Facebook Twitter
საქმე N 010100121005148404

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


საქმე №752აპ-22 19 ოქტომბერი, 2022 წელი
ს–ი შ., №752აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ს–იი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის), რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 14 სექტემბერს, დღის საათებში, ქალაქ ბ–ში, ...........ის ქუჩა №...-ში, ოჯახში ძალადობისათვის (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი) ნასამართლევმა და ალკოჰოლით მთვრალმა შ. ს–იმა თავის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, დას - შ. ს–ის, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით ბრალდებულ შ. ს–იის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შ. ს–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: შ. ს–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 27 ივნისს საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა: შ. ს–იის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული მუხლის სანქციის შესაბამისად, სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო: 2020 წლის 1 სექტემბერს შ. ს–მა დაასრულა დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა, თუმცა მან თავისუფლების აღკვეთა მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება დატოვა 2020 წელს, რის გამოც იგი პენიტენციური დაწესებულების დატოვებიდან სამი წლის განმავლობაში მიიჩნევა ნასამართლევად და სახეზეა არაერთგზისობა. სისხლის სამართლის N1131-21 საქმეზე, 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლობის გაქარწყლების ვადები დალაგებულია სასჯელთა სიმძიმის ზრდადობის მიხედვით და განსაზღვრულია, რომ ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა (ვისაც შეფარდებული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალა პირობითად) – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა (ვისაც შეფარდებული აქვს ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა) – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. კასატორის მტკიცების შესაბამისად კი, თითქოსდა შესაძლებელია, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობითად, გაცილებით ადრე გაუქარწყლდეს ნასამართლობა, ვიდრე თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით (მაგალითად: ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა) მსჯავრდებულს, რაც, ერთი მხრივ, უსამართლოა, ხოლო, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, ნასამართლობის გაქარწყლებისათვის მკაფიოდ დადგენილი ვადების გამოთვლის წესს“. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ი. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 6 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა -1 წელი. ი. კ–ეს სასჯელი აეთვალა 2014 წლის 29 აპრილიდან და 2015 წლის 28 აპრილს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, განაგრძო პირობითად ჩათვლილი სასჯელის მოხდა, რომლის გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2016 წლის 28 აპრილს. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ კ–ეს, რომელსაც მხოლოდ სასჯელის ნაწილი ჰქონდა ჩათვლილი პირობითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის სრულად მოხდიდან – 2016 წლის 28 აპრილიდან - სამი წლის შემდეგ - 2019 წლის 28 აპრილს, რისი მხედველობაში მიღებითაც, ახალი დანაშაულების ჩადენის დროს, რომელთათვისაც იგი ამჟამად მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით, წინა ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით გაქარწყლებული არ ჰქონია.“ კასატორის პოზიციით, დასახელებული გადაწყვეტილება და განსახილველი ნორმის იმპერატიული დათქმა აშკარად მიანიშნებს, რომ ბრალდებულის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ სასჯელთა დაყოფა/დანაწევრებით ნასამართლობისა და არაერთგიზობის საკითხის გადაწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს, რამეთუ ნასამართლობის გაქარწყლებისათვის მნიშვნელოვანია სასჯელთა სრულად მოხდა და არა ცალკეულ სასჯელთა აღსრულება. 2) პროკურორი მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებს: დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ლმობიერი სასჯელის დანიშვნა იქნება წამახალისებელი პირისათვის, რომელსაც სახელმწიფო ედავება კვლავ ძალადობრივი, ოჯახური დანაშაულის ჩადენას. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, ასევე არ პასუხობს ინდივიდუალიზაციის პრინციპს. დაზარალებულმა სასამართლოში დაკითხვისას გამოთქვა კატეგორიული პრეტენზია და ისაუბრა საკმაოდ მძიმე გარემოებებზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე ბრალდებულის დამოკიდებულების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნეგატიური განწყობის შესახებ, რასაც ადასატურებს მისი ნასამართლობის ცნობაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსჯავრდებული არ აღიარებს და არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.3. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორის საკასაციო საჩივარი ეფუძნება არსებითად იმავე სახის არგუმენტაციას, რასაც სააპელაციო საჩივარშიც მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც შ. ს–ის ბრალდებიდან ამოერიცხა „არაერთგზისობის“ დამამძიმებელი გარემოება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენით, დამტკიცდა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, შ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ს–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 3 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით.

5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულ შ. ს–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო სხვა ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით შ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ს–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით. მსჯავრდებულ შ. ს–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 9 მარტიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.7. აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს 2021 წლის 28 სექტემბრის წერილის მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათი შ. ს–იმა დაასრულა 2020 წლის 1 სექტემბერს.

5.8. მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული N....... ცნობის ასლის მიხედვით, 2019 წლის 5 ივნისის განაჩენის საფუძველზე შ. ს–ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2019 წლის 9 მარტიდან და კალენდარულად გათავისუფლა 2020 წლის 6 მარტს.

5.9. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება გულისხმობს ოჯახური ძალადობის ჩადენას არაერთგზის. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“. როგორც ირკვევა, შ. ს–იი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.

5.10. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის N691აპ-21 გადაწყვეტილების თანახმად: „სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს ნასამართლობის გაქარწყლების ორგვარ წესს: სასჯელის დასრულებისთანავე (პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლისას) და სასჯელის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ (თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - დანაშაულების სიმძიმის მიხედვით, სასჯელის მოხდიდან - 3; 6 და 8 წლის შემდეგ), მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევა დაკავშირებულია სასჯელის დასრულებასთან და ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია ნასამართლობის გაქარწყლების ვადა მიედინებოდეს დაუსრულებელი სასჯელის პარალელურად“. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. ს–იმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოიხადა და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა - 2020 წლის 6 მარტს, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა დაასრულა - 2020 წლის 1 სექტემბერს. შესაბამისად, მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა დაეწყო განაჩენით განსაზღვრული სასჯელების სრულად მოხდის თარიღიდან - 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

5.11. ამასთან, საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ნასამართლობის გაქარწყლების ვადები აითვლება ბოლო სასჯელის მოხდიდან და თითოეული დანაშაულისათვის დამოუკიდებლად, კერძოდ: „მართალია, ნ. კ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტთან ერთად, ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატერგორიას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში თითოეული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა უნდა გამოითვალოს ცალ-ცალკე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადას დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს და კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც განაჩენთა ან/და დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნასამართლობის ვადის გაქარწყლებას სხვაგვარად მოაწესრიგებდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი №416აპ-18, 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება N777აპ-20). ამდენად, შ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 1 სექტემბერს და ვინაიდან ამ მუხლისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა), ნასამართლობა გაუქარწყლდა 2021 წლის 1 სექტემბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან დანაშაულის ჩადენისას - 2021 წლის 14 სექტემბერს შ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, მისი ქმედება არ შეიცავს არაერთგზისობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს.

5.12. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნება, ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება და სასჯელის დანიშვნისათვის ყველა რელევანტური ფაქტორი ასახა სანქციით გათვალისწინებულ ალტერნატიულ სასჯელთაგან ყველაზე მკაცრ სასჯელის სახეში. სამოსამართლო საქმიანობის ფუნქცია სწორედ ისეთი სასჯელის სახისა და ზომის შერჩევაში გამოიხატება, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას და პროპორციულია სასჯელის მიზნების მისაღწევად. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში შ. ს–ის განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელის ზომა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საკმარისად მძიმე, მკაცრად ინდივიდუალიზებულ, ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებას სასჯელის მიზნების მისაღწევად. ბრალდების მხარე კი ვერ უთითებს სხვა რელევანტურ გარემოებას, რაც დაასაბუთებდა სასჯელის მეტად დამძიმების მიზანშეწონილობას და საფუძველს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შეცვლისათვის.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის -ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ნინო სანდოძე




მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი




შალვა თადუმაძე