Facebook Twitter

საქმე N 210100121004378039

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №708აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ–ი რ., №708აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ქ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ტ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ქ–სი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 00:10 საათზე, ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, კ–ს გზატკეცილისა და სოფელ ბ–ს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ქ–სი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ლ. ჭ–სეს და მასზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, თავისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. რ. ქ–სის ქმედების შედეგად ლ. ჭ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

1.3. 2021 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ მ–ში, მშობლების საცხოვრებელ სახლში მყოფ მ. გ–ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლის ძმა, რ. ქ–სი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად, მ. გ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენით რ. ქ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 2 იანვრიდან.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ტ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ასევე, ალტერნატივის სახით - რ. ქ–სისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 13 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ტ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ასევე, ალტერნატივის სახით - რ. ქ–სისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ დაზარალებულის და ირიბ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. მართალია, მოწმე მ. გ–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ მას დაურეკა მაზლმა, რ. ქ–სმა, თუმცა არ დადასტურდა, რომ ამის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან როგორც დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, მას რ. ქ–სთან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და ერთმანეთთან კამათიც არასდროს მოსვლიათ. აღნიშნულს ასევე ადასტურებს დაზარალებულის ძმაც, ნ. გ–სი.

4.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულ ლ. ჭ–ს ჩვენება, რომ მას თავს დაესხა რ. ქ–სი, არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, მათ შორის - არც თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, რომელმაც განაცხადა, რომ ლ. ჭ–მ ძალით დააპირა რ. ქ–სის ავტომანქანაში ჩასმა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გაუწია წინააღმდეგობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კითხვაზე, რა დროს მიიღო დაზიანება დაზარალებულმა, რ. ქ–მა განაცხადა, რომ ,,არ იცის, მას არაფერი არ დაუშავებია“, თუმცა ექსპერტის ჩვენებით, დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა ლ. ჭ–ს შესაძლებელია მიეღო საყოფაცხოვრებო პირობებშიც.

4.3. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპერტის განმარტებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ჩაკეტილ სივრცეში ყოფნამ რ. ქ–სს გაურთულა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ ახსოვს, რა მოხდა, მუდმივად იმეორებს „აქ რატომ ვარ არაფერი დამიშავებია“. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ რ. ქ–სი შემთხვევის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი, რაც უნდა გაეთვალისწინებინათ სასჯელის დანიშვნისას და განესაზღვრათ ისეთი სასჯელი, რომელიც პატიმრობასთან არ იქნებოდა დაკავშირებული, ვინაიდან ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ანადგურებს რ. ქ–სის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ქ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ ლ. ჭ–სის ჩვენებას, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 1 იანვარს, ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეწყვილე ვ. ო–თან ერთად შემოვლას ახორციელებდა „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანით, რომელსაც გარედან მიკრული აქვს სპეციალური სტიკერები და რომლებზეც აღნიშნულია, რომ მანქანა არის პოლიციის. მანქანას მართავდა ვ. ო–ი. ამ დროს მათ ეცვათ პოლიციელის სამსახურებრივი ფორმა. გვიან ღამით, ..........ის ტერიტორიაზე ყოფნისას, მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა სოფელ მ–ში მცხოვრები ნ. გ–ი, რომელმაც ითხოვა დახმარება, რადგან მის დას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა რ. ქ–სი. ნ. გ–მა ასევე უთხრა, რომ არ სურდა მათ სახლში მისულიყო რ. ქ–სი და სურდა იგი ტელეფონით აღარ დამუქრებოდა მის დას. ისინი დაუყოვნებლივ გაემართნენ სოფელ მ–ს მიმართულებით, რა დროსაც სიტუაციაში გარკვევის მიზნით ტელეფონით გაესაუბრა რ. ქ–სს, რომელმაც მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ესაუბრებოდა პოლიციელ ლ. ჭ–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოხატა აგრესია. სატელეფონო საუბრისას მან რ–ის უთხრა, რომ მიდიოდა მის სახლში. დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ რ. ქ–სის სახლთან, რა დროსაც ჩართული ჰქონდათ ე.წ. „ციმციმები“. ადგილზე ენთო გარე განათების ლამპიონებიც, რომლის შუქზეც შესაძლებელი იყო მისი უნიფორმის გარჩევა. რ. ქ–სმა სახლიდან დაინახა პოლიციის მანქანა და გავიდა გარეთ. იმ დროს, როდესაც ლ. ჭ–სე აპირებდა მანქანიდან გადასვლას, მას მიუახლოვდა რ. ქ–სი, რომელსაც ჰკითხა, რა ხდებოდა. ამ დროს რ. ქ–სმა მოულოდნელად თავის არეში დაუწყო ცემა მუშტებით და თავისა და ტუჩის არეში მიაყენა დაზიანებები. მან ძლიერი დარტყმის გამო განიცადა ტკივილი და სცადა, მოეგერიებინა თავდამსხმელი, რაშიც დაეხმარა მეწყვილე, ვ. ო–ი. ამის შემდეგ დააკავეს რ. ქ–სი, რომელიც გადაიყვანეს სამმართველოში. დაკავებისას რ. ქ–სმა მის მიმართ კვლავ გამოხატა აგრესია. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ იგი დიდ ხანია მუშაობს პოლიციაში და რ. ქ–სს აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ იგი პოლიციის თანამშრომელია. თვითონ სახეზე იცნობდა რ. ქ–სს და დარწმუნებულია, რომ ამ უკანასკნელმაც იცოდა მისი ვინაობა, ასევე ის, რომ პოლიციელია, რადგან კონკრეტულ უბანში 3-4 წლის განმავლობაში მუშაობდა უბნის ინსპექტორად. მისთვის ცნობილია, რომ მომხდარ ფაქტამდე ქვიმთლელიშვილებს ოჯახში ჰქონდათ კონფლიქტი, რის გამოც ნ. გ–სის და გადავიდა მშობლებთან. ამ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულ მ. გ–სის ჩვენებას, რომლითაც დგინდება, რომ იგი მეუღლესთან, მ. ქ–თან, დედამთილ მ. ქ–თან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს სოფელ მ–ში. 2020 წლის დეკემბრამდე, რვა წლის განმავლობაში, მათთან ერთად ცხოვრობდა და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა მისი მაზლიც, რ. ქ–სი, რომელთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა დედასთან კონფლიქტის გამო, რ. ქ–სის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა მ. ქ–თან მიახლოება, რის გამოც საცხოვრებელად გადავიდა მათთან ახლოს, სოფელ მ–ში მდებარე სახლში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ 2021 წლის იანვრის დასაწყისში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედამთილმა, რის გამოც წავიდა მშობლების სახლში, ასევე გამოიძახა პოლიცია, რომლის თანამშრომლებმაც მ. ქ–ის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ მას რ. ქ–სთან ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ 2021 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, მას ტელეფონის ნომრიდან 5......... დაურეკა რ. ქ–სმა, რომელიც გაღიზიანებული იყო, რადგან დედამისის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მას რ–მა უთხრა, რომ თუ არ გადავიდოდნენ და არ დაელაპარაკებოდნენ, თავად მივიდოდა მათთან და ,,დახოცავდა“, რაც იხმარა სიტყვის მასალად. ამ საუბრისას რ–ს აქცენტი ვინმეზე არ გაუმახვილებია და არ უთქვამს, რომ კონკრეტულად ვინმეს ემუქრებოდა. მან რ. ქ–სთან საუბრისას განიცადა შიში, რადგან არ იცოდა, რა ინფორმაციას ფლობდა რ–ი და რატომ იყო გაღიზიანებული. მას სურდა დალაპარაკებამდე რ–ს მიმართ გამოეცათ შემაკავებელი ორდერი, რათა მათთან მისვლის შემთხვევაში, რ–სა და დაზარალებულის მამას არ მოსვლოდათ შელაპარაკება. იგი არ ფიქრობს, რომ რ–იი მუქარას შეასრულებდა, რადგან მანამდე ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა იმ წუთებში შეეშინდა. მისივე განმარტებით, რ–ს მუქარის აღსრულება რომ სდომებოდა, მაშინვე მივიდოდა მათთან. დაზარალებულმა ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ ასევე განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე ასეთი ჩვენება განაპირობა აღელვების ნიადაგზე განცდილმა შიშმა. კითხვაზე, რამ გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დაზარალებულმა განმარტა, რომ რ. ქ–სი არის ნერვიული და შესაძლოა, რაღაც მომენტში თავი ვერ გაეკონტროლებინა. მართალია, მასთან მიმართებით მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა, თუმცა რ–ის ხშირად არა, მაგრამ ზოგადად, ასეთი საქციელი ჩაუდენია. დაზარალებულის განმარტებით, რ. ქ–სის სატელეფონო მუქარის შემდეგ შეეშინდა, რ–ი მათთან არ გადასულიყო. ამასთან, იმის გამო, რომ რ–ს მისვლის შემთხვევაში დედასა და არასრულწლოვან შვილებთან ერთად მარტო არ ყოფილიყო, დაურეკა ძმას და უთხრა სახლში მისულიყო, რადგან რ–ი დაემუქრა, რომ მათთან გადავიდოდა და დახოცავდათ. აღნიშნულის შემდეგ მისმა ძმამ, ნ-მ დაურეკა პოლიციელ ლ. ჭ–სეს და სთხოვა გადაადგილების უფლება, რადგან იმ დროს მოქმედებდა კომენდანტის საათი. კითხვაზე, თუ რატომ სურდა გადაადგილება, ნ–მ ლ. ჭ–ს უამბო მომხდარის შესახებ. დაზარალებულის განმარტებით, თვითონ 112-ში არ დაურეკავს, ვინაიდან არ სურდა პოლიციის ჩარევა და დახმარება სთხოვა ძმას. დაზარალებულის განმარტებით, მან გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება წაიკითხა, თუმცა რა ეწერა, არ ახსოვს, რადგან სიტუაციიდან გამომდინარე, იყო ძალიან აღელვებული. იმ წუთას ვერ აღიქვა, რომ მისი ჩვენების საფუძველზე შესაძლოა, რ–ს საფრთხე შექმნოდა და დაეკავებინათ. მომხდარიდან მალევე გააანალიზა, რომ შეცდომა დაუშვა, რადგან რ–ი არაფერს მოიმოქმედებდა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, სურს იგი მათ გვერდით იყოს, რადგან ვერ გრძნობს საშიშროებას, რომ რამეს დაუშავებს. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ იმ წუთას, შეშინებულს, გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, მაგრამ რადგან ოჯახის წევრი იყო და ჰქონდა კარგი ურთიერთობა, არ სურდა პოლიციის ჩარევა.

5.6. მოწმე ვ. ო–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 1 იანვარს იგი მეწყვილე ლ. ჭ–სესთან ერთად შემოვლას ახდენდა სამსახურებრივი „ტოიტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანით, რომელიც აღჭურვილია სპეციალური სტიკერებით, ციმციმებით და ხმოვანი სიგნალით. ღამის საათებში ლ. ჭ–სეს ტელეფონზე დაუკავშირდა სოფელ მ–ში მცხოვრები ნ. გ–სი, რომელმაც უთხრა, რომ ურეკავდა და ემუქრებოდა სიძის ძმა, რ. ქ–სი და ითხოვა დახმარება. ისინი სოფელ შ–ს ტერიტორიიდან გაემართნენ სოფელ მ–ს მიმართულებით. ლ. ჭ–სე სიტუაციაში გარკვევის მიზნით ტელეფონით დაუკავშირდა რ. ქ–სს და უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი ლ. ჭ–სე, თუმცა რ. ქ–სმა არ მოუსმინა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სოფელ მ–ში მისვლისას ჩართული ჰქონდათ მანქანის ციმციმები. მათ გზაში შეხვდათ რ. ქ–სი. ლ. ჭ–სე გადავიდა მანქანიდან და შეეცადა სიტუაციაში გარკვევას, თვითონ კი იჯდა საჭესთან. მოწმის განმარტებით, ლ. ჭ–სემ რ. ქ–ს წარუდგინა თავი, რა დროსაც ეს უკანასკნელი გაურკვეველი მიზეზით გახდა აგრესიული და ლ. ჭ–სეს მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში. ამ დროს თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან და რ. ქ–სი დააკავეს. მოწმის განმარტებით, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ლ–ა ვერ მოასწრო სიტუაციაში გარკვევა. ლ. ჭ–მ დაზიანებები მიიღო თავისა და ტუჩის არეში, რადგან რ–ი ურტყამდა გამეტებით. მას რ. ქ–სის ძალადობის დროს ეცვა სამსახურებრივი ფორმა, რომლითაც ჩანდა, რომ იყო პოლიციელი. დაკავებამდე რ. ქ–სი მის მიმართაც გამოხატავდა აგრესიას, თუმცა ფიზიკურად არ შეხებია.

5.7. მოწმე ლ. გ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ესწრებოდა არასრულწლოვანი შვილის, ნ. გ–სის გამოკითხვას, რომელმაც გამომძიებელს უამბო, რომ დაურეკა დამ და უთხრა, რომ რ. ქ–სი ემუქრებოდა „გადმოვალ და დაგხოცავთ“. აღნიშნულის გამო ნ. გ–სმა დარეკა ლ. ჭ–სთან და სთხოვა დახმარება. მოგვიანებით მათ ლ. ჭ–სისაგან შეიტყვეს, რომ მისთვის დაურტყამს რ. ქ–სს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც რ. ქ–სმა დაურეკა მ. გ–სს, თვითონაც იქ იყო, თუმცა რა უთხრა, არ იცის.

5.8. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ნ. გ–სმა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც დაურეკა დამ და უთხრა, რომ დაემუქრა რ. ქ–სი, იგი დაუკავშირდა ლ. ჭ–ს, რომელსაც სთხოვა კომენდანტის საათის მოქმედების დროს გადაადგილების ნებართვა, ვინაიდან აპირებდა მისულიყო დასთან, რომელსაც მოკვლით დაემუქრა რ. ქ–სი. მას ლ. ჭ–ე დაჰპირდა დახმარებას. მოწმის განმარტებით, მანამდე მის დას რ–თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა როგორც მისთვის არის ცნობილი, ბოლო დროს რ–ი იყო აგრესიული, მაგრამ რა პრობლემები ჰქონდა, არ იცის.

5.9. მოწმე მ. ქ–მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს შვილთან, რძალთან - მ. გ–სსა და შვილიშვილებთან ერთად. 2020 წლის დეკემბრამდე მასთან ცხოვრობდა მისი მეორე შვილიც, რ. ქ–სი, რომელიც შემდეგ ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ჰქონდა ნევროზული ფონი, ყველაფერი აღიზიანებდა და სურდა სიწყნარეში ყოფნა. 2020 წლის დეკემბერში რ. ქ–სის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მაგრამ მის გამოცემამდე რ–იი უკვე საცხოვრებლად სხვა სახლში იყო გადასული. მოწმის განმარტებით, შემაკავებელი ორდერი საჭირო გახდა რ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან იგი იყო ცუდად, ავიწროებდა მათ და თავს ვერ აკონტროლებდა. რ–ს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, იყო აგრესიული და ადვილად ღიზიანდებოდა, თუმცა არავისთვის არაფერი დაუშავებია. რა–ს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, 2020 წლის შემოდგომაზე. ასევე ჰქონდა მეხსიერების პრობლემებიც, თავს ვერ აკონტროლებდა და იმ პერიოდში რა თქვა და რა გააკეთა, ავიწყდებოდა. შემაკავებელი ორდერის გამოწერისას მისმა შვილმა პოლიცია იმიტომ გამოიძახა, რომ რ–იი მათ უმიზეზოდ ეჩხუბებოდა. მოწმის განმარტებით, ცხრა წელია, მ–იი მათი რძალია და ერთად ცხოვრობენ. 2020 წლის 30 დეკემბერს მას და მ–ის მოუხდათ კონფლიქტი. 2021 წლის 1 იანვარს კი მას არასასიამოვნო საუბარი ჰქონდა ჯერ მ–ს ძმასთან, შემდეგ კი - მათთან მისულ მ–ს მამასთან, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა მ. ქ–თანაც, რის შემდეგაც მათთან მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა მ. ქ–ს მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. 2021 წლის 1 იანვარს რ. ქ–სმა დაინახა, რომ იგი იბანდა სისხლიან სახეს, რადგან დაზიანებები მიაყენა მ–მა, ასევე შეიტყო, რომ დედას გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი, რის გამოც დაკარგა კონტროლი, რადგან მისთვის ეს იყო დიდი ტრაგედია, გაღიზიანდა და წავიდა თავის სახლში, შემდეგ კი სად დარეკა და ვის რა უთხრა, მისთვის ცნობილი არ არის. მოწმის განმარტებით, რ–იი მ–იის მიმართ მუქარას ვერ აღასრულებდა, რადგან იგი შორს იყო წასული.

5.10. მოწმე ს. ქ–მა და მ. ჭ–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და შინაარსი. ამასთან, მ. ჭ–მა დამატებით განმარტა, რომ როდესაც რ. ქ–სი ნახა, ეს უკანასკნელი ნერვიულობდა.

5.11. დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2021 წლის 2 იანვარს, 00:10 საათზე, დააკავეს რ. ქ–სი, რომელიც დაკავებისას უწევდათ წინააღმდეგობას, რის გამოც გამოიყენეს იძულებითი პროპორციული ღონისძიება.

5.12. 2021 წლის 2 იანვარს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ლ. ჭ–ს აღენიშნება: ტუჩის ზედაპირული ტრავმა, კისრის მიდამოს ზედაპირული ტრავმა, მარცხენა ცხვირ-ლოყის მიდამოს შესიება, შეშუპება, ექსკორიაცია კისრის მარჯვენა ნახევარში, სიგრძით 2,0 და 1,5 სმ.

5.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნითა და ექსპერტ ა. კ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ლ. ჭ–მ 2021 წლის 2 იანვარს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, იმავე დღეს მიმართა ს–ს სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით: ტუჩის ზედაპირული ტრავმა, კისრის მიდამოს ზედაპირული ტრავმა. სამედიცინო დოკუმენტებით აღინიშნება აგრეთვე ორი ექსკორიაცია კისრის მარჯვენა ნახევარში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, მოწმის განმარტებით, მისთვის შეშუპება არ წარმოადგენს დაზიანების კვალს, რადგან შესაძლოა, იგი სხვა მიზეზით განვითარებულიყო, მაგალითად, კბილის ტკივილის გამო. მან შეაფასა ესკორიაციები, რომლებიც შედარებით მსუბუქი ხარისხის დაზიანებაა, ვიდრე ჭრილობა. ამასთან, ჩალურჯება არის სისხლნაჟღენთი და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს. იმის განსაზღვრა, თუ რა ვითარებაში მიიღო პირმა დაზიანებები, ექსპერტის კომპეტენციაში არ შედის. მოწმის განმარტებით, მსგავსი დაზიანებები შეიძლება მიეღო როგორც გამეტებით, ისე - შედარებით მსუბუქი დარტყმის შედეგად.

5.14. №.. მსჯავრდებულთა და დაზარალებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ 2021 წლის 16 თებერვალს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ რ. ქ–სს აღენიშნება ემოციურად არასტაბილური პერსონალური აშლილობა.

5.15. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ექსპერტების - ი. ს–სა და მ. მ–ს ჩვენებებსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 იანვრის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.......... დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ რ. ქ–ს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა (კოდი - ...... დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილება მიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. მის ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ის იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს რ. ქ–სი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ ექსპერტ ი. ს–ს განმარტებით, რ. ქ–სი დაავადებულია არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობით, ეს დავადება არ განეკუთვნება მძიმე ხარისხის დაავადებათა კატეგორიას. დაავადებისას არის ხასიათობრივი ცვლილებები, ახასიათებს კონფლიქტურობა, აგრესიულობა, იმპულსურობა და ადვილად გაღიზიანება. ექსპერტმა მ. მ–მა კი აღნიშნა, რომ ქმედების ჩადენის მომენტში რ. ქ–სი ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებდა. ის დაავადება, რითიც რ. ქ–ა დაავადებული, მიმდინარეობს ხასიათობრივი ცვლილებებით. როგორც წესი, ფსიქიკური დაავადების დროს ფიზიოლოგიურ აფექტს არ განიხილავენ, გამონაკლისია პერსონალური აშლილობა, რომლის დროსაც ვლინდება ადვილი აღგზნებადობა, ქცევის იმპულსურობა, ხასიათის არამდგრადობა. ამ დაავადების დროს უჭირთ ემოციის კონტროლი. რ. ქ–სი კვლევისას იყო ნაკლებად კომუნიკაბელური, სიფრთხილით საუბრობდა მომხდართან დაკავშირებით, თუმცა მათ ყველა საჭირო კითხვაზე მიიღეს პასუხი. დაცვის მხარის შეკითხვაზე: „ასეთ ფსიქოტიპს, როგორიც რ–იია, შეუძლია მიზეზის გარეშე თავს დაესხას ვინმეს?“ ექსპერტმა განმარტა, რომ „მიზეზი აუცილებლად უნდა არსებობდეს, შეიძლება თვითონ სუბიექტის მიერ ინტერპრეტირებული მიზეზი იყოს. მიზეზი აუცილებლად უნდა არსებობდეს, რომელზეც ექნება ეს რეაქცია“.

5.16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას რ. ქ–სის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს. გასათვალისწინებელია, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. მე-3 ნაწილის თანახმად კი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაზარალებული ლ. ჭ–სე არის საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და შემთხვევის დღეს მეწყვილესთან - ვ. ო–ვთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - შემოვლას „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანით, რომელსაც გარედან მიკრული ჰქონდა სპეციალური სტიკერები, რომ არის პოლიციის მანქანა, მათ ასევე ეცვათ პოლიციელის ფორმა. ამ დროს მას ტელეფონით დაუკავშირდა ნ. გ–სი, რომელიც დის მიმართ რ. ქ–სის მუქარის გამო ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისვლისას მათ ჩართული ჰქონდათ ე.წ. ციმციმები. ამასთან, გარე განათების შუქზე თავისუფალად იყო შესაძლებელი უნიფორმის გარჩევა, მითუფრო, რომ გზიდან ლ. ჭ–სე ტელეფონით ესაუბრა რ. ქ–სს და უთხრა, რომ იყო პოლიციელი და მიდიოდა მასთან.

5.17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულ ლ. ჭ–სისა და მოწმე ვ. ო–სის ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მოცემულ შემთხვევაში ვ. ო–სმა დაადასტურა, რომ სოფელ მ–ში მისვლისას მათ ჩართული ჰქონდათ ავტომანქანის ციმციმები. გზაში შეხვდათ რ. ქ–სი, რომელთანაც მანქანიდან გადასული, სამსახურებრივ ფორმაში ჩაცმული ლ. ჭ–სე შეეცდა, სიტუაციაში გარკვევას. ლ–მა რ. ქ–სს წარუდგინა თავი, რა დროსაც ეს უკანასკნელი გაურკვეველი მიზეზით გახდა აგრესიული და ლ. ჭ–სეს მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ლ–მ სიტუაციაში გარკვევა ვერ მოასწრო. ლ–მ, რომელსაც რ–ი გამეტებით ურტყამდა, თავისა და ტუჩის არეში მიიღო დაზიანებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოწმე ვ. ო–სის ჩვენება თანხვდენილია დაზარალებულ ლ. ჭ–სის ჩვენებასთან. ამასთან, მოწმის ჩვენებას მეტ დამაჯერებლობას სძენს ის ფაქტი, რომ მისი განმარტებით, დაკავებამდე რ. ქ–სი მის მიმართაც გამოხატავდა აგრესიას, თუმცა მოწმემ უარყო რ. ქ–სის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობა. შესაბამისად, მოწმისა და დაზარალებულ ლ. ჭ–სის ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.

5.18. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ დაზარალებულ ლ. ჭ–ს აღენიშნებოდა მხოლოდ მსუბუქი ნაკაწრი, რაც შესაძლებელია, მიეღო საყოფაცხოვრებო პირობებში. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტ ა. კ–ს ჩვენებაზე, რომელმაც კატეგორიულად განმარტა, რომ დაზარალებულს მსგავსი დაზიანებები შეიძლება მიეღო, როგორც გამეტებით, ისე - შედარებით მსუბუქი დარტყმის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულს, გარდა ზემოხსენებული დაზიანებისა, ასევე აღენიშნებოდა ტუჩის ზედაპირული ტრავმა, კისრის მიდამოს ზედაპირული ტრავმა, მარცხენა ცხვირ-ლოყის მიდამოს შესიება, შეშუპება და ექსკორიაცია კისრის მარჯვენა ნახევარში, აღნიშნული დაზიანებების ერთობლიობა საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს საყოფაცხოვრებო პირობებში მათ მიღებას.

5.19. გარდა ზემოაღნიშნულისა საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა, რომ დაზარალებულ ლ. ჭ–სეს ჰქონდა რაიმე დაინტერესება, მსჯავრდებულისთვის დაებრალებინა დანაშაულის ჩადენა. ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში რ. ქ–სი ხშირად იყო გაღიზიანებული, ჰქონდა ნევროზული ფონი და თავს ვერ აკონტროლებდა, დასტურდება თავად მსჯავრდებულის დედის, მ. ქ–ის ჩვენებით, რაც მეტ დამაჯერებლობას სძენს დაზარალებულ ლ. ჭ–სისა და მოწმე ვ. ო–სის ჩვენებებს, რომ რ. ქ–სმა ადგილზე პოლიციის მანქანით მისულ და სამსახურებრივ ფორმაში ჩაცმულ ლ. ჭ–სეს მოულოდნელად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

5.20. საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის განმარტება, რომ ვინაიდან დაზარალებულ მ. გ–სსა და რ. ქ–სს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ამ უკანასკნელის მუქარას არ უნდა გამოეწვია მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა მ. გ–სმა და მოწმე ნ. გ–სმა დაადასტურეს, რომ რ. ქ–სს რძალთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწმე ნ. გ–სის განმარტებით, როგორც მისთვის არის ცნობილი, ბოლო დროს რ–იი იყო აგრესიული, რაც ასევე გამყარებულია მსჯავრდებულის დედის, მ. ქ–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში რ–ს უჭირდა თავის გაკონტროლება. შესაბამისად, დამაჯერებელია ის ფაქტი, რომ რ. ქ–სის მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად. მართალია, მ. გ–სმა განმარტა, რომ მანამდე რ–ითან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და მას, რომ სდომებოდა მუქარის განხორციელება, პირდაპირ მივიდოდა მათთან, თუმცა რ. ქ–სთან საუბრისას განიცადა შიში, რადგან არ იცოდა რა ინფორმაციას ფლობდა იგი და რატომ იყო გაღიზიანებული. მას იმ წუთებში აღელვების ნიადაგზე ძალიან შეეშინდა. მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში კი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ რ. ქ–სი არის ნერვიული და შესაძლოა, რაღაც მომენტში თავი ვერ გაეკონტროლებინა. ის ფაქტი, რომ რ. ქ–სს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ასევე დგინდება ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნით, რომელშიც მითითებულია, რომ რ. ქ–სს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა (კოდი- .... დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია, რომ რ. ქ–ს მუქარის შედეგად მ. გ–ს გაუჩნდა რეალური საფრთხის შეგრძნება.

5.21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების (მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. ქ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.22. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა რ. ქ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, მათ შორის ის, რომ რ. ქ–სმა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, რის გამოც მას სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ის ფაქტი, რომ იგი დანაშაულების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი, გათვალისიწინებულია სასჯელის ზომის განსაზღვრისას. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოებმა რ. ქ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განუსაზღვრეს ისეთი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

5.25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ქ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ტ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე