Facebook Twitter

საქმე N 330100120004173792

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №746აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი

წ–ე ნ., №746აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. წ–ეე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ–ში, დ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. წ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. თ–ს, კერძოდ: ყელში წაუჭირა მარჯვენა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ–ში, დ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. წ–მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. თ–ს, რომლის კუთვნილი „iPhone X“ მოდელის მობილური ტელეფონი აიღო ხელში და მიარტყა კედელზე, რის შედეგადაც ტელეფონს დაუზიანდა ეკრანი, ხოლო ნ. თ–სეს მიადგა 1500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. წ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. წ–მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ–ი, დ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. წ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. თ–ს, კერძოდ: ყელში წაუჭირა მარჯვენა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენით ნ. წ–ეე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ნ. წ–ეე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 30 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, ნ. წ–ს 15 (თხუთმეტი) საათით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათით.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ნ. წ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 7 ივლისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ. წ–ეის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ნ. წ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების ნაწილში არის უკანონო, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ამ ნაწილში ნ. წ–ს ბრალეულობას, კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი იყო დაზიანებული. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ნივთის ღირებულება შეადგენდა 1500 ლარს. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ ნ. წ–მ დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, დაუზიანა მობილური ტელეფონი. მოწმე ს. ჟ–მა განმარტა, რომ როგორც ნ. თ–მ უამბო, მასზე იძალადა და ნივთი დაუზიანა ნ. წ–მ. მოწმე ლ. პ–მ კი აღნიშნა, რომ დაინახა იატაკზე დაგდებული, ნ. თ–ს დაზიანებული ტელეფონი. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ ნ. წ–მ დააზიანა ნ. თ–ს კუთვნილი მობილური ტელეფონი.

4.2. კასატორი ასევე განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ნ. წ–ს ქმედებების ხასიათი, მათი ჩადენის მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი, მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე და მას განუსაზღვრა ლმობიერი სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ნ. წ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობასთან მიმართებით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში ნ. წ–ს გამართლების შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ნ. თ–მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ნ. წ–მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა ნ. წ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ შემაკავებელი ორდერითა და მოწმეების - ს. ჟ–სა და ლ. პ–ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ ნ. წ–მ დააზიანა დაზარალებულის ტელეფონი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღბას ამახვილებს 2020 წლის 1 ნოემბრის N.... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომელშიც მითითებულია, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს ნ. წ–მ ნ. თ–ს დაუზიანა მობილური ტელეფონი. ამასთან, მოწმე ს. ჟ–მა დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას მას დაზარალებულმა ნ. თ–მ უამბო, რომ ნ. წ–მ დაუზიანა მობილური ტელეფონი. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმე თვითონ უშუალოდ არ შესწრებია ტელეფონის დაზიანების ფაქტს და შემაკავებელი ორდერის ოქმშიც ამის შესახებ ინფორმაცია მიუთითა დაზარალებულის განმარტების საფუძველზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, სხვა მტკიცებულება კი, რაც გაამყარებდა მოწმის ჩვენებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებულ ინფორმაციას, წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მხოლოდ მოწმე ს. ჟ–სის ჩვენება და შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებული ინფორმაცია, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს 2020 წლის 30 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და მოწმეების - კ. ყ–ს, დ. ე–სა და შ. კ–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს დაზიანებული მობილური ტელეფონი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული მოწმეები თავად არ შესწრებიან ტელეფონის დაზიანების ფაქტს, მათი ჩვენებები ამ ნაწილში ნ. წ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად არარელევანტურია, მითუფრო იმ ვითარების მხედველობაში მიღებით, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმის, ლ. პ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ, მართალია, შემთხვევის ადგილზე ნახა დაგდებული ტელეფონი, მაგრამ არ დაუნახავს, დაზიანებული იყო თუ არა იგი, ასევე, არ დაუნახავს, რომ შემთხვევის დროს მეუღლის კუთვნილი ტელეფონი დააზიანა ნ. წ–ეემ. ამასთან, მოწმე დ. უ–მაც აღნიშნა, რომ მას შემთხვევის ადგილზე დაზიანებული ტელეფონი არ უნახავს. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, რომ შემთხვევის დროს სწორედ ნ. წ–მ დააზიანა დაზარალებულის კუთვნილი „Apple-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი „iPhone X“, რომლის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპერტიზის N.....დასკვნით, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 1500 ლარს. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის სხვისი ნივთის დაზიანების ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. წ–ს მიერ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაზიანების, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნეს უდანაშაულოდ და გაამართლეს.

5.7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ნ. წ–სთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ნ. წ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში ნ. წ–ეეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ ნიშანს, რის გამოც დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.

5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. წ–ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ნ. წ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე