Facebook Twitter

საქმე N330100120004129803

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №636აპ-22 19 ოქტომბერი, 2022 წელი

ბ. რ., №636აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ.ტ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ბ-ა (პირადი ნომერი: …) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 13 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ში, მ.გ-რი N.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ბ-ა აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა რ. დ-ას კუთვნილ „Iphone 8“ მოდელის მობილურ ტელეფონსა და ფულად თანხას - 200 ლარს, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. რ. ბ-ას ქმედების შედეგად რ.დ-ას მიადგა 2400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით რ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ბ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 13 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ბ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ.ტ-მ. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. ბ-ას უდანაშაულოდ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ რ. ბ-ას ბრალეულობას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ რ. დ-ას მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებები განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ ამოცნობის ჩატარებამდე მას გამომძიებელმა ტელეფონით გადაუგზავნა მძარცველის ფოტოსურათი, რაც წარმოადგენს დარღვევას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამოსაცნობი პირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ რ. ბ-ან, რის გამოც დაცვის მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის დაუშვებლად ცნობის შესახებ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

4.2. კასატორის განმარტებით, ვინაიდან ბრალდების მ. რ. დ. არ ცნო დაზარალებულად, დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა რ. ბ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა მხოლოდ დაზარალებულის უფლებები, რაც არ არ წარმოადგენდა არსებით დარღვევას. ბრალდების მხარემ კი განმარტა, რომ რ. დ. ცნობილი იყო დაზარალებულად, მაგრამ გამორჩათ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებისა და დაზარალებულისთვის უფლებების განმარტების ოქმის დაცვის მხარისა და სასამართლოსთვის გადაცემა. გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ზემოხსენებული დადგენილებისა და ოქმის სისხლის სამართლის საქმეზე დართვის შესახებ, რაც არის არასწორი, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას. ამასთან, დაზარალებულის განმარტება, რომ მისთვის არ განუმარტავთ უფლებები, საეჭვოს ხდის ხსენებული დოკუმენტების ნამდვილობას.

4.3. კასატორმა ასევე განმარტა, რომ მოწმე მ. მ-ას მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებები არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამასთან, მისი და დაზარალებულის ჩვენებები იყო იდენტური. ორივე მათგანმა აღწერა მძარცველის ჩაცმულობა და განმარტა, რომ მას ეცვა შავი შარვალი და ე.წ. ,,კაპიუშონიანი“ ზედა, ამოსაცნობი ნიშნებისა და წარწერების გარეშე, რომლის ,,კაპიუშონი“ ეფარა თავზე, სახეზე კი ეკეთა შავი ფერის ნიღაბი. ასევე აღნიშნეს, რომ ძარცვის მომენტში ტელეფონის ეკრანი არ განათებულა და მძარცველის სახე მკვეთრად არ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში გამოიკვლიეს რ. ბ-ას ტანსაცმელი, კერძოდ, შავი ფერის ე.წ. ,,კაპიუშონიანი“ ზედა, რომელსაც მკერდზე აქვს თეთრი, საკმაოდ დიდი ზომის ,,ადიდასის“ ლოგო, წარწერა ლათინული ასოებით ,,ადიდასი“. ანალოგიური ლოგო და წარწერა აქვს ,,კაპიუშონიანი“ ზედის მარჯვენა სახელოს, რაც არ შეესაბამება დაზარალებულისა და მოწმის მიერ აღწერილს. გარდა ამისა, მათ გამომძიებელს განუმარტეს, რომ მძარცველს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი. სხდომაზე ტანსაცმლის გამოკვლევის შემდეგ კი განაცხადეს, რომ მას ეცვა შავი ფერის ტანსაცმელი. ასეთი განსხვავებების მიუხედავად, სასამართლომ მათი ჩვენებები მიიჩნია სარწმუნოდ და რომეო ბოხუა წარდგენილ ბრალდებაში ცნო დამნაშავედ.

4.4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დადასტურდა რ. ბ-ას უდანაშაულობა. მოწმე ვ. ჯ-მა განმარტა, რომ კამერებზე მითითებული დრო რეალურ დროსთან მიმართებით არის 10 საათით და 54 წუთით უკან, რაზეც სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თ-ში მდებარე თ--ის სამეთვალყურეო ჩანაწერებში ჩანს, რომ 2020 წლის 13 ოქტომბერს, 21:23 საათზე, ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ტროტუარზე მოდის ორი ახალგაზრდა ქალბატონი, მათ უკან მიჰყვება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის ე.წ. ,,კაპიუშონიანი“ ზედა და ახურავს ე.წ. ,,კაპიუშონის“ შავი ქუდი, ასევე აცვია შავი ფერის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი. მამაკაცი ზურგიდან უახლოვდება გოგონებს, რომელთაგან ერთ-ერთს უკანა ჯიბიდან აცლის ტელეფონს და გარბის. გოგონები ამ დროს ,,სქროლის“ დათვალიერებით არიან გართულნი და ყურადღებას არ აქცევენ მძარცველს. იმის გათვალისწინებით, რომ გეოფიზიკის ინსტიტუტის ვიდეოკამერების ჩანაწერები 10 საათით და 45 წუთით ჩამორჩება რეალურ დროს, გამოდის, რომ ძარცვის პერიოდში, რ. ბ-ა იმყოფებოდა სახლში, რაც დასტურდება მოწმეების - ლ. ბ-ას, გ. გ-ს, გ. ბ-სა და ქ.წ-ს ჩვენებებით, რომლებიც არ გაითვალისწინა სასამართლომ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ბ-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ დაზარალებულისა და მოწმე მ. მ-ას ჩვენებები არის იდენტური, ამასთან, ისინი განსხვავდება მათ მიერ გამოძიებაში, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციისგან, რის გამოც ისინი სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. დაცვის მხარის მიერ მითითებული დაზარალებული და მოწმე დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე და მათ უშუალოდ მოსამართლეს მიაწოდეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ამასთან, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დაესვა შეკითხვები და მიეღო პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შესაძლებელია, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის უზუსტობები, მაგრამ არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულმა და მოწმემ დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ 2020 წლის 13 ოქტომბერს, საღამოს საათებში, გადაადგილდებოდნენ კ-ზე. სილამაზის სალონიდან გამოსვლის შემდეგ აედევნათ შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი, რომელიც მათ უკან, იმავე მარშრუტით გადაადგილდებოდა, რის გამოც ეჭვი შეეპარათ მამაკაცის კეთილსინდისიერებაში. რ. დ. შებრუნდა და დააკვირდა, რა დროსაც მამაკაცს პირბადე ჰქონდა მოხსნილი. ავტობუსის გაჩერებასთან ყოფნისას მამაკაცი უეცრად მივარდა მათთან და რ. ნ-ას შარვლის მარჯვენა ჯიბიდან გასტაცა „Iphone 8“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის ჩასადებშიც ჰქონდა ფულადი თანხა - 200 ლარი. ძარცვის მომენტში დაზარალებულმა დაინახა თავდამსხმელის მხოლოდ თვალები და წარბები, რადგან მას თავზე ეფარა ე.წ. ,,კაპიუშონი“ და სახეზე ეკეთა შავი პირბადე. იგი ტელეფონის გატაცების შემდეგ დაედევნა მძარცველს, რომელიც ავიდა კიბეზე და მიიმალა. გამომძიებელმა რ. დ-ას წარუდგინა ოთხი ფერადი ფოტოსურათი, რომელთაგან დანამდვილებით ამოიცნო ის მამაკაცი, რომელმაც გასტაცა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა. მან მამაკაცის ამოცნობა შეძლო, ვინაიდან მისი სახე ნახა ძარცვამდე ცოტა ხნით ადრე. მოწმე მ. მ-ამ კი წარდგენილი ფოტოსურათებიდან თვალებითა და წარბებით ამოიცნო ის პირი, რომელმაც რუბა დანას გასტაცა მობილური ტელეფონი.

5.5. დაზარალებულ რ. დ-ას და მოწმე მ. მ-ას ჩვენებები გამყარებულია ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, რომლებითაც დგინდება, რომ მათ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნეს რ. ბ-ა, კერძოდ, რ. დ-მ ამოიცნო მოგრძო ფორმის სახით, სქელი ნაკვთებით, მუქი ფერის თვალებით, მოზრდილი, სწორი ცხვირითა და თხელი ტუჩებით. კასატორის არგუმენტი, რომ ამოსაცნობი პირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რის გამოც ამოცნობის ოქმები არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა და მოწმემ ამოცნობის ჩატარებამდე მიუთითეს ამოსაცნობი პირის ნიშან-თვისებებზე. ამასთან, ამოცნობის ოქმებშიც მითითებულია ის ნიშან-თვისებები, რომლებითაც მათ ამოიცნეს რ. ბ-ა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, ფოტოსურათებზე გამოსახული პირები არ არიან იდენტურები, მაგრამ ისინი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისა და ამოსაცნობი პირისგან. შესაბამისად, არ არსებობს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების გაუზიარებლობის საფუძველი.

5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ რ. ბ-ას ტანსაცმელი მკვეთრად განსხვავდებოდა დაზარალებულისა და მოწმე მ. მ-ნას მიერ აღწერილისგან, რის გამოც მათი ჩვენებები სარწმუნოდ არ უნდა მიეჩნია სასამართლოს. როგორც მოწმემ და დაზარალებულმა განმარტეს, სალონიდან გამოსვლის შემდეგ მათ აედევნათ შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი, რომელსაც თავზე ეფარა ე.წ. ,,კაპიუშონი“ და სახეზე ეკეთა შავი პირბადე. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 ოქტომბერს რ.ბ ამოიღეს მისი ტანსაცმელი, კერძოდ, შავი, გრძელმკლავიანი ,,ადიდასის“ წარწერიანი, ე.წ. ,,კაპიუშონიანი“ სპორტული ქურთუკი, ასევე, შავი, გრძელმკლავიანი ,,ნაიკის“ ემბლემიანი მაისური, მოშავო-მორუხო ფერის ნაჭრის შარვალი და ერთი წყვილი ,,ნაიკის“ მორუხო ფეხსაცმელი, რომელიც, მისივე განმარტებით, ეცვა 2020 წლის 13 ოქტომბერს, 21:00-22:00 საათზე. მართალია, მოწმეს და დაზარალებულს არ უთქვამთ, რომ რ. ბ-ას ტანსაცმელს ჰქონდა წარწერები, თუმცა ეს მათ ჩვენებებს არ უკარგავს დამაჯერებლობას, ვინაიდან იმ დროს, როდესაც ისინი გრძნობდნენ საფრთხეს, ვინაიდან უცნობი მამაკაცი მოძრაობდა იმავე მარშრუტით და მოჰყვებოდათ უკან, რთულია აღექვათ და დაემახსოვრებინათ ყველა დეტალი. თუმცა მათი ჩვენებები, რომ მამაკაცს ეცვა შავი ფერის ტანსაცმელი, რომელსაც ჰქონდა ე.წ. ,,კაპიუშონი“ თანხვედრილია ამოღების ოქმსა და ვიდეოკამერების ჩანაწერებთან.

5.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ თ--ში მდებარე გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი რეალურ დროსთან 10 საათითა და 54 წუთით უკანაა, ძარცვის ჩადენის პერიოდში კი რ. ბ-ა იმყოფებოდა მეგობრებთან. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ჩანაწერში დაფიქსირებული დრო ჩამორჩება რეალურს, მაგრამ საკასაციო სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან აღნიშნული პირები არიან რ. ბ-ას ახლობლები და დაინტერესებულნი, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აარიდონ თავიდან, ამასთან, მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე - საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების გაზიარების საფუძველი.

5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დაზარალებულად ცნობის დადგენილებისა და მისთვის უფლებების განმარტების ოქმის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარდგენის გამო რ. ბ-ას გამართლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-51 ნაწილის თანახმად, პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის შემდგენი. წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ დაზარალებულად ცნობის დადგენილებასა და უფლებების განმარტების ოქმს გაეცნო დაზარალებული, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით. თუმცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების არარსებობა, არ გამორიცხავს დანაშაულის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია ძარცვის შემადგენლობისთვის საჭირო ყველა ნიშანი. შესაბამისად, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებისა და უფლებების განმარტების ოქმის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარდგენა ვერ მიიჩნევა საპროცესო ნორმების არსებით დარღვევად და ვერ გახდება წარდგენილ ბრალდებაში რომეო ბოხუას გამართლების საფუძველი.

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ბ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე