საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №778აპ-22 ქ. თბილისი
ზ-ე ფ-ნ, 778აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ზ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ფ. ზ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2021 წლის 14 სექტემბრიდან იმავე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი; მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით შეიცვალა: ფ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 3 ივნისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 14 სექტემბრიდან იმავე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით და სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ფ. ზ-ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის ივნისში თ-ში, პ-ის გამზ. №-, ბინა №-ში, მდგმურმა ფ. ზ-ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მფლობალობაში არსებული, ბინის მესაკუთრე ქ. ქ-ის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები და განკარგა პირადი შეხედულებისამებრ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჭ-ემ. დაცვის მხარე ითხოვს ფ. ზ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის, როგორც უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებლის, გაუქმებას.
5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ამოღებული ხელშეკრულებები და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ფ. ზ-ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
7. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა ფ. ზ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ნასამართლობის არქონა) გარემოებები, გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონია დაზარალებულთან დაკავშირებისა და მიყენებული ზიანის ნაწილის ანაზღაურების მცდელობაც კი, ასევე მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნები და ფ. ზ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დადგენილი მინიმალური სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
9. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ფ. ზ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე