საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №557აპ-22 თბილისი
ზ-ე გ-მ, 557აპ-22 25 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ზ-ის ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
· გ. ზ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 2 აპრილიდან;
· გ. გ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 24 მარტიდან.
2. განაჩენის მიხედვით:
2.1. გ. ზ-ეს მსჯავრი დაედო მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
o 2021 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ-ში, ა-ის დასახლების --ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. ჯ-ემ, ურთიერთშეკამათებისას, ხელთ ნაქონი დანის სხეულის საციცოხლო ორგანოებში რამდენიმე დარტყმით, სცადა გ. გ-ის განზრახ მკვლელობა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის სიცოცხლე გადაარჩინეს;
o აღნიშნულ ფაქტს შეესწრო გ. გ-ის მეგობარი გ. ზ-ე, რომელმაც 2021 წლის 20 იანვარს გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ფ. ჯ-ის მიერ გ. გ-ის დაჭრის თაობაზე;
o მიუხედავად ამისა, 2021 წლის 4 მარტს გ. ზ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურას და იმავე წლის 28 მარტს შსს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-6 სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მოწმის სახით დამატებით გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, კერძოდ, განმარტა, რომ, თითქოს, არ იცოდა, თუ რა ვითარებაში მიიღო 2021 წლის 19 იანვარს ჭრილობები გ. გ-ემ და უარყო მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი, რითაც გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას.
2.2. გ. გ-ეს მსჯავრი დაედო მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც გამოიხატა დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
o 2021 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ-ში, ა-ის დასახლების --ე კორპუსი მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. ჯ-ემ ურთიერთშეკამათებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის რამდენიმე დარტყმით გულმკერდის მარცხენა ნახევარში სიცოცხლისთვის სახიფათო შემავალი, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და წელის მიდამოში, მარცხნივ ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა გ. გ-ეს, რომელსაც სიცოცხლე შეუნარჩუნდა ექიმების კვალიფიციური დახმარების შედეგად;
o მიუხედავად ამისა, 2021 წლის 6 მარტს, დაზარალებულის სახით გამოკითხვისას, გ. გ-ემ უარყო ფ. ჯ-ის მიერ მისი დაჭრის ფაქტი და გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, კერძოდ, განმარტა, რომ 2021 წლის 19 ნოემბერს, ღამის საათებში, ფ. ჯ-ესთან ერთად ა-ის დასახლებასთან, ა-ის დასახლებისაკენ მიმავალ მეორეხარისხოვან გზაზე ფეხით გადაადგილებისას, ფეხი დაუცურდა, რა დროსაც ინსტინქტურად ხელი მოჰკიდა ფ. ჯ-ეს და ორივენი არხში გადაცვივდნენ, ხოლო დაცემის შედეგად დაზიანდნენ. გ. გ-ემ გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
- მსჯავრდებულ გ. ზ-ის ადვოკატმა ზ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. ზ-ის გამართლება;
- მსჯავრდებულმა გ. გ-ემ და მისმა ადვოკატმა თ. გ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. გ-ის გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ზ-ის ადვოკატმა ზ. რ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ზ-ის გამართლებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც გ. ზ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის სტანდარტს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ზ-ის ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე