საქმე # 330100121004831306
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №872აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი დ., 872აპ-22 3 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენით:
1.1. დ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 25 მაისიდან.
1.2. გ. ჩ-ე, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2021 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2021 წლის 25 მაისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 25 მაისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-ა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· დ. მ-ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, გერმანული წარმოების, 1931 წლის ნიმუშის, 7,65 მმ კალიბრიანი WALTHER PPK-ს კონსტრუქციის პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებით, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო 5 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ კალიბრიანი, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტისთვის, მათ შორის WALTHER PPK პისტოლეტისთვის, რაც ასევე მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ვაზნებს დ. მ-ი 2021 წლის 25 მაისს ასევე უკანონოდ ინახავდა.
· 2021 წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:15 საათზე, ქ.თ-ი, ბ-ლ ს-ს გამზირის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. მ-ი უკანონოდ ატარებდა მის მიერ დაუდგენელ ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებულ, გერმანული წარმოების, 1931 წლის ნიმუშის, 7,65 მმ კალიბრიან WALTHER PPK-ს კონსტრუქციის პისტოლეტს, რომლის ჩარჩოზეც იკითხება ნომრის ფრაგმენტი „3****6 k” და საბრძოლო ვაზნებს. ხსენებული პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო 5 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ კალიბრიანი, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტისთვის, მათ შორის WALTHER PPK-ს პისტოლეტისთვის, რაც ასევე მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (2021 წლის 9 იანვრისა და 25 მაისის ეპიზოდები), რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ. ჩ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, საბჭოთა წარმოების, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი ნომრით - ИM7024, საბრძოლო ვაზნებით, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო 7 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 9,18 მმ კალიბრიანი, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტისთვის, მათ შორის ИM7024 პისტოლეტისთვის, რაც ასევე მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ვაზნებს გ. ჩ-ე 2021 წლის 25 მაისს ასევე უკანონოდ ინახავდა.
· 2021 წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:15 საათზე, ქ.თ-ი, ბ-ლ ს-ს გამზირის №...-ის მიმდებარედ, გ. ჩ-ე უკანონოდ ატარებდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებულ, საბჭოთა წარმოების, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიან მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს, ნომრით ИM7024 და საბრძოლო ვაზნებს. მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, ნომრით ИM7024, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო 7 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 9,18 მმ კალიბრიანი, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტისთვის, მათ შორის ИM7024 პისტოლეტისთვის, რაც ასევე მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლითა და 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. მიუხედავად იმისა, რომ იყო განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი, მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თ-ი, ჩ-ს ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. ჩ-ე უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
· 2021 წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:15 საათზე, ქ.თ-ი, ბ-ლ ს-ს გამზირის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. ჩ-ე უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ, მაფიქსირებელი მოწყობილობის მქონე დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით:
3.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი დ. მ-ს მიმართ და მის ნაცვლად სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.
3.2. დ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
3.3. დ. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
3.4. გამართლებულ დ. მ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
3.5. გ. ჩ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
3.6. გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2021 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2021 წლის 25 მაისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 25 მაისიდან.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. მ-ა და გ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო სხვა ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვება.
4.1. გამართლებულ დ. მ-ა და მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ქ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №524აპ-21).
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო. პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი დ. მ-ა და გ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ბრალეულობასთან მიმართებით, რაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მათ სასარგებლოდ. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის გამატყუნებელი განაჩენი დ. მ-ს მიმართ გაუქმდა, ხოლო ამავე განაჩენში გ. ჩ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არ დადასტურდა დ. მ-ა და გ. ჩ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
8. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
9. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება პოლიციელების ჩვენებებს და მათი მონაწილეობით ჩატარებულ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგ: იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №404აპ-16, № 560აპ-16), ხოლო საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება წარმართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. გ. ჩ-მ და დ. მ-ა მათ მიმართ სისხლისსმართლებრივი დევნის დაწყების პირველივე ეტაპიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე და სააპელაციო სასამართლოშიც შეინარჩუნეს ეს პოზიცია; ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი პირადი ჩხრეკისას არ ყოფილა ნანახი და ამოღებული არც ცეცხლსასროლი იარაღები და არც საბრძოლო მასალა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბრალდების მხარემ, ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულთა მიერ მოყვანილი არგუმენტების გასაბათილებლად გამოძიების ეტაპზევე ჩაეტარებინათ გარკვეული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მოეპოვებინათ დამატებითი მტკიცებულებები - მოეხდინათ ვიდეოჩაწერა, დაეკითხათ ნეიტრალური მოწმეები, მოეძიებინათ და ამოეღოთ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები - შემოიფარგლენ მხოლოდ პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციის თანამშრომლების დაკითხვით. აღსანიშნავია, რომ დ. მ-ა და გ. ჩ-ს, ისევე, როგორც ნ. მ-ს, თ. ჯ-ა და ბ. ჩ-ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა 17 საათსა და 15 წუთზე, ღია სივრცეში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, თუმცა პოლიციელთა ჩვენებების გასამყარებლად გამოძიებას არ დაუდგენია და არ გამოუკითხავს ნეიტრალური პირები, რომელთა თვალთახედვის არეში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება შემოიფარგლა მხოლოდ მოწმეების - თ. დ-ს, ა. ჩ-ა და ა. ტ-ს გამოკითხვით, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია მტკიცების საგნის დასადგენად (პირადი ჩხრეკის დროს დ. მ-ა და გ. ჩ-ნ ამოიღეს თუ არა ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა) არაინფორმაციულია იმდენად, რამდენადაც აღნიშნულმა პირებმა თავიანთი საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გადაიხედეს დაბლა, ეზოში (მოწმე თ. დ-ე ცხოვრობს მე-9 სართულზე და კარგად ვერც გაარჩია დანახული, ხოლო ა. ჩ-ა და ა. ტ-ს ფანჯარა არც გაუღიათ, ამ უკანასკნელის განმარტებით, ფაქტი მისთვის რაიმე ინტერესს არ წარმოადგენდა და არც სურვილი გასჩენია მათთვის ეყურებინა (იხ. გამოკითხვის ოქმები: ტომი 2, ს.ფ. 107-118).
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ზოგადად, პოლიციელის ჩვენება, როგორც მტკიცებულება, აპრიორი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არასანდო მტკიცებულებად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, გარდა პოლიციელების ჩვენებებისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ. მ-ა და გ. ჩ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განსახილველ საქმეზე არ წარმოდგენილა.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ. მ-ა და გ. ჩ-ს პირადი ჩხრეკის გარემოებებზე (ვინ ჩაატარა მათი პირადი ჩხრეკა, უშუალოდ ვინ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი გ. ჩ-ნ, ვინ განმუხტა იარაღი, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობდნენ თუ არა სხვა სამმართველოს თანამშრომლები, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მსჯავრდებულები აგინებდნენ თუ არა პოლიციელებს, ან შეურაცხყოფას აყენებდნენ თუ არა, დაადგინეს თუ არა წინასწარ ავტომობილში მსხდომი პირების ვინაობა და მონაცემები) მოწმეების - ა. ტ-ს, ი. ქ-ს, ო. ბ-ს, ჯ. ო-ს, ზ. დ-ს ჩვენებებს შორის წინააღმდეგობებია. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ პირად ჩხრეკებს, შესაბამისად, აღნიშნული წინააღმდეგობები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უმნიშვნელოდ, რადგან ეს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი – in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება, სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ შესაძლებელია მისი ბრალეულობის საეჭვოდ მიჩნევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
14. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენაში დ. მ-ა და გ. ჩ-ს მამხილებელ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს პოლიციელების ჩვენებები. საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ ადასტურებს დ. მ-ა და გ. ჩ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ჩატარებული გამოძიება ვერ პასუხობს სისრულისა და ყოველმხრივობის მოთხოვნას, მხოლოდ სადავო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები (ისიც წინააღმდეგობრივი), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. მ-ა და გ. ჩ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017)).
16. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს დ. მ-ა და გ. ჩ-ს სასარგებლოდ.
17. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2021 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) მსჯავრდებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით, პირადი გასინჯვის №... ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ცივი იარაღის ექსპერტიზის №... და №... დასკვნებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, პოლიციის თანამშრომლების - ზ. რ-ა და გ. ხ-ს გამოკითხვის ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
18. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი