საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №51I -22 თბილისი
მ-ი გ-ა, 51I -22 13 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2022 წლის 5 მაისს მცხეთის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მის მიმართ გავრცელება.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) - უვადო თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან.
2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულ გ. მ-ის ადვოკატის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) შეფარდებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) შეფარდებული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
2.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. მ-ს, შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი არ გავრცელდა.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ-მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გ. მ-ის მიმართ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) 228-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც 2004 წლის პირველ იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებული შემთხვევებისა, ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-109-ე, 137-141-ე, 142-1443-ე, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-224-ე, 236-239-ე, 253-2552-ე, 280-ე, 353-ე, 378-379-ე, 404-413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც ამავე კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული, 2004 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
3. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 და მე-6 მუხლები არ ვრცელდება პირზე, რომელმაც 2004 წლის პირველ იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-109-ე, 137-141-ე, 142-1443-ე, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-224-ე, 236-239-ე, 253-2552-ე, 280-ე, 353-ე, 378-379-ე, 404-413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებული დანაშაული, მიუხედავად იმისა, სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, თუ - ვადიანი.
4. მოცემულ შემთხვევაში გ. მ-ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) 228-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით განსაზღვრული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის, რაც შეესაბამება დღეს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1999 წლის 22 ივლისის კანონი) 109-ე და 239-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რომლებზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილი კანონი არ ვრცელდება, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი ვერ გავრცელდება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე