Facebook Twitter
საქმე N 080100119002897643

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე№527აპ-22 19 ოქტომბერი, 2022 წელი
ფ– ი., №527აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების -ი. ფ–სა და ე. ჩ–ს ადვოკატის - დ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენის თანახმად: ი. ფ–აა (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

ე. ჩ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე. ჩ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ი. ფ–მ, ე. ჩ–ემ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენით მსჯავდებულების - ი. ფ–ას, ე. ჩ–ს და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი ი. ფ–სა და ე. ჩ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2022 წლის 21 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ი. ფ–სა და ე. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - დ. ს–მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დაიცვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი, საპროცესო კანონმდებლობა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. როგორც ბრალდების მხარეს, ასევე სასამართლოს მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დაედასტურებინა, რომ არსებობდა ორგანიზებული ჯგუფი, პირთა ერთობა, რომლის წევრიც იყო ი. ფ–ა. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა და არც გასაჩივრებულ განაჩენშია მითითებული ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წარმოადგენდა ქურდულ სამყაროს და ეს სამყარო აღიარებდა ი. ფ–ს მის წევრად, ასევე, თავის მხრივ, ი. ფ–ა აღიარებდა და იყო ამ გაერთიანების წევრი, გააჩნდა გარკვეული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ისინი მოქმედებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალური წესებით. ბრალდება ამტკიცებდა, რომ ე. ჩ–ე ი. ფ–ს მეშვეობით დაუკავშირდა „კანონიერ ქურდ“ გ. ც–მეს, თუმცა ვინმე „გ. ც–ს“ კანონიერი ქურდობის მტკიცებულებად მიჩნეულია ამონაწერი გამომძიებლის მიერ დათვალიერებული ვებგვერდიდან, რომლის მიხედვით გ. ც–მის მეტსახელია „.......ი“. სასამართლომ კი ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ფარულ ჩანაწერებში ხსენებული პირის ზედმეტსახელია „....“, რაც ეწინააღმდეგება ბრალდების მტკიცებას. სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლო განხილვის დროს არ წარმოუდგენია. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია რ. გ–ი, როგორც შპს „....ს“ წარმომადგენელი, თუმცა არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ რ. გ–სი რაიმე შემხებლობაში იყო შპს „.....სთან“, საქმეში არ არსებობს, გარდა იმისა, რომ რ. გ–სი არის შპს „...ს“ დირექტორის მამა. შესაბამისად, თუკი დაზარალებულის სტატუსი განსაზღვრა შპს „....ს“ დირექტორთან ნათესაურმა კავშირმა, შპს „......ს“ დირექტორს ჰყავს დედა და მეუღლე, დედმამიშვილები და გაურკვეველია, რატომ არის დაზარალებულად ცნობილი რ. გ–ი. არც გამოძიების პერიოდში გარკვეულა და არც განაჩენშია მითითებული, რეალურად ფუნქციონირებდა თუ არა შპს „...“ და გააჩნდა თუ არა ფინანსური შემოსავალი, რომლის ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ შპს „....“ და იქ დასაქმებული მძღოლები (მათ შორის ე. ჩ–ე) მიიღებდნენ შემოსავალს. საქმეში არ არსებობს შპს „........სა“ და დასაქმებულ პირებთან გაფორმებული რაიმე სახის ხელშეკრულება, ასევე არც საიჯარო ფართის არსებობა დასტურდება. საინტერესოა საქმეში ის ფაქტი, რომ 2018 წლის მარტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო 2231-ე მუხლით და მითითებულია, რომ რ. გ–ი და მისი ძმა გ. გ–ი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი კანონიერ ქურდებთან და გეგმავენ მძიმე დანაშაულებს. 2018 წლის ოქტომბერში გამოძიებამ გარკვეულ ნომრებზე დაიწყო ფარული მიყურადება-მოსმენა. ხოლო, 18 ოქტომბერს მოწმის სახით დაიბარეს რ. გ–ი და მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია კანონიერ ქურდებთან კავშირის შესახებ, ის ცნეს დაზარალებულად. გამოძიებამ მტკიცებულებად გამოიყენა ძირითად საქმეში განხორციელებული ფარული მოსმენები, თუმცა მათში არ არის ასახული მსჯავრდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი უტყუარი მტკიცებულება. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კრებსებში ასახულ საუბრებში ე. ჩ–ს ან ი. ფ–ს მონაწილეობა უტყუარად არ დასტურდება. საქმეზე დაკითხული და განაჩენში მითითებული არცერთი მოწმის ჩვენებით არ არის დადასტურებული, რომ ი. ფ–აა ვინმეზე ახდენდა რაიმე სახის ზეწოლას ან ვინმესგან ცდილობდა სარგებლის მიღებას. თუკი უტყუარად არ დადასტურდებოდა ი. ფ–ს ქურდული სამყაროს წევრობა, მაშინ, ბუნებრივია, ე. ჩ–ე იყო უდანაშაულო, რის შეფასებასაც სასამართლომ თავი შეგნებულად აარიდა. ე. ჩ–სის უდანაშაულობაზე ნათლად მეტყველებს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გამოტანილი განაჩენი. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება არის განზრახი დანაშაული, მაგრამ სასამართლომ მსჯავრი ისე დასდო ე. ჩ–ეს, რომ საქმეში ამ ქმედებისათვის დაზარალებული არ არსებობს. საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პარაგრაფით გათვალისწინებულია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მტკიცების ტვირთი, რომელიც ეკისრება ბრალდების მხარეს, ბრალდებულს არ აკისრია ვალდებულება, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით სრულყოფილად გამოიკვლია განსახილველი დანაშაულების სამართლებრივი ელემენტები და ჯეროვნად შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რის შესახებაც სრულფასოვნად იმსჯელა თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი აქცენტებიდან გამომდინარე კი საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მხოლოდ კვალიფიკაციისათვის საკვანძო სადავო ასპექტებს.

4.2. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას, კერძოდ ინკრიმინირებული ქმედების - ქურდული სამყაროს წევრობის დანაშაულის შემადგენლობის დასადგენად საჭიროა სპეციალური კანონის გამოყენება. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის (2018 წლის ოქტომბერში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლი ადგენს ქურდული სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრის დეფინიციას, კერძოდ: „ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ქურდული სამყაროს წევრად განიხილება – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული გარჩევა კი განმარტებულია, როგორც ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება. საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასჯადია „პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა - „ქურდული გარჩევის“ განხორციელების ან თავისთვის ან/და სხვისთვის მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მისაღებად ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა/„კანონიერმა ქურდმა“ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი“.

4.3. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი მისადაგება მსჯავრდებულთათვის ინკრიმინირებული დანაშაულების შემადგენლობის ნიშნებთან და მიიჩნია, რომ ი. ფ–სა და ე. ჩ–ს მსჯავრდება ეფუძნება გონივრული ეჭვის გამომრიცხავ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ა. თ–ს, ე. ხ–ს, ზ. ზ–ს, ი. კ–ს, გ. ჩ–ს, ო. გ–ას, ა. ჭ–ს, გ. ბ–ს, ა. მ–ს, ზ. ლ–ს, თავად ე. ჩ–სისა და ი. ფ–აას ჩვენებებით ირკვევა, რომ გ. გ–ი და რ. გ–ი არიან ძმები, რომელთა შორის არსებობდა დავა ფაქტობრივად მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, კერძოდ: რ. გ–ი ფლობდა შპს „ჯ–ს“, ხოლო გ. გ–ი - შპს „......“-ს. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ შპს „ჯ–სა“ და შპს „.......“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მგზავრთა გადაყვანა ერთსა და იმავე ტერიტორიულ ერთეულში, რის გამოც კომპანიებს შორის წარმოიშვა კონკურენცია, რაც უშუალოდ მათ შემოსავლებზე აისახა. ზემოაღნიშნულმა მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ კონკურენტი კომპანიიდან (შპს „.......“-იდან) დავის გადაწყვეტაში ჩართული იყვნენ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირები, რითაც აიძულეს შპს „....ს“ მძღოლები, შეეჩერებინათ საქმიანობა, რასაც თან სდევდა დაშინება და მუქარა „ქურდული სამყაროს“ და „ქურდული სამყაროს წევრთა“ სახელით.

4.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: ა. თ–მა, ე. ხ–მა, ზ. ზ–მ, ო. გ–მ, გ. ბ–მა და ზ. ლ–მა კი დაადასტურეს, რომ ე. ჩ–ე მათთან საუბარში დავაზე გადაწყვეტილების მიმღებად ასახელებდა კანონიერ ქურდ „.......ეს“, ასევე მიუთითებდა მასთან შუამავალ პირს - ი. ფ–ს. მოწმე ზ. ზ–ს განმარტებით სწორედ ე. ჩ–ემ შეახვედრა მას „ი–ა“ (შემდგომში ი. ფ–აა), რომელმაც უთხრა, რომ იყო „........ი“ და რომ საკითხი „კანონიერი ქურდის“ მიერ იყო გადაწყვეტილი. საქმეში არსებული ფონოგრამებით ასევე ირკვევა, რომ ი. ფ–სა და სხვა პირებს შორის გამართული საუბრების შინაარსის თანახმად, სწორედ ზ. ზ-ძეს უნდა მიეტანა საქმეში კანონიერი ქურდის ჩართვისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შპს „ჯ–ს“ მძღოლებთან, რითაც აიძულებდნენ მათ საქმიანობის შეჩერებას. მოწმე ო. გ–სიამ დაადასტურა, რომ დაურეკა ე. ჩ–ეს, რომელმაც უთხრა, რომ „რ. გ–სის ხაზები გ. ც–მემ გააჩერა“. მოწმე ზ. ლ-ის ჩვენების თანახმად, ე. ჩ–ემ მას უთხრა, რომ ქურდები ჩარიეს და საკითხი მოაგვარეს. მოწმე გ. ბ–მა დაადასტურა, რომ მას პირადად გ. გ–მა და ე. ჩ–ემ უთხრეს, რომ დასახმარებლად მიმართეს კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირს, რ–ში კანონიერ ქურდებთან დაახლოებულ ვინმე „იურას“, რომელიც დააკავშირებდათ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ და ის გადაწყვეტდა რ. გ–ს ხაზის გაჩერების საკითხს; გ–მ და ე–მ უსაყვედურეს, რატომ ესაუბრნენ რ. გ–ს მძღოლებს მათ გარეშე, რადგან ი–მ უკვე მოძებნა საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რ–ს მძღოლები უნდა გაჩერებულიყვნენ და მათ უნდა ემუშავათ; ეს გადაწყვეტილება მათ უნდა ეთქვათ რ–ს მძღოლებისათვის და უთხრეს კიდეც, რომ საკითხი ქურდებმა გადაწყვიტეს და უნდა გაჩერებულიყვნენ, რათა რამე უსიამოვნებაში არ გახვეულიყვნენ; ისინი ორი დღის განმავლობაში ესაუბრებოდნენ რ. გ–ს მძღოლებს, რის შედეგადაც ისინი გაჩერდნენ; ამით გ–ი გ–ს და ე. ჩ–სის მიზანი, რომ რ. გ–სის მძღოლებს მუშაობა შეეჩერებინათ კრიმინალური ავტორიტეტის - ი–ს ძალისხმევითა და ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გადაწყვეტილებით, რის შედეგადაც მათი შემოსავალი გაიზრდებოდა, ხოლო ი–ს და იმ კანონიერ ქურდს დახმარების სანაცვლოდ უნდა მიეღოთ გარკვეული სარგებელი, მიღწეულ იქნა; მას დაურეკა გ. გ–მა, რომელსაც შეხვდნენ. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ე. ჩ–ე და მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც როგორც გაიგო, იყო იური. მას პირადად არ უნახავს, თუ ვის ესაუბრებოდნენ, მაგრამ მათგან იცის, რომ ვიდეოზარით ესაუბრებოდნენ იმ კანონიერ ქურდს, რომელმაც ეს საკითხი გადაწყვიტა.

4.5. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მტკიცებულებებით არ დგინდება თუ რატომ არის დაზარალებულად ცნობილი რ. გ–სი ან ვის მიადგა ზიანი ი. ფ–ას ქმედებების შედეგად. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ იძულებისა და დაშინების შედეგად შეჩერდა შპს „ჯ–ს“ მხარეს მომუშავე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, რითაც ზიანი ადგებოდა კომპანიის ფაქტობრივ მფლობელს - რ. გ–ს. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის გადამწყვეტია არა ის, თუ ვინ წარმოადგენს იურიდიული პირის ხელმძღვანელს, არამედ ის, თუ ვის მიადგა ზიანი უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. განსახილველ შემთხვევაში კი ყველა მოწმე მიუთითებს რ. გ–სს, როგორც კომპანიის ფაქტობრივ მფლობელს, რომელიც უშუალოდ გვევლინება კონკურენტ კომპანიასთან კონფლიქტის მხარედ და რომელსაც უშუალოდ მიემართებოდა ბიზნეს საქმიანობის შეჩერების შედეგად ზიანის მიყენება.

4.6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ თითქოს საქმეში არ არსებობს მტკიცებულება „ქურდული სამყაროსადმი“ ი. ფ–ს კუთვნილების, მის მიერ ამ სამყაროს აღიარებისა და ამ სამყაროს მიერ ი. ფ–ს, როგორც მათი წევრის, აღიარების თაობაზე და აღნიშნავს, რომ: „ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც ფუნქციონირებს ამ სამყაროში მიღებული (დადგენილი/აღიარებული) სპეციალური წესების შესაბამისად. ქურდული სამყაროს წევრთა შეკავშირება განპირობებულია კონკრეტული მიზნით და მისთვის დამახასიათებელია ქცევის სპეციფიკური წესებისადმი დაქვემდებარება. ქურდულ სამყაროს სხვა სახის ორგანიზაციული წარმონაქმნებისგან განასხვავებს მისი საქმიანობის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და სპეციალური ელემენტები: მიზანი - მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება; მიზნის მიღწევის საშუალება - დაშინება, მუქარა, იძულება, ქურდული გარჩევის გზით დანაშაულის ჩადენა ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზება. ქურდული სამყაროს წარმოშობას ან მასში გაწევრებას არ გააჩნია სამართლებრივად რეგულირებადი საფუძველი, შესაბამისად, ასეთი სამყაროს არსებობისა და მის საქმიანობაში ჩართულობის დადგენა, შესაძლებელია მისი სახელითა და მის სასარგებლოდ, მისთვის დამახასიათებელი მეთოდებით ჩადენილი ისეთი ქმედებების გამოვლენით, როგორიცაა: დაშინება, მუქარა, იძულება, ქურდული გარჩევა, დანაშაულის ჩადენა. ამდენად, იმ გარემოებების დადგენა აღიარებს თუ არა კონკრეტული პირი ქურდულ სამყაროს და მოქმედებს თუ არა მისთვის დამახასიათებელი მეთოდებისა და მიზნების შესაბამისად, სწორედ ამ პირის ქმედებების შეფასებით არის შესაძლებელი, რაც, ბუნებრივია, უნდა ეყრდნობოდეს გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებითა და ფონოგრამებით აშკარად დადგინდა, რომ ი. ფ–აა გ. გ–მისა და რ. ხ-ას კომპანიებს შორის კონფლიქტში აქტიურად იყო ჩართული და მისი როლი მოიცავდა დავის ქურდული გზით გარჩევას - ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებით. ამასთან, დადგინდა, რომ ი. ფ–ა თავადვე წარმოაჩენდა თავს ქურდული სამყაროს სახელით მოქმედ და ამ სამყაროს ავტორიტეტულ სუბიექტებთან დაკავშირებულ - შუამავალ პირად. ამგვარი სტატუსით აღიქმებოდა ი. ფ–ა შპს „....ში“ მომუშავე ყველა იმ მოწმის მიერაც, ვინც მისი ამ საქმეში ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს თავის ჩვენებებში დაუდასტურა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის ტექსტში მოცემული ტერმინი „აღიარება“ არ გულისხმობს ბრალდებულის მიერ ბრალის ე.ი. ქურდული სამყაროს წევრობის გამოძიებასა და სასამართლოში აღიარებას, არამედ მოიცავს ამ სამყაროს წესებით ხელმძღვანელობას და მის შესაბამის აქტიურ მოქმედებას დანაშაულის ჩადენისას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 18 დეკემბრის 324აპ-15 განაჩენში განმარტა: „საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქურდული სამყაროს წევრობა არ გულისხმობს მხოლოდ სიტყვიერი ფორმით მის აღიარებას. მეტიც, პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისთვის საერთოდ არ არის აუცილებელი, პირი ზეპირსიტყვიერად აცხადებდეს, რომ იგი აღიარებს ქურდულ სამყაროს. გადამწყვეტი პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისთვის არის ის ფაქტი, რომ პირი თავისი ქმედებებით გამოხატავდეს პატივისცემას ქურდული ტრადიციების მიმართ და ხელს უწობდეს ამ სამყაროს ფუნქციონირებასა და გაძლიერებას“. ამდენად, ქურდული სამყაროს წევრობის დასადგენად ადვოკატის მიერ მითითებული „აღიარება“ დადასტურებულია სწორედ ამ სამყაროში მიღებული ქცევის წესებისა და მიზნების შესაბამისად ი. ფ–ას მიერ ჩადენილი ქმედებებით, რა დროსაც ის, როგორც ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირი, ჩაერთო დავის უკანონო გზებითა და მეთოდებით გადაწყვეტაში, რასაც თან სდევდა მუქარა, იძულება და ქურდული გარჩევა.

4.7. რაც შეეხება ადვოკატის არგუმენტაციას, რომ დადასტურებული არ არის გ. ც–მის „კანონიერი ქურდის“ სტატუსი და ასევე არ დასტურდება მასთან ი. ფ–აას ურთიერთობა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მსჯავრდებული პირები არიან ი. ფ–ა და ე. ჩ–ე, ხოლო სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს საქმეში გამოკვეთილი „ი. ფ–აას“ პიროვნებისა და მისი სტატუსის დადგენა. მნიშვნელოვანია, რომ მოწმეთა ჩვენებებითა და ფონოგრამებით დგინდება ვინმე „გ. ც–ს“, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის ჩართულობა გადასაწყვეტ დავაში. ბრალდებულ ი. ფ–აას განმარტება, რომ გ. ც–ე მისი ნაცნობია, ცხოვრობს საბერძნეთში და კავშირი არ ჰქონია აღნიშნულ საქმესთან, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლობას, რადგან მოწმეთა ჩვენებებისა და ფონოგრამების თანახმად, სწორედ ი. ფ–აა წარმოაჩენდა ვინმე „გ. ც–ს“ იმავე „ბ–ს“, როგორც ქურდული სამყაროს ავტორიტეტს და მოცემულ დავაში გადაწყვეტილების მიმღებ პირს. ფონოგრამა №.......... - გ. გ–მისა და ი. ფ–აას 2018 წლის 17 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, თუ საღამომდე ,,ბ–ს“ არ დაურეკავენ, გზა იკეტება, ბავშვის მოპარვა ქურდული საქციელი არ არის და ქურდები, რომ გაყარეს აქედან, იმიტომ ხდება ასე; ფონოგრამა №.......... - გ. გ–სა და ი. ფ–აას 2018 წლის 17 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ი. ფ–აა ,,....ს“ ესაუბრა გ. გ–მთან დაკავშირებით, რადგან მას ახლა უჭირს, უნდა დაეხმარონ, რომ ადგეს ფეხზე კარგად და შემდეგ თვითონაც კარგად იქნებიან, ხვალ გზა დაიკეტება; ფონოგრამა №......... - ე. ჩ–სისა და ი. ფ–აას 2018 წლის 15 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, „ბ–ს“ აინტერესებს გაჩერდნენ თუ არა მძღოლები, 17-ში დამთავრდება ყველაფერი; ფონოგრამა №........ - ე. ჩ–სისა და ი. ფ–აას 2018 წლის 17 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ქ–ში უნდა მოუყარონ თავი ყველას, მერე ,,ბ–მ“ უნდა გამოუცხადოს, რომ წავიდნენ სახლში და ტყუილად ვინმეს თავი არ აცემინონ; ფონოგრამა №......... - ე. ჩ–სისა და ზვიად ზვიადაძის 2018 წლის 18 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ზვიადის ბოლოჯერ აფრთხილებენ, რომ უნდა გაჩერდეს, ი. ფ–აა ეუბნება, რომ ნუ „აფსიხებს“ ხვალ ,,ჩ–ა“ ნახავს ყველას და ეტყვის, რომ უნდა გაჩერდნენ; ფონოგრამა №..... - ე. ჩ–სისა და ა. კ–ს 2018 წლის 18 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ყველაფერი ისეა, როგორც მათ უნდათ, ჩამოიყვანეს აგერ ხალხი ზესტაფონიდან და დაიწყეს სახლებში შუქების გამორთვა; ფონოგრამა №.......... - ე. ჩ–სისა და გ. გ–მის 2018 წლის 19 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, დილით გამოუცხადეს ბიჭებს და თუ უნდა რამე მაგას პირველი უნდა გაჩერდეს; ფონოგრამა №....... - ე. ჩ–სისა და ე. ხ–ს 2018 წლის 19 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ე. ჩ–ე ეუბნება ე. ხ–ს, რომ ბრძანება გაცემულია, უნდა გამოუცხადონ გამოსაცხადებელი და ისე არ მოხდეს, რომ მათი სიტყვის იგნორირებისთვის ვინმე შარში გაეხვეს; ფონოგრამა №........ - ე. ჩ–სა და გ. გ–ს 2018 წლის 19 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ის რომ ჩამოვა, ტრაფარეტი უნდა გაუტეხონ და უთხრან, რომ კაცურად სალაპარაკოდ მივიდნენ და ვერ გაიგო; ფონოგრამა №........ - ე. ჩ–სისა და ი. ფ–აას 2018 წლის 19 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, რ-ს ელაპარაკნენ და თანახმაა, რ–ს რაც მოუვა, მოუვიდეს, ყველას მოევლება ვინც მის სიტყვებს სხვაგან საუბრობს; ფონოგრამა №.......... - ე. ჩ–სისა და ა. კ–ს 2018 წლის 19 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ზემოდან გადაწყვეტილება მიღებულია, ნაოპერაციებ კაცს ტრაფარეტი გაუტყდება მხოლოდ და საბურავებს დაუშვებენ; ფონოგრამა №....... - ე. ჩ–სა და ა. კ–ს 2018 წლის 20 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ე. ჩ–ე ესაუბრა „ვ–ს“ და უთხრა, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული და არიან მობილიზებული, ვინც მათ სიტყვას დააიგნორებს, პასუხს აგებს ყველა და არ უნდა, რომ ამ „ბ–ში“ თავადაც მოყვეს; ფონოგრამა №.......... - ე. ჩ–სა და ო. გ–ს 2018 წლის 20 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ე. ჩ–ე ეუბნება ო. გ–ს, რომ უთხრას იმ „ს–ს“, რომ ხაზი გააჩერა ც–მ და ამასთან, გ. ჩ–ე არაფერ შუაშია, გ–ს თავი დაანებოს, ნუ ურეკავს, შარში არ გახვიოს, ნახოს ნომრები და დაურეკოს „ბ–ს“ ან გ. ც–მეს; ფონოგრამა №......... - ე. ჩ–სა და ო. გ–ს 2018 წლის 20 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, ე. ჩ–ე ეუბნება ო. გ–ს, რომ თუ უნდა, ი–ს ნომერს მისცემს და მას დაურეკოს, გ–ს შარში ნუ გახვევენ, უთხრას, რომ ბავშვია გატაცებული და ტელეფონები ისმინება, არ დარეკოს, არც სხვა გახვიოს შარში და არც თავისი თავი; ფონოგრამა №.......... - ი. ფ–სა და ე. ჩ–ს 2018 წლის 17 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, „ბ–ს“ დავალებაა, რომ ნახონ .......ი მძღოლები ვინ არიან, ,,....“ გააჩერებს ხვალ გზას; ფონოგრამა №...... - ი. ფ–სა და ე. ჩ–ს 2018 წლის 18 ოქტომბრის საუბრის ჩანაწერის თანახმად, „ბ–მ“ თქვა, ვინც სამუშაოდ გამოვა, მაგრად დასაჯეთო.

4.8. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებისა და ფონოგრამების შინაარსის ურთიერთშეჯერების შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ ი. ფ–აას მიერ საქმეში ჩართული პირის ავტორიტეტი ქურდულ სამყაროში იყო ის წამყვანი ფაქტორი, რითაც ი. ფ–აა ცდილობდა ქურდული გარჩევის წარმართვას, მეორე მხარის დაშინებას, ხოლო ე. ჩ–ე სწორედ ი. ფ–აასა და გ. ც–მის სახელისა და კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ზღუდავდა შპს „ჯ–ს“ მძღოლების მოქმედების თავისუფლებას და აიძულებდა შეესრულებინათ მათი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება - შეეწყვიტათ მათ მფლობელობაში არსებული სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ე. ჩ–ე წარმოადგენდა პირს, რომელმაც დავის გადაწყვეტისათვის საქმეში ჩართო ი. ფ–ა, ამ უკანასკნელს კი გააჩნდა აქტიური როლი დავის გადაწყვეტაში სწორედ ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, რაც მოიცავდა კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით შპს „ჯ–ს“ მძღოლების დაშინებას, მუქარას, დანაშაულებრივი ქმედებების დაგეგმვას, რისი საბოლოო მიზანიც იყო - კონკურენტი კომპანიის საქმიანობის შეჩერება და ამ გზით შპს „.......“-ისათვის ფინანსური სარგებლის მოტანა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს იმის შესახებ, რომ არ დასტურდება ი. ფ–სა და ე. ჩ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ყველა სავალდებულო კომპონენტი და მიაჩნია, რომ საქმისათვის გადამწყვეტი მაკვალიფიცირებელი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა.

4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

4.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - ი. ფ–სა და ე. ჩ–ს ადვოკატის - დ. ს–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ნინო სანდოძე



მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი




შალვა თადუმაძე