Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№52I-22 ქ. თბილისი

შ-ა ი-ა, 52I-22 28 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. შ-ას (I. Sh.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ისრაელიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2019 წლის 16 სექტემბერსა და 2022 წლის 10 მაისს ისრაელის ჰაიფას მაგისტრატმა სასამართლომ გამოსცა ი. შ-ას დაკავების ბრძანება ისრაელის №5737-1977 სისხლის სამართლის კოდექსის 368 c მუხლით (ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამდენიმე ეპიზოდი), იმავე კოდექსის 379-ე მუხლით (ძალადობა, რამდენიმე ეპიზოდი) და 379-ე მუხლთან ერთობლივად, 382 b (2) მუხლით (ძალადობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

2. 2019 წლის 31 ოქტომბრიდან ი. შ-ა იძებნება ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

3. ისრაელიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ი. შ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017-2018 წლებში ი. შ-ა იყო ისრაელში მოქმედი ერთ-ერთი ბაგა-ბაღის მფლობელი და მთავარი აღმზრდელი. აღნიშნული ბაგა-ბაღი განკუთვნილი იყო წელიწად-ნახევრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. მითითებულ პერიოდში ი. შ-ა და მისი ორი თანაშემწე – კ. ო-ი და ქ. პ-ი არასრულწლოვნებზე ფიზიკურად და ფსიქიკურად ძალადობდნენ და ასევე – აიძულებდნენ საკვების მიღებას.

კერძოდ, 2017 წლის 16 ნოემბერს ი. შ-ამ - წელს დაბადებულ არასრულწლოვანს (შემდგომში – „A“) ზურგს უკან შეუკრა ხელები და აიძულებდა საკვების მიღებას. A ყვიროდა და ტიროდა, თუმცა ი. შ-ას ძალადობრივი ქმედებები არ შეუწყვეტია მანამ, სანამ მისმა ქმედებებმა არ გამოიწვია A-ს პირღებინება.

გარდა აღნიშნულისა, ზემოხსენებულ პერიოდში, ზუსტად დაუდგენელ დროს, ი. შ-ა -- წელს დაბადებულ არასრულწლოვანს (შემდგომში „B“) ხელები მოჰკიდა მაგიდის ქვეშ, B-ს სკამი ფეხით დაიჭირა და ამ უკანასკნელს ძალის გამოყენებით აიძულებდა საკვების მიღებას მიუხედავად იმისა, რომ B ყვიროდა, ტიროდა, ახველებდა და ცდილობდა, შეწინააღმდეგებოდა კვებას. შედეგად, B-ს ხელებზე ჰქონდა ჰემატომები.

იმავე პერიოდში, ზუსტად დაუდგენელ დროს, ი. შ-ა თავს დაესხა -- წელს დაბადებულ არასრულწლოვანს (შემდგომში – „C“) დუნდულოზე დარტყმით, რის შემდეგაც გაიყვანა სააბაზანოში და კვლავ დაარტყა დუნდულებზე. ამასთან, ი. შ-ამ C-ს რამდენჯერმე დაარტყა სახეში და აიძულებდა საკვების მიღებას. გარდა ამისა, ი. შ-ამ დასჯის მიზნით C აიძულა, სკამზე დიდი ხნით მჯდარიყო, ამასთან, გაურკვეველ დროს, მას შემდეგ, რაც C-მ უარი თქვა დაძინებაზე, ი. შ-ამ თავზე გადააფარა საბანი, შემდეგ გადასწია, ორჯერ დაარტყა ბარძაყსა და დუნდულოზე და ისევ გადააფარა.

2017 წლის 13 დეკემბერს ი. შ-ამ C-ს სახეში ძლიერად მოჰკიდა ხელი და, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, აიძულებდა, მიეღო საკვები მანამ, სანამ ამ ქმედებებმა არ გამოიწვია პირღებინება. ი. შ-ა აგრძელებდა C-ს იძულებით კვებას მას შემდეგაც კი, რაც ბავშვს ჰქონდა პირღებინება.

2018 წლის 14 თებერვალს ი. შ-ა -- წელს დაბადებულ არასრულწლოვანს (შემდგომში – „D“) აიძულებდა, მიეღო საკვები, კერძოდ, D-ს ერთი ხელით თავი უკან გადაუწია, ხოლო მეორით, ძალის გამოყენებით, აიძულებდა საკვების მიღებას, რის შედეგადაც D ტიროდა და დაიწყო დახრჩობა.

ი. შ-ა რამდენჯერმე თავს დაესხა -- წელს დაბადებულ არასრულწლოვანს (შემდგომში – „E“), დაარტყა დუნდულებზე, რის შედეგადაც მან დაიწყო ტირილი, ხოლო ტირილის დროს ი. შ-ამ სახეში ჰაერი შეუბერა და აიძულა, გარკვეული დროით შეეჩერებინა სუნთქვა.

2018 წლის 22 თებერვალს, სადილის დროს, E-მ სხვა ბავშვის თეფშიდან აიღო საკვები, რის შემდგომაც ი. შ-ამ მას ხელსა და მკერდზე დაარტყა.

2018 წლის თებერვალში ი. შ-ა -- წელს დაბადებულ არასრულწლოვანს (შემდგომში - „F'“) კოვზის გამოყენებით ძალით აძლევდა საკვებს. შედეგად, F ტიროდა და საჭმელი პირიდან გამოდევნა. F-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, ი. შ-ამ განაგრძო მისი ძალის გამოყენებით კვება. შედეგად, და ტუჩების სიმშრალის გამო, F-ს ტუჩებიდან სისხლდენა ჰქონდა.

ი. შ-ა რამდენჯერმე თავს დაესხა -- წელს დაბადებულ არასრულწლოვანს (შემდგომში – „G“) და დაარტყა პირსა და დუნდულებზე. რამდენჯერმე, როდესაც G-მ სხვა ბავშვებს უკბინა, ი. შ-ამ მას პირზე ხელი დაარტყა. სხვა შემთხვევებში შ-ა G-ს ათავსებდა სკამზე კვებისთვის, აბამდა თასმებით, რათა სკამიდან ადგომა არ შესძლებოდა. ამასთან, ი. შ-ამ სხვებს მისცა მითითება, არ მიახლოებოდნენ G-ს.

რამდენიმე ცალკეულ შემთხვევაში ი. შ-ამ სკამზე დიდი ხნით დააყენა -- წელს დაბადებული არასრულწლოვანი (შემდგომში - "H'"), რის შემდგომაც იგი ჩაკეტა სააბაზანოში და დაარტყა დუნდულების არეში.

ი. შ-ამ რამდენჯერმე ძალით აჭამა -- წელს დაბადებულ არასრულწლოვანს (შემდგომში: „I“), მიუხედავად იმისა, რომ I ტიროდა.

2017 წლის 25 დეკემბერს, შუადღისას, ი. შ-ა იჯდა I-ის გვერდით, მაგიდასთან, უკნიდან ძლიერად ეჭირა მისი კისერი, თავი ახლოს მიატანინა მაგიდაზე დადებულ თეფშთან და, ამავდროულად, მეორე ხელით აიძულებდა საკვების მიღებას კოვზის პირთან მიტანით. მიუხედავად იმისა, რომ I ტიროდა და იხრჩობდა, ი. შ-ა განაგრძობდა მის იძულებით კვებას. კვების პროცესში, ი. შ-ა ასევე სახის არეში ურტყამდა I-ს, რის შემდგომაც სკამი გადასწია და I ძირს დააგდო. ამის შემდეგ ი. შ-ამ I ძალით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მოათავსა სავარძელში.

2018 წლის 21 თებერვალს, სანამ საბავშვო ბაღში ბავშვები ისხდნენ საჭმელად, -- წელს დაბადებულმა ი. შ-ას ქალიშვილმა (შემდგომში - „J“), რომელიც ასევე დადიოდა საბავშვო ბაღში, უარი თქვა ჭამაზე და ტიროდა. ი. შ-ამ დაუყვირა, თუმცა, J-მ განაგრძო ტირილი, რის შემდგომაც ი. შ-ამ იგი სააბაზანოში წაიყვანა, კარი ჩაკეტა და დუნდულოში დაარტყა.

2018 წლის 25 თებერვალს ი. შ-ა ძალით კვებავდა J-ს, ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის მიუხედავად და აგრძელებდა მის ძლიერ კვებას მას შემდეგაც, რაც J-ს ჰქონდა პირღებინება. აღნიშნულის შემდგომ ი. შ-ამ J სამზარეულოში შეიყვანა და მისი ძალით კვება განაგრძო.

4. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია ისრაელის №5737-1977 სისხლის სამართლის კოდექსის 368 c მუხლით (ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის 379-ე მუხლით (ძალადობა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 379-ე მუხლთან ერთობლივად, 382 b (2) მუხლით (ძალადობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. 2022 წლის 1 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. შ-ა.

6. 2022 წლის 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. შ-ას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით ი. შ-ას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2022 წლის 1 ოქტომბრამდე.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი. შ-ას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2023 წლის 1 იანვრამდე.

9. 2022 წლის 10 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. შ-ას ექსტრადიციის თაობაზე ისრაელის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

10. 2022 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ისრაელის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ი. შ-ას ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

11. ამჟამად ი. შ-ა მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

12. 2022 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ი. შ-ას ისრაელში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ი. შ-ას ექსტრადიციის შესახებ ისრაელის კომპეტენტური ორგანოების 2022 წლის 10 მაისის შუამდგომლობასა და ისრაელის ჰაიფას მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2022 წლის 10 მაისს გამოცემულ ი. შ-ას დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ისრაელის №5737-1977 სისხლის სამართლის კოდექსის 368 c მუხლით (ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამდენიმე ეპიზოდი), იმავე კოდექსის 379-ე მუხლით (ძალადობა, რამდენიმე ეპიზოდი) და 379-ე მუხლთან ერთობლივად, 382 b (2) მუხლით (ძალადობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ცნო ი. შ-ას ისრაელში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ი. შ-ას ექსტრადიციის შესახებ ისრაელის კომპეტენტური ორგანოების 2022 წლის 10 მაისის შუამდგომლობასა და ისრაელის ჰაიფას მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2022 წლის 10 მაისს გამოცემულ ი. შ-ას დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ისრაელის №5737-1977 სისხლის სამართლის კოდექსის 368 c მუხლით (ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამდენიმე ეპიზოდი), იმავე კოდექსის 379-ე მუხლით (ძალადობა, რამდენიმე ეპიზოდი) და 379-ე მუხლთან ერთობლივად, 382 b (2) მუხლით (ძალადობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).

14. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. შ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: ისრაელის სახელმწიფოს ხაიფას საოლქო პროკურატურის 2022 წლის 13 ივნისის წერილით ი. შ-ას დაცვის მხარეს უარი ეთქვა გამოძიების საქმის მასალების გაცნობაზე, რაც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პუნქტის დარღვევაა; ი. შ-ას აბსურდული მრავალეპიზოდიანი ბრალდებები ოფიციალურად არ წარსდგენია; ისრაელის მხარე არღვევს მის ძირითად უფლებებს, რაც შეუძლებელს ხდის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით დაცვის სათანადო მომზადებას და ექსტრადიციის დასაშვებობის გამომრიცხავი ერთ-ერთი გარემოებაა; ი. შ-ას მიმართ ისრაელში დღემდე არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და არ არსებობს მის მიმართ სასამართლოს საპატიმრო ღონისძიება, არსებობს მხოლოდ გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ; ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება ორია, რაც კიდევ უფრო დიდ კითხვის ნიშანს აჩენს; ისრაელის სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღწერილი დანაშაულები გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადაც არის 2 წელი. ი. შ-ა მონაწილეობდა არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში, არასდროს აურიდებია თავი გამოძიებისათვის და არ მიმალულა; ისრაელის სახელმწიფოს დროებით დატოვება იყო კანონიერი, რადგან მას არ ჰქონდა არავითარი შეზღუდვა და ამის თაობაზე ინფორმირებული იყო ყველა უწყება და ადვოკატი; ქვეყნის დატოვება განპირობებული იყო ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობითა და გარდაცვალებით და დაბარების შემთხვევაში, ი. შ-ა მზად იყო, გამოცხადებულიყო სათანადო ორგანოში; საკმარისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ისრაელის პროკურატურას შეეძლო ი. შ-ას მიმართ დევნის დაწყება, მაგრამ ეს არ გააკეთეს და მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ ბრალდება, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იგი არ იმყოფებოდა ქვეყანაში. გარდა ამისა, დაცვამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ი. შ-ამ თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა საქართველოს და მას მიენიჭა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი; ეს საკითხი სასამართლოში ჯერ კიდევ იხილება, რაც ი. შ-ას ანიჭებს უფლებას, არ იყოს ექსტრადირებული საქართველოდან.

15. პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ი. შ-ას ისრაელში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ი. შ-ა საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2022 წლის 1 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ი. შ-ას მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ ისრაელში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს ან სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოშობდა.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. ი. შ-ას ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის, მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის თაობაზე, ასევე – იმის შესახებ, რომ ი. შ-ამ მის მიმართ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედების თაობაზე მიმართა ისრაელის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ არ მოუხდენიათ ეფექტური რეაგირება ან თუ ი. შ-ას სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ისრაელის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის დაცვას. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ისრაელში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.

6. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

7. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ი. შ-ას საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ისრაელში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები (მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლება) ან/და არსებობს სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ი. შ-ას უფლებების დარღვევის ანდა დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია. არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს მოუწვდია სასამართლოსათვის რაიმე მასალა მის მიმართ ისრაელში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასასაბუთებლად. მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას ისრაელის სახელმწიფოში. Freedom House-ს 2021 წლის მონაცემებით, ისრაელის სახელმწიფო მიიჩნევა თავისუფალ ქვეყნად და იგივე ორგანიზაცია კანონის უზენაესობის კომპონენტში დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას 4-დან 4 ქულით აფასებს.

8. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საპატიმრო და დაკავების ადგილებში პატიმართა განთავსების პირობები არ წარმოშობს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს. ისრაელის სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს გამართულად.

9. გარდა ამისა, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ისრაელის სახელმწიფო წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც, ექსტრადიციის შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

10. სისხლის სამართლის საქმის მასალების დაცვის მხარისათვის არგადაცემასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ი. შ-ას ამ დროისათვის აქვს ეჭვმიტანილის სტატუსი. როგორც საქართველოს, ისე – ისრაელის კანონმდებლობით დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ. ისრაელის კანონმდებლობით დაუშვებელია პირისათვის დაუსწრებლად ბრალის წარდგენა. ვინაიდან ი. შ-ა მიმალულია, მისთვის ბრალის წაყენება ვერ ხდება მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბრალის წარდგენის საკმარისი საფუძველი. ისრაელის კომპეტენტური ორგანოების ინფორმაციის თანახმად, ი. შ-ასათვის ბრალის წარდგენა მოხდება ექსტრადიციიდან მალევე, რამდენიმე დღეში, რის შემდეგაც მას მიეცემა სრული წვდომა საქმის მასალებზე. ამასთან, თავად ი. შ-ა საქმის მასალებს გაეცნო გამოძიების ადრეულ ეტაპზევე. ამდენად, ი. შ-ას ექსტრადიცია ისრაელში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

12. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ი. შ-ა არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან ს-ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის უ-ის რესპუბლიკისა და ი-ის მოქალაქე.

13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი. შ-ამ შსს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით და დღეის მდგომარეობით მისი საქმის განხილვა დასრულებულია. 2022 წლის 13 მაისს მას უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე – ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ი. შ-ას გადაწყვეტილება ხელზე ჩაჰბარდა 2022 წლის 19 მაისს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას. პროცედურების მიმდინარეობა კი არ აბრკოლებს არა მარტო ი. შ-ას ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას, არამედ არ წარმოადგენს ისრაელის კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაცემის ხელშემშლელ ფაქტორს (მაგ. სუსგ №3041-21, №211-20). ი. შ-ა არის უ-ის რესპუბლიკისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. ორმაგი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებთან დაკავშირებით მოქმედებს სპეციალური წესები როგორც ეროვნულ, ისე – საერთოშორისო სამართალში. კერძოდ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-20 მუხლების თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი არის ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქე და შეუძლია, ისარგებლოს ერთ-ერთის მფარველობით. ამდენად, ერთზე მეტი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის ექსტრადიცია ერთ-ერთი მოქალაქეობის ქვეყანაში შესაძლებელია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე პროცედურების მიმდინარეობის პარალელურად, რადგან მას შეუძლია, ისარგებლოს სხვა, მოქალაქეობის ქვეყნის მფარველობით და მოქალაქეობის ქვეყნის დაცვას ყოველთვის აქვს პრიორიტეტი საერთაშორისო დაცვასთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კუთხითაც არ არსებობს ი. შ-ას ისრაელში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

14. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ი. შ-ას ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება. შესაბამისად, ი. შ-ას ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.

15. გარდა ამისა, ი. შ-ას ქმედებები (გარდა შუამდგომლობის მე-20 და 26-ე პარაგრაფებისა), ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთას; მე-20 პარაგრაფში აღწერილი ქმედებები დასჯადია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთას; ხოლო 26-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედებები დასჯადია საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, შუამდგომლობის მე-13-27-ე პარაგრაფებში აღწერილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – ისრაელის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წელზე მეტი ვადით.

16. ზემოჩამოთვლილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 2 წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას, 6 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.

17. როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები ჩადენილია 2017-2018 წლებში. ქმედება, რომელსაც ქართული კანონმდებლობით შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ჩადენილია 2018 წლის 22 თებერვალს, ხოლო 2019 წლის 16 სექტემბერს გაიცა ი. შ-ას დაკავების ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ისრაელის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ისრაელის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც ისრაელის კანონმდებლობით.

18. აღსანიშნავია ისიც, რომ საექსტრადიციო მასალების თანახმად, საქართველო არ წარმოადგენს ი. შ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ი. შ-ას ოჯახის წევრები ცხოვრებენ საქართველოში, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც ცალსახაა, რომ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათისა და რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებისთვისაც მოითხოვება ი. შ-ას ექსტრადიცია, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი იმთავითვე გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს. ასეთ ვითარებაში, ი. შ-ას ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. შ-ას ისრაელში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ი. შ-ას ექსტრადიციის შესახებ ისრაელის კომპეტენტური ორგანოების 2022 წლის 10 მაისის შუამდგომლობასა და ისრაელის ჰაიფას მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2022 წლის 10 მაისს გამოცემულ ი. შ-ას დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ისრაელის №5737-1977 სისხლის სამართლის კოდექსის 368 c მუხლით (ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამდენიმე ეპიზოდი), იმავე კოდექსის 379-ე მუხლით (ძალადობა, რამდენიმე ეპიზოდი) და 379-ე მუხლთან ერთობლივად, 382 b (2) მუხლით (ძალადობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. შ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე