საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1079აპ-22 ქ. თბილისი
ნ-ე დ-თ, 1079აპ-22 27 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ნ-ეს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები – ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ოჯახის წევრის ქონების მიმართ.
2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 9-10 სექტემბერს, ღამის საათებში, ხ-ის რაიონის დ. ს-ში, დ. ა-ის ქუჩის №--ში, ლ. ნ-ის საცხოვრებელ სახლში სტუმრად მყოფ ლ. მ-ე-ჯ-ის საძინებელ ოთახში, დ. ნ-ე ყაჩაღურად თავს დაესხა ამ უკანასკნელს, მოსთხოვა ფულადი თანხა, რა დროსაც პირზე მოუჭირა ხელი, ხოლო სახის არეში დაარტყა მარჯვენა ხელი, რის შემდეგაც სახეზე ბალიში დააფარა, რითაც საფრთხე შეუქმნა დაზარალებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მითითებულ დროს სახლში მივიდნენ დ. ნ-ის დეიდა – ნ. ნ-ე და ბებია – ლ. ნ-ე; აღნიშნული შენიშნა დ. ნ-ემ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
· 2020 წლის 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ხ-ის რაიონის დ. ს-ში, დ. ა-ის ქუჩის №--ში, ლ. ნ-ის საცხოვრებელ სახლში, დ. ნ-ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლ. მ-ე-ჯ-ის კუთვნილ ქურთუკს, მასში არსებული თანხით და ხელჩანთას, მასში არსებული პირადი კოსმეტიკური ნივთებით, რამაც გამოიწვია 945 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 10 სექტემბერს, დილის საათებში, დ. ნ-ემ ხ-ის რაიონის დ. ს-ში, დ. ა-ის ქუჩის №--ში, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა თავისი ბებიის – ლ. ნ-ის კუთვნილ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საოჯახო ნივთს, რომელთა ნაწილი დაზიანდა და ნაწილი – განადგურდა. იმავე რიცხვში, ღამის საათებში, დ. ნ-ე დაბრუნდა ზემოხსენებულ მისამართზე და კვლავ ცეცხლის წაკიდებით დააზიანა ლ. ნ-ის ქონება – ბინის იატაკი. დ. ნ-ის ქმედებების შედეგად ლ. ნ-ეს მიადგა 580 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განაჩენით დ. ნ-ე, – - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; დ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 28 მარტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2020 წლის 11 სექტემბრიდან იმავე წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ნ-ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 9-10 სექტემბერს, ღამის საათებში, ხ-ის რაიონის დ. ს-ში, დ. ა-ის ქუჩის №-ში, ლ. ნ-ის საცხოვრებელ სახლში სტუმრად მყოფ ლ. მ-ე-ჯ-ის საძინებელ ოთახში, დ. ნ-ემ მას პირზე მოუჭირა ხელი, ხოლო სახის არეში დაარტყა მარჯვენა ხელი, რის შემდეგაც სახეზე ბალიში დააფარა. მითითებულ დროს სახლში მივიდნენ დ. ნ-ის დეიდა – ნ. ნ-ე და ბებია – ლ. ნ-ე; აღნიშნული შენიშნა დ. ნ-ემ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ. ნ-ის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ბაჩანა ქარქუზაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ნ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და კანონიერი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი (მაგ. სუსგ №112აპ-21, №1004აპ-19, №369აპ-21, №658აპ-20, №404აპ-16, №51აპ-17). ამასთან, მხარე ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას დ. ნ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ დ. ნ-ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ნ-ეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში დ. ნ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
11. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებსაც ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე