საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №756აპ-22 ქ. თბილისი
კ-ე მ-ნ, 756აპ-22 24 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-ის, თ. ჯ-ისა და ჯ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენით მ. კ-ე, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – კერძო საწარმოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 8 ივნისიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ მ. კ-ემ ჩაიდინა: მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ა-ის -ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს გამოცხადებულ №- ტენდერში ხ-ს მუნიციპალიტეტში, „ხ-ს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის თაობაზე მონაწილეობდა და 2018 წლის 7 თებერვალს გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ო-ა“ (100% წილის მფლობელი და დირექტორი მ. კ-ე).
· სატენდერო მოთხოვნებისა და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, 2018 წლის 21 თებერვალს, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს შორის №- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას, შპს „ო-ის“ დირექტორმა მ. კ-ემ ა-ის --ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში წარადგინა სს „ბ-ს ბ-ს“ სახელით, შპს „ო-ზე“ გაცემული, 2018 წლის 19 თებერვლით დათარიღებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ---- (უპირობო და გამოუთხოვადი) საბანკო გარანტია.
· აღნიშნული ყალბი საბანკო გარანტიის საფუძველზე შპს „ო-ის“ დირექტორს – მ. კ-ესა და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №- ხელშეკრულება, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 640 367,99 ლარს.
· აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 27 თებერვალს, შპს „ო-ის“ დირექტორმა მ. კ-ემ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში, სატენდერო მოთხოვნებისა და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, სს „ბ-ის ბ-ის“ სახელით კვლავ წარადგინა შპს „ო-ზე“ გაცემული, 2018 წლის 26 თებერვლით დათარიღებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, საავანსო გადახდის უზრუნველყოფის -- (უპირობო და გამოუთხოვადი) საბანკო გარანტია, რის საფუძველზეც ა-ის -ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა №- საგადასახადო მოთხოვნით, შპს „ო-ას“ 2018 წლის 2 მარტს სს „თ. ბ-ში“ ნომერ ---- საბანკო ანგარიშზე
ჩაურიცხა ავანსის თანხა – 188 000 ლარი.
· „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 211-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.“
· „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოხსენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, შპს „ო-ის“ დირექტორი მ. კ-ე ვალდებული იყო, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული და შპს „ო-ის“ ანგარიშზე ავანსად ჩარიცხული, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის კუთვნილი თანხები გამოეყენებინა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №- ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების _ „ხ-ოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოების შესასრულებლად.
· შპს „ო-ამ“, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-ხელშეკრულების საფუძველზე, შეასრულა მხოლოდ 43 535 ლარად ღირებული სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები, ხოლო სამუშაოების შესასრულებლად მიღებული და დარჩენილი დიდი ოდენობის ფულადი თანხა _ 144 465 ლარი შპს „ო-ის“ დირექტორმა მ. კ-ემ სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, მათ შორის: მ. კ-ემ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი შპს „ო-ის“ სს „თ-ი ბ-ის“ ნომერ -ანგარიშიდან გადარიცხა შპს „ს. ს-ოს“ სს „თ. ბ-ის“ ნომერ --- ანგარიშზე, რაც მიზნად არ ისახავდა „ხ-ს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას და არ მოხმარდა №- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას.
· ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ა-ის --ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა 2018 წლის 31 მაისს შპს „ორბიტასთან“ შეწყვიტა 2018 წლის 21 თებერვლის №- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატები – ტ. კ-ე, თ. ჯ-ე და ჯ. კ-ი ითხოვენ მ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების ვერცერთ ეპიზოდში ვერ დადასტურდა მ. კ-ის ბრალეულობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებული ორგანიზაციების წარმომადგენელთა, ასევე მოწმეების – მ. ს-ის, რ. შ-ის, ს. ბ-ის, ნ. გ-ის, დ. ც-ას, ზ. ქ-ს, ა. გ-ის, ბ. ჭ-სა და სხვათა ჩვენებებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №- ხელშეკრულებით, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებით, მიღება-ჩაბარების აქტით, სს „ბ-ის ბ-ის“ წერილებით, კომპლექსური (გრაფიკული/დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის -- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. კ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
8. საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველ საქმეში გამოკვეთილია გაფლანგვის შემადგენლობისათვის აუცილებელი პირობები: დამნაშავის უფლებამოსილება, ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში; დამნაშავე ქონების მართლზომიერ მფლობელობას ახორციელებდეს ქონების მესაკუთრესთან სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ისეთი გამოხატულებით, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობა; დამნაშავეს გააჩნდეს ფაქტობრივი შესაძლებლობა, განახორციელოს ამ ქონების განკარგვის უფლებამოსილება; დამნაშავე ითვალისწინებდეს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურდეს ამ ზიანის დადგომა. რაც შეეხება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას: როგორც დაზარალებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასამართლოს განუცხადეს, დოკუმენტები (მათ შორის – სს „ბ-ის ბ-ის“ შპს „ო-ზე“ გაცემული, 19.02.2018 წლით დათარიღებული, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ყალბი -- (უპირობო და გამოუთხოვადი) საბანკო გარანტია) ტენდერში მონაწილეობისათვის ატვირთულია შპს „ო-ის“ გვერდზე, შპს „ო-ის“ მუშაობაზე კი პასუხისმგებელია დირექტორი მ. კ-ე, რომლის ქმედებითაც მათ სამსახურს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. თავად მ. კ-ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან კარგად იცის საბანკო გარანტიის გაცემის წესის შესახებ; საბანკო გარანტია თვითონ არ დაუმზადებია და მხოლოდ წარადგინა. გარდა ამისა, მოწმეების – ს. ბ-ისა და დ. ც-ას ჩვენებებით, სს „ბ-ის ბ-კს“ შპს „ო-ზე“ საბანკო გარანტია არ გაუცია; ასევე – კომპლექსური ექსპერტიზის -- დასკვნით დადგენილია, რომ მ. კ-ის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია არის ყალბი, რაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ბ-ემ.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ 472აპ-18, №772აპ-20, №57აპ-19) და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
11. გამომდინარე ზემოღნიშნულიდან, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-ის, თ. ჯ-ისა და ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე