. იგი იმავე დღეს რ-ზე შეხვდა ა. ა-ს და გადასცა 200 ლარი. მას ა-მა უთხრა, რომ დალოდებოდა. დაახლოებით 20-25 წუთში იგი დაბრუნდა და მისცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მალევე, რ-ზე გადასცა გამომძიებელს, რომელმაც ადგილზე დალუქა იგი. აღნიშნულის შესახებ შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი.
5.4. გამომძიებელ ო თ-ის ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 2 სექტემბერს მ. შ–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ა. ა-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე. აღნიშნულის შემდეგ გამოიყო თანხა საკონტროლო შესყიდვებისთვის, რაც ორ ეტაპად გადასცეს მ. შ-ს, რომელიც 2021 წლის 2 სექტემბერს შეხვდა ა. ა-ს და შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. მან აღნიშნული ნარკოტიკი მ. შ-ისგან ამოიღო თ ქ. №..ის მიმდებარე ტერიტორიაზე და დალუქა მისი თანდასწრებით. 2021 წლის 6 სექტემბერს მ. შ-ი აღჭურვეს შესაბამისი მოწყობილობით და გადასცეს ფულადი თანხა, რომლითაც ამ უკანასკნელმა იმავე დღეს მოახდინა ა. ა-სგან ნარკოტიკული საშუალების შესყიდვა, რაც მან ამოიღო თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკონტროლო შესყიდვების დროს იგი იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე, ამიტომ ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო მალევე. მოწმე გ-მა კი დაადასტურა ა. ა-ს დაკავების ოქმის, ასევე ბინისა და პირადი ჩხრეკის ოქმების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე შ–ს ჩვენებასა და 2021 წლის 2 სექტემბრის თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმებზე, რომლებითაც დგინდება, რომ გამომძიებელმა შ-მ წარადგინა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა - 600 ლარი, რომელიც გადაეცა გამომძიებელ ოთ-ს. იმავე თარიღის ოქმით კი დასტურდება, რომ 2021 წლის 2 სექტემბერს გამომძიებელმა ო-მა მ. შ–ს საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 100 ლარი.
5.6. ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 2 სექტემბერს გამომძიებელმა ო-მა მ. შ-ისგან ამოიღო თეთრ ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, თეთრი, ფხვნილისებრი ნივთიერება.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს უდავო მტკიცებულებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 4 სექტემბრის ექსპერტის №.... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, თეთრ ქაღალდში გახვეული, თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება, წონით - 0,16 გრამი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ,,ბუპრენორფინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ რაოდენობაა - 0,0064 გრამი.
5.8. თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების 2021 წლის 6 სექტემბრის ოქმებით დადგენილია, რომ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გამომძიებელმა ო-მა მ. შ-ს გადასცა თანხა - 200 ლარი. ამოღების ოქმით კი დგინდება, რომ 2021 წლის 6 სექტემბერს გამომძიებელმა ო-მა მ. შ-ისგან ამოიღო თეთრ ქაღალდის ნაჭერში გადახვეული სამი ცალი თეთრი აბი.
5.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 8 სექტემბრის ექსპერტის №..... დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ორი ცალი, თეთრი, მრგვალი ფორმის ტაბლეტი (ობ. №...) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო ოდენობით - 0,0158 გრამს. თეთრი ფერის ნატეხები და ფხვნილი, რომლის საერთო წონაა 0,0966 გრამი (ობ. №3), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო ოდენობით - 0,0019 გრამს. ობიექტებში №... ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ საერთო ოდენობამ შეადგინა 0,0177 გრამი.
5.10. გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებით, 2021 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებითა და მათი გაშიფრული ტექსტებით დგინდება, რომ მ. შ-ი და ა. ა. განიხილავენ ნარკოტიკული საშუალების შეძენის დეტალებს. ჩანაწერში ნათლად ჩანს მათი შეხვედრა, რა დროსაც ა. ა. მ. შ-ს გადასცემს საგანს. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 15 ოქტომბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.... დასკვნით დასტურდება, რომ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილში მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.
5.11. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ა. ა-ს ჩვენებაზე, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამანშავედ და განმარტა, რომ მას მ. შ-ისთვის არაფერი, მითუფრო - ნარკოტიკული საშუალებები არ გადაუცია. ის და მ. შ-ის ბიძაშვილი ცხოვრობდნენ ერთად და ფულადი თანხა, რომელსაც მას ჩანაწერებში აწვდის მ. შ-ი, არის კომუნალური გადასახადების თანხა, რომელიც მ. შ-მა მაცივრიდან აიღო და უკან უბრუნებდა.
5.12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ა. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო. მოწმე მ. შ-მა განმარტა, რომ 2021 წლის 2 სექტემბერს ა. ა-გან საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში 100 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რაც მალევე გადასცა იმავე ქ–ზე მყოფ გამომძიებელს, თუმცა მისი ჩვენება ნარკოტიკული საშუალების უშუალოდ ა. ა-სგან შეძენის ნაწილში არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. მართალია, მოწმე ოთ-მა დაადასტურა, რომ მან მ. შ-ს გადასცა საკონტროლო შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა - 100 ლარი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელისგან თ. ქ-ზე ამოიღო ა. ა-სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რაც ადგილზევე დალუქა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწმეს არ განუმარტავს, რომ იგი თვალყურს ადევნებდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის პროცესს და ხედავდა, როგორ შეიძინა მ. შ-მა ა. ა-სგან ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, მ. შ-ის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა 2021 წლის 2 სექტემბერს მ. შ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ა. ა-სგან შეძენას, წარმოდგენილი არ არის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ა. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5.13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს ა. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მოწმე მ. შ-ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ 2021 წლის 6 სექტემბერს იგი აღჭურვეს სათვალთვალო ვიდეოკამერით და ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადასცეს ფულადი თანხა - 200 ლარი. იგი იმავე დღეს შეხვდა ა. ა–ს, რომელსაც გადასცა აღნიშნული თანხა, რის სანაცვლოდაც მას ა-მა დაახლოებით 20-25 წუთში მიუტანა ნარკოტიკული საშუალება, რაც მალევე, რ-ზე გადასცა გამომძიებელს, რომელმაც ადგილზე დალუქა იგი. ამ ნაწილში მ. შ-ის ჩვენება გამყარებულია მოწმე ო-ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ 2021 წლის 2 სექტემბერს მ. შ-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ა. ა-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე. აღნიშნულის შემდეგ გამოიყო თანხა საკონტროლო შესყიდვებისთვის. 2021 წლის 6 სექტემბერს მ. შ-ი აღჭურვეს შესაბამისი მოწყობილობით და გადასცეს ფულადი თანხა, რომლითაც ამ უკანასკნელმა იმავე დღეს ა. ა-სგან შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება, რაც მან ამოიღო თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. არნიშნული თანხვდენილია ამოღების ოქმთან, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 6 სექტემბერს გამომძიებელმა ო–მა მ. შ-ისგან ამოიღო ა. ა-სგან საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი, თეთრ ქაღალდის ნაჭერში გადახვეული სამი ცალი თეთრი აბი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 8 სექტემბრის ექსპერტის №.... დასკვნით კი დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ორი ცალი, თეთრი, მრგვალი ფორმის ტაბლეტი (ობ. №...) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო ოდენობით - 0,0158 გრამს. თეთრი ფერის ნატეხები და ფხვნილი, რომლის საერთო წონაა 0,0966 გრამი (ობ. №..), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო ოდენობით - 0,0019 გრამს. ობიექტებში №1-3 ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ საერთო ოდენობამ შეადგინა 0,0177 გრამი.
5.14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება ა. ა-ს ბრალეულობა და რომ მ. შ-მა ა. ა-ს თანხა გადასცა კომუნალური გადასახადებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებით, ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებითა და მათი გაშიფრული ტექსტებით დგინდება, რომ მ. შ-ი და ა. ა. განიხილავენ ნარკოტიკული საშუალების შეძენის დეტალებს. ჩანაწერში ნათლად ჩანს მათი შეხვედრა, რა დროსაც ა. ა. მ. შ-ს გადასცემს საგანს. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 15 ოქტომბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნით დასტურდება, რომ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილში მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. გარდა ამისა, მ. შ-მა განაცხადა, რომ მას ა. ა-ს მიერ დასახელებულ პირთან ნათესაური კავშირი არ აქვს, შესაბამისად, ა. ა-ს ჩვენება, რომ ის და მ. შ-ის ბიძაშვილი ცხოვრობდნენ ერთად და ფულადი თანხა, რომელსაც მას ჩანაწერებში აწვდის მ. შ-ი, არის კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილი - მოკლებულია დამაჯერებლობას.
5.15. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ დაუდგენელია, რას აკეთებდა მ. შ-ი ა. ა-თან შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში მოწმე ოთ-მა დაადასტურა, რომ იგი საკონტროლო შესყიდვისას იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე და დროულად ახდენდა ა. ა-სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ამოღებას. აღნიშნული კი გამორიცხავს მ. შ-ის თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ მას აკონტროლებდა იქვე მყოფი საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელი. ამასთან, არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მიუთითებდა, რომ მ. შ-ს ან მოწმე პოლიციის თანამშრომლებს აქვთ რაიმე ინტერესი, დანაშაულის ჩადენაში ამხილონ ა. ა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან ისინი სრულად შეესაბამება ერთმანეთს, არ შეიცავს წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და არ არსებობს მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
5.16. კასატორის განმარტება, რომ ა. ა-ს პირადი და ბინის ჩხრეკისას არ ამოუღიათ ის კუპიურები, რომლებიც საკონტროლო შესყიდვისთვის გადასცეს მ. შ-ს, რაც გამორიცხავს ა. ა-ს ბრალეულობას, არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ამ უკანასკნელის პირადი და სახლის ჩხრეკა ჩატარდა მოგვიანებით, შესაბამისად ის, რომ ჩხრეკისას არ ამოუღიათ ზემოხსენებული კუპიურები, არ გამორიცხავს ა. ა-ს ბრალეულობას, ვინაიდან ფარული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ მ. შ-მა ა. ა-ს ნამდვილად გადასცა თანხა, რასაც არც თავად მსჯავრდებული უარყოფს და სადავოდ ხდის მხოლოდ თანხის დანიშნულებას. თანხის გადაცემიდან ჩრეკის ჩატარებამდე ა. ა–ს ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მ. შ-ის მიერ გადაცემული თანხა გამოეყენებინა საკუთარი შეხედულებისამებრ. ამასთან, ფარული ვიდეოგადაღების პროცესში, როდესაც განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რთულია არაპროფესიონალმა იმდაგვარად მოახვედროს კადრში ფულის კუპიურები, რომ გამოჩნდეს მათი სერიული ნომრები. მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ვიდეოჩანაწერით, ამოღების ოქმებითა და ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დგინდება, რომ ა. ა-მა ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2021 წლის 6 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა მ. შ-ზე.
5.17. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით შესაფუთ მასალაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია, რაც დაცვის მხარის მოსაზრებით, გამორიცხავს მასთან ა. ა-ს კავშირს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნივთზე არ აღმოჩნდა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი, საქმე №262აპ-17).
5.18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და ვიდეოჩანაწერით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
6. სასჯელის დასაბუთება
6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
6.2. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.3. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
6.5. საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. კერძოდ, ა. ა-მა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, რაც ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივი საშიშროებით. ამ ტიპის დანაშაულების შემდგომი პრევენცია კი საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან და მიაჩნია, რომ ა. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ა. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
4. ა. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2021 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ა. ა-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
6. ა. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2021 წლის 11 ოქტომბრიდან;
7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე