საქმე N 330100121004494219
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №522აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი
ხ-ი გ., №522აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ხ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა, ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ, ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, 4 ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ-ის მოპირდაპირედ ყოფნისას, გ. ხ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ ს. მ-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, აწამა მეუღლე, ს. მ-ი. კერძოდ, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას: კისერში ძლიერად ხელის მოჭერით დააგდო იატაკზე, ურტყამდა ხელებს და ფეხებს წელის არეში, მუშტებს - სახესა და თავში, აიღო 100 - დოლარიანი კუპიურა, ჩაუკუჭა პირში და აიძულებდა გადაეყლაპა, ცივი წყალი დაასხა თავზე და ასევე თავში ესროლა მინის ბოთლი, შემდეგ ძალით შეიყვანა სააბაზანოში და დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში დააყენა ცივი შხაპის ქვეშ, რამაც გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა. აიძულებდა დაზარალებულს, რომ ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც ასესხა ფულადი თანხა.
1.3. 2021 წლის 3 იანვარს, 15 იანვარს, 2 თებერვალს, 9 თებერვალსა და 12 თებერვალს, თ..., გ. ხ-ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ს. მ-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს - ს. მ-ს, კერძოდ: ურტყამდა ხელებს და მუშტებს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ს. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
1.4. 2021 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, თ-ში, გ. ხ-ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იარაღის დემონსტრირებით დაემუქრა მეუღლეს, ს. მ-ს, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად. აღნიშნულით დაზარალებულმა განიცადა მორალური სახის ზიანი.
1.5. 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ-ში, გ. ხ-ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ს. მ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, გაანადგურებდა და სიცოცხლეს მოუსპობდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და განიცადა მორალური ზიანი.
1.6. 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ-ში, გ. ხ-ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სიდედრს, ლ. ს-ას, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, გაანადგურებდა და მოუსპობდა სიცოცხლეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და განიცადა მორალური სახის ზიანი.
1.7. 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ-ში, გ. ხ-ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სიმამრს - გ. მ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, გაანადგურებდა და მოუსპობდა სიცოცხლეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და განიცადა მორალური ზიანი.
1.8. 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ-ში, გ. ხ-ი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლისძმას, გ. მ-ს, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა და გაანადგურებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და განიცადა მორალური ზიანი.
1.9. 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ-ში, გ. ხ-მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლისძმას - გ. მ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.10. 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ-ში, გ. ხ-მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიმამრს - გ. მ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ურტყამდა ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში, ძლიერად მოუჭირა ყელში ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ. ხ-ის მიერ დაზარალებულების: გ. მ-ის, გ. მ-ისა და ლ. ს-ას მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულების ჩადენა. ასევე არ დადასტურდა 2021 წლის 25 თებერვალს დაზარალებულ ს. მ-ის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ-ის მოპირდაპირედ მდებარე შ-ში ყოფნისას, გ. ხ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ ს. მ–ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, აწამა მეუღლე, ს. მ-ი. კერძოდ, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას: კისერში ძლიერად ხელის მოჭერით დააგდო იატაკზე, ურტყამდა ხელებს, ფეხებს და მუშტებს სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის - თავში. 100 - დოლარიანი კუპიურა ჩაუკუჭა პირის ღრუში და ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით აიძულებდა გადაეყლაპა, ცივი წყალი დაასხა თავზე და ესროლა მინის ბოთლი თავში, შემდეგ ძალით შეიყვანა სააბაზანოში და დააყენა ცივი შხაპის ქვეშ. აღნიშნული ძალადობის გამოყენებით გ. ხ-ი ს. მ-ისგან ითხოვდა, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც ასესხა ფულადი თანხა. გ. ხ-ის მიერ მეუღლის, ს. მ-ის მიმართ ჩადენილმა ქმედებებმა შედეგად გამოიწვია დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.
2.3. 2021 წლის 3 იანვარს, 15 იანვარს, 2 თებერვალს, 9 თებერვალსა და 12 თებერვალს, თ...., გ. ხ-ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ს. მ-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს, ს. მ–ს, კერძოდ: ურტყამდა ხელებს და მუშტებს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
2.4. 2021 წლის 30 იანვარს, თ-ში, გ. ხ-ი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ს. მ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
2.5. 2021 წლის 25 თებერვალს, თ-ში, გ. ხ-ი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ს. მ-ს, კერძოდ, დაემუქრა, რომ მოკლავდა და გაანადგურებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
2.6. 2021 წლის 25 თებერვალს, თ-ში, გ. ხ–ი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სიდედრს, ლ. ს–ას, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გაანადგურებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
2.7. 2021 წლის 25 თებერვალს, თ-ში, გ. ხ-ი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სიმამრს, გ. მ-ს, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა და გაანადგურებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
2.8. 2021 წლის 25 თებერვალს, თ-ში, გ. ხ-ი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლისძმას, გ. მ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გაანადგურებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
2.9. 2021 წლის 25 თებერვალს, თ-ში, გ. ხ-მა ცოლისძმას - გ. მ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.10. 2021 წლის 25 თებერვალს, თ-ში, გ. ხ-მა სიმამრს, გ. მ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ურტყამდა ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში, ძლიერად მოუჭირა ხელი ყელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 იანვრის, დაზარალებულ ს. მ-ის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ ს. მ-ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ ლ. ს–ას ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ-ამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ხ-ის გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ-ამ. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. ხ-ის უდანაშაულოდ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ გ. ხ-ის ბრალეულობას. ამასთან, გ. ხ-ს ბრალი წარედგინა ადვოკატ ი. ხ-ის თანდასწრებით, რა დროსაც მან წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება. გარდა ამისა, იმავე დღეს შედგა ოქმი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შეთავაზების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი გასცა არა თავად გ. ხ-მა, არამედ ადვოკატმა ი. ხ-მა. ამ საკითხზე სხვა ოქმი ან დოკუმენტი საქმეში განთავსებული არ არის. ამასთან, ადვოკატმა არასათანადოდ განახორციელა გ. ხ-ის დაცვა.
4.2. კასატორის განმარტებით, დაზარალებულის ჩვენება, რომ ორი თვის განმავლობაში შვიდჯერ სცემა მეუღლემ, მოკლებულია დამაჯერებლობას და მოგონილია გ. ხ-ის დასასჯელად, ვინაიდან თუ ასეთი ფაქტები ნამდვილად მოხდა მას აუცილებლად ექნებოდა დაზიანების კვალიც, რასაც ოჯახის წევრებიც შენიშნავდნენ და მოახდენდნენ რეაგირებას, ამასთან, მას შეეძლო პირველივე შემთხვევისთანავე დახმარებისთვის მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რაც არ გაუკეთებია.
4.3. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოწმეების - ნ. ხ-ისა და ს. დ-იას გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2021 წლის 22 თებერვალს გ. ხ-მა ს. მ-ს უთხრა, რომ აღარ სურდა მასთან თანაცხოვრება და უნდა შერიგებოდა პირველ მეუღლეს, ს.- დ-ს, რომელთანაც ჰყავს 6 წლის შვილი - თ.. ამის გამო, ს. მ-ი დაემუქრა გ. ხ-ს, რომ თუ იგი ამას გააკეთებდა, მწარედ ანანებდა. 2021 წლის 23 თებერვალს კი ს. მ-ი მივიდა გ. ხ-ის ნაქირავებ ბინაში და ალკოჰოლის მიღების შემდეგ გ. ხ-ს მოსთხოვა, გაეგრძელებინა მასთან ურთიერთობა და არ შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს, რაზეც მიიღო უარი, რის გამოც, ს. მ-მა გალანძღა ს. დ-ა და მისი ვაჟი, რაც გადაიზარდა შელაპარაკებაში. აღნიშნულის შესაწყვეტად გ. ხ-მა ს. მ-ი ჩასვა ავტომანქანაში და მიუყვანა მშობლებს, სადაც გ. მ-თან მოუვიდა შელაპარაკება, რასაც არ უარყოფს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 24 თებერვლის 22:52 საათიდან 25 თებერვლის 01:09 საათამდე პერიოდში, გ. ხ-ი მობილური ტელეფონის ნომრიდან .......... შეტყობინებებს უგზავნიდა ც. ა-ეს ტელეფონის ნომერზე ......, რაც დასტურდება ც. ა-ის გამოკითხვის ოქმით და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, რომლებიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად შუამდგომლობით წარედგინა სასამართლოს. აღნიშნულით დასტურდება, რომ ვინაიდან გ. ხ-ი და ც. ა-ე ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნიდნენ 2 საათის და 17 წუთის განმავლობაში, იგი დროის ამ მონაკვეთში ვერ მოახერხებდა ს. მ-ის წამებას, მითუფრო, რომ ამ დროში შედის ის პერიოდიც, რაც მან მანქანით გადაადგილებას მოანდომა. წარმოდგენილი მასალებით ასევე არ დადგენილა გ. ხ-ის მიერ ს. მ-ზე ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ს. მ-ის ცრუ ჩვენებას, რომელსაც ექიმისთვისაც არ უთქვამს, რომ მას გ. ხ-მა ხელი ძლიერად წაუჭირა კისერში, ამასთან, ასეთი დაზიანების შესახებ არც სამედიცინო ბარათსა და ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული.
4.4. კასატორის განმარტებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა გ. მ-ის სხეულის დაუფარავ ნაწილებში დაზიანებების არსებობა, რის გამოც ამ ეპიზოდში გ. ხ-ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს. გარდა ამისა, სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა ლ---- ს.--ას გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს.
4.5. კასატორი ასევე უთითებს, რომ დადგენილი და ამოღებული არ არის, რომელი 100 - დოლარიანი კუპიურა ჩაუკუჭა გ. ხ-მა დაზარალებულს პირში. ამასთან, იმის დასადგენად, ნამდვილად ეჭირა თუ არა გ. ხ-ს ქილა ხელში და მიაყენა თუ არა თავის არეში დაზიანება ს. მ-ს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მინის ქილაზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა. გარდა ამისა, დათვალიერებისას ამოიღეს სველი სვიტერი და რეიტუზი და მშრალი წინდები, რაც აჩენს ეჭვს, რადგან, თუ გ. ხ–მა ს. მ-ი ძალის გამოყენებით შეაგდო ცივი შხაპის ქვეშ, რატომ არ დაუსველდა წინდები. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 11 მარტის განცხადების საფუძველზე საქმეში განთავსებულია 8 ცალი ფოტოსურათი, თუმცა ისინი არ ამოუღიათ დათვალიერების ოქმით და არ დადგენილა, ვინ ან როდის გადაუღო ისინი დაზარალებულს. ზოგ ფოტოზე არ ჩანს მთლიანი სხეული, რის გამოც დაუდგენელია, ვის ეკუთვნის. გარდა ამისა, ფოტოებზე არ ჩატარებულა ჰაბიდოსკოპიურ-ტექნიკური ექსპერტიზა, რის გამოც ისინი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიეჩნია სასამართლოს.
4.6. კასატორი ასევე განმარტავს, რომ თუ დაზარალებულმა ს. მ-მა განიცადა ტანჯვა და მიიღო ფსიქიკური ტრავმა, იგი უნდა გადიოდეს სათანადო მკურნალობას, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. გარდა ამისა, თუ გ. ხ-ი სისტემატურად სცემდა და აწამებდა დაზარალებულს, მაშინ რატომ უგზავნიდა შეტყობინებებს და რატომ არ სურდა შერიგებოდა გ. ყოფილ მეუღლეს. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ. ხ-ი აკონტროლებდა ს. მ-ის ჩაცმულობას, მაკიაჟს და ფულად სახსრებს. ს. მ-ს თავის ჩვენებაში არ აღუნიშნავს, რომ გ. ხ-ი უზღუდავდა მაკიაჟის გაკეთებას. რაც შეეხება გ. ხ-ის ბრალდებას მუქარის ეპიზოდებთან დაკავშირებით, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან გ. ხ-ს ამ ოჯახის წევრების მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, განზრახვის არსებობის შემთხვევაში იგი თოფს ავტომანქანაში არ შეინახავდა და მის გარეშე არ ავიდოდა მათთან.
4.7. კასატორის განმარტებით, დაცვის მხარემ წარადგინა შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო მტკიცებულებად ცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შესახებ, რომელსაც დაერთო ს. დ-იას გამოკითხვის ოქმი, თ. გ-ს ძე ხ-ის დაბადების მოწმობის დათვალიერების ოქმი, თ. ხ-ის დაბადების მოწმობის ასლი, ნ. ხ-ის გამოკითხვის ოქმი, გ. ხ-ის დახასიათებები, 2021 წლის 24–25 თებერვალს 22:52 საათიდან 01:09 საათამდე პერიოდში გ. ხ-სა და ც. ა-ეს შორის განხორციელებული ნოტარიულად დამოწმებული მიმოწერები, ადვოკატ ი. ხ-ის სამედიცინო ბარათის ასლი, ნ. ხ-ის მიერ წარმოდგენილი 1 ცალი CD დისკი გ. ხ-ისა და ს. მ-ის მეგობრული და თბილი ურთიერთობის შესახებ, ს. მ-ის სატელეფონო მიმოწერები ნ. ხ-თან, აღნიშნული მტკიცებულებების დათვალიერების ოქმი, მოწმეების - კ. კ-ა და ც. ა-ის გამოკითხვის ოქმები. ამავე შუამდგომლობით დაცვის მხარე ითხოვდა ს. მ-ის 2021 წლის 11 მარტის განცხადების საფუძველზე საქმეზე დართული 8 ფოტო სურათის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. დაცვის მხარეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
4.8. კასატორის განმარტებით, გ. ხ-ის საქმეზე არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, ამასთან, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, დაცვის მხარე ითხოვს 2021 წლის 23 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობაში მითითებული დოკუმენტების მტკიცებულებად მიღებას, ს. დ-იას, ნ. ხ-ის, ც. ა-ისა და კ. კ. მოწმის სახით დაკითხვას და ს. მ-ის მიერ 2021 წლის 11 მარტს წარდგენილი 8 ცალი ფოტოსურათის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, რომ გ. ხ-ი 2021 წლის 25 თებერვალს დაზარალებულებს - ს. მ-ს, ლ. ს-ას, გ. მ-სა და გ. მ-ს ცალ-ცალკე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. ხ-ი ერთი ქმედებით, ერთდროულად დაემუქრა ყველა დაზარალებულს, რის გამოც მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპოზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა დაკვალიფიცირდეს ერთ ეპიზოდად. ამასთან, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ხ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების შესახებ და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ამ ნაწილში გ. ხ–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს გ. ხ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ ს. ხ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2021 წლის იანვარ-თებერვალში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ხ-თან, რომელსაც თანაცხოვრების დაწყებიდან 24 თებერვლამდე მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არაერთხელ უძალადია, რაც უკავშირდებოდა ეჭვიანობასა და მისი სურვილების გათვალისწინების მოთხოვნებს. გ. ხ-ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დარტყმებით და ნივთების სროლით, რის შედეგადაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ამასთან, თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, დამცირებულად და უმწეოდ. ამ ორი თვის განმავლობაში მასზე გ. ხ-მა იძალადა ექვსჯერ და მათ შორის ინტერვალი არ სცდებოდა 7-10 დღეს. გ. ხ-ი ეჭვიანობდა მის გვერდით მყოფ მამრობითი სქესის ყველა ადამიანზე, მათ შორის - თანამშრომლებზე, სოციალური ქსელის მეგობრებსა და ნაცნობებზე, რაც მისი დასჯის მიზეზი ხდებოდა. გ. ეუბნებოდა, რომ იყო მოღალატე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ასევე ცუდად აღზრდილი, არ იცოდა კაცის პატივისცემა და არ იქცეოდა ისე, როგორც ქალი უნდა მოქცეულიყო. გ. პირდაპირ არ ეუბნებოდა, რომ მისი მორჩილი ყოფილიყო, თუმცა თავის დამოკიდებულებას გამოხატავდა აკრძალვებში და თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, სჯიდა. გ. მას საკუთარ ნივთად აღიქვამდა. ამის გამო იგი სურვილებს არ გამოხატავდა და ,,იყო ფარხმალდაყრილ მდგომარეობაში“. გ. ხ-ი მასზე ძალადობდა თანაცხოვრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრეც. მან მასზე ერთხელ იძალადა მშობლების ბინაში, რა დროსაც ეჭვიანობის ნიადაგზე გაუხსენა წარსული, ჰკრა ხელი, დააგდო ძირს და ფეხში დაარტყა ფეხი. გ. ხ-მა მასზე ფიზიკურად იძალადა შ-ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლშიც. აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ დაზარალებულს მისწერა ერთმა გოგომ და უთხრა, რომ გ. ხ-ს მასთან ჰქონდა კავშირი, რაზეც მან გამოხატა ემოცია. ამის გამო იგი დასაჯა გ-მ, კერძოდ, ეჩხუბა, შეანჯღრია, ხელზე მოუჭირა ხელი და წამოარტყა. ს. ყოფნისას კი იძალადა ტელეფონში არსებული ფოტოსურათების გამო. აგინებდა და ეჩხუბებოდა, რომ სპეციალურად არ წაშალა კონკრეტული სურათები და ურტყა წიხლები, რის შედეგადაც გადმოვარდა საწოლიდან. მას გ. ხ-მა მოქაჩა კისერზე და დიდხანს უტყამდა, რის შემდეგაც გავიდა გარეთ, თვითონ ნომერში დატოვა და უბრძანა, რომ აღარ გასულიყო. გ. ხ-მა დაახლოებით იმავე მიზეზით იძალადა მასზე ყ–ს მდებარე სასტუმრო ,,რ...“ ყოფნისას. ჯერ კიდევ გზაში ურტყამდა თავში და მოქაჩა კისერზე, შემდეგ კი ნომერში ურტყამდა ხელ-ფეხს, ასევე მუშტებს - მკლავებსა და ფეხებზე, შემდეგ გააგდო ნომრიდან და ისევ შეიყვანა. დაზარალებულის ჩვენება რომ მისი ტელეფონიდან გ. ხ-ი დაზარალებულის სახელით სწერდა ახლობლებს თანხვედრილია დაზარალებულების - ლ ს-სა და გ. მ-ის გამოკითხვის ოქმებთან. მართალია ისინი უშუალოდ არ შესწრებიან გ. ხ-ის სისტემატურ ძალადობას, თუმცა მათი გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ 2021 წლის 12 თებერვალს, ღამის 01:00 საათზე, გ. მ-ს მისწერა ყ-ს ქმართან ერთად მყოფმა ს. მ-მა, რომ მის წამოსაყვანად წასულიყო ყ.. დაახლოებით 06:00 საათზე ლ.- ს–ა გ. მ-თან ერთად ჩავიდა ყ-ს მდებარე სასტუმრო ,,........“, სადაც მათ მანქანაში ჩაჯდა ს., რომელმაც თქვა, რომ ძმისთვის მას არ მიუწერია და მისი ,,......დან“ სწერდა გ. ხ-ი. ს.მ ასევე უთხრა, რომ გ-ს ჰქონდა ცუდი ღამე, ბოდიში მოუხადა ყ–ს ჩაყვანისთვის და სთხოვა, არ ჩარეულიყვნენ, ვინაიდან კონფლიქტი უკვე მოგვარებული ჰქონდათ და გამწვავება არ იყო საჭირო. ამასთან, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ N.. ვიდეოჩანაწერში ასახულია, რომ 20:50:35 საათზე იღება სასტუმროს ნომრის კარი, საიდანაც დერეფანში გარეთ ვარდება ჩანთა, რომელიც ხვდება ნომრის პარალელურად განთავსებულ კედელს და ვარდება ძირს. 20:51:08 საათზე, აღნიშნული ნომრიდან გამოდის მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს ნივთები და ყრის დერეფანში. 20:51:21 საათზე, ზემოხსენებული მამაკაცი შედის სასტუმროს ნომერში. 20:52:13 საათზე იგივე მამაკაცი გამოდის სასტუმროს ნომრიდან და ჩანთაში ტენის ნივთებს, რის შემდეგაც 20:52:17 საათზე უკან ბრუნდება სასტუმროს ნომერში. 20:52:32 საათზე, სასტუმროს ნომრიდან გარეთ, დერეფანში, ვარდება ნივთი, შემდეგ სასტუმრო ნომრიდან გამოდის მამაკაცი და ნივთს დებს ჩანთაში, შემდეგ ბრუნდება ნომერში. 20:52:45 საათზე, სასტუმროს ნომრიდან გამოდის ქალბატონი, რომელიც იღებს სასტუმროდან გარეთ გადმოყრილ ნივთებს, მიემართება კიბეების მიმართულებით და მათი საშუალებით ჩადის დაბლა. ჩერდება კიბებზე ალაგებს ნივთებს და ისწორებს ტანსაცმელს. ჩანაწერ N11-ში, 20:53:46 საათზე, აღნიშნული ქალბატონი იღებს კიბეზე დატოვებულ ნივთებს, კიბეებით ჩადის დაბლა და 20:53:48 საათზე გადის კადრიდან. ს. მ-ის განმარტებით, ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული გოგონა არის თვითონ, ხოლო მამაკაცი, რომელიც სასტუმროს ნომრიდან უყრის ნივთებს არის გ. ხ-ი. დაზარალებულის განმარტებით, ჩანაწერებში ასახულია მეუღლესთან ერთად სასტუმროში ყოფნის ფაქტი, ხოლო ფიზიკური დაპირისპირება კადრებში არ ჩანს, რადგან გ. ხ-ი მას ფიზიკურად სასტუმროს ნომერში გაუსწორდა. ფიზიკური ძალადობების ჩადენის ოდენობისა და ინტერვალის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ხ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულზე სისტემატურ ძალადობას, მათ შორის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, რაც გამყარებულია სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნით.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს გ. ხ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ ს. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 30 იანვარს, დილის საათებში, მშობლების ბინაში ყოფნისას, მის ტელეფონს ათვალიერებდა გ. ხ-ი. მას ქმრის სურვილის შესაბამისად ტელეფონიდან წაშლილი ჰქონდა ყველაფერი, რაც ამ უკანასკნელს არ მოსწონდა, მაგრამ ყოფილი თანამშრომელი მამაკაცის სურათი დარჩენია ,,ჩატში“, რის გამოც გ. გაბრაზდა, წამოხტა ჩხუბით, მივარდა, თავზე დაადო იარაღი და დაემუქრა, რომ ნახავდა სახლში, რასაც უზამდა, მოკლავდა. მან მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა, რადგან მუდმივად ძალადობის პირობებში უწევდა ცხოვრება. დაზარალებულის ჩვენება თანხვედრილია დაზარალებულ ლ. ს–ასა და მოწმე მ-ს გამოკითხვის ოქმებთან, რომლებითაც დგინდება, რომ 2021 წლის 30 იანვარს, 10:30 საათზე, კ-ს მდებარე მშობლების სახლში იმყოფებოდა ს., რომელსაც გ. ხ-მა, რომელსაც ხელში ეჭირა ს. მ-ის ტელეფონი, ყვირილი დაუწყო, რატომ არ წაშალა მის წარსულთან დაკავშირებული ფოტოსურათები და დაუყვირა ,,რომ მივალთ სახლში, სეირს განახებო“, ამასთან, ს.ს შუბლზე რამდენიმე წამით მიადო პისტოლეტი, შემდეგ გავიდა სახლიდან. მ–ს გამოკითხვის ოქმით ასევე დგინდება, რომ ს. იყო ძალიან შეშინებული და გაოგნებული, ხმას არ იღებდა. ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, იყო შემთხვევა, როდესაც ს.ს მარჯვენა ბარძაყზე, გვერდით შენიშნა სილურჯე, რაზეც ს.მ უთხრა, რომ რაღაცას მიარტყა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს გ. ხ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას გ. ხ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ ს. ხ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათისთვის, გ. ხ-მა დაინახა, რომ იყენებდა ტელეფონს, გამოართვა, შეუმოწმა ყველა ,,ჩატი“ და საეჭვიანო რომ ვერ ნახა, მიაყენა შეურაცხყოფა, უყვიროდა და ეუბნებოდა, რომ ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, რომ ყველაფრის წაშლას მოასწრებდა. შემდეგ ძირს დააგდო და მთელ სხეულზე ურტყამდა ხელ-ფეხს. განსაკუთრებულ ტკივილს აყენებდა თეძოებისა და კუდუსუნის არეში მიყენებული დარტყმები. სუნთქვა გადაეკეტა და დაიწყო ტირილი, სთხოვდა შეჩერებულიყო, მაგრამ გ. ხ-ი აიძულებდა, ხმის ამოუღებლად შესულიყო საძინებელში. იგი ტკივილების გამო ვერ მიდიოდა საძინებლამდე, რის გამოც თვითონ გ-მ მიათრია და იქ გააგრძელა ძალადობა, ხელ-ფეხს ურტყამდა ყველგან, სადაც მოხვდებოდა. შემდეგ ურტყამდა თავში. მას შეეშინდა, რომ ვეღარ გაუძლებდა და ეხვეწებოდა შეჩერებულიყო, რაზეც გ. პასუხობდა, რომ თუ ვერ მოკლავდა, დებილად დატოვებდა. მასზე ძალადობა გაგრძელდა 4-5 საათს, პერიოდულად გ. ცოტა ხნით გადიოდა და დაბრუნების შემდეგ კვლავ აგრძელებდა ძალადობას. იმავდროულად მას აბრალებდა ღალატს და ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, იყიდა ფულით და ითხოვდა ღალატის აღიარებას. შემდეგ 100 აშშ - დოლარიანი მიუტანა, ჩაუტენა პირში და აიძულებდა გადაყლაპვას, თუმცა იმის გამო, რომ კუპიურა იყო მაგარი, ვერ ყლაპავდა. იგი ძალადობის დასასრულებლად თვითონვე სთხოვდა გ-ს წყალი მიეტანა, რადგან ეგონა, რომ თუ გადაყლაპავდა, შეეშვებოდა. გ. ხ-მა მიუტანა წყალი, მაგრამ მაინც ვერ ჩაყლაპა. ამის შემდეგ გ. უფრო მეტად ურტყამდა თავში, შემდეგ კი წყალი გადაასხა და ბოთლი ესროლა. ეს პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთს, შემდეგ ტანსაცმლით დააყენა ცივი შხაპის ქვეშ და 5-10 წუთს იქ ყოფნა აიძულა. ბოლოს უთხრა გამოეცვალა სველი ტანსაცმელი, რადგან მშობლებთან უნდა წაეყვანა და ეთქვა, როგორი ქალი გაზარდეს. გარდა ამისა გ-მ აიღო იარაღი და ძალით შეაგდო მანქანაში. სახლში ასვლამდე, კორპუსთან, გ-მ იარაღიდან სამჯერ გაისროლა ჰაერში და დაარტყა სადარბაზოშიც. ს. მ-ის ჩვენება თანხვედრილია მოწმე პოლიციელებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 26 თებერვალს დათვალიერდა თ., შ., რომელშიც შეინიშნება არეულობა. საძინებელ ოთახში, კარადის წინ, იატაკზე მოთავსებულია ცარიელი მინის ქილა, რომელზეც ს. მ-მა განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის დროს თავში ჩაარტყა გ. ხ-მა. აბაზანიდან ამოღებული იქნა სველი ტანსაცმელი და წინდები, რომელზეც ს. მ-მა განმარტა, რომ აღნიშნული ეკუთვნის მას და ეცვა, როდესაც ცივი შხაპის ქვეშ დააყენა მეუღლემ.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ს. მ–ის ჩვენებისა და დაზარალებულების - ლ. ს–ას, გ. მ-ისა და გ. მ-ის გამოკითხვის ოქმების გარდა, რომლითაც დასტურდება, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, მათთან სახლში მისულ ს. მ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, საქმეში ასევე არსებობს მტკიცებულება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სახით, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ის დაზიანებები, რაც მსჯავრდებულმა ძალადობრივი ქმედებით მიაყენა დაზარალებულს. ამასთან, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით დგინდება, რომ სამედიცინო დოკუმენტის მონაცემების თანახმად და პირადი გასინჯვით, 26.02.21წ. ს. მ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, რაც განვითარებულია მკვრივ-ბლაგვი საგნით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. კისრის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში არსებული ნაჭდევები ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 25/02/2021წ-ს თარიღს, ხოლო სხვა დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 24-25.02.2021 წ.-ის თარიღებს. სამედიცინო საბუთების მონაცემები: სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი N1.... მონაცემების თანახმად, ს. მ-ს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია 25/02/2021წ-ს 10:43 სთ-ზე. ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს კუდუსუნის არეში, მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში, ძლიერ თავის ტკივილს, ტკივილს მარცხენა მხრის სახსრისა და მარცხენა მხრის ძვლის არეში. მარცხენა საფეთქლის არეში აღენიშნება მცირე ჰიპერემია, მარცხენა მხრის არეში და ზედა მესამედში ჰემატომები; მარჯვენა ბარძაყის ზედა და შუა მესამედებში აღენიშნება ასეთვე დიდი ზომის ჰემატომა. ორივე თვალის სკლერებზე აღენიშნება სისხლჩაქცევები. ორივე მტევნის ზედა მხარეს აღენიშნება სისხლნაჟღენთები. დიაგნოზი: თავის დაუზუსტებელი ტრავმები, მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი, სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი, როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. შემოწმების მომენტში უჩივის ტკივილს თავისა და მთელი სხეულის მიდამოში, ასევე კუდუსუნის მიდამოში უჩივის ძლიერ ტკივილს. ობიექტურად, კისრის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში აღინიშნება, ირიბ-განივად მდებარე უსწორო ზოლისებრი ფორმის, მოყავისფრო, მიმდებარე კანიდან მაღლა მდებარე ფუფხით დაფარული ნაჭდევი, მარცხენა ყურის ნიჟარის უკანა ზედაპირზე, შუა ნახევარში აღინიშნება უსწორო ოვალური ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ფუფხით დაფარული ნაჭდევი; ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღინიშნება მარჯვენა წინამხრის, უკანა ზედაპირზე, უსწორო ზოლისებრი ფორმის, ირიბ-სიგრძივად მდებარე; სახის მარცხენა ნახევარში მოიცავს საფეთქელს და ყვრიმალის მიდამოს. აღინიშნება მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, უსწორო ოვალური ფორმის; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: მარცხენა ქვედა ქუთუთოზე ცენტრალურად, უსწორო ოვალური ფორმის, სკლერაში სისხლჩაქცევით; მარცხენა მხრის წინა-გარეთა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედში უსწორო ფორმის, მარჯვენა მხრის შუა მესამედში, უსწორო ოვალური ფორმის, მტევნის უკანა ზედაპირზე, ცენტრალურად, უსწორო ოვალური ფორმის, მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში, უსწორო ოვალური ფორმის, ზურგის მიდამოში, გულმკერდის მე-11, მე-12 მალების საპროექციოდ უსწორო ოვალური ფორმის, გავა-კუდუსუნის მიდამოში უსწორო ოვალური ფორმის. მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში, უსწორო ფორმის, მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა ზედაპირზე, უსწორო ოვალური ფორმის; ამავე წვივის შიგნითა ზედაპირზე, ზედა მესამედში უსწორო ოვალური ფორმის; მარცხენა მენჯ-ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, უსწორო ოვალური ფორმის. ამავე ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, შუა მესამედში უსწორო ოვალური ფორმის, მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში, უსწორო ზოლისებრი ფორმის, ამავე ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე ქვედა მესამედში უსწორო ოვალური ფორმის, მარცხენა წვივის ზედა მესამედში გარეთა ზედაპირზე ირიბ-სიგრძივად მდებარე, ამავე წვივის შიგნითა ზედაპირზე, შუა მესამედში უსწორო ოვალური ფორმის. სხეულზე ფიზიკური დაზიანების სხვა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტ თ. კ-ისა და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნაზე, რომლითაც უტყუარდაა დადგენილი, რომ ს. მ-მა მისი მეუღლის, გ. ხ-ის ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ს. მ-ის საუბრისას ვლინდება შიში, დაძაბულობა, სიტუაციის მიუღებლობა; დაუცველობის და უმწეობის განცდა, ემოციური დათრგუნულობა, შეურაცხყოფილის და დამცირების განცდა, უიმედობა... ასევე ... შიში, უპერსპექტივობა, პიროვნული პოზიციის დაკარგვა.
5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: იმისათვის რომ ქმედება შეფასდეს წამებად, მნიშვნელოვანია, ქმედების ,,სისასტიკემ“ მიაღწიოს იმ ზღვარს, რომელიც იძლევა მისი წამებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას. ქმედების წამებად შეფასებისთვის დაზარალებულმა უნდა განიცადოს სასტიკი/ძლიერი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ტკივილის მიზანმიმართულად და განზრახ მიყენება და პირის წამება განხორციელებული უნდა იყოს კონკრეტული მიზნის მისაღწევად, როგორიცაა ინფორმაციის მოპოვება, დასჯა ან დაშინება. ამასთან, გასათვალისწინებელია მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური შედეგები და ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნებით და თავად დაზარალებულ ს. მ-ის ჩვენებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მან გ. ხ--ის ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებული საკმაო ხანს იმყოფებოდა მოძალადის პირისპირ სახლში მარტო, შესაბამისად, დაზიანებების მიყენების ხანგრძლივობა, სხეულზე არსებული არაერთი დაზიანება და განცდილი ტანჯვა სავსებით საკამარისია ქმედების წამებად კვალიფიკაციისათვის. გარდა ამისა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარდაა დადგენილი, რომ გ. ხ-ი ს. მ-ს ეუბნებოდა, რომ იყო ცუდად აღზრდილი, არ იცოდა კაცის პატივისცემა და არ იქცეოდა ისე, როგორც ქალი უნდა მოქცეულიყო. ასევე თვლიდა, რომ ს. მ-ი უნდა ყოფილიყო მისი მორჩილი, განკარგავდა დაზარალებულის შემოსავალს, უკრძალავდა მამაკაცი მეგობრების ყოლას, არ აძლევდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და აღიქვამდა როგორც ნივთს, რაც ადასტურებს გ. ხ-ის მიერ ს. მ-ის მიმართ დანაშაულების გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას.
5.9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ გ. ხ-ი ვერ აწამებდა ს. მ-ს, ვინაიდან ამ პერიოდში შეტყობინებებს სწერდა ც. ა–ეს, ამასთან, გადაადგილდებოდა ს. მ-ის მშობლების სახლისკენ, ვინაიდან აღნიშნული არ გამორიცხავს ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს გ. ხ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულებულ ს. მ-ის, ასევე დაზარალებულების გ. მ-ის, ლ. ს–ასა და გ. მ-ის გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს გ. ხ-მა ფიზიკურად იძალადა გ. მ-ზე, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ტანის არეში. დარტყმები იყო ისეთი ძლიერი, რომ ეს უკანასკნელი ძირს დაეცა. გ. მ-ს კი სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რა დროსაც მან იგრძნო ტკივილი. მოწმე ნ. უ-ის გამოკითხვის ოქმით კი დადგინილია, რომ გამოძახების შემდეგ ადგილზე მისვლისას ნახა გ. მ-ი, რომელიც უჩიოდა ძლიერ ტკივილს თავის არეში, ასევე - მარჯვენა თვალბუდის, ყელისა და ზურგის არეში. გ. მ-მა განუმარტა, რომ მას დაზიანებები მიაყენა სიძემ, რომელიც ახრჩობდა. გ. მ-ს აღენიშნებოდა სიწითლე კისრის არეში, სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალში, ჰქონდა მაღალი წნევა და მალთაშუა თიაქრის გამო ზურგის ტკივილი. სამედიცინო ექსპერტიზის N....- დასკვნით კი დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემების მიხედვით და პირადი გასინჯვით, 26/02/2021წ-ს გ. მ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით, რაც განვითარებულია მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინაღმდეგება 25.02.2021 წ-ის თარიღს. შესაბამისად უტყუარადაა დადასტურებული, რომ გ. ხ-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით გ. მ-ს არ აღენიშნებოდა დაზიანების ხილული კვალი, გ. ხ-ი ამ ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით დადგენილია, რომ 01.03.2021 წ. გ. მ-ს პირადი შემოწმებისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. თუმცა იმავე დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით: 2021 წლის 25 თებერვალს მას დის ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - თავის მიდამოში დაარტყა ხელი. შემოწმების მომენტში უჩივის ტკივილს თავის მიდამოში, თავბრუსხვევის შეგრძნებას. ამასთან, მისი გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ დარტყმისას გ. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს გ. ხ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
5.11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულების - ლ. ს–ას, გ. მ-ის და გ. მ-ის გამოკითხვის ოქმებსა და დაზარალებულ ს. მ-ის ჩვენებაზე, რომლებითაც დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, მათთან მისული გ. ხ-ი იყო აგრესიული, იგინებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა გ. მ-ს. კამათის და გინების დროს გ. ხ-მა მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება და ისროლა იატაკის მიმართულებით. გასროლის შემდეგ გამოვიდა გ. მ-ი, რომელსაც კითხვაზე, თუ რა ხდებოდა, გ. ხ-მა დაუწყო ყვირილი, რომ ჰყავდა ცუდი შვილი, რომელიც სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკში“ მეგობრობდა ვიღაც ბიჭებთან. საძინებელი ოთახიდან გამოვიდა ლ. ს–აც, რომელსაც ასევე უყვიროდა. შემდეგ გაბრაზებული გავარდა სადარბაზოში, დაბრუნდა იარაღის გარეშე და განაგრძო გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამასთან, ყველა იქ მყოფს ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, გაანადგურებდა და მოუსპობდა სიცოცხლეს, რაც მათ აღიქვეს რეალურად, რადგან გ. ხ-ს აქვს პათოლოგიური სიმთვრალე, ამასთან, იგი იყო ცეცხლსასროლი იარაღით. დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებითა და ს. მ-ის ჩვენებით უტყუარად დადასტურდა, ის ფაქტი, რომ გ. ხ-ი დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით, რაც მათ აღიქვეს რეალურად, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 25 თებერვალს მან მუქარა ოთხივე დაზარალებულის მიმართ განახორციელა ერთი ქმედებით. კერძოდ, ყველას ერთად მიმართა და უთხრა, რომ ,,მოკლავდა, გაანადგურებდა და მოუსპობდა სიცოცხლეს“. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი მაკვალიფიცირებელ გარემოებად არ ითვალისწინებს ქმედების ჩადენას ორი ან მეტი პირის მიმართ - რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ პირის მიერ ჩადენილი ერთი ქმედება დაკვალიფიცირდეს რამდენიმე ეპიზოდად და თითოეული ეპიზოდისთვის დაენიშნოს ცალკე სასჯელი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ხ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (დაზარალებულების - ს. მ-ის, გ. მ-ისა და ლ. ს–ას ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი) და დაენიშნოს ერთი სასჯელი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის 1-ლი შენიშვნის თანახმად, მეუღლის ძმა არ არის ოჯახის წევრი, რამაც გამოიწვია დამატებითი კვალიფიკაციის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) მინიჭება, თუმცა აღნიშნულით გ. ხ-ს არ უნდა დაუმძიმდეს მდგომარეობა და მას ერთდროულად რამდენიმე დაზარალებულის მიმართ ჩადენილი ერთი ქმედებისთვის უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი.
5.12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ გ. ხ-ს შეეზღუდა დაცვის უფლება, ვინაიდან საქმის მასალებით, მათ შორის სასამართლო სხდომის ოქმებით დგინდება, რომ მას როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე წინასასამართლო სხდომასა და საქმის არსებითი განხილვის რამდენიმე სხდომაზე იცავდა ადვოკატი ი. ხ-ი. ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შესავალ ნაწილში, მონაწილე პირებში არ არის მითითებული ადვოკატი ი. ხ-ი, არ გამორიცხავს სასამართლო სხდომაში მის მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ გ. ხ-მა ადვოკატი ი. ხ-ი აიყვანა შეთანხმებით და სასამართლო სხდომაზე მისი აცილება არ განუცხადებია.
5.13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ს არ განემარტა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 14 აპრილს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გ. ხ-ს განუმარტა აღნიშნული უფლება და მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა, რომ მისი საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ.
5.14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ს. მ-ის 2021 წლის 11 მარტის განცხადებისა და მისი დანართის - 8 (რვა) ცალი ფოტოს გაუზიარებლობის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
5.15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა სხვა მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო“. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება ხსენებულ საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და დამატებით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული მოწმეები და მასალები გ. ხ-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით არ არის რელევანტური.
5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ხ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 იანვრის, დაზარალებულ ს. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულების - ს. მ-ის, ლ--- ს–ასა და გ. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
6. სასჯელის დასაბუთება
6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
6.2. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.3. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება, სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
6.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში გ. ხ-ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 იანვრის, დაზარალებულ ს. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულების - ს. მ-ის, ლ. ს–ასა და გ. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც იგი ამ ეპიზოდებში დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას რომ გ. ხ-მა დანაშაულები ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ და გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით. შესაბამისად ამ ეპიზოდებში მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. ამასთან, განაჩენის 5.11 პუნქტში მიმთითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გ. ხ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულების - ს. მ-ის, ლ. ს–ასა და გ. მ-ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს ერთი სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. ხ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ ს. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ ლ. ს–ას ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულების - ს. მ-ის, გ. მ-ისა და ლ. ს–ას ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი).
გ. ხ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 იანვრის, დაზარალებულ ს. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულების - ს. მ-ის, ლ. ს–ასა და გ. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 იანვრის, დაზარალებულ ს. მ-ის ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულების - ს. მ-ის, ლ. ს–ასა და გ. მ-ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ გ. მ-ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე