საქმე N 330100121005309475
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №833აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი
მ-ე ს., №833აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. მ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 5 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, თ-ში, ს7 მ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას, ე-ე ს-ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2021 წლის 5 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, თ-ში, ს. მ-ე ფსიქოლოგიურად აიძულებდა დედას, ე-ე ს-ეს მისთვის თანხის მიცემას, კერძოდ, ს. მ-ემ დედას მოსთხოვა თანხა, კუთვნილ ინტერნეტკაზინოს ანგარიშზე ჩასარიცხად, ხოლო უარის მიღების შემდეგ დაიწყო არაადეკვატური აგრესიული ქცევა, ე-ე ს-ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უყვიროდა, შეაფურთხა და დაემუქრა, რომ ,,თავს მოიკლავდა და მასაც თან გაიყოლებდა“, რა დროსაც ე-ე ს-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ს. მ-მ აღნიშნული ქმედებით უკანონოდ შეზღუდა ე-ე ს-ის ქმედების თავისუფლება, მას ფსიქოლოგიურად აიძულებდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიეცა მისთვის თანხა და შვილის ქმედებებით განეცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენით ს. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს. მ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, გაუქმდა 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობის ვადა - 1 წელი, 6 თვე და 18 დღე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა 2019 წლის 5 ივნისის განაჩენითა და შემდეგ 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობის ვადიდან - 3 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ს. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 5 ნოემბრის 20:00 საათიდან.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნათია გურულმა და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 14 ივლისს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნათია გურულმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, ს. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათს. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა, რომ ს. მ-ემ დანაშაული ჩაიდინა დისკრიმინაციული ნიშნის მოტივით, ასევე, არ გაითვალისწინა ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე. მართალია, ს. მ-ე დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა შინაპატიმრობისას, რის შემდეგაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა მოეხადა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პირობებში. შესაბამისად, მის მიერ შინაპატიმრობისას დანაშაულების ჩადენა უარყოფითი პიროვნული მახასიათებელია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ს. მ-ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს გასაჩივრებულ განაჩენზე ს. მ-ის მსჯავრდების ნაწილში და იმსჯელებს მხოლოდ მის მიმართ განსაზღვრულ სასჯელზე.
5.2. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს. მ-ემ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში ს. მ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც იგი ამ ეპიზოდში დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ს. მ-ის ნასამართლობა (დანაშაულის რეციდივი), ასევე ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ და სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით, კერძოდ, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ს. მ-ეს ამ ეპიზოდში განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ს. მ-ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
5.6. საკასაციო სასამართლო ს. მ-ისთვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით ს. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
5.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ს. მ-ეს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით - 1 წლით, 6 თვითა და 18 დღით.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შინაპატიმრობის მოხდისას თუ მსჯავრდებულმა განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს შინაპატიმრობას და უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. ვინაიდან ს. მ-ემ დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის - შინაპატიმრობის მოხდისას, ზემოხსენებული ნორმის გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა; რაც შეეხება პირობით მსჯავრს, ვინაიდან ს. მ-ეს დანაშაული არ ჩაუდენია გამოსაცდელი ვადის პერიოდში, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი. განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისას ს. მ-ისთვის მხოლოდ შინაპატიმრობის ნაწილის დამატება, მისის პიროვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია არასამართლიანად და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ს. მ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა - 1 წელი, 6 თვე და 18 დღე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, კერძოდ, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.9. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ს. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა - 1 წელი, 6 თვე და 18 დღე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. მ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩათვლილი აქვს პირობით და გამოსაცდელ ვადად განსაზღვრული აქვს 2 წელი;
8. მსჯავრდებულ ს. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 5 ნოემბრის 20:00 საათიდან;
9. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე