Facebook Twitter

საქმე # 200100121004961762

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №930აპ-22 ქ. თბილისი

ს-ე მ., 930აპ-22 3 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით:

1.1. მ. ს-ე, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მ. ს-ს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოუხდელი სასჯელი მთლიანად შთანთქა ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 11 ივლისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

· თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.

· 2021 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა მ. ს-მ უკანონოდ შეაღწია ა-ს რაიონის სოფელ ა-ი მდებარე ლ. ხ-ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლ. ხ-ს კუთვნილ ხელჩანთას, ღირებულს 25 ლარად, სათვალეს, ღირებულს 25 ლარად და ფულად თანხას - 410 ლარს. აღნიშნული ქმედებით ლ. ხ-ს მიადგა 460 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა მ. ს-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

4.1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ს-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ მ. ს-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ლ. ხ-ა და მოწმეების - თ. ხ-ს, ა. დ-ს, ი. ე-ს, ლ. მ-ს, გ. მ-ს, ზ. ქ-ს, ზ. ლ-ს, ნ. ა-ს, მ. ა-ს და ნ. ძ-ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული მ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს მხოლოდ დანიშნული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის შემსუბუქებას.

8. საკასაციო პალატა ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

10. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. ს-ს საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. ს-ს მოთხოვნას მის მიმართ დადგენილი სასჯელის შემუბუქების თაობაზე, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მ. ს-ს პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: მსჯავრდებულმა დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი; ამასთან, მ. ს-ე წარსულში ნასამართლევია არა მხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, რამაც ასახვა ჰპოვა მისი მიერ ჩადენილი ქმედების კვლიფიკაციაზე, არამედ იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოცემულ შემთხვევაში განსახილველი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის - 2021 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, რის გამოც დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მ. ს-ს შეეფარდებინა 7 წლით თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლები სასჯელი. რაც შეეხება მ. ს-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა სახის შეღავათების გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძვლების არსებობის საკითხს (სსკ-ის 63-ე და 50-ე მუხლები), მსჯავრდებულმა მ. ს-მ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება აღიარა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ხოლო გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე იგი თავს უდანაშაულოდ ცნობდა და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან; ამასთან, მან ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაული და ნასამართლობის მქონე პირია, რაც გამორიცხავს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი