Facebook Twitter

საქმე N 010100121004667439

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №754აპ.-22 27 ოქტომბერი, 2022 წელი

კ–ე ლ., 754აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. შ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. კ–ე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან - გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.ბ–ში, ........ის ქუჩა №.....-ში მდებარე მ. შ–სის კუთვნილ ბინა №...-ში ყოფნისას, ლ. კ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სამზარეულოს დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ნ. შ–სეს ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მარცხენა პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა, რა დროსაც კვლავ ცდილობდა მისთვის ჭრილობების მიყენებას, თუმცა ადგილზე მყოფმა ნ. შ–მ შეაჩერა, რის შემდეგაც ლ. კ–ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ. შ–ე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც ლ. კ–მ განზრახული დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა.

1.3. 2021 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ქ.ბ–ში, .........ის ქუჩა №....-ში მდებარე მ. შ–სის კუთვნილ ბინა №..-ში ყოფნისას, ლ. კ–სე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. შ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ლ. კ–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ლ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. კ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ–მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.ბ–ში, .......ის ქუჩა N....-ში მდებარე მ. შ–სის კუთვნილ ბინა N...-ში ყოფნისას, ლ. კ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სამზარეულოს დანის გამოყენებით, ნ. შ–ს ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მარცხენა პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა, რამაც მისი ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია.

2021 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ქ.ბ–ში, ........ის ქუჩა N....-ში მდებარე მ. შ–სის კუთვნილ ბინა N...-ში ყოფნისას, ლ. კ–სე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. შ–სეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ლ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ლ. კ–სის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლზე.

ლ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ–სემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.3. 2022 წლის 21 ივნისს მსჯავრდებულ ლ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. შ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. კ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ლ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ლ. კ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას.

4.2. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის N322აპ-15 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს მკვლელობის მცდელობისგან განასხვავებს განზრახვა, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, თითოეულის ქმედება დაზიანების მიყენების მომენტში და მათი შემდგომი ქცევა, მონაწილე პირების ჩვენებები, ასევე, მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხასიათი და არაერთგზისობა. კასატორის განმარტებით, თუ ლ. კ–ს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა ამოძრავებდა, მაშინ იგი შემთხვევის ადგილიდან არ გაიქცეოდა, ამასთან, ვერც იქ მყოფი ქალბატონები შეძლებდნენ მის მოგერიებას. შესაბამისად, იგი აუცილებლად მოიყვანდა განზრახვას სისრულეში. გარდა ამისა, ლ. კ–ს არ ჰქონდა ნ. შ–სის განზრახ მოკვლის საბაბი, რადგან მათ წარსულში რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი არ ჰქონიათ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ ლ. კ–ის ქმედება არ შეიცავს განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობისთვის საჭირო ყველა ნიშანს.

4.3. კასატორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის N833-18 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმეზე მტკიცებულებითი ძალა აქვს მოწმის მიერ მხოლოდ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და სწორედ იგი უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ობიექტურად. ამასთან, მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობასა და თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა, აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N329აპ-20, N543აპ-20 და N449აპ-20 გადაწყვეტილებებზე და განმარტავს, რომ მხოლოდ ჭრილობის ლოკალიზაცია (თუნდაც გულმკერდის უკანა ზედაპირზე) ვერ გახდება ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს მსჯავრდებულის ქმედებაში დაზარალებულის მოკვლის განზრახვის არსებობას.

4.4. კასატორი ასევე განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი. ამასთან, დაზარალებულ ნ. შ–სის ჩვენებით დადასტურდა, რომ ლ. კ–ე იდგა ნ. შ–ს პირისპირ, რომელსაც დანა დაარტყა ზურგში, მარცხენა მხარეს, რაც გამორიცხავს განზრახ მკვლელობის მცდელობას, რადგან ლ. კ–ს რომ ნ. შ–ს მოკვლა სდომებოდა, მას დანას პირისპირ დგომისას დაარტყამდა გულმკერდის არეში. ხსენებულმა მოწმემ ასევე განმარტა, რომ ლ. კ–სეს კიდევ ჰქონდა ნ. შ–სთვის დანის დარტყმის საშუალება, თუმცა ეს აღარ გააკეთა, წაიღო დანა და გაიქცა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ლ. კ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.3. მოცემულ შემთხვევაში ლ. კ–მ არ უარყო მის ხელთ არსებული დანით დაზარალებულ ნ. შ–სის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, მაგრამ გამორიცხა დაზარალებულის მკვლელობის ან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა. საკასაციო პალატას მიჩნია, რომ მისი ჩვენება ეწინააღმდეგება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ: დაზარალებულების - ნ. შ–სა და ნ. შ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 9 აპრილს იყვნენ დის - მ. შ–სის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მ. შ–ე და მისი შვილი - ლ. კ–სე. ბინაში ყოფნისას ლ. კ–სეს დედის - მ. შ–სის საკუთრებაში არსებული ბინების საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა ნ. და ნ. შ–ებთან, კერძოდ, იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. შ–სეს, რომელსაც უთხრა: ,,თქვენ რა პრეტენზიები გაგაჩნიათ, ყელს გამოგჭრით შენ და შენს ოჯახსო“, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად. გარდა ამისა, ლ–მა სამზარეულოდან გამოტანილი დანა ორჯერ მოუქნია ნ. შ–სეს, რომელმაც იგი აიცილა. ამის შემდეგ ლ. კ–სე ძალიან ახლოს მივიდა ნ. შ–სესთან და კიდევ ერთხელ მოუქნია დანა, რომელიც გადაატარა თავზე და ჩაარტყა ზურგის არეში. აღნიშნულის შედეგად ნ. შ–მ მიიღო დაზიანება. დაზარალებულების განმარტებით, ლ. კ–სე კიდევ ცდილობდა დანის დარტყმას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან მას მივარდა ნ. შ–სე, რომელმაც ლ–ს მაჯაში წაავლო ხელი და შეაჩერა, რის შემდეგაც იგი სახლიდან გაიქცა.

5.4. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულების ჩვენებები თანხვდენილია აწ გარდაცვლილი მოწმის, მ. შ–სის გამოკითხვის ოქმთან, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 9 აპრილს მასთან სახლში იმყოფებოდნენ მისი დები - ნ. და ნ. შ–ეები, რომლებთანაც საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა ლ. კ–სეს, იგი დაემუქრა ნ. შ–სეს და უთხრა: ,,თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ, ყელს გამოგჭრით, რამე არ შეგეშალოთო“. ლ–ი კვლავ დაემუქრა დეიდებს, რაზეც ნ. შ–სემ უპასუხა: ,,რას გვემუქრები, რა უნდა გვიქნა?“ ამის შემდეგ ლ. კ–სე გავიდა სამზარეულოში, საიდანაც, დანით ხელში დაბრუნებული, მივარდა ნ. შ–ს, რომელსაც რამდენჯერმე მოუქნია დანა. ნ–მ ორჯერ აიცილა მოქნეული დანა, ხოლო მესამედ ლ–მა მას თავზე გადაატარა დანა და დაარტყა ზურგის არეში, მარცხენა მხარეს. ამ დროს ნ. შ–სე მივარდა ლ. კ–ს და მაჯაში წაავლო ხელი. ლ-ი კიდევ ცდილობდა ნ. შ–სისთვის დანის დარტყმას, შემდეგ კი დანით ხელში სახლიდან გაიქცა.

5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ლ. კ–ს და ნ. შ–ს შორის მანამდე რაიმე კონფლიქტი არ ყოფილა, მას ნ. შ–სის მოკვლის მოტივი და განზრახვა არ ჰქონია, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი იგი განზრახვას მოიყვანდა სისრულეში, რაშიც ქალბატონები ხელს ვერ შეუშლიდნენ. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების ჩვენებებითა და თავად მსჯავრდებულის დედის - მ. შ–სის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი იყო მ. შ–სის საკუთრებაში არსებული ბინების თაობაზე წარმოშობილი დავა, რა დროსაც ლ. კ–სე ჯერ დაემუქრა დეიდებს და უთხრა: ,,რა პრეტენზიები გაქვთ, ყელს გამოგჭრით, რამე არ შეგეშალოთო“. მას შემდეგ კი, რაც ნ. შ–მ უპასუხა ,,რას გვემუქრები, რა უნდა გვიქნაო“, გავიდა სამზარეულოში, გამოიტანა დანა, მივარდა ნ. შ–ს და რამდენჯერმე მოუქნია, რაც დაზარალებულმა აიცილა. ამის შემდეგ ლ. კ–სემ კიდევ ერთხელ მოუქნია დანა, რომელიც გადაატარა თავზე და ჩაარტყა ზურგის არეში.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტ მ. მ–სის ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 26 აპრილის N........ დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ნ. შ–სეს დაესვა დიაგნოზი: მარცხენა პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა, მარცხენა ფილტვის დაზიანება, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

5.7. საკასაციო სასამართლო ნ. შ–სისთვის მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციის გათვალისწინებით, არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ლ. კ–სე დაზარალებულს დანას ჩაარტყამდა პირისპირ დგომისას და არა - ზურგიდან. ამასთან, მხოლოდ დაზიანების ლოკალიზაცია არ უნდა გახდეს მისი ამ მუხლით მსჯავრდების საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების ჩვენებებით დადგინდა, რომ დაჭრამდე ლ. კ–მ ორჯერ მოუქნია დანა ნ. შ–სეს, რაც ამ უკანასკნელმა აიცილა, შემდეგ მივიდა უფრო ახლოს, მოუქნია დანიანი ხელი, გადაატარა თავზე და ზურგში, მარცხენა მხრიდან ჩაარტყა. შესაბამისად, ის, რომ მან გულმკერდის არეში წინა მხრიდან არ ჩაარტყა დანა დაზარალებულს, არ გამორიცხავს მის ბრალეულობას, რადგან მან ნ. შ–სეს დანა ძლიერად ჩაარტყა ისეთ ადგილას, სადაც მოთავსებულია ადამიანის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოები, გული და ფილტვები. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ თუ რომელიმე სასიცოცხლო ორგანო მოხვდებოდა ჭრილობის არეში, დაზიანება აუცილებლად გამოიწვევდა დაზარალებულის სიკვდილს. ამდენად, უტყუარადაა დადგენილი, რომ ბინასთან დაკავშირებული კონფლიქტის საფუძველზე ლ. კ–მ სცადა დანის გამოყენებით დაზარალებულ ნ. შ–ს მოკვლა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მან დანის დარტყმით დაზარალებულისთვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი, არ გამორიცხავს მის ბრალეულობას. მითუფრო, რომ დაზარალებულთა ჩვენებებითა და მსჯავრდებულის დედის - მ. შ–სის გამოკითხვის ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ ლ. კ–სეს კიდევ სურდა ნ. შ–სისთვის დანით დაზიანების მიყენება, რაშიც მას ხელი შეუშალა ნ. შ–სემ და ნ. შ–სე დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს. ამასთან, ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა სწორედ დანის დარტყმით მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაიზიანება, დასტურდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამზარეულოს შავტარიან დანაზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №..... დასკვნით, რომლის თანახმად, დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ. N9-ის და ამავე დანის პირზე მიკრული თმის (ობ. .. N..) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ. შ–სეს (ობ. N..). ამასთან, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №...... დასკვნით დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი დანა წარმოადგენს ცივ იარაღს. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღწერილი - ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით მიყენებული დაზიანების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარმოდგენილი დანით და ლოკალიზაციის არით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნის მონაცემების მიხედვით ნ. შ–სის სხეულზე (გულმკერდის მარცხენა ნახევარში, პარავერტებრალური ხაზიდან ბეჭთაშუა ხაზისკენ მიმართულებით, მე-3 ნეკნთაშუა სივრცეში აღინიშნება სწორკიდეებიანი ნაკვეთი ჭრილობა) არსებული დაზიანების მონაცემს.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ლ. კ–სე ითვალისწინებდა თავისი მოქმედების შედეგად ნ. შ–სის სიკვდილს, სურდა ეს, თუმცა შედეგი არ დადგა, მისი ნებისაგან დამოუკიდებელი გარემოების - კონფლიქტში ნ. შ–ს ჩარევის და დაზარალებულისთვის დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების გამო.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. შ–სე არის გარდაცვლილი, რის გამოც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოქვეყნდა მისი გამოკითხვის ოქმი, ამასთან, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძლად არ უდევს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტი გამოკითხვის ოქმის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით მოკლებულია საფუძველს.

5.10. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ გადაწყვეტილებებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტებიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. კ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. შ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე