საქმე # 010100121005106060
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №950აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი ი., 950აპ-22 3 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 8 აგვისტოს, დღის საათებში, ქ.ბ-ი, შ. ხ-ს №...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, შურისძიების ნიადაგზე, ი. მ-ა მკლავის არეში ხელის მოჭერით სხეულის დაზიანება მიაყენა ა. მ-ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განაჩენით:
2.1. ი. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გამართლებულ ი. მ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ალექსანდრე ძირკვაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენის გაუქმება, ი. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ი. მ-ს ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი მიუთითებს, რომ ი. მ-ა ძალის გამოყენებით გააგდო ლიფტიდან, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება ხელზე ჩალურჯების სახით, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რადგან არ არის თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რაც სანდოობასა და დამაჯერებლობას უკარგავს მას, კერძოდ:
8. ა. მ-მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ი. მ-ა ხელი მოჰკიდა მარჯვენა ხელზე და ფიზიკური ძალის გამოყენებით გააგდო ლიფტიდან, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ჩაულურჯდა ხელი. ლიფტში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ ა. მ-ა ლიფტიდან ძალის გამოყენებით არ გაუგდიათ, ი. მ-ა მხოლოდ ერთხელ მოჰკიდა მას ხელის მტევანზე ხელი და რამდენიმე წამში გაუშვა, რის შემდეგაც ა. მ-ა თავისი ნებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, გავიდა ლიფტიდან და ამით ინციდენტი დასრულდა.
9. გარდა ამისა, დაზარალებულ ა. მ-ს განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნაში მითითებული დაზიანება - მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე არსებული, მოიისფრო, უსწორო ფორმის სისხლნაჟღენთი მან მიიღო ი. მ-ს მიერ მასზე ლიფტში ძალადობის შედეგად, მაშინ, როცა ლიფტში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერით ცალსახად დგინდება, რომ ი. მ-ი მას შეეხო მხოლოდ მარჯვენა ხელის მტევანზე და არა - მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. მ-ს მხრიდან ა. მ-ს ხელის მტევანზე ხელის მოკიდება წარმოადგენდა მის რეაქციას დაზარალებულის ქმედებაზე, რომელმაც არ გაითვალისწინა ი. მ-ს მოწოდება, პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, პირბადის გარეშე არ შესულიყო ლიფტში, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება ცემად ან სხვაგვარ ძალადობად, რისთვისაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება, რომ ი. მ-ს ზემოაღნიშნულმა ქმედებამ ა. მ-ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
11. მართალია, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, თუმცა არა იმ ადგილზე, სადაც ი. მ-ს ჰქონდა მასთან შეხება - მარჯვენა ხელის მტევანზე, არამედ - მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არასანდო და არადამაჯერებელია, საკმარისი არ არის იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ი. მ-ს მიერ ხელზე ხელის მოკიდების შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პ-ის წინააღმდეგ“).
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი