საქმე N 020100121005036512
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №688აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი
ფ-ე ზ., №688აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ–ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ფ-ე (პირადი ნომერი: 1....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (პირთა ჯგუფთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 19 ივლისს, ღამის საათებში, ზ. ფ–ე, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, ქვეითად გადაადგილდებოდა ზ... ტერიტორიაზე, რა დროსაც ორ ცხენზე გადაკიდებულ 8 ტომარაში, ჯგუფურად ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 35200 ლარად ღირებულ, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს, სხვადასხვა დასახელების 8000 კოლოფ სიგარეტს აქციზური მარკის გარეშე.
1.3. 2021 წლის 7 აგვისტოს, დღის საათებში, ზ. ფ–ე ზ.. ტერიტორიაზე ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 69828 ლარად ღირებულ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს, სხვადასხვა დასახელების 15870 კოლოფ სიგარეტს აქციზური მარკის გარეშე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით დამტკიცდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროს პროკურორ მირანდა წერეთელსა და ბრალდებულ ზ. ფ–ეეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ზ. ფ–ეე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვლა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვლა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ. ფ–ეეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვლა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20000 ლარი.
ზ. ფ–ეეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 19 ივლისიდან 2021 წლის 27 ივლისის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 7 აგვისტოდან.
ზ. ფ–ეის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეფარდებული 50000 ლარის ამოღების მიზნით, კ-ას (პ/ნ 1......), ლ-ას (პ/ნ 1....) და მ-ას (პ/ნ 1......) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ზ... (საკადასტრო კოდი .....) აღსასრულებლად მიექცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი, რომლითაც ზ. ფ–ის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში უცვლელად დატოვება, ხოლო აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონების აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში - ცვლილების შეტანა და ქონების მესაკუთრეებისთვის დაბრუნება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 29 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-ამ, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას აღსასრულებლად მიქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის დაბრუნება.
3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ. ფ–ეის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-ამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენა.
3.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ-ას შუამდგომლობა და დაცვის მხარეს აღუდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, 2022 წლის 12 იანვარს დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თავისი ინიციატივით იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე და აღსასრულებლად მიაქცია გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონება, რისი უფლებაც არ ჰქონდა, ვინაიდან ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2021 წლის 14 აგვისტოს დაუშვებლად ცნო მისი შუამდგომლობა. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2021 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და შუამდგომლობა განსახილველად დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 23 აგვისტოს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა იმავე საქმეზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისა და დაყადაღებული ქონების აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.
4.2. კასატორი ასევე განმარტავს, რომ დაცვის მხარემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სასამართლომ საჩივრის განხილვისას არ გაითვალისწინა, რომ კ--ას, ლ-ასა და მ-ას აღსასრულებლად მიქცეული ქონების გარდა, არ აქვთ სხვა საცხოვრებელი ფართი, რჩებიან ღია ცის ქვეშ და არ იმსჯელა ამ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანაზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ დაყადაღებული ქონების აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს გასაჩივრებულ განაჩენზე ზ. ფ–ეის მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.
5.2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში. ამავე მუხლის მე-7 ნაწილი განმარტავს, რომ თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5.4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, ზ. ფ–ეეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 50000 ლარი და მისი შეტანის ვადად განესაზღვრა 30 დღე. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის განჩინებით ზ. ფ–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზურნველსაყოფად, ყადაღა დაედო კ-ას, ლ-ასა და მ-ას თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ზ.. (საკადასტრო კოდი - .......) 50000 ლარის ღირებულის წილს. თუმცა აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული გირაოს შემტანის გაფრთხილების შესახებ ოქმით (ტ.1. ს.ფ. 93) დგინდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეები - კ-ა, ლ-ა და მ-ა არ იყვნენ სათანადოდ გაფრთხილებულნი, თუ რა ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება ჰქონდა ნაკისრი ზ. ფ–ს, კერძოდ, გაფრთხილების ოქმში მითითებულია მხოლოდ ის, რომ თუ ზ. ფ–ე არასაპატიო მიზეზით აარიდებს თავს გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრეები ინფორმირებულნი არ იყვნენ, რომ მათი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლად მიექცეოდა იმ შემთხვევაშიც, თუ ზ. ფ–ე დაარღვევდა კანონს - კერძოდ, ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობს უძრავი ქონების გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობა.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენში და უნდა გაუქმდეს ზ. ფ–ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად: კ-ას (პ/ნ .....), ლ-ასა (პ/ნ .......) და მ--ას (პ/ნ .......) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ზ..... (საკადასტრო კოდი - ......) 50000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა და უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 81-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენში (რომლითაც უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ), გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შევიდეს ცვლილება;
3. გაუქმდეს ზ. ფ–ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად: კ-ას (პ/ნ ......), ლ-ას (პ/ნ ......) და მ-ას (პ/ნ ..........) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ზ...... (საკადასტრო კოდი - .........) 50000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა და უძრავი ქონება დაუბრუნდეს მესაკუთრეებს;
4. განაჩანი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე