საქმე N 020142222700546229
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №23აგ-22 27 ოქტომბერი, 2022 წელი
ს. თ., 23აგ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით თ. ს-ი (პირადი ნომერი .., დაბადებული 1. წლის .. დეკემბერს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ თ. ს-ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 21 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
მსჯავრდებულ თ. ს-ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 16 მაისიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თ. ს-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. 2022 წლის 15 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მა და ითხოვა თ. ს-ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. 2022 წლის 25 მაისს მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
6. კასატორის განმარტებით, დაცვის მხარემ მოწმეთა გამოკითხვის ოქმების საფუძველზე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომელშიც ასევე მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტში არ მოიპოვებოდა თ. ს-ისა და გ. გ-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურიდან გამოითხოვა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ 2011 წელს მიმდინარეობდა საქმეთა ელექტრონული წარმოება, რის გამოც დღეის მდგომარეობით სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე წვდომა არ აქვს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურიდან კი არქივში არსებული საქმის მასალები გადმოიგზავნა სრულად, თუმცა საქმის მასალებში განთავსებულია მხოლოდ მოწმეთა დაკითხვისა და ნიმუშის აღების ოქმები და არ მოიპოვება თ. ს-ის დაკავების ოქმი და დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხვნების დარღვევას, ვინაიდან ბრალდებულს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უნდა გადაეცეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილება, უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვა და წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა.
7. კასატორის განმარტებით, გამოძიებაში თ. ს-ის დაკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთასაც, შესაბამისად, სავარაუდოდ, დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნები, რაც დასტურდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით, რომელშიც განთავსებულ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული არ არის თემურ საინიშვილის დაკავების ოქმი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს მასალებში არ მოიპოვება სხდომის ოქმები და ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად დროულად წარიმართა საქმე სასამართლოში და დასაშვებად ცნო თუ არა სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები.
8. კასატორი ასევე უთითებს, რომ როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ირკვევა, საქმის განხილვაში მონაწილეობდა თარჯიმანი, მაგრამ განაჩენი არ არის ნათარგმნი, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევას, რომლის თანახმად განაჩენი უნდა ჩაბარებოდა მსჯავრდებულს. აღნიშნულით კი მას მოესპო საკუთარი თავის დაცვისა და სააპელაციო საჩივრის შედგენის უფლება.
9. კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე, 45-ე, 83-ე, 174-ე და 196-ე მუხლების, ასევე - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა სისხლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.
5. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარუდგენია არცერთი არგუმენტი, ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გახდებოდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. რაც შეეხება კასატორის განმარტებას მოწმეთა გამოკითხვის ოქმებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული მოწმეების უმრავლესობა გამოკითხულია გამოძიების ეტაპზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გ. გ-სა და თ. ს-ს ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, დაცვის მხარის მიერ დასახელებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებული ფაქტები, რომ მათზე ხორციელდებოდა ფიზიკური და მორალური ზეწოლა, რის გამოც იძულებულნი იყვნენ, მიეცათ გამოძიების სასარგებლო ჩვენებები და ისე მოაწერეს ხელი გამოკითხვის ოქმებს, რომ არ წაუკითხავთ, რაზე აწერდნენ ხელს, არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რაც დაადასტურებდა, რომ თ. ს-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძლად დაედო ყალბი მტკიცებულებები (მოწმეთა დაკითხვის ოქმები) - დაცვის მხარის არგუმენტი მოკლებულია საფუძველს.
6. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურიდან გამოთხოვილ საქმის მასალებში არ მოიპოვება თ. ს-ის დაკავების ოქმი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, განჩინება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, ხოლო სასამართლოს მასალებით არ დასტურდება, რამდენად დროულად მიმართა ბრალდების მხარემ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის გამართვის შესახებ და რა მტკიცებულებები იქნა დაშვებული განსახილველად, ასევე არ დასტურდება თ. ს-ის რუსულ ენაზე ნათარგმნი განაჩენის ჩაბარების ფაქტი, რითაც დაირღვა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა მოთხოვნები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურიდან გადმოიგზავნა თ. ს-ისა და გ. გ-ძის ბრალდების სისხლის სამართლის N..1 საქმის მასალის დედნები 2 ტომად, ბათუმის საქალაქო სასამართლოდან N1/ბ-482-2011წ საქმის მასალები 1 ტომად, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან - პირადი საქმე 1 ტომად. აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურიდან გადმოგზავნილ სისხლის სამართლის N.. საქმის მე-2 ტომის 36-ე ფურცელზე განთავსებულია 2011 წლის 16 მაისით დათარიღებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი თ. ს-ის მიმართ, ამავე ტომის 65-ე და 199-ე ფურცლებზე განთავსებულია 2011 წლის 17 მაისითა და 2011 წლის 21 ივნისით დათარიღებული დადგენილებები პირის ბრალდების შესახებ თ. ს-ის მიმართ, რომლებსაც ხელს აწერენ თარჯიმანი და ბრალდებულის ინტერსების დამცველი, ადვოკატი ბ. ბ-ძე, რითაც დასტურდება, რომ თ. ს-ლი გამოძიების ეტაპზევე უზრუნველყოფილი იყო დამცველის მომსახურებით. საქმის ფურცელ 71-ზე განთავსებულია 2011 წლის 17 მაისით დათარიღებული შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, ხოლო 75-ე ფურცელზე კი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განჩინება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ თ. ს-ლს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე საქმის პირველი ტომის საქმის ფურცელ 227-ზე განთავსებულ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის 8.40 პუნქტში მითითებულია თ. ს-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 8.51 პუნქტში - დადგენილება თ. ს-ის ბრალდების შესახებ, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოსამართლის განჩინება. ამასთან, საქმის ფურცელ 215-ზე განთავსებულ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმით დგინდება, რომ 2011 წლის 6 ივლისს თ. ს-ის ინტერესების დამცველს, ადვოკატ ბ. ბ-ძეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად, წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე გადაეცა თ. ს-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, დადგენილება თ. ს-ის ბრალდების შესახებ, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოსამართლის განჩინება, რაც დადასტურებულია ადვოკატის ხელმოწერით. ამასთან, ამავე ტომის 209-ე ფურცელზე განთავსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის 2011 წლის 6 ივლისის მიმართვის წერილი საქმის სასამართლოში გადაგზავნის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ საქმე გადაიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
7. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განჩინების ასლი განთავსებულია პენიტენციური სამსახურის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გადმოგზავნილ პირად საქმეშიც, რომლის 28-ე ფურცელზე ასევე განთავსებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის, ნ. კ-ის 2011 წლის 17 ნოემბრის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ იგი ბათუმის N3 საპყრობილის დირექტორს, გ. ვ-ას, ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ თ. ს-ზე გადასაცემად უგზავნის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის რუსულ ენაზე თარგმნილ ასლს. პირადი საქმის 29-ე ფურცელზე განთავსებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების დირექტორ გ. ვ-ას მიმართვის წერილით კი ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების მსჯავრდებულ თ. ს-ლს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის ასლი რუსულ ენაზე ხელწერილით ჩაბარდა 2011 წლის 18 ნოემბერს. პირადი საქმის 38-ე ფურცელზე განთავსებულია ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების დირექტორ გ. ვ-ას მიმართვის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების მსჯავრდებულს, თ. ს-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენის ასლი რუსულ ენაზე ხელწერილით ჩაბარდა 2011 წლის 28 დეკემბერს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გადმოგზავნილ საქმის მასალებში განთავსებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენი რუსულ ენაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე