Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№602აპ-22 ქ. თბილისი

მ-ე მ-ზ, 602აპ-22 4 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს განაჩენით მ. მ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“, „ვ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 23 დეკემბრიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლიდან მ. მ-ე და ე. კ-ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მ. მ-ე სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც მას და ე. კ-ეს ხშირად მოსდიოდათ სიტყვიერი კონფლიქტი. 2020 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 05:30 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, ს-ში, ი-ის ქ. №--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ. მ-ემ გააღვიძა ე. კ-ე, რომელსაც მოსთხოვა სუფრის გაწყობა და საჭმლის გამზადება. ე. კ-ე ადგა საწოლიდან და უსაყვედურა მ. მ-ეს, თუ რატომ გააღვიძა საჭმლის მომზადების გამო. აღნიშნულით განაწყენებულმა მ. მ-ემ მიიჩნია, რომ ე. კ-ეს არ ჰქონდა მისთვის შეპასუხების უფლება, მაგიდიდან აიღო საოჯახო ტიპის დანა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ე. კ-ეს დაარტყა მარცხენა მხარეს, კისრის არეში. მიღებული დაზიანების შედეგად ე. კ-ე ადგილზე გარდაიცვალა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. მან ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაკვალიფიცირება და სასჯელის განსაზღვრა ამ მუხლის სანქციის ფარგლებში.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. გადაწყვეტილებები – №187აგ-16, №104აპ-13), ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – მოწმეების: პ. კ-ის, გ. მ-ის, გ. კ-ის, ბ. ჯ-ისა და სხვათა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოღებისა და ნიმუშის აღების ოქმებით, ექსპერტიზების დასკვნებით, რომელთა სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებად დაკითხულმა ექსპერტებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე – საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მ. მ-ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის – ე. კ-ის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე გადაკვალიფიცირების შესახებ, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა მ. მ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლით დადგენილ დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა, კერძოდ: მოწმეებმა – გივი მხეიძემ და გიორგი კრავეიშვილმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ოთახში შესვლისას დაინახეს იატაკზე, ე. კ-ის თავთან მდგარი მ. მ-ე, რომელიც ყვიროდა: „მიშველეთ, მგონი, მოვკალიო“. მის განზრახვაზე მიუთითებს ასევე სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 2 აპრილის №- დასკვნაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ე. კ-ის გვამს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბეჭზედა მიდამოში, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, 1-ლი ნეკნის ზედა კიდის, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის გამჭოლად დაზიანებით; ჭრილობის არხის სიღრმეა 8,5 სმ, მიმართულება – უკნიდან წინ, მცირედ ირიბად, ზემოდან ქვემოთ; დაზიანება მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივად უკავშირდება დამდგარ შედეგს. საკასაციო პალატის შეფასებით, როგორც პირველი, ისე – სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაასკვნეს, რომ საცხოვრებელი სახლის პირობებში შეუძლებელია, სამზარეულოს დანის შემთხვევით გასროლით მ. მ-ეს 8,5 სმ სიღრმის ჭრილობა მიეყენებინა ე. კ-ისათვის.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა მ. მ-ის ქმედებაში როგორც საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლით დადგენილი დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა, ისე – მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაკვალიფიცირების უმართებულობა.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას მსჯავრდებული და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე