Facebook Twitter

საქმე N 120100119003247818

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№577აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი

გ-ი ნ., №577აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების ნ. გ–სა და ა. პ–ს ადვოკატის - მ. ნ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის განაჩენით: ნ. გ–იი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი (მითვისების ნაწილში);

ნ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი (გაფლანგვის ნაწილში).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე (მითვისების ნაწილმა შთანთქა გაფლანგვის ნაწილი) და ნ. გ–ის დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

ა. პ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი (მითვისების ნაწილში);

ა. პ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი (გაფლანგვის ნაწილში);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე (მითვისებამ შთანთქა გაფლანგვა) და ა. პ–ის დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 ლარი.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 14 აპრილს ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააფუძნა ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღი ,,წ–ი“ (ს/ნ .........), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნ–ს რაიონისა და მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადება, მათი ინტელექტუალური, ფიზიკური და ესთეტიკური აღზრდის ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა. ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 14 აპრილის N.. ბრძანების საფუძველზე ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ნ. გ–ი. ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ წესდების თანახმად, იურიდიული პირის დირექტორი, ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით, ამტკიცებს იურიდიული პირის საშტატო განრიგს და სტრუქტურას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს. მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით, დირექტორი უფლებამოსილია, შეიძინოს და გაასხვისოს სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ძირითადი ქონება. ამავე წესდების თანახმად, სამსახურის დირექტორის კომპეტენციაა იურიდიული პირის ფინანსური სახსრების მართვა, საბანკო ანგარიშის გახსნა და დახურვა. სამსახურის დირექტორი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. იგი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ანგარიშს ყოველწლიურად გაწეული სამუშაოს შესახებ. იურიდიული პირის მიერ მიღებული შემოსავალი, მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული სუბსიდია და დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, უნდა მოხმარდეს იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას და მათი გადანაწილება ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია. 2017 წლის 3 იანვარს ერთი წლის ვადით, 2017 წლის 1 დეკემბერს ერთი წლის ვადით და 2018 წლის 3 იანვარს ერთი წლის ვადით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ა. პ–იი დაინიშნა ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა ფინანსური ანგარიშის წარდგენა დირექტორთან და შესაბამის ორგანოებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. 2017-2018 წლების განმავლობაში ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღი ,,წ–ს“ მთავარმა ბუღალტერმა ა. პ–იმა და ამავე საბავშვო ბაღის დირექტორმა, ნ. გ–იმა ერთობლივად, ნ–ს მუნიციპალიტეტში წარადგინეს საშტატო ნუსხები, რომლებიც დაამტკიცა ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა. საშტატო ნუსხით განისაზღვრა ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ში“ დასაქმებული პირების რაოდენობა და მათი თანამდებობრივი სარგო. საშტატო ნუსხების თანახმად, ა. პ–იის ხელფასი 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგენდა 500 ლარს, ხოლო 2018 წლის სექტემბრიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით - 600 ლარს. ამავე საშტატო ნუსხების მიხედვით ნ. გ–იის ხელფასი 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგენდა 900 ლარს, ხოლო 2018 წლის სექტემბრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით კი - 1200 ლარს. 2017 - 2018 წლებში ა. პ–იმა და ნ. გ–იმა ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ყოველთვიურად წარადგინეს მოთხოვნები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღის - ,,წ–სთვის“ დამტკიცებული სუბსიდიიდან ნაწილის ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ, რომლის საფუძველზე ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღის - ,,წ–ს“ საბანკო ანგარიშზე ერთიანი სახაზინო ანგარიშიდან ჩარიცხა მათ მიერ მოთხოვნილი თანხები. ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ მთავარმა ბუღალტერმა ა. პ–იმა და დირექტორმა ნ. გ–იმა განიზრახეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ნ–ს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფულადი თანხის მითვისება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით წარადგინეს ნ–ს მუნიციპალიტეტში მოთხოვნა სახელფასო თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, სადაც მიუთითეს ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ თანამშრომელთა იმაზე მეტი ოდენობა, ვიდრე შესაბამის თვეს იყო დასაქმებული და ეკუთვნოდათ თანამდებობრივი სარგო. ნ–ს გამგეობიდან (მუნიციპალიტეტიდან) თანხების ,,წ–ს“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ა. პ–იმა და ნ. გ–იმა სს „........ ბანკიდან“ მოითხოვეს და საკუთარ ანგარიშზე, კერძოდ ა. პ–იის ანგარიშზე, ნაცვლად 7780 ლარისა ჩაირიცხეს გაზრდილი ხელფასი 11263,9 ლარი, ხოლო ნ. გ–იის ანგარიშზე, ნაცვლად 12240 ლარისა, ჩაირიცხეს გაზრდილი ხელფასი - 15894 ლარი, ამდენად, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით ა. პ–იმა და ნ. გ–იმა, როგორც ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღის - ,,წ–ს“ ბუღალტერმა და დირექტორმა, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიითვისეს 7152,4 ლარი. მითითებული თანხიდან უშუალოდ ა. პ–იმა მიითვისა 3483,9 ლარი, ხოლო ნ. გ–იმა - 3654 ლარი. აღნიშნული ქმედებით ნ–ს მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ასევე, 2017 წლის 3 იანვარს ერთი წლის ვადით და 2018 წლის 3 იანვარს ერთი წლის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. გ–იის დედა - ი. გ–სი დაინიშნა ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2017 წლის 3 იანვარს ერთი წლის ვადით და 2018 წლის 3 იანვარს ერთი წლის ვადით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ტ. ვ–სი დაინიშნა ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღი ,,წ–ს“ მეთოდისტის თანამდებობაზე. 2017-2018 წლების განმავლობაში ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღი ,,წ–ს“ მთავარმა ბუღალტერმა ა. პ–იმა და ამავე ბაღის დირექტორმა ნ. გ–იმა, ერთობლივად, ნ–ს მუნიციპალიტეტში წარადგინეს საშტატო ნუსხები, რომლებიც დაამტკიცა ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა. საშტატო ნუსხით განისაზღვრა ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ-ი“ დასაქმებული პირების რაოდენობა და მათი თანამდებობრივი სარგო. საშტატო ნუსხების თანახმად, ი. გ–სის ხელფასი 2017 წლის იანვარში შეადგენდა 300 ლარს, ხოლო 2017 წლის თებერვლიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით და 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით - 600 ლარს. საშტატო ნუსხების მიხედვით, ტ. ვ–ს ხელფასი 2017 წლის განმავლობაში შეადგენდა 400 ლარს, ხოლო 2018 წელს - 600 ლარს. 2017-2018 წლებში ა. პ–იმა და ნ. გ–იმა ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ყოველთვიურად წარადგინეს მოთხოვნები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–სთვის“ დამტკიცებული სუბსიდიიდან ნაწილის ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღი ,,წ–ს“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ, რომლის საფუძველზე ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღის - ,,წ–ს“ საბანკო ანგარიშზე ერთიანი სახაზინო ანგარიშიდან ჩარიცხა მათ მიერ მოთხოვნილი თანხები. მთავარმა ბუღალტერმა ა. პ–იმა და დირექტორმა ნ. გ–იმა განიზრახეს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული, ნ–ს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფულადი თანხის გაფლანგვა. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ნ–ს მუნიციპალიტეტში წარადგინეს მოთხოვნები სახელფასო თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, სადაც მიუთითეს ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღი ,,წ–ს“ თანამშრომელთა იმაზე მეტი ოდენობა, ვიდრე შესაბამის თვეს იყო დასაქმებული და ეკუთვნოდათ თანამდებობრივი სარგო. ნ–ს გამგეობიდან (მუნიციპალიტეტიდან) თანხების ,,წ–ს“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ა. პ–იმა და ნ. გ–იმა სს „ლიბერთი ბანკიდან“, მოითხოვეს და დირექტორის მოადგილის - ი. გ–სის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე - ნაცვლად 7920 ლარისა, ჩაირიცხეს გაზრდილი ხელფასი - 9208 ლარი, რითაც ი. გ–სს ზედმეტად ჩაერიცხა 1288 ლარი. ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ მეთოდისტის - ტ. ვ–ს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ნაცვლად 3200 ლარისა, ჩაირიცხეს გაზრდილი ხელფასი - 3840 ლარი, რითაც ტ. ვ–სს ზედმეტად ჩაერიცხა 640 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ შემოსავლები უნდა მოხმარებოდა მხოლოდ იურიდიული პირების მიზნების შესრულებას, ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ მთავარმა ბუღალტერმა ა. პ–იმა და ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ დირექტორმა ნ. გ–იმა არამიზნობრივად გახარჯეს ნ–ს მუნიციპალიტეტის კუთვნილი თანხა. ამდენად, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით ა. პ–მა და ნ. გ–მა, როგორც ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ ბუღალტერმა და დირექტორმა წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგეს 1928 ლარი, რითაც ნ–ს მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

1.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ნ. გ–სა და ა. პ–ს ადვოკატმა მ. ნ–მ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განაჩენით მსჯავდებულების - ნ. გ–სა და ა. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–სის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2022 წლის 14 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ნ. გ–სა და ა. პ–ს ადვოკატმა მ. ნ–სემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა. საკასაციო საჩივარი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, რათა ხელი შეეწყოს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ასევე აღმოიფხვრას სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელმაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ასახული მოთხოვნები და საბოლოოდ დაასკვნა, რომ ნ. გ–იის და ა. პ–იის მსჯავრდების ერთადერთ, თუმცა „უტყუარ“ საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ნ. გ–ის, როგორც საბავშვო ბაღის დირექტორს, უნდა გამოეცა სათანადო ბრძანება „როგორც მისთვის, ისე ა. პ–იისთვის სამსახურში დროებით არმყოფი თანამშრომლის მოვალეობების დაკისრების შესახებ“ . ვინაიდან სასამართლო ერთი სიტყვითაც არ მიუთითებს არცერთ კანონს თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც ავალდებულებდა ნ. გ–ის მსგავსი შინაარსის ბრძანების გამოცემას, ივარაუდება, რომ სასამართლო საერთოდ არ გასცნობია საქმეში მოთავსებულ ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ „წ–ს“ წესდების შესაბამისად, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ ორ გარემოებას: წესდებას და ამავე წესდებაში „ცვლილებების შეტანის შესახებ“ ბრძანებას. კერძოდ, მსჯავრდებულებს: ნ. გ–ისა და ა. პ–ის ბრალდება ედავება 2017-2018 საანგარიშო წლებში განხორციელებული ქმედების არაკანონიერებას, მაშინ, როდესაც ამავე წლებში მოქმედი წესდება, არათუ არ ითვალისწინებდა საბავშვო ბაღის დირექტორის მიერ რაიმე სახის ბრძანების გამოცემას, არამედ - ნ–ს მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით „ფინანსური საქმიანობის ნორმალური პროცესის დამტკიცებას“ და „ფინანსური რესურსების მიზნობრივ ხარჯვას“, ხოლო 2018 წლის 7 თებერვლის წესდების 6.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი მუნიციპალიტეტის მერისგან დამოუკიდებლად ახორციელებდა „ფინანსური სახსრების მართვას და საბანკო ანგარიშის გახსნა-დახურვას“. ფაქტია, რომ მხოლოდ 2019 წლის 8 თებერვლის N.... ბრძანებით (საქმეზე სისხლის სამართალწარმოების დაწყების შემდგომ) შევიდა ცვლილება მითითებულ წესდებაში, რომლის საფუძველზეც საბავშვო ბაღის დირექტორს დაევალა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემა, რომელიც დაკავშირებული არ არის გამოძიების მიერ სადავოდ გამხდარ პერიოდთან. ამავე ბრძანებით ბაღის დირექტორს დაევალა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით (და არა დამოუკიდებლად, როგორც წინა წესდების პირობებში) „ფინანსური საქმიანობის ნორმალური პროცესის დამტკიცება“ და „ფინანსური რესურსების მიზნობრივი ხარჯვა“. ამდენად, ცხადია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო ჯეროვნად გაეცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, მისივე განაჩენში ასახული ლოგიკურ-სამართლებრივი მიდგომებიდან გამომდინარე, ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენი. საპროცესო სამართლის ნორმების ასეთი სახის მნიშვნელოვანმა დარღვევამ არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორმა ვერ შეასრულა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მითითებული საფუძვლების დასაბუთების ტვირთი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილია, რომ ნ. გ–იმა და ა. პ–იმა წინასწარი შეთანხმებით, ერთიანი მიზნითა და განზრახვით განახორციელეს ქმედებები, რაც შეესაბამება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და გაფლანგვის დანაშაულის შემადგენლობას. საკასაციო სასამართლომ საჩივრის დასაშვებობის საფუძვლიანობის დადგენისას უნდა გამოარკვიოს სააპელაციო სასამართლომ მატერიალური სამართლის ნორმის შეფარდებისას, მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა ქმედების სამართლებრივ შემადგენლობასთან მისადაგებისას დაარღვია თუ არა კანონის ისეთი მოთხოვნა, რასაც შეეძლო საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე არსებითი გავლენის მოხდენა.

4.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ: ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 14 აპრილის N.. ბრძანების თანახმად ნ. გ–იი დაინიშნა არასამეწარეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ დირექტორის თანამდებობაზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე მუხლების საფუძველზე, თვიური განაკვეთი - 240 ლარი.

4.4. ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ და ი. გ–სს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების თანახმად, ი. გ–სი დაინიშნა ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით. ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია, რომ თანამშრომლის საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში გამომუშავებული საათების ანაზღაურებას მიიღებს მისი შემცვლელი თანამშრომელი. ი. გ–სის ხელფასი 2017 წლის 3 იანვრიდან შეადგენდა - 740 ლარს, ხოლო 2018 წლის 3 იანვრიდან - 750 ლარს.

4.5. ქ.ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–სა“ და ა. პ–ის შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების თანახმად, ა. პ–იი დაინიშნა ქ.ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე. ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით. ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია, რომ თანამშრომლის საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში გამომუშავებული საათების ანაზღაურებას მიიღებს მისი შემცვლელი თანამშრომელი. ა. პ–ს ხელფასი 2017 წლის 03 იანვრიდან შეადგენდა 500 ლარს, 2017 წლის 1 დეკემბრიდან - 1720 ლარს, ხოლო 2018 წლის 3 იანვრიდან - 500 ლარს.

4.6. ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ და ტ. ვ–სს შორის 2018 წლის 3 იანვარს დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ტ. ვ–სი დაინიშნა ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ მეთოდისტის თანამდებობაზე 1 წლით. ტ. ვ–ს ხელფასი 2018 წლის 3 იანვრიდან შეადგენდა - 600 ლარს. ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია რომ თანამშრომლის საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში გამომუშავებული საათების ანაზღაურებას მიიღებს მისი შემცვლელი თანამშრომელი.

4.7. ნ–ს მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის იანვარში დაამტკიცა ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ შრომის ხარჯების საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც, ნ. გ–იზე ხელფასის სახით გაიცემოდა 1200 ლარი, საიდანაც ხელზე ასაღები იყო 940,8 ლარი; ა. პ–იზე ხელფასის სახით გაიცემოდა 500 ლარი, საიდანაც ხელზე ასაღები იყო 441 ლარი; ტ. ვ–სზე ხელფასის სახით გაიცემოდა 300 ლარი, საიდანაც ხელზე ასაღები იყო 240 ლარი. ი. გ–სზე ხელფასის სახით გაიცემოდა 375 ლარი, საიდანაც ხელზე ასაღები იყო 300 ლარი.

4.8. ნ–ს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის კონტროლისა და შიდა აუდიტის განყოფილების მიერ 2018 წლის 4 ივნისს ჩატარდებული ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ 2017 წლისა და 2018 წლის 31 მარტამდე ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის საფუძველზე გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნ–ს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ 2017 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 365 000 ლარს, საიდანაც სახელფასო ფონდი შეადგენდა - 205 690 ლარს. 2017 წლის სახელფასო ფონდი, გადანაწილების შესაბამისად, ქ. ნ–ს საბავშვო ბაღისათვის განისაზღვრა 139 680 ლარით. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი გაანგარიშებული იყო საშტატო განრიგის თანახმად, მაგრამ გამოვლინდა ზოგიერთი ხარვეზი, კერძოდ:

- საბავშვო ბაღის დირექტორის ხელფასი საშტატო განრიგით განსაზღვრული იყო თვეში 900 ლარით და წლის განმავლობაში შეადგენდა 10800 ლარს, ხოლო წლის განმავლობაში მას მიღებული ჰქონდა -14060 ლარი ანუ 3260 ლარით მეტი.

- საბავშვო ბაღის მთავარი ბუღალტრის ხელფასი საშტატო განრიგით შეადგენდა - 500 ლარს, წლის განმავლობაში კი - 6000 ლარს, ხოლო წლის განმავლობაში მას მიღებული ჰქონდა - 9775 ლარი ანუ 3775 ლარით მეტი.

- აღნიშნული წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში, ხელშეკრულების თანახმად, ხელფასი გაცემულია საბავშვო ბაღის მეთოდისტზე, მაგრამ 05.01.2017 წლისა და 01.02.2017 წლის საშტატო განრიგებით არ არის გათვალისწინებული მეთოდისტის შტატი. აღნიშნული შტატი ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაამტკიცა 01.03.2017 წელს. ამდენად, მეთოდისტზე გაცემულია 800 ლარით მეტი ხელფასი.

- დირექტორის მოადგილის თვიური ხელფასი 05.01.2017 წლის საშტატო განრიგით განსაზღვრული იყო 300 ლარით, ხოლო იანვარში ხელფასის სახით გაცემულია 370 ლარი. ხელშეკრულებაში ხელფასი განსაზღვრულია 740 ლარით, მიუხედავად იმისა, რომ საშტატო განაკვეთები შეიცვალა თებერვალში, რომლის მიხედვით დირექტორის მოადგილის საშტატო განაკვეთი დამტკიცებულია 600 ლარის ოდენობით.

2018 წლის სახელფასო ფონდის გადანაწილების შესაბამისად, ნ–ს საბავშვო ბაღისათვის განისაზღვრა -153 920 ლარი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი გაანგარიშებული იყო საშტატო განრიგის მიხედვით, მაგრამ იყო ზოგიერთი ხარვეზი, კერძოდ:

- საბავშვო ბაღის დირექტორის ხელფასი საშტატო განრიგით განსაზღვრული იყო თვეში 900 ლარით და პირველი სამი თვის განმავლობაში შეადგენდა 2700 ლარს, მაგრამ ფაქტობრივად მიიღო 3700 ლარი ანუ 1000 ლარით მეტი.

- საბავშვო ბაღის მთავარი ბუღალტერის ხელფასი საშტატო განრიგით შეადგენდა 500 ლარს და პირველ სამ თვეში შეადგენდა 1500 ლარს, ხოლო ფაქტობრივად ბუღალტერმა მიიღო 1700 ლარი ანუ 200 ლარით მეტი.

4.9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 09 ივლისის თემატური რევიზიის აქტის თანახმად, ა(ა)იპ ნ–ს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღ „წ–ს“, ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით, 2017 წელს ხარჯებისათვის გამოეყო - 365 000 ლარი, მათ შორის ხელფასი - 205 690 ლარი, 2018 წელს - 425 000 ლარი, მათ შორის ხელფასი - 238 030 ლარი, ხოლო 2019 წელს - 550 000 ლარი, მათ შორის ხელფასი - 314 150 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). დამტკიცებულია საშტატო განრიგი თანამდებობებისა და ყოველთვიური ხელფასის ოდენობების მითითებით. ა(ა)იპ ნ–ს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღ „წ–ს“ მიერ გაანგარიშებული ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის დაკავების შემდგომ, თანამშრომლებს ყოველთვიურად ერიცხებათ საბანკო გადარიცხვების გზით. გამოძიების მიერ წარდგენილი, ა(ა)იპ ნ–ს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღ „წ–ს“ თანამშრომლების ხელფასის დარიცხვის უწყისებით, საბანკო ანგარიშის ამონაწერით, ბანკში წარდგენილი - თანამშრომლების პირად ანგარიშებზე ჩასარიცხი ხელფასების რეესტრებისა და ფიზიკური პირების პირადი საბანკო ანგარიშების ამონაწერებით, რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ ა(ა)იპ ნ–ს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღ „წ–ს“ მიერ სულ გაცემული ხელფასებიდან, საწარმოს 4 თანამშრომელზე: დირექტორ ნ. გ–იზე, დირექტორის მოადგილე ი. გ–ზე, ბუღალტერ ა. პ–ისა და მეთოდისტ ტ. ვ–სზე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდში, გაცემულია (დარიცხულია) ხელფასი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) - 79210 ლარის ოდენობით იმ პირობებში, რომ აღნიშნული პირების ხელფასი დამტკიცებული საშტატო განრიგით შეადგენდა - 67300 ლარს, შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა - 11910 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), მათ შორის: დირექტორ ნ. გ–ზე - 4567 ლარით მეტი, დირექტორის მოადგილე ი. გ–სზე - 2195 ლარით მეტი, ბუღალტერ ა. პ–იზე - 4348 ლარით მეტი და მეთოდისტ ტ. ვ–სზე - 800 ლარით მეტი. ნ. გ–იის დირექტორობის პერიოდში აღნიშნული 11910 ლარი გამოყენებულ იქნა ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ „წ–ს“ აღმზრდელების ვაკანტური ადგილების გამო სახელფასო ფონდის დაუხარჯავი ნაწილიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დარჩენილი აუთვისებელი ხელფასის ფონდი, საწარმოს 2017 წლის 21 დეკემბრის 181 ბრძანების საფუძველზე, გადატანილი იქნა სოციალური დახმარების, კადრების მომზადების, საკონსულტაციო მომსახურებისა და ოფისის ხარჯების მუხლების დასაფინანსებლად.

4.10. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებებს, რომ ნ. გ–სა და ა. პ–ს მიერ მოთხოვნილ იქნა დამტკიცებული საშტატო განაკვეთისაგან განსხვავებული სახელფასო თანხები. განსახილველი საჩივრის ფარგლებში დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებს შეადგენს აუდიტის სამსახურის აქტითა და რევიზიის აქტის შესაბამისად, მსჯავრდებულების მიერ ა(ა)იპ-ისათვის გამოყოფილი სახელფასო თანხების განკარგვის მიზნობრიობა და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და ააიპ-ის საქმიანობის განმსაზღვრელ სამართლებრივ აქტებთან. დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ „წ–ს“ დირექტორისა და ბუღალტრის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას და განმარტავს, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რაც განაპირობებდა მსჯავრდებულ პირთა პასუხისმგებლობას იურიდიული პირის სახელფასო სახსრებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში ხელფასის გადანაწილებისა და ანგარიშგების კონკრეტული ფორმის დაუცველობისათვის. კერძოდ, დაცვის მხარის მითითებით, სადავო პერიოდისათვის არ არსებობდა ნორმატიული რეგულირება, რაც დაავალდებულებდა მსჯავრდებულებს - არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის სხვა თანამშრომლისათვის დაკისრებისას გამოეცათ შესაბამისი ბრძანება ან სამართლებრივი აქტი. საკასაციო საჩივრის დასაბუთებისა და საქმის შედეგთან მიმართებით მასში მოყვანილი არგუმენტაციის პერსპექტიულობის შესაფასებლად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გამოკვეთოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი ის საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევა მითვისებისა და გაფლანგვის დანაშაულის კვალიფიკაციის სრულყოფილ შემადგენლობას.

4.11. აღსანიშნავია ის საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზა, რაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის, ფუნქციონირებისა და საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობისათვის სავალდებულო სამართლებრივ საფუძვლებს აერთიანებს, კერძოდ: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დააფუძნონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან გაწევრიანდნენ მასში. ამავე ორგანული კანონის მე-16 მუხლის „ი“ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება: მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგენს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის მართვის ზოგიერთ ასპექტს, კერძოდ: მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის დამფუძნებლის/ წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერია/გამგეობა და ის, როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. რიგ შემთხვევაში, საკრებულოს თანხმობით, ასევე დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება.

4.12. სახელმწიფოს (ადგილობრივი თვითთმმართველობის), როგორც დამფუძნებლის კონტროლის მექანიზმი ა(ა)იპ-ის საქმიანობაზე არის თავად ა(ა)იპ-ის წესდება, რითაც განისაზღვრება იურიდიული პირის მართვის ფარგლები დამფუძნებლისა და მაკონტროლებელი ორგანოების (მაგ.გამგეობა, მერია) მეშვეობით. ამდენად, ა(ა)იპ-ის მიერ ცალკეული მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის კონტროლის ფარგლები უნდა განისაზღვროს სწორედ იურიდიული პირის წესდების შესწავლის შესაბამისად. გარდა მართვის საწესდებო ფარგლებისა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისაგან განცალკევებით მდგომი ორგანიზაცია, მისი სტატუსის მიუხედავად, ექვემდებარება საჯარო სექტორში ანგარიშვალდებულების პრინციპს, მათ შორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის მიმართულებით, კერძოდ: საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოებზე, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“. ამავე კოდექსის მე-6 მუხლში მოცემულ ტერმინთა განმარტების შესაბამისად, ა(ა)იპ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ ან/და ექვემდებარება მის/მათ კონტროლს ან/და მის/მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს. საქართველოს საბიჯეტო კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით სათანადო ნორმატიული აქტების გამოცემა, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას.

4.13. დადგენილია, რომ ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 14 აპრილის N.. ბრძანების თანახმად, ნ–ს რაიონის ყოფილი N.. საბავშვო ბაღის ბაზაზე შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ნ–ს საბავშვო ბაღი ,,წ–ი“, რომლის წესდების თანახმადაც, იურიდიული პირის დამფუძნებელია ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობა. წესდებით განისაზღვრა დირექტორის უფლებამოსილება, კერძოდ: ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით დაამტკიცოს იურიდიული პირის საშტატო განრიგი და სტრუქტურა. დირექტორი უფლებამოსილია, მართოს ფინანსური სახსრები და აწარმოოს საბანკო ანგარიშების გახსნა-დახურვა. წესდებით ასევე განსაზღვრულია დირექტორის ანგარიშვალდებულება გამგებლის წინაშე და იურიდიული პირის საქმიანობის დაქვემდებარება ნ–ს მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურის კონტროლისადმი. ნ–ს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 7 თებერვლის N.... ბრძანებით დამტკიცდა ცვლილება არასამეწარმეო (არაკომერციული) კერძო სამართლის იურიდიული პირის ნ–ს „წ–ს“ საბავშვო ბაღის წესდებაში, რომლითაც ცვლილება შევიდა წესდების 6.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და განისაზღვრა დირექტორის მიერ ნ–ს მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით იურიდიული პირის საშტატო განრიგისა და სტრუქტურის დამტკიცების უფლებამოსილება.

4.14. ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ შორის გაფორმებული 2017 წლის 4 იანვრისა და 2018 წლის 4 იანვრის სახელშეკრულებო შეთანხმებების თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, ნ–ს მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენების მიზნით, ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანახმად (მუხლი 030201), ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ გამოუყო 365 000 ლარი, ხოლო 2018 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანახმად, (მუხლი 040101) ნ–ს საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ გამოუყო 425 000 ლარი. სახელშეკრულებო შეთანხმებებით განისაზღვრა, რომ საბავშვო ბაღმა ვალდებულება უნდა შეასრულოს დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია მიზნებისა და ამოცანების დებულების მე-3 მუხლით, გამოყოფილი თანხების ფარგლებში და ვალდებულია, უზრუნველყოს თანხების მიზნობრივი ხარჯვა, ხოლო ხელშეკრულების სხვა შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისას ისინი პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.

4.15. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დგინდება, რომ ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღი ,,წ–ი“ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებას, რომელიც საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ექვემდებარება ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად დამტკიცებულ სტანდარტულ სააღრიცხვო პროცედურებსა და ანგარიშგების მოთხოვნებს, ასევე ანგარიშვალდებულია ნ–ს მუნიციპალიტეტის მმართველი ორგანოს (თავდაპირველად გამგებლისა და შემდგომ მერის) წინაშე და წარმოადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებას. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ დირექტორის მიერ ა(ა)იპ-ის სახელფასო სახსრების განკარგვა შეუზღუდავ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და არ ექვემდებარებოდა ანგარიშვალდებულების პრინციპს, არ არის გასაზიარებელი. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში, ა(ა)იპ-ის დირექტორი შებოჭილი იყო ფინანსური (სახელფასო) სახსრების მიზნობრივი ხარჯვისა და განკარგვის ვალდებულებით. ამასთან, დაცვის მხარე ჰიპოთეტურად მიუთითებს სამუშაო აღრიცხვის ჟურნალების არსებობაზე, რითაც დადასტურდებოდა თანამშრომლის მიერ სხვა თანამშრომლის ფუნქციების შეთავსება, თუმცა აღნიშნული დოკუმენტის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება, ასეთი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარდგენილი არც აუდიტორული შემოწმებისა და რევიზიის ეტაპზე, ასევე არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოში საქმის განხილვისას. გარდა ამისა, ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, არ იცვლება განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ის მოცემულობა, რომ იურიდიული პირის წესდების მკაფიო ჩანაწერის მიუხედავად, საფინანსო ანგარიშგების წარმოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა: ნ. გ–იმა და ა. პ–იმა არ უზრუნველყვეს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სახელფასო სახსრების სწორი და მიზნობრივი ხარჯვა დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად. მოთხოვნა სხვა თანამშრომლის მოვალეობის დაკისრებისას შრომის ანაზღაურების გაცემის წესთან დაკავშირებით, გამომდინარეობს ა(ა)იპ-ის დირექტორის მიერ საფინანსო სახსხრების მიზნობრივი განკარგვის საწესდებო და სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან და არ შეიძლება განხილულ იქნეს მათგან განცალკევებულ - დირექტორის ერთპიროვნულ უფლებამოსილებად. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულებმა არ შეასრულეს წესდებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება საფინანსო სახსრების სახელფასო ნაწილის საშტატო განრიგის მიზნობრიობის შესაბამისად გაცემისა და დამტკიცებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის შესახებ.

4.16. ნ–ს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის კონტროლისა და შიდა აუდიტის განყოფილების უფროსის - ნ. მ–ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 31 მარტამდე შესამოწმებელ პერიოდში აღმოაჩინეს გარკვეული დარღვევები, რაც ეხებოდა სახელფასო თანხას, კერძოდ, თანხა იყო საშტატო განრიგით გათვალისწინებულზე დიდი. მოწმის განმარტებით, საშტატო განრიგში აღირიცხება თანამშრომელთა ნუსხა და მათი ხელფასის ოდენობა, რომელსაც საბოლოოდ ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი და ამის შემდგომ ხდება ხელფასის გაცემა. საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ცვლილებაც უნდა წარედგინოს მერს დასამტკიცებლად. საბავშვო ბაღისთვის სახელფასო თანხის გაცემა ხდებოდა მუნიციპალიტეტიდან. ,,წ–ი“ თანხას ითხოვდა თანამშრომლების ხელფასისთვის. საშტატო ნუსხას და თანხაზე მოთხოვნას მუნიციპალიტეტის მერს მიმდინარე წლის დეკემბერში (ზუსტი დრო საშტატო ნუსხის თავშია მითითებული) წარუდგენდნენ ბაღის დირექტორი და ბუღალტერი. საშტატო ნუსხაში შეტანილ ცვლილებასაც საბოლოოდ მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს. საშტატო ნუსხის წარდგენის შემდეგ, ყოველთვიური ხელფასისა და სხვა ხარჯებისთვის საბავშვო ბაღის მიერ თანხის მოთხოვნის წარდგენის ფორმა მისთვის უცნობია, თუმცა განმარტავს, რომ ხელფასი ცალკე ნუსხაშია მითითებული, ხოლო სხვა ხარჯი - ცალკე ნუსხაში. იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვიურად მოთხოვნილ თანხას მუნიციპალიტეტი არ დაამტკიცებდა, ა(ა)იპ-ისთვის სახელფასო თანხა არ გაიცემოდა. მოწმის განმარტებით, როდესაც გამოვლინდა საშტატო ნუსხისგან განსხვავებული, ზედმეტად ჩარიცხული თანხები, ამ პერიოდში, იმ პირების სახელზე, რომლებზეც გამოვლინდა თანხის სხვაობა, პრემიის, დანამატის ან ჯილდოს სახით რაიმე თანხის გაცემა არ დაფიქსირებულა. ზოგადად, პრემიის ან დანამატის გაცემისას, დირექცია განსაზღვრავს, თუ როგორ ჩაწეროს და შემდეგ, კანონის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.

4.17. ნ–ს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო განყოფილების უფროსის - რ. გ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ წლის დასაწყისში ა(ა)იპ საშტატო ნუსხას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ამტკიცებს მას. ყოველთვიურად, ყველა ა(ა)იპ, მათ შორის საბავშვო ბაღი ,,წ–იც“, განცხადებას წერს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. განცხადებას ხელს აწერენ ა(ა)იპ-ის დირექტორი და ბუღალტერი. განცხადებაში მითითებულია მთლიანი თანხა და ასევე დეტალურადაა გაწერილი რისთვის რა ოდენობის თანხაა საჭირო. თანხის საჭიროებას განსაზღვრავს და აღრიცხავს განცხადების წარმდგენი, რომელიც ამ ყველაფერს განცხადებაში მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში თანხა ირიცხებოდა საბავშვო ბაღ ,,წ–ს“ ანგარიშზე. რაც შეეხება ,,წ–ს“ ბიუჯეტს და ხარჯთაღრიცხვას, რომელიც მტკიცდება ყოველი წლის დასაწყისში, მოწმე განმარტავს, რომ ეს არის გარკვეული ოდენობის თანხა, რომელიც ყოველ წელს შეიძლება სხვადასხვა ოდენობის იყოს. დამტკიცებული ბიუჯეტიდან ა(ა)იპ ყოველთვიურად ითხოვს საჭირო თანხას, თუმცა უკვე დამტკიცებულ საბიუჯეტო ლიმიტს თანხა აღარ დაემატება და მოთხოვნის მიუხედავად, ვერც ა(ა)იპ გასცდება ამ ლიმიტს. ხაზინიდან თანხის გადარიცხვის შემდეგ თანხის გადანაწილება უკვე ა(ა)იპ-ის საქმეა. 2017-18 წლებში და კონკრეტულად 2017 წლის დეკემბერში, მის სამსახურისთვის განცხადებით არ მიუმართავთ საბავშვო ბაღ ,,წ–იდან“ ხელფასების გარდა, პრემიისა და დანამატის გასაცემად საჭირო თანხის ჩასარიცხად. მოწმემ აღნიშნა, რომ არ იცის, საშტატო განრიგში ცვლილების შესატანად მიმართეს თუ არა მის ზემდგომ თანამდებობის პირებს - მერს ან მის უშუალო უფროსს-ს. ა–ს, თუმცა მიმართვის შემთხვევაში მას აუცილებლად ეცოდინებოდა. პრემიის და დანამატის გასაცემად საჭირო თანხის მოსათხოვად აუცილებელი იქნებოდა სპეციალური ბრძანებისა და მოთხოვნილი თანხის ოდენობის წარდგენა, რაც ა(ა)იპ ,,წ–ს“ დირექციას არ გაუკეთებია. ასევე, მოწმე ვერ იხსენებს, ა(ა)იპ ,,წ–ს“ დირექციამ 2017-18 წლებში მოითხოვა თუ არა დამტკიცებული საბიუჯეტო თანხის გაზრდა.

4.18. ნ–ს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის - ნ. ს–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ-ები ფინანსდება მუნიციპალიტეტიდან. ააიპ-ების, მათ შორის საბავშვო ბაღ „წ–ს“, ბიუჯეტის განსაზღვრა ხდება წელიწადში ერთხელ (მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება მომდევნო წლის ბიუჯეტი). საშტატო განრიგს ადგენს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობა, შემდეგ კი წარუდგენენ მუნიციპალიტეტის გამგებელს (მერს), რომელიც საბოლოოდ ამტკიცებს მას. 2018 წელს, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მათმა სამსახურმა ა(ა)იპ საბავშვო ბაღ ,,წ–ში“ ჩაატარა გეგმიური შემოწმება. შემოწმებაში ასევე მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც უწყებრივად ექვემდებარება საბიუჯეტო სამსახურს და წელიწადში ერთხელ ახორციელებს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ-ების გეგმიურ შემოწმებას. მერის ბრძანებით, მათ შეამოწმეს 2017 წლიდან - 2018 წლის (I კვარტლის ჩათვლით) პერიოდი. მოცემულ შემთხვევაში, მათ მიერ შემოწმდა კონკრეტულ პერიოდში ა(ა)იპ-ის მიერ ყოველთვიური თანხის ხარჯვა და გამოიკვეთა სახელფასო განრიგსა და საშტატო ნუსხას შორის თანხის სხვაობა. მაგალითად, საშტატო ნუსხით თუ დირექტორის ხელფასად ყოველთვიურად განსაზღვრული იყო 900 ლარი, ზოგიერთ თვეში მას ხელფასის სახით აღებული ჰქონდა 1000-1200 ლარი. ხელფასზე დამატებით მიღებული თანხის წლიური ჯამი 3000 ლარზე მეტი იყო. იგივე სიტუაცია იყო ბუღალტერთან მიმართებითაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოიკვეთა ის, რომ თანხების ხარჯვა არ შეესაბამებოდა საშტატო განრიგს. წესდების თანახმად, ა(ა)იპ წ–ს ხელმძღვანელობამ თანამშრომელთა ხელფასის თანხის მოსათხოვად წერილობით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას. ა(ა)იპ-ის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პრემიები და დანამატები. საჭიროების შემთხვევაში ა(ა)იპ-ის დირექცია წარადგენს მოთხოვნას დანამატის გასაცემად საჭირო თანხის თაობაზე. ფონდი წყვეტს, გასცეს თუ არა პრემია და დანამატი. საშტატო განრიგში ხელფასის თანხასთან დაკავშირებით ცვლილების შესატანად, უნდა მიემართათ მუნიციპალიტეტის მერისთვის, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა ეს ცვლილება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2017-18 წლებში წ–ს ბაღის თანამშრომლებზე პრემია-დანამატი არ გაცემულა. აღნიშნული დასტურდებოდა სხვადასხვა დოკუმენტისა და ბუღალტრის მიერ წარდგენილი ბრძანების წიგნის გამოკვლევით. არც დოკუმენტებში და არც ბრძანების წიგნში არ იძებნებოდა შესაბამისი ბრძანება და ასეთი თანხა არც ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული. შემოწმების პერიოდში ასევე დადგინდა, რომ საშტატო ნუსხაში რაიმე ოფიციალური ცვლილება არ იყო განხორციელებული და ასევე არ არსებობდა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა, თუ რის საფუძველზე გაიცა საშტატო ნუსხით განსაზღვრულზე მეტი ხელფასი. შემოწმებისას ასევე არ აღმოჩენილა რაიმე დოკუმენტაცია (ბრძანება ან ხელშეკრულება), რომლითაც დადგინდებოდა, თუ რა საფუძვლით იღებდა ხელფასს ის პირი, რომელიც ასრულებდა სხვა თანამშრომლის მოვალეობას. მისი განმარტებით ა(ა)იპ საბავშვო ბაღ „წ–ზე“ ბიუჯეტიდან გაიცა გეგმიური სახელფასო თანხა. ყოველთვიურ საშტატო განრიგს ადგენდა ბუღალტერი, რომელსაც შემდეგ დირექტორი აწერდა ხელს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი არ ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, მასზე ხელფასი არ უნდა გაცემულიყო. ეს თანხა უნდა დარჩენილიყო ბიუჯეტში და შემდგომ, ახალი მოთხოვნისა და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უნდა ათვისებულიყო სახელფასო დანამატის ან პრემიის სახით, რაც ა(ა)იპ საბავშვო ბაღ „წ–ს“ ხელმძღვანელობას არ შეუსრულებია.

4.19. ნ–ს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ს. ა–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბიუჯეტის პროექტს ამზადებს საფინანსო სამსახური, რომელსაც 15 ნოემბრის შემდეგ წარუდგენს საკრებულოს. შენიშვნების არსებობისას ბიუჯეტის პროექტი უკან უბრუნდება საფინანსო სამსახურს. არსებული შენიშვნების საფუძველზე პროექტში ცვლილებები შედის და ათ დეკემბერს კვლავ წარედგინება საკრებულოს. ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში გამოიყოფა პროექტში მითითებული თანხა. შემდეგ საბავშვო ბაღის დირექტორი ან ბუღალტერი წარადგენს საშტატო ნუსხას და ხარჯთაღრიცხვას. მისი მოადგილე-ნ. ს–ი ამოწმებს ამ ყველაფერს და შემდეგ წარუდგენენ მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც თავის ხელმოწერითა და ბეჭდით ამტკიცებს ბიუჯეტს და ამის შემდეგ შეუძლია დირექტორს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის განკარგვა. ბაღ „წ–ს“ თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ხელფასის განაწილებაში მუნიციპალიტეტი არ ერევა. დირექტორი და ბუღალტერი თვეში ორჯერ წარადგენენ ხარჯთაღრიცხვას, სადაც სხვა ხარჯებთან ერთად მითითებულია საშტატო ნუსხა- თანამშრომლების რაოდენობა და მათი ხელფასი. ხელფასის განაცხადის წარდგენა ხდება ყოველი თვის ოცი რიცხვის შემდგომ. მასზე ბუღალტრის და დირექტორის ხელმოწერაა. იმ შემთხვევაში, თუ ბაღის რომელიმე თანამშრომელი არ ივლის სამსახურში ან არ შეასრულებს თავის მოვალეობას, დირექტორს უფლება აქვს, ამ თანამშრომლისთვის განკუთვნილი ხელფასი სხვა თანამშრომლებზე გაანაწილოს. ამის შესახებ დირექტორი წერს ბრძანებას, რომელშიც ჩამოთვლის ხარჯთაღიცხვას და ხელფასის განაწილებას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. დირექტორს თანხის თვითნებურად განკარგვის უფლება არ აქვს. ხარჯთაღრიცხვასა და ნუსხაში შეტანილი ცვლილება, მათ შორის ხელფასის ოდენობის ცვლილებაც, დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს მერს. მერის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე ბაღის დირექტორს არ აქვს პრემია-დანამატის გაცემის უფლება.

4.20. ნ–ს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ა. ქ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ „წ–შიც“ და, ზოგადად, ნებისმიერ ბაღში, თუ რომელიმე თანამშრომელი არ ასრულებს თავის მოვალეობას, კანონმდებლობის შესაბამისად, მისი წილი ხელფასი ეკუთვნის მის მოვალეობის შემსრულებელს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი თავის ძირითად მოვალეობებთან ერთად სხვა თანამშრომლის მოვალეობასაც შეასრულებს, ხელფასის განაწილებისას მას დაემატება თავისი სამუშაოსთვის განკუთვნილი ხელფასისა და შესრულებული სხვა სამუშაოსთვის განკუთვნილი ხელფასის სხვაობა ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე, თუ სხვისი მოვალეობის შესრულებისას გაიზარდა შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ფუნქცია-მოვალეობები, შესაბამისად მოცემულ ფარგლებში პირის კუთვნილ ხელფასს დაემატება შესრულებული სამუშაოსთვის განკუთვნილი ანაზღაურება. საბავშვო ბაღ „წ–ს“ საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი წესდების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, თუ ვის მიერ და რის საფუძველზე დაფუძნდა საბავშვო ბაღი, გაწერილია მისი შემადგენლობა, მართვის, თანამშრომელთა სამუშაოზე აყვანისა და ხელფასის გაცემის წესები. ხარჯთაღრიცხვასა და ხელფასთან დაკავშირებული ცვლილებების განსახორციელებლად, „წ–ს“ დერექცია თვითონ ცვლის მონაცემებს, შემდეგ მიმართავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, სადაც ამოწმებენ ამ ცვლილებებს, შემდეგ კი მიმართავენ მერიას ცვლილებების დასამტკიცებლად, რომელიც დამტკიცების შემდეგ უკან აბრუნებს მას.

4.21. ამდენად, დაცვის მხარის პოზიციის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა(ა)იპ ნ–ს საბავშვო ბაღ „წ–ს“ დირექტორის უფლებამოსილება, დაემტკიცებინა საშტატო განრიგი, არ იყო ერთპიროვნული და განსახილველი შემთხვევის პერიოდისათვის საჭიროებდა თავდაპირველად მუნიციპალიტეტის გამგებლის, შემდგომში კი - მერის თანხმობას. გარდა ამისა, ზემოთ განხილული, მუნიციპალიტეტთან დადებული სახელშეკრულებო შეთანხმებისა და იურიდიული პირის წესდების შესაბამისად, დირექტორი წარმოადგენდა იურიდიული პირისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საფინანსო სახსრების, მათ შორის სახელფასო ფონდის მიზნობრივ (შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული წესით) განკარგვაზე პასუხისმგებელ პირს. მასვე ეკისრებოდა ვალდებულება, დაეცვა სახელფასო ბიუჯეტის ფარგლებში სახსრების გადანაწილება მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად. წესდებით გათვალისწინებული დირექტორის უფლებამოსილება იურიდიული პირის ფინანსური სახსრების მართვაზე, რასაც დაცვის მხარეც მიუთითებს, არ წარმოადგენს დირექტორის ერთპიროვნულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, რამდენადაც პირობადადებულია მუნიციპალიტეტთან ანგარიშგებისა და მიზნობრივი ხარჯვის საწესდებო და სახელშეკრულებო ვალდებულებებით. გარდა ამისა, დირექტორის უფლებამოსილება შეცვლილი სახელფასო თანხების მოთხოვნის წარდგენისას, ისევე, როგორც სხვა ხარჯების ნუსხაში ცვლილების საჭიროებისას, მათ შორის, დანამატის გაცემისას, უნდა განხორციელებულიყო საქართველოს კანონმდებლობისა და ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგის შესაბამისად, რაც საჭიროებს მუნიციპალიტეტის მხრიდან დამტკიცებას.

4.22. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ნ. გ–ი და ა. პ–ი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა. საკასაციო პალატა არ ეთანხმება ადვოკატის მოტივებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ დაურღვევია კანონის მოთხოვნა, ხოლო განაჩენი ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

4.23. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.24. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების ნ. გ–სა და ა. პ–ს ადვოკატის - მ. ნ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე