საქმე # 330100120003760553
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №981აპ-22 ქ. თბილისი
გ-ე დ., 981აპ-22 3 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს და დ. გ-ს, - დაბადებულს .... წლის ... დეკემბერს, - ბრალად ედებათ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. გ. გ-ს მიმართ:
· 2020 წლის 7 მაისს ქ. ხ-ი, პ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრთან არსებული უთანხმოების მოგვარების მცდელობისას, მ. გ-ს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა მამასთან - გ. გ-ნ, რა დროსაც მამამ ფიზიკურად იძალადა შვილზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების დროს ძლიერად დაარტყა ფეხი მუცლის არეში. მოგვიანებით, დაახლოებით 21:00 საათზე, საძინებელ ოთახში ყოფნის დროს, მ. გ-ე ესაუბრებოდა დედას, რძალსა და ძმას, ცდილობდა მათთვის აეხსნა, რომ იყო სრულწლოვანი და ჰქონდა უფლება, ეცხოვრა სურვილისამებრ. საუბრის დროს მათთან ოთახში შევიდა მამა - გ. გ-ე, რომელიც იყო აგრესიული. მან მარჯვენა ხელი ძლიერად დაარტყა მ. გ-ს სახის მარცხენა მხარეს, თვალის მიდამოში, რის შედეგადაც მ. გ-ე გადავარდა სკამიდან და დაეცა იატაკზე, სადაც გ. გ-მ ხელი მოჰკიდა გაშლილ თმაში და ექაჩებოდა ძლიერად. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ. გ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის დეკემბერში მ. გ-მ შექმნა ოჯახი მასზე უფროს მამაკაცთან. აღნიშნულს უარყოფითად შეხვდნენ მ. გ-ს მამა - გ. გ-ე და ძმა - დ. გ-ე, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ მ. გ-ე, როგორც ქალი და შვილი, უნდა დამორჩილებოდა მამის და ძმის, როგორც „ოჯახის უფროსის“ მითითებებს, რის გამოც ისინი 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით სისტემატურად, ფსიქიკური ძალადობის გამოყენებით, მ. გ-ს აიძულებდნენ, დაშორებოდა მეუღლეს და საცხოვრებლად დაბრუნებულიყო ხ-ი. ეუბნებოდნენ, რომ მისი გადაწყვეტილება ოჯახისთვის იყო მიუღებელი, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, ეძახდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. მათი დამოკიდებულება არაერთხელ გადაზრდილა კონფლიქტში, რასაც მოჰყვა ფიზიკური შეურაცხყოფაც.
· 2020 წლის 7 მაისს ქ. ხ-ი, პ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არსებული უთანხმოების მოგვარების მცდელობისას, მას შემდეგ, რაც მ. გ-ე ცდილობდა მათთვის აეხსნა, რომ არ სურდა მეუღლესთან დაშორება და უფლება ჰქონდა, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება, გ. გ-მ და დ. გ-მ ფიზიკურად იძალადეს მ. გ-ე. ასევე, 2020 წლის 14 და 15 მაისს გ. გ-ე და დ. გ-ე მივიდნენ ქ. თ-ი, თ-ს მე-... მ/რაიონში, მე-... კვარტლის ...-ე კორპუსის ...-ე ბინაში და აიძულებდნენ მ. გ-ს, რომ დაშორებოდა მეუღლეს და წასულიყო ხ-ი. აღნიშნული ქმედებით მ. გ-ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
1.3. დ. გ-ს მიმართ:
· 2020 წლის 7 მაისს ქ. ხ-ი, პ-ს ქუჩა №…-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებთან არსებული უთანხმოების მოგვარების მცდელობისას, მ. გ-ს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ძმასთან - დ. გ-ნ, რა დროსაც ძმამ ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების დროს მარჯვენა ხელი მოჰკიდა თმაზე და რამდენჯერმე ძლიერად მოქაჩა. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ. გ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის დეკემბერში მ. გ-მ შექმნა ოჯახი მასზე უფროს მამაკაცთან. აღნიშნულს უარყოფითად შეხვდნენ მ. გ-ს ძმა - დ. გ-ე და მამა - გ. გ-ე, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ მ. გ-ე, როგორც ქალი და შვილი, უნდა დამორჩილებოდა მამის და ძმის, როგორც „ოჯახის უფროსის“ მითითებებს, რის გამოც ისინი 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით სისტემატურად, ფსიქიკური ძალადობის გამოყენებით, მ. გ-ს აიძულებდნენ, დაშორებოდა მეუღლეს და საცხოვრებლად დაბრუნებულიყო ხ-ი. ეუბნებოდნენ, რომ მისი გადაწყვეტილება ოჯახისთვის იყო მიუღებელი, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, ეძახდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. მათი დამოკიდებულება არაერთხელ გადაზრდილა კონფლიქტში, რასაც მოჰყვა ფიზიკური შეურაცხყოფაც.
· 2020 წლის 7 მაისს ქ. ხ-ი, პ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არსებული უთანხმოების მოგვარების მცდელობისას, მას შემდეგ, რაც მ. გ-ე ცდილობდა მათთვის აეხსნა, რომ არ სურდა მეუღლესთან დაშორება და უფლება ჰქონდა, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება, გ. გ-მ და დ. გ-მ ფიზიკურად იძალადეს მ. გ-ე. ასევე, 2020 წლის 14 და 15 მაისს გ. გ-ე და დ. გ-ე მივიდნენ ქ. თ-ი, თ-ს მე-... მ/რაიონში, მე-... კვარტლის ...-ე კორპუსის ...-ე ბინაში და აიძულებდნენ მ. გ-ს, რომ დაშორებოდა მეუღლეს და წასულიყო ხ-ი. აღნიშნული ქმედებით მ. გ-ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენით:
2.1. გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. დ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.3. დ. გ-ა და გ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2020 წლის 2 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ მ. გ-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქალაქ ხ-ი, პ-ს ქუჩა №...-ში (საკადასტრო კოდით: ...), თითოეულის შემთხვევაში - 3000-3000 ლარის პროპორციულ წილს.
2.4. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განჩინებით დ. და გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული - დაზარალებულთან მიახლოებისა და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.
2.5. გამართლებულ გ. და დ. გ-ს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენის გაუქმება და დ. და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ-ა და დ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
7.1. დაზარალებულმა მ. გ-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავების (მამის და ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
7.2. მოწმეებმა - ა. დ-ა და დ. გ-მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
7.3. მოწმე გ. ნ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 8 მაისს, ხ-ი, ტ-ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, შეხვდა ნამტირალევი და განერვიულებული მ. გ-ე, რომელსაც ჰკითხა, ხომ არ სჭირდებოდა დახმარება, რაზეც მან სთხოვა დაეტოვებინა ავტოსადგურის ტერიტორიაზე. მან მიიყვანა მ. აღნიშნულ ადგილას, სადაც იგი უნდა შეხვედროდა მეგობარს. ვიზუალურად რაიმე სახის დაზიანება მისთვის არ შეუმჩნევია.
7.4. მოწმე ზ. ჩ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლიდან იგი და მ. გ-ე ცხოვრობენ ერთად. მ. ჩავიდა ხ-ი, რომ მშობლებისთვის პირადად ეთქვა მისი გადაწყვეტილების თაობაზე. 2020 წლის 7 მაისს მან დაურეკა ხ-ნ და სთხოვდა შველას, რადგან ეჩხუბებოდნენ მშობლები და იყო ხელის შეხების ფაქტიც მამისა და ძმის მხრიდან, რომლებსაც სურდათ მისი ხ-ი დატოვება და მასთან ურთიერთობის აკრძალვა. მეორე დღეს მ. დაბრუნდა თ-ი. მას აღენიშნებოდა ნაკაწრი მარცხენა თვალის არეში. მ-მ. მოუყვა ხ-ი მამისა და ძმის მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ, ასევე აჩვენა მარცხენა თვალთან მცირე სისხლჩაქცევა და მარჯვენა მუხლის მიდამოში სისხლნაჟღენთი, რომელიც მიღებული ჰქონდა მამამისის მიერ სახეში ხელისა და ფეხში წიხლის ჩარტყმის შედეგად; მ. ასევე უჩიოდა თავის ქალის წვას და ამბობდა, რომ მამამ და ძმამ ითრიეს თმით. 2020 წლის 14 მაისს, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, თ-ი ჩამოსულები იყვნენ მ-ს მშობლები, რომლებიც ცდილობდნენ მის ხ-ი წაყვანას. თავად არ იმყოფებოდა სახლში და ამიტომ მ-ს ურჩია დახმარებისთვის მიემართა პოლიციისთვის. მოწმის განმარტებით, თავად რაიმე ძალადობის ან იძულების ფაქტის შემსწრე არ ყოფილა და მომხდარის შესახებ იცის მხოლოდ მ. გ-ნ გადმოცემით, რომელსაც ახასიათებს სიტუაციის გაზვიადება, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს სისტემატურ დახმარებას.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იმ მდგომარეობაში, როდესაც დაზარალებულმა და ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები: მოწმეების - გ. გ-ა და ი. ქ-ს (მეზობლები) გამოკითხვის ოქმები, რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები, ამასთან, უარყოფენ დ. და გ. გ-ს ოჯახიდან რაიმე ყვირილისა და ხმაურის გაგონებას; შემაკავებელი ორდერი, რომელიც გამოწერილია იმაზე, რომ დ. გ-ე მ. გ-ე ფსიქიკურად ძალადობს, აწუხებს სატელეფონო ზარებით და აკითხავს მისამართზე, იმ პირობებში, როდესაც დ. გ-ს პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალი დაედო ფიზიკურ ძალადობასა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ იძულებაში; ზ. ჩ-ს ჩვენება, რომელიც ადასტურებს გ. და დ. გ-ს მხრიდან მ. გ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მის სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობას, თავისი ბუნებით ირიბი ხასიათის მტკიცებულებაა, ვინაიდან იგი ინფორმაციას ფლობს დაზარალებულის მონაყოლის საფუძველზე, - ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობისა და უტყუარობის სტანდარტს და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
10. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მართალია, დადგენილია, რომ მ. გ-ს 2020 წლის 15 მაისს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია სამედიცინო დახმარება და მარჯვენა ქვემო კიდურის არეში აღენიშნებოდა ჰემატომა, თუმცა აღნიშნული დასკვნით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის არის დაზიანება მიყენებული და მ. გ-ს სხეულზე არსებული დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამება თუ არა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ასევე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მ. გ-ს 2020 წლის 18 მაისს პირადი შემოწმებისას სხეულზე მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. გ-ა და დ. გ-ს მიერ მ. გ-ს მიმართ ძალადობისა და იძულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
13. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი