Facebook Twitter

საქმე N210100120004047473

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №679აპ.-22 11 ოქტომბერი, 2022 წელი

ბ–ე კ., №679აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ფ. ს–სა და მ. ი–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ბ–სე (პირადი ნომერი: №...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში, ს–ს რაიონის სოფელ ი–ში მდებარე კ. ბ–სა და მ. ფ–ს საცხოვრებელ სახლში, კ. ბ–სა და გ. ფ–ს შორის მომხდარ კონფლიქტში ჩარევის გამო, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რომ მას არ ჰქონდა ხმის ამოღებისა და კაცების საქმეში ჩარევის უფლება, მთვრალმა კ. ბ–ემ, არასრულწლოვანი შვილის, ნ. ბ–ს თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე, მ. ფ–ზე, რომელსაც თმა ძლიერად მოქაჩა, სახეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი და სახეში შეასხა ცხელი ყავა, რის შედეგადაც მ. ფ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში, სიღნაღის რაიონის ს. ი-ში მდებარე კ. ბ–სა და მ. ფ–ს საცხოვრებელ სახლში, კ. ბ–სა და გ. ფ–ს შორის მომხდარ კონფლიქტში ჩარევის გამო, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რომ მას არ ჰქონდა ხმის ამოღებისა და კაცების საქმეში ჩარევის უფლება, მთვრალი კ. ბ–ე დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქარა მეუღლეს, მ. ფ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, მ. ფ–ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, ს–ს რაიონის სოფელ ი–ში მდებარე კ. ბ–სა და მ. ფ–ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, კ. ბ–მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, რომ მისი მეუღლე, მ. ფ–სი იყო მისი მონა და მისგან უნდა აეტანა ყველა სახის ძალადობა, არასრულწლოვანი შვილის, ნ. ბ–ს თანდასწრებით, ხელზე ხელის ძლიერი დარტყმითა და ორივე ხელის მაჯაზე ძლიერად მოჭერით იძალადა მეუღლეზე, მ. ფ–სზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2020 წლის სექტემბრის თვის პირველ რიცხვებში, ს–ს რაიონის სოფელ ი–ში, კ. ბ–მ ტელეფონის საშუალებით დაურეკა მეუღლეს, მ. ფ–ს და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მეუღლემ დახარჯა მის მიერ გადაცემული ფული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად, მ. ფ–ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2020 წლის 5 სექტემბერს, დღის საათებში, ს- რ-ნის ს. ი-ში, კ. ბ–სა და მ. ფ–ს საცხოვრებელ სახლში, მეუღლის, კ. ბ–ს მიერ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სისტემატური მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სასტიკი მოპყრობის გამო, მ. ფ–მა, მარცხენა ხელის მაჯაზე ვენების სამართებლით გადაჭრით, სცადა თვითმკვლელობა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით კ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

კ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

კ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (აგვისტოს ბოლოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

კ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (აგვისტოს ბოლოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

კ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 17 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ფ. ს–მა და მ. ი–მა. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. ბ–სის უდანაშაულოდ ცნობა, ასევე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა. დაცვის მხარე ითხოვს დაყენებული შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილებას.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს კ. ბ–ს ბრალეულობას. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა კ. ბ–ს გამამართლებელი ახალი მტკიცებულებები, რომელთა მტკიცებულებად მიღებაზეც სასამართლომ დაცვის მხარეს უთხრა დაუსაბუთებელი უარი. აღნიშნული მტკიცებულებებით დაცვის მხარეს შეეძლო დაედასტურებინა, რომ დაზარალებულ მ. ფ–ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება იყო არასანდო და არადამაჯერებელი. აღნიშნული მტკიცებულებების დაშვებაზე უარის თქმით სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

4.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ. ფ–სსა და კ. ბ–სეს შორის სატელეფონო კავშირი. გარდა ამისა, მსჯავრდებულის ქმედება მიზეზშედეგობრივ კავშირში არ არის მ. ფ–ს თვითმკვლელობის მცდელობასთან და შესაძლოა დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა სოციალურ ქსელში თვითმკვლელობის წამქეზებელი ჯგუფის წევრების ხელშეწყობითა და წაქეზებით. ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს კ. ბ–ე იმყოფებოდა სამსახურში და არა - დანაშაულის ჩადენის ადგილზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კ. ბ–ს მხრიდან მეუღლეზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია არ მომხდარა. დაზარალებულს სრული უფლება ჰქონდა კონტაქტი ჰქონოდა მეზობლებთან და თავისი შეხედულებით განეკარგა კ. ბ–ს მიერ მისთვის ჩაბარებული თანხა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მას ჰქონდა ძვირად ღირებული ტელეფონი და მაღაზიაში პროდუქტს იძენდა თავისი შეხედულებისამებრ.

4.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფსიქოლოგ ნ. მ–ს ჩვენება, ვინაიდან მოწმის ჩვენება ემყარებოდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მ. ფ–ს პოსტტრავმული ფსიქიკური პრობლემები შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მიერ დაოჯახებამდე განცდილ ფსიქოლოგიურ და სულიერ ტრავმებს. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ. ფ–ი მეუღლის ძალადობრივი ქმედებების მიმართ იჩენდა მიმტევებლობას და არ ატყობინებდა პოლიციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებული მიდრეკილია მოვლენების გაზვიადებისკენ და მოქმედებს შურისძიების მოტივით, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი მეუღლესთან ერთად მოძალადედ ასახელებდა დედამთილს, ნ. ბ–სა და მამამთილს, ვ. ბ–ს და ითხოვდა მათ მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას.

4.4. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. კერძოდ, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს და განმარტოს, რა ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა იქნეს ქმედება თვითმკვლელობის მცდელობად მიჩნეული და მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად სწორად შეფასდა თუ არა მ. ფ–ს ქმედება. ასევე უნდა განმარტოს, შეიძლებოდა თუ არა კ. ბ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება. ამასთან, უნდა გაიზიარონ თუ არა მცირეწლოვნის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, როდესაც იგი დამატებით, არასრულწლოვნის გამოკითხვის პროტოკოლის წესის შესაბამისად არ გამოკითხულა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მ. ფ-ნი მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც იღებდა მედიკამენტებს, საქმეში კი წარმოდგენილი არ არის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, უნდა ჩაითვალოს თუ არა სარწმუნოდ მისი ჩვენება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ დაზარალებულის თვითმკვლელობის მცდელობასთან კ. ბ–ს კავშირი არ ჰქონდა და არც მეუღლეზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ახდენდა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია ეწინააღმდეგება დაზარალებულ მ. ფ–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ქორწინების მეორე დღიდან კ. ბ–სთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა. კონფლიქტისას მეუღლეს სიტყვიერ წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა, რადგან თხოვნაზე დამშვიდებულიყო, კ. ბ–ე ხდებოდა უფრო აგრესიული და უარესად იქცეოდა. ოჯახის წევრები ამ საკითხზე ეუბნებოდნენ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ კ–ო შეიცვლებოდა. შვილის შეძენის შემდეგ, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჭ–დან საცხოვრებლად გადავიდნენ ს–ს რაიონის სოფელ ი–ი მდებარე ძმის, გ. ფ–ს სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა დედა, დ. გ–ი, რომელიც ხშირად იმყოფებოდა ს–ში. ძმასთან საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, მის ძირითად და ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენდა ბავშვის მოვლა, საჭმლის მომზადება, ასევე საქონელის მოვლა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება. კ. ბ–სე კი ეწეოდა დაქირავებულ შრომას, რის გამოც კვირა გამოშვებით ტოვებდა სახლს და ამ პერიოდში დაზარალებულს უკრძალავდა სახლის დატოვებას, ეუბნებოდა: „გათხოვილი ქალი სახლში უნდა ეგდოს, არ უნდა წანწალებდეს“. დაზარალებულის განმარტებით, მას მეუღლე არსად უშვებდა, მათ შორის არც მეზობლებთან, იგი მხოლოდ პროდუქტის საყიდლად მიდიოდა მაღაზიაში. მეუღლე სულ აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, არ აძლევდა მუშაობის უფლებას, უკონტროლებდა ჩაცმულობას, უშლიდა მოკლე ქვედაბოლოსა და შარვლის ჩაცმას, უწესებდა მატერიალურ შეზღუდვებს და რადგან არ აძლევდა მუშაობის უფლებას, მატერიალურად დამოკიდებული იყო მასზე, რომელიც იშვიათად, მცირე ოდენობით, აძლევდა 10-20 ლარს პროდუქტის საყიდლად და არა პირადი საჭიროებისთვის. კომუნალურ გადასახადებს იხდიდა გ. ფ–ი. შესაბამისად, გამომუშავებულ თანხას კ. ბ–ე განკარგავდა პირადად. მართალია, კ. ბ–ე თანხას შესანახად აძლევდა მეუღლეს, მაგრამ აფრთხილებდა, რომ თუ თითს დააკარებდა, ხელებს დაამტვრევდა. ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას კ. ბ–სე ხშირად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა მუშტებს და ხელს, ასევე ემუქრებოდა, რომ კლდიდან გადააგდებდა. კ. ბ–ს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა გ. ფ–ითანაც, რომელსაც აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას. გ. ფ–იი კი არის სუსტი ადამიანი და თავს ვერ იცავდა. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დღის მეორე ნახევარში, კ. ბ–სე და გ. ფ–იი სახლში დაბრუნდნენ ნასვამები და ეზოში მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც კ. ბ–სემ გ. ფ–ს მუცელზე მოუჭირა ხელი. გ. ფ–იმა კ. ბ–ს უთხრა, რომ ხელი გაეშვა, რადგან სტკიოდა ბრმა ნაწლავი. ამ დროს სახლში იმყოფებოდა ხუთი წლის ნ. ბ–ე. დაზარალებულმა კ. ბ–ს სთხოვა გ. ფ–ისთვის დაენებებინა თავი, რაზეც მეუღლემ უპასუხა, რომ ეს არ იყო ქალის საქმე და კონფლიქტში არ უნდა ჩარეულიყო. დაზარალებულის განმარტებით, იგი მხოლოდ იმიტომ ჩაერია და სთხოვდა გ. ფ–იისთვის თავის დანებებას, რომ ძმასთან თავს გრძნობდა დამნაშავედ, რადგან ეს უკანასკნელი არის სუსტი პიროვნება და რომ არა მისი ქორწინება, კ. ბ–ე მის ძმას ასე არ მოექცეოდა. ამ ჩარევის გამო დაზარალებულს კ. ბ–სემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოქაჩა თმა, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი. იგი მეუღლეს სთხოვდა გაჩერებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი არ ჩერდებოდა და უფრო გამეტებით ქაჩავდა თმას, ფაქტობრივად თმით ათრევდა. ვინაიდან კ. ბ–სე განაგრძობდა მასზე ძალადობას, რის გამოც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, იგი ხმამაღლა ითხოვდა შველას, თუმცა მას მეუღლემ ყელში წაუჭირა ხელები და სახის არეში გაარტყა გაშლილი ხელი, შემდეგ კი ცხელი ყავა შეასხა ჯერ ზურგის მხრიდან, შემდეგ კი ფინჯანში დარჩენილი ცხელი ყავის ნაწილი შეასხა სახეში, რა დროსაც იგრძნო წვა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის გამო მან კ. ბ–ს უთხრა, რომ დაშორდებოდა, რაზეც იგი დაემუქრა და უთხრა: „მოგკლავ და კლდიდან გადაგაგდებ“, იმავდროულად მოახდინა დანის დემონსტრირება და მოუქნია დანიანი ხელი. აღნიშნულს შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი ნ. ბ–ეც, რომელიც ცდილობდა დედის დაცვას, ჩადგა მათ შორის და შესაძლებლობა არ მისცა მამას, დანა დაერტყა დაზარალებულისთვის. მან კ. ბ–სის მუქარა აღიქვა რეალურად და ძალიან შეეშინდა. ამის შემდეგ თვითონ საქონლის მოსაყვანად წავიდა მინდორში, საიდან დაბრუნებულსაც კ. ბ–მ ჰკითხა „გინდა კიდევ გაგიმეორო?“ იგი მეუღლეს სთხოვდა, თავი დაენებებინა მისთვის. მეორე დღეს კ. ბ–სე წავიდა სამუშაოდ, სადაც ერთი კვირით უნდა დარჩენილიყო დარაჯად. ამ პერიოდში კ. ბ–სე ჩვეულებრივ ესაუბრებოდა ტელეფონით. კ. ბ–სე სამსახურიდან დაბრუნდა აგვისტოს ბოლო რიცხვებში, რა დროსაც კვლავ აგრძელებდა ჩხუბს და მუქარას, რომ კლდიდან გადააგდებდა, ასევე, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ყოფნისას უმიზეზოდ და საკმაოდ ძლიერად დაარტყა ხელი ხელზე, რა დროსაც იგრძნო ტკივილი და სთხოვა მეუღლეს, აღარ დაერტყა, რაზეც მან უპასუხა, რომ ,,იყო მისი მონა და მონად უნდა ექცია“. ამავე კონფლიქტის დროს, მას კ. ბ–მ ჯერ ძლიერად მოუჭირა მაჯაზე ხელები, შემდეგ კი გადაუგრიხა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი, ნ. ბ–ც. იმ კვირის განმავლობაში, როდესაც კ. ბ–სე იმყოფებოდა სახლში, სხვა სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მომდევნო კვირას კ. ბ–ე კვლავ წავიდა სამუშაოდ და შეცვალა გ. ფ–იი, რომელსაც დაზარალებულთან გამოატანა ფული. მან აღნიშნული თანხიდან ასი ლარით გადაიხადა მაღაზიის ვალი, რადგან წინა პერიოდში „ნისიად“ გამოჰქონდა საკვები და სხვა პროდუქტები. სწორედ ამ დღეს დაურეკა სამსახურში მყოფმა კ. ბ–მ, რომელსაც საუბრისას უთხრა, რომ გამოგზავნილი თანხიდან ასი ლარით დაფარა მაღაზიის ვალი. აღნიშნულის გამო მას კ. ბ–სემ დაუწყო გინება და ჩხუბი, ასევე დაემუქრა: „რომ ჩამოვალ, მოგკლავ, ნახე რა გიყოო“. მუქარა მან აღიქვა რეალურად და ძალიან შეეშინდა, რომ კ. ბ–სე მოკლავდა, რის გამოც 2020 წლის 3 სექტემბერს, თავის მოკვლის მიზნით, სამართებლით, ე.წ. „ბრიტვით“ გადაიჭრა ვენები, თუმცა სისხლდენა მალევე შეუჩერდა. იგივე ქმედება გაიმეორა 4 და 5 სექტემბერსაც, რადგან უნდოდა სისხლისაგან დაცლილიყო. ვენების გადაჭრის გარდა, მან თვითმკვლელობის მიზნით გადაყლაპა „ბრიტვები“ და ნემსები რის შედეგადაც დაეწყო მუცლის ტკივილი და დღემდე მკურნალობს. იგი გასინჯა ექიმმაც, მაგრამ გადაყლაპული ნივთები ექსპერტიზაზე არ გამოჩნდა, თუმცა დღემდე აქვს უკანა ტანიდან სისხლდენა და აწუხებს ტკივილები. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მან თვითმკვლელობის მცდელობისა და ვენების გადაჭრის შესახებ უამბო მეგობარ ლ–ს, რომელმაც უთხრა, რომ დახმარებისათვის მიემართა პოლიციისათვის, რაზეც უარი განუცხადა. აღნიშნულის შემდეგ, პოლიციაში თავად ლ–ს განუცხადებია მომხდარის შესახებ, რაც მისთვის ცნობილი არ იყო. როდესაც თავს იკლავდა, იმ დროს შვილზე ფიქრობდა, მაგრამ, მომხდარიდან გამომდინარე, „ნერვები აღარ ჰქონდა“ და აღნიშნულმა უბიძგა გადაედგა ეს ნაბიჯი. მეუღლის ძალადობის შესახებ იცოდა დედამ, რომელიც ეუბნებოდა, რომ ოჯახის დანგრევა იყო სირცხვილი და მათი კუთხური ტრადიციიდან გამომდინარე, ხელს უშლიდა ამაში, რადგან მეუღლესთან დაშორება ითვლებოდა სირცხვილად. იგი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გადაიყვანეს თავშესაფარში, სადაც დღემდე იმყოფება და გადატანილი სტრესის გამო გადის სარეაბილიტაციო ფსიქოთერაპიას.

5.5. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია არასრულწლოვანი მოწმის, ნ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით, რომლითაც დგინდება, რომ იგი ცხოვრობს მშობლებთან, კ. ბ–სესა და მ. ფ–სთან ერთად. მამა ხშირად ეჩხუბება დედას, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებს და ურტყამს ხელს, რის გამოც დედა ტირის. თვითონაც ეშინია და ტირის. მამამ ჩხუბის დროს დედას მოუქნია დანა და უთხრა „მოგკლავ“, რის გამოც შეეშინდა, დაიწყო ტირილი და მამას სთხოვდა დედისთვის თავი დაენებებინა, ჩადგა მათ შორის, რათა მამას დედისთვის არ დაერტყა. მამა მას არასდროს ეჩხუბება და არ სცემს, მაგრამ ეჩხუბება დედას. მას ეშინია, რომ მამა დედას რამეს დაუშავებს და სურს, რომ მამამ მასთან და დედასთან არ იცხოვროს.

5.6. ის ფაქტი, რომ მ. ფ–სმა ნამდვილად გადაიხადა მაღაზიის ვალი - 100 ლარი, შემდეგ დღეებში კი მაღაზიაში მისვლისას იყო აღელვებული და მაჯაზე აღენიშნებოდა დაზიანებები, დასტურდება მოწმე თ. ჟ–ს გამოკითხვის ოქმოთ, რომელმაც განმარტა, რომ ს–ს რაიონის სოფელ ი–ში აქვს სასურსათო მაღაზია, საიდანაც მ. ფ–სს შემდგომი გადახდის პირობით ხშირად წაუღია სხვადასხვა პროდუქცია და დაგროვილი ჰქონდა სამასიდან ოთხას ლარამდე ვალი. 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მ. ფ–სი მივიდა მასთან მაღაზიაში და გადაიხადა ვალის ნაწილი, დაახლოებით ასი ლარი, ასევე ნაღდი ფულით იყიდა დაახლოებით ათი ლარის საოჯახო პროდუქცია. მ. ფ–სი მომდევნო დღეებში კვლავ მივიდა მაღაზიაში, რა დროსაც იყო აღელვებული და შეშფოთებული. კითხვაზე, რატომ იყო ასე, მ–მა უპასუხა, რომ მეუღლესთან ჰქონდა პრობლემები და აღარ უნდოდა სიცოცხლე. საუბრისას შეამჩნია, რომ მ-ს ერთ-ერთი ხელის მაჯაზე ჰქონდა დაზიანებები, რაზეც უთხრა, რომ ეს დაზიანებები მიიყენა თავად, კერძოდ, გადაიჭრა ხელი. მ-ს არ უთქვამს, რის გამო ჰქონდა მეუღლესთან უსიამოვნება და რატომ გადაიჭრა ხელი, მაგრამ ეტყობოდა, რომ იყო პრობლემების წინაშე.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების პოზიციას, რომ დაზარალებული შეუფერხებლად ეკონტაქტებოდა მეზობლებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება მოწმე ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმს, რომლითაც დგინდება, რომ სოფელ ი–ში სტუმრად ყოფნისას ამჩნევდა, რომ როდესაც მათთან სტუმრობდა მეზობელი მ. ფ–სი, ან ესაუბრებოდა საერთო ღობიდან, მეუღლე, კ. ბ–სე და ძმა, გ. ფ–იი მალევე ეძახდნენ და მოუწოდებდნენ დაბრუნებულიყო სახლში, დაკავებულიყო საოჯახო საქმიანობით ან მიეხედა პირუტყვისთვის, რის შემდეგაც მ–ი დაღონებული ტოვებდა მათ და უბრუნდებოდა საოჯახო საქმიანობას. 2020 წლის 3 სექტემბერს მას ინტერნეტით დაუკავშირდა მ. ფ–სი, რომელსაც ესაუბრებოდა ვიდეოთვალით და შენიშნა, რომ მ–ს მარჯვენა ხელის მაჯაზე აღენიშნებოდა დაზიანებები. კითხვაზე, რა დაზიანებები ჰქონდა, მ–მა უპასუხა - „თავის მოკვლა მინდოდა და მაჯაზე ვენების გადაჭრას ვცდილობდი“. კითხვაზე, რა იყო ამის მიზეზი, მ–მა უთხრა, რომ მასზე ძალადობდა მეუღლე, რომელიც არსად უშვებდა და არ აძლევდა სახლიდან გასვლის საშუალებას, უკრძალავდა ყველასთან ურთიერთობას, მათ შორის - მეზობლებთან, მისგან მოითხოვდა მხოლოდ საოჯახო საქმიანობასა და პირუტყვის მოვლას, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, არ აძლევდა თანხას და როდესაც რაიმეს ყიდვას სთხოვდა, კ. ბ–სე ეუბნებოდა, რომ ძმისთვის ეთხოვა მატერიალური დახმარება, რამაც იგი მიიყვანა ამ ზომამდე, აღარ შეეძლო ამის გაძლება და გადაწყვიტა თვითმკვლელობა, ამბობდა „აღარ მინდა სიცოცხლე“. იგი შეეცადა მ–ი დაემშვიდებინა, სთხოვდა არ ეფიქრა თვითმკვლელობაზე და თუ ასეთი ფაქტები მართლაც ხდებოდა, გაშორებოდა მეუღლეს. ამასთან, თუ არსად წასასვლელი არ ჰქონდა, შვილთან ერთად დროებით მასთან გადასულიყო საცხოვრებლად თ–ში. ამ საუბრისას მ–ი დამშვიდდა და დაჰპირდა, რომ თვითმკვლელობაზე აღარ იფიქრებდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, 2020 წლის 5 სექტემბერს, სოციალურ ქსელ „........ის“ მეშვეობით მას კვლავ დაუკავშირდა მ. ფ–სი და ვიდეოსაუბრისას აჩვენა საწოლზე დაყრილი სხვადასხვა პრეპარატის აბები, უთხრა, რომ იყო „კაპტოპრილის“, „დიმედროლის“, ასევე ერთი სხვა სახეობის აბები, სურდა მათი დალევა და თვითმკვლელობა. კითხვაზე, რა იყო ამის მიზეზი, მ-მა უპასუხა, რომ სამუშაოდ მყოფმა მეუღლემ, გ. ფ–იის მეშვეობით, გამოუგზავნა გარკვეული ოდენობის თანხა, საიდანაც მან ასი ლარით გადაიხადა მაღაზიის ვალი, რაც სატელეფონო კომუნიკაციისას შეიტყო მისმა მეუღლემ, რომელიც ეჩხუბა, უთხრა, რომ არ ჰქონდა ამ თანხის განკარგვის უფლება და დაემუქრა „ნახავ, რაც მოგივა, როდესაც დავბრუნდები“. მ–ს შეეშინდა, რადგან იცოდა, რომ დაბრუნების შემდეგ მეუღლე ,,გაამწარებდა“ და იძალადებდა მასზე ფიზიკურად, რის გამოც გადაწყვიტა თავის მოკვლა. მ–ი ამბობდა: „სულერთია, მაინც მოვიკლავ თავს და წერილს დავტოვებ, რა მიზეზითაც მივიღე თავის მოკვლის გადაწყვეტილება“. მოწმის განმარტებით, სწორედ ამის გამო დარეკა 112-ში.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტ თ. ზ–ს ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 4 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „.......... კლინიკის“ სამედიცინო ბარათის N.... მიხედვით, მოქ: მ. ფ–ს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გასცა დასკვნა. მან შეისწავლა მხოლოდ შპს „......... კლინიკის“ ავადმყოფობის ისტორია, სამედიცინო ბარათი №...., სადაც მითითებული იყო, რომ მარეხი ფილფანმა საავადმყოფოს მიმართა 2020 წლის 7 სექტემბერს და უჩიოდა მოვლითი ხასიათის ტკივილს მუცლის არეში. სავადმყოფოში ჩატარებული კვლევებით პათოლოგია არ გამოვლინდა. საავადმყოფომ დასვა შემდეგი სახის დიაგნოზი: ტკივილი მუცლის არეში. როგორც შემდეგ გაირკვა, გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად ასევე იყო სასწრაფო-სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი და მას გამორჩა „ფარატინა ერთი ფურცელი“. ამიტომ მითითებულ დოკუმენტზე რეაგირება არ მოუხდენია, არ შეუსწავლია იგი და არც ამ დოკუმენტში მითითებული დაზიანებების შესახებ უმსჯელია ექსპერტიზის დასკვნაში. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტის შესწავლისა და მასში პაციენტის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დასკვნის შინაარსი შეიცვლებოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დროის გასვლის გამო შეუძლებელია, იმსჯელოს ერთი თვის წინ გადაყლაპულ ნივთებზე. შესაძლებელია, გადაყლაპული ყოფილიყო სპილენძის ნივთები, მაგრამ შემდეგ ორგანიზმიდან გამოდევნილიყო. იგი აღნიშნულს ვერც გამორიცხავს და ვერც დაადასტურებს. ასევე, ვერ ისაუბრებს, შეეძლო თუ არა მუცლის ტკივილი გამოეწვია ლითონის ნივთის ორგანიზმიდან გამოდევნას. მ. ფ–ს განცხადება მუცლის ტკივილთან დაკავშირებით იყო სუბიექტური, ობიექტურად რაც შემოწმდა, მას დაზიანება არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, ზოგადად, მუცლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, სამედიცინო ავადმყოფობის ისტორიაში კონკრეტული დიაგნოზი დასმული არ ყოფილა. მ. ფ–ს სუბიექტური ჩივილების საფუძველზე დაისვა ზოგადი დიაგნოზი: მუცლის ტკივილი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე გარემოება სამედიცინო გამოკვლევის შედეგად ვერც დადგინდა და ვერც უარყოფილ იქნა.

5.9. ექსპერტ გ. კ-ის ჩვენებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნით კი დადგენილია, რომ მ. ფ–სს 05.09.2020 წელს, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების დროს, მარცხენა წინა მხრის არეში აღენიშნებოდა ფუფხით დაფარული ჭრილობა. გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათში №..., ჭრილობის მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო, დაზიანების ხარისხისა და ხასიათის განსაზღვრა შეუძლებელია. .............. კლინიკის მიერ გაცემულ ცნობაში არსებული ჩანაწერების მიხედვით, მ. ფ–სს კლინიკაში შესვლის დროს ქირურგიული პათოლოგია არ აღენიშნებოდა. სხეულზე გარეგნულად არსებულ დაზიანებებზე აღნიშნულ სამედიცინო საბუთებში მითითებული არ არის. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე მისსავე ბიუროში უკვე დანიშნული იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა, რამ გამოიწვია ექსპერტიზის ხელმეორედ დანიშვნა, ვერ იხსენებს. მან ექსპერტიზის ჩატარების დროს გამოიყენა სამედიცინო დოკუმენტაცია და არა სხვა ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბიუროს ბარათი და ............. კლინიკის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უშუალოდ პაციენტი არ წარუდგენიათ მისთვის, შესაბამისად, არ დაუთვალიერებია იგი და არც ჭრილობა უნახავს. მას წარედგინა ბეჭედდარტყმული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბარათი. თუ აღნიშნულ დოკუმენტში იქნება შეცდომა, მასზე პასუხს აგებს ბარათის შემვსები ექიმი და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა. იგი ენდო აღნიშნულ დოკუმენტს, რადგან იყო ბეჭედდარტყმული. ამ დოკუმენტით დაზიანების ხარისხის და ხასიათის დადგენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ექიმს ჭრილობის მორფოლოგიური სურათი არ ჰქონდა აღწერილი. მორფოლოგიური სურათის აღწერა მისცემდა საშუალებას, განესაზღვრა ჭრილობის ხარისხი. ვინაიდან ეს მონაცემები არ იყო მითითებული, უბრალოდ მიუთითა, რომ ექიმმა ნახა მარცხენა წინამხრის არეში არსებული ჭრილობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თუ პაციენტის პირადი გასინჯვა არ ხდება, მიყენებული დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა არის შეუძლებელი. მისივე განმარტებით, მარცხენა წინამხრის არე მდებარეობს მარცხენა იდაყვსა და მარცხენა სხივ-მაჯის სახსარს შუა. იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობა იქნებოდა შეხვეული და პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას სწორედ სახვევდადებული ჭრილობიდან გამომდინარე არსებული ჩივილებით არ მიმართავდა, ნახვევს არ შეხსნიდნენ, რადგან ამ დროს შეიძლება ჭრილობაში მოხვედრილიყო დამატებითი ინფექცია. ამასთან, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვეოდა, კონკრეტულ შემთხვევაში, მარეხი ფილფანს კლინიკისთვის წინამხრის არეში არსებული ჭრილობიდან გამომდინარე ჩივილებით არ მიუმართავს, მიმართა ტკივილით მუცლის არეში. ამიტომ შესაძლოა, ამის გამო არ არის მითითებული სამედიცინო ბარათში პაციენტის სხეულზე არსებული ჭრილობის შესახებ.

5.10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მ. ფ–ს პოსტტრავმული ფსიქიკური პრობლემები შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის მიერ დაოჯახებამდე განცდილ ფსიქოლოგიურ და სულიერ ტრავმებს და რომ იგი მიდრეკილია გაზვიადებისკენ და მოქმედებს შურისძიების მოტივით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტ მ. მ–ს ჩვენებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 აპრილის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ მ. ფ–სმა მის მიმართ ჩადენილი ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მოწმის განმარტებით, მან შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, ასევე საექსპერტო-კვლევით ფორმატში გაესაუბრა ექსპერტიზაზე გამოცხადებულ მ. ფ–სს და მოხდა მისი ფსიქოლოგიური კვლევა. სწორედ ამ სამი კომპონენტის შეჯერებით მიიღო მან ზემოხსენებული გადაწყვეტილება. თუმცა, ერთ-ერთი მდგენელიც საკმარისი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. სამივე მათგანში ვლინდებოდა მ. ფ–ს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, კერძოდ, ,,ემოციური ლაბილობა“ - ცვალებადი ემოციური ფონი, ,,განხიბვლის მდგომარეობა“ - გულგატეხილობა, იმედგაცრუება. ის მოვლენები, რაც იყო მ. ფ–ს წარსულში (დაოჯახებამდე) არსებულ ისტორიაში, აყალიბებს ადამიანის ფსიქოტიპს, მაგრამ თავად აღნიშნული ფსიქოტიპი მუდმივად იცვლება მოვლენების მიხედვით. მ. ფ–ს ფსიქოტიპიც ჩამოყალიბდა მისი ისტორიის განვითარების გათვალისწინებით. კერძოდ, საკვლევი პირის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შემოდის პერსონა (მისი მეუღლე - კ. ბ–სე), რომელიც აყენებს შეურაცხყოფას, აკნინებს, ამცირებს, არ აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას, არ აღიარებს მის პერსონას. ამდენად, რომ ყოფილიყო სხვა ტიპის გარემოცვა და მ. ფ–ს სხვა ტიპის აღიარება, მისგან არ იყო მოსალოდნელი ასეთი დესტრუქციული ქცევა. მ. ფ–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან პირადი გასაუბრებისას და მისი პიროვნების შესწავლისას, ასეთი განცდა არ ჰქონია. ამასთან, სრულად დაემთხვა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაცია უშუალოდ მასთან გასაუბრებისას გადმოცემულ ინფორმაციას. მ. ფ–ს მხრიდან არარსებული მოვლენებისკენ მიდრეკილება და მოვლენათა გაზვიადება ჩატარებული ტესტირების შედეგად არ დადასტურდა. გარდა ამისა, მ. ფ–ს მიერ მომხდარი ფაქტების გადმოცემისა და ამ დროს მისი მძიმე ემოციური ფონის მხედველობაში მიღებით, არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო გაზვიადებული ამბავი და რომ მან მოვლენები და ფაქტები არასწორად წარმოაჩინა და გააზვიადა. ტესტი, რომელიც გამოყენებულ იქნა საექსპერტო კვლევის დროს, არის ობიექტური და ამ შემთხვევაშიც არ გამოვლენილა ისეთი ფაქტორი, რაც მისცემდა მ. ფ–ს გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამდენად, კატეგორიულად შეუძლია განაცხადოს, რომ მ. ფ–სი იყო გულწრფელი და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენდა მოგონილ ფაქტებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში რომ არ ყოფილიყო დაოჯახებამდე არსებული მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა და ათვლის წერტილი რომ დაოჯახების მომენტიდან აეღოთ, დაოჯახების შემდეგ მის ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს შეეძლო მ. ფ–ს ფსიქოემოციური მდგომარეობის დათრგუნვა და იმ მდგომარეობის გამოწვევა, რაც გამოკვეთილია ამ შემთხვევაში, კერძოდ, მ. ფ–სმა მის მიმართ ჩადენილი ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. კვლევისას დადასტურდა, რომ მ. ფ–ს ცხოვრებაში არ არსებობდა ადამიანი, რომლისგანაც იგი იგრძნობდა მხარდაჭერას, რის გამოც თავს გრძნობდა მარტოსულად.

5.11. კასატორის პოზიციით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ფსიქოლოგ ნ. მ–ს ჩვენება, ვინაიდან იგი ემყარება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, მ. ფ–ი კი მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც მკურნალობდა მედიკამენტებით, არ არსებობს მისი ჩვენების სარწმუნოდ მიჩნევის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, მოწმე ნ. მ–სმა განმარტა, რომ მან შიშისა და შფოთვის ჩამოყალიბების შესახებ თავად დაზარალებულისგან მიიღო ინფორმაცია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგმა დეტალურად და დამაჯერებლად აღწერა დასკვნა-შეფასებაში მითითებული გარემოებები და დაადასტურა მისი შინაარსი, კერძოდ, განმარტა, 2020 წლის 24 დეკემბერს ბენეფიციარ მ. ფ–ს მიმართ გაცემული დასკვნა-შეფასების შინაარსი და აღნიშნა, რომ მ. ფ–სი მათთან 2020 წლის 9 სექტემბერს შეიყვანეს პოლიციის თანამშრომლებმა და იქ იმყოფებოდა 2021 წლის მაისის ჩათვლით. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც. დასკვნა-შეფასებაში მითითებული ფსიქოემოციური არასტაბილურობა და შფოთვა არ გულისხმობს ფსიქიკური პრობლემების არსებობას. აღნიშნული დასკვნა არის ბენეფიციარის პირველადი შეფასება, თუ რა სახის ფსიქოსარეაბილიტაციო მუშაობა უნდა დაიგეგმოს მასთან. დაცვის მხარის შეკითხვაზე - ,,დასკვნაში მითითებული გარემოებები გამორიცხავს ფსიქიკური პრობლემის არსებობას?“ მოწმემ განმარტა - ,,არა, ასე არ არის“. მის მიმართ განხორციელებული უამრავი ძალადობის ფაქტი (როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა), რომლის შემსწრე ბავშვიც იყო, ძალიან დიდხანს გრძელდებოდა და არ ელოდა, რომ დასრულდებოდა. ამასთან, შიშის ქვეშ, შესაძლოა, ადამიანი მეტყველებდეს არათანმიმდევრულად. მ. ფ–სს შფოთვა და შიში მოეხსნა რამდენიმე კვირის შემდეგ. შიში და შფოთვა ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც ბენეფიციარი ბოლო ხუთი წლის მანძილზე განიცდიდა ძალადობას. მან აღნიშნულის შესახებ თავად დაზარალებულისგან მიიღო ინფორმაცია. ოჯახის შექმნამდე მის წარსულ ცხოვრებაზე ბენეფიციართან ჰქონდა საუბარი, თუმცა ეს არის კონფიდენციალური და ვერ ისაუბრებს. მოწმის განმარტებით, დასკვნაში მითითებულ ხელის მტევანზე არსებულ დაზიანებაში იგულისხმება დაზიანება მაჯის შიდა ზედაპირზე. როგორც ახსოვს, ბენეფიციარს ნაწიბური, ნაჭრილობევი ჰქონდა მარცხენა ხელზე. ადვოკატის შეკითხვაზე - ,,რატომ არ გაიცა რეკომენდაცია ფსიქიატრის კონსულტაციისა და მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნის შესახებ?“ მოწმემ განმარტა, რომ ბენეფიციარს ჰქონდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომელსაც იწვევს მრავლობითი ფსიქოლოგიური ტრავმა და სტრესი. ეს არის შეძენილი მრავლობითი ტრამვული გამოცდილების შედეგი და არა - თანდაყოლილი. როდესაც არის ამგვარი უიმედობის განცდა, ისინი მუშაობენ ფსიქიატრთან ერთად, რათა საჭიროების შემთხვევაში მან ჩართოს მედიკამენტი. აღნიშნული არის ცივილიზებული მიდგომა ყველა სახის ფსიქოლოგიური პრობლემის დროს. მედიკამენტები იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ ამას ფსიქიატრი ჩათვლის საჭიროდ. ფსიქიატრიულ კლინიკაში მ–ი იღებდა შესაბამის მედიკამენტებს. ფსიქოემოციური არასტაბილურობა იყო პირველადი შეფასება. ადამიანი, რომელიც რაიმე სახის ზეწოლას განიცდის, არ არის ემოციურად სტაბილური, თუ ის არ არის მომზადებული სპეციალური დანიშნულებისთვის, მაგალითად, საბრძოლველად. ფსიქიკური პრობლემა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სჭირდება დახმარება. კომპლექსური მიდგომა და პატრონაჟი გულისხმობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების ჩართულობას კომპლექსურად. ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს ორგანული თანდაყოლილი პრობლემა. ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა, დაენიშნოს მედიკამენტური მკურნალობის კურსი. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მან დამაჯერებლად განაცხადა, რომ ყველა ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება შეექმნას დეპრესიული მდგომარეობა და დამოუკიდებლად პრობლემის მართვა არ შეუძლია ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვა და არა გადაწყვეტილების მიღების უუნარობა. შესაბამისად, კასატორის პოზიცია, რომ ვინაიდან არ არსებობს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მ. ფ–ს მდგომარეობის გათვალისწინებით მისი ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას, ვერ იქნება გაზიარებული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ. ფ–ს სამი თვის განმავლობაში სჭირდებოდა თუ არა მედიკამენტების მიღება, ამის თქმა არ შეუძლია, ის გადიოდა სხვადასხვა სახის მკურნალობას, რაც არ გულისხმობს მედიკამენტების მიღებას. თავად არის ფსიქოთერაპევტი და არ ნიშნავს მედიკამენტს, ამიტომ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ვლინდება ძალადობიდან ორი-სამი თვის შემდეგ, მანამდე არის მწვავე სტრესული მდგომარეობა. თუ ტრავმა არ არის, არ არის პოსტტრავმული სტრესული სინდრომი. დასკვნის გაცემის შემდეგ მ. ფ–სი კიდევ ექვსი თვე იმყოფებოდა მათთან, მისი მდგომარეობა უკვე დასტაბილურებული იყო, მაგრამ მას ურეკავდნენ ოჯახის წევრები და ემოციურად ძალადობდნენ. გარკვეული სახით ემუქრებოდნენ, რის გამოც კვლავ განუვითარდა არასტაბილური მდგომარეობა, რის შესახებაც იცის ბენეფიციარისგან. მ. ფ–სი სარგებლობდა დაწესებულების ტელეფონით. იგი დაწესებულებაში შევიდა ძალადობის ფაქტის აღკვეთის შემდეგ და მისი მდგომარეობა უკავშირდებოდა ძალადობას. პროკურორის შეკითხვაზე ,,ასეთ მდგომარეობას შეიძლება ბენეფიციარი მიეყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე?“ მოწმემ განმარტა, რომ ხანგრძლივ სტრესსა და ძალადობას აქვს ეს შედეგი. ბენეფიციარის გადმოცემით მასზე ძალადობდა მეუღლე, ასევე იყო ემოციური უგულებელყოფა, ოჯახის წევრებიც ხედავდნენ მასზე ძალადობის ფაქტებს, რაზეც სათანადოდ არავინ რეაგირებდა.

5.12. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე და 239-ე მუხლების საფუძველზე წარადგინა შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განიხილა ზემოაღნიშნული შუამდგომლობები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო თბილისის ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების თავშესაფრის ფსიქოლოგის, ნ. მ–ს 2020 წლის 4 დეკემბრის დასკვნა/შეფასება ბენეფიციარ მ. ფ–ს მიმართ და დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ფსიქოლოგ ნ. მ–ს მოწმის სახით დაკითხვის შესახებ. სხვა ნაწილში შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე დაცვის მხარეს ეთქვა უარი.

5.13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნაზე სხვა მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა ადვოკატს საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო“. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები, კერძოდ: 2021 წლის 21 მაისის მიმართვის წერილი, 2021 წლის 21 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, მ. ფ–ს 2021 წლის 20 მაისის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, ადვოკატების - მ. ი–ს და ფ. ს–ს 2021 წლის 20 ოქტომბრის მიმართვა ქირურგიის ეროვნული ცენტრის დირექტორს და მასზე პასუხი, არ ეხება კ. ბ–ს მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებს და არ ემთხვევა მათი ჩადენის პერიოდს. ამასთან, მოწმეები - თ. ო–ი და დ. ჯ–ი არიან კ. ბ–ს მეზობლები, რომელთა გამოკითხვა დაცვის მხარეს შეეძლო კანონით დადგენილ ვადებში. გარდა ამისა, ეს მოწმეები არ მიუთითებენ საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. რაც შეეხება მოწმე ნ. ბ–ს, იგი ინფორმაციას იძლევა ადმინისტრაციული დავის შესახებ, კ. ბ–ს მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 19 აგვისტოს, განაჩენის გამოტანის შემდეგ, შესაბამისად, მისი ჩვენება მოცემულ საქმესთან მიმართებით არის არარელევანტური. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოწმე გ. ფ–იი იყო ბრალდების მხარის და არა - დაცვის მხარის მოწმე და მისი გამოკითხვის ოქმი მხარეებმა მიიჩნიეს უდავო მტკიცებულებად. რაც შეეხება მ. ფ–ს, იგი დაიკითხა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე და მან ამომწურავი ჩვენება მისცა სასამართლოს. მოწმე დ. გ–ს გამოკითხვის ოქმი, კი დაცვის მხარეს არ წარუდგენია, შესაბამისად, დაუდგენელია, რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მან სასამართლოს.

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ფ. ს–სა და მ. ი–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე