¹ბს-1480-1055(კ-05) 3 ოქტომბერი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - გ. ილინა
კასატორი (მოპასუხე) – აჭარის სააღსრულებო ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს
მესამე პირები – აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტრო, შპს ,,ჯ...ა”
დავის საგანი – სააღსრულებო მოქმედება
გასაჩივრებული განჩინება – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.06.05წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის ხელვაჩაურისა და ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურისა და ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს მოქმედების უკანონოდ ცნობა და სახაზინო სამსახურის ანგარიშიდან უკანონოდ ჩამოწერილი 30 000 ლარის უკან დაბრუნება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ბიუროს მოქმედება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად აღმასრულებელი უგზავნის წინადადებას ფინანსთა სამინისტროს აღსრულების ფონდის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გაკეთებულა, ე.ი. სააღსრულებო ბიუროს აჭარის ა.რ ფინანსთა სამინისტროსთვის რაიმე წინადადება თავის დროზე არ მიუცია. ,,სააღსრულებო ბიუროს შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად თუ აღსრულების ფონდისთვის გათვალისიწინებული სახსრები საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ აღნიშნული ცვლილების ფონდში დამატებითი ასიგნების გამოყოფის მოთხოვნით პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს. ხოლო 921 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ წინადადების მიცემიდან სამი თვის შემდეგ ან მას შემდეგ, რაც პარლამენტი უარს განაცხადებს ბიუჯეტიდან აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნების გამოყოფაზე. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული მუხლის მოთხოვნები სააღსრულებო ბიუროს მიერ არ იყო დაცული. მით უმეტეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება მოხდეს მხოლოდ აღსრულების ფონდიდან და არა სახაზინო სამსახურის ანგარიშიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.06.04წ. განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი განსაჯადობით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 12.08.04წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩართული იქნა აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტრო და შპს ,,ჯ...ა”
ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 17.01.05წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აჭარის ა.რ უმაღლესი სასამართლოს 01.06.05წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 17.01.05წ. გადაწყვეტილება და გამოტანილი იქნა ახალი გადაწყვეტილება, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აჭარის სააღსრულებო ბიუროს დაევალა უზრუნველყოს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან 05.05.04წ. საინკასო დავალებით ჩამოწერილი 30 000 ლარის აღდგენა სახაზინო სამსახურის ანგარიშზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აჭარის სააღსრულებო ბიუროს განემარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.07.01წ. სააღსრულებო ფურცელი საქმეზე ¹2-349 აღსასრულებლად მიაქციოს ,,საააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 19 ივლისს დამტკიცებული მხარეთა მორიგების აქტის საფუძველზე 2004 წლის 5 მაისს ხელვაჩაურისა და ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გაცემულ იქნა საინკასო დავალება ¹3, რომლითაც აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური სახაზინო სამსახურის ანგარიშიდან მოხსნილი იქნა 30 000 ლარი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ხელვაჩაურისა და ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების პროცესში დარღვეული იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, რაც გამოიხატა იმაში, რომ სააღსრულებო ბიუროს არ გაუგზავნია წინადადება ფინანსთა სამინისტროსთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების თაობაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სააღსრულებო ბიუროს მიერ ასევე დარღვეული იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 921 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს ნაბაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 3 თვის შემდეგ, ან მას შემდეგ, რაც პარლამენტი უარს განაცხადებს ბიუჯეტიდან აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნების გამოყოფაზე. სასამართლოს განმარტებით აღნიშნული მუხლის მოთხოვნა სააღსრულებო ბიუროს მიერ საერთოდ არ იქნა დაცული, მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ აღსრულების ფონდიდან და არა სახაზინო სამსახურის ანგარიშიდან.
სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო საქმის გამოკვლევის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ არ ყოფილა დაცული ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28-ე და 921 მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო პალატის მითითებით რაიონულმა სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზის გარეშე, არ შეაფასა სააღსრულებო საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ შეამოწმა სარჩელში დაყენებული მოთხოვნების რეალობა, კერძოდ ის, თუ რამდენად ეყრდნობოდა სარჩელის მოთხოვნები ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონს, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-394-ე მუხლების მოთხოვნები.
აჭარის ა.რ უმაღლესი სასამართლოს 01.06.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის საარსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მე-18 მუხლები. კასატორის აზრით, მოსარჩელემ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მაშინ, როდესაც გასული იყო სააღსრულებო მოქმედებათა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა როგორც საინკასო დავალების განხორციელებიდან, ასევე თანხის ჩამოწერის დღიდან. კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 28-ე მუხლი ნებაყოფლობით აღსრულების წინადადებით სააღსრულებო ბიუროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უნდა მიემართა, რაც მის მიერ შესრულებული იქნა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 921 მუხლი. სააღსრულებო ბიუროს 30.03.03წ. ¹03/03-47 წერილით დასტურდება, რომ სააღსრულებო ბიურომ მოვალეს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების წინადადებით მიმართა და დაიცვა კანონით განსაზღვრული 3 თვიანი ვადა. კასატორს უკანონოდ მიაჩნია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აღსრულება არ შეიძლებოდა მომხდარიყო სახაზინო ანგარიშიდან. კასატორი თვლის, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სასამართლო აღმასრულებელი იძულებით აღსრულების პირობებში უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა აღსრულება მოვალის სხვა პირებთან არსებული თანხიდან და ქონებიდან. კასატორის აზრით, იგი არ წარმოადგენს თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეს, ვინაიდან მოხდა აჭარაში არსებული ყველა სააღსრულებო ბიუროს ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ აჭარის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საინკასო დავალება ხელვაჩაურისა და ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემულია 05.04.04წ., სააღსრულებო მოქმედების შესრულების ზუსტი დრო სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილი არ არის. მხარეთა განმარტებით, სააღსრულებო ბიუროს მიერ აჭარის ა.რ. ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური სახაზინო სამსახურის ანგარიშიდან 30 000 ლარი მოხსნილი იქნა 05.05.04წ. (ს.ფ. 5, 107). მოსარჩელე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 23.06.04წ. (ს.ფ. 5). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე უნდა დაადგინოს სააღსრულებო მოქმედების შესრულების დრო, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი. სააპელაციო პალატამ უნდა იქონის მსჯელობა იმის შესახებ, თუ როდის გახდა ან როდის უნდა გამხდარიყო მოსარჩელისათვის ცნობილი მისი უფლებების დარღვევის შესახებ და წარდგენილია თუ არა სარჩელი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით განსაზღვრულ სააღსრულებო წარმოებათა გასაჩივრების ერთთვიან ვადაში.
დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო პალატის მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 28-ე მუხლის და 921 მუხლის გამოყენება. ხსენებული კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს მოვალისათვის - სახელმწიფო დაწესებულებისათვის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ წინადადების გაგზავნას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 17.02.03წ. მომართვით აჭარის ა/რ იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ ფინანსთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას მოეხდინა ნებაყოფლობითი აღსრულება. სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა აგრეთვე სააღსრულებო წარმოებაში დაცული ხელვაჩაურის რაიონის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 30.03.03წ. ¹03/03-47 მიმართვას, რომლითაც მოვალეს - აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წინადადება მიეცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 921 მუხლის შესაბამისად ნებაყოფლობით აღესრულებია სასამართლოს გადაწყვეტილება 3 თვის ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება სააპელაციო პალატის მოსაზრება სააღსრულებო ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 921 მუხლის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.06.05წ. გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.