Facebook Twitter

საქმე # 330100121005133650

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№982აპ-22 9 ნოემბერი, 2022 წელი

ბ-ო ა, 982აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის განაჩენით:

ა. ბ-ო, - დაბადებული --- წლის - მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს №0---- გადაწყვეტილებით 3 თვითა და 28 დღით ადრე, პირობით ვადამდე გათავისუფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს №0---- გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლებული სასჯელიდან - 2 წლით, 3 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთიდან, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ოს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.

2. ა. ბ-ოს მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2021 წლის 16 სექტემბერს, ღამით, თ-ი, ნ-ის ქუჩის კორპუსი №1--, ბინა №--ში, ოჯახური კონფლიქტისას წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა. ბ-ომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ტ. ბ-ოს, კერძოდ, ფეხი დაარტყა მუცლის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ტ. ბ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ბ-ოსათვის დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ბ-ოსათვის დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა მუცელში ფეხი დაარტყა საკუთარ დედას. ამასთან, ა. ბ-ომ დანაშაული პირობითი მსჯავრის პირობებში ჩაიდინა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, დაუშვებელი იყო მის მიმართ დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის დათქმას. ა. ბ-ოსთან არ გაფორმებულა საპროცესო შეთანხმება და მისთვის დანიშნული სასჯელიდან თუნდაც ნაწილის პირობითად ჩათვლა შესაძლებელია მხოლოდ გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმებისას.

6. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N10 დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2022 წლის 25 ოქტომბრის მომართვის თანახმად, ა. ბ-ო დაწესებულებიდან სასჯელის მოხდით გათავისუფლდა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ა. ბ-ოს მიმართ დანიშნულ სასჯელში უნდა შევიდეს ცვლილება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების მართლზომიერება:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, ა. ბ-ოს მიერ დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის პირობებში, შეუძლებელს ხდიდა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენებას, ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში არსებული შეზღუდვის გამო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, მას შემდეგ, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გააუქმა ა. ბ-ოს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნულ სასჯელზე გაავრცელა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათიც და მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაუთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინა - 2 წელი.

3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დანაწესი განიხილეს ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისგან განყენებულად. სააპელაციო სასამართლომ მოცემული გადაწყვეტილების არგუმენტად მიუთითა, რომ პირობითი მსჯავრის ინსტიტუტი დარეგულირებული იყო სხვა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის XII თავით, რომლის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლი (არამედ იგი განსაზღვრავდა მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის წესებს). სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა. ბ-ოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პირობითი მსჯავრის გაუქმების შემდეგ, განაჩენთა ერთობლიობით კვლავ შეეფარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი დანაწესი.

4. წარმოდგენილი საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების/მტკიცებულების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და მასთან დაკავშირებულ არგუმენტებს არ იზიარებს.

5. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განიხილავს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედების სფეროს, ხოლო შემდეგ კი გააანალიზებს როგორც მათ ურთიერთკავშირს, ისე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით.

6. კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად სამი გარემოების არსებობას (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №888აპ-21 და №305აპ-21 გადაწყვეტილებები), კერძოდ: მითითებული მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ: ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, მოცემული ნორმის შინაარსში ნასამართლობა დამაბრკოლებელ გარემოებად მოხსენიებული არ არის, თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენების დროს უგულებელყოფილი უნდა იქნეს სხვა ნორმათა მოთხოვნები, რომლებიც ხსენებულ საკითხს აწესრიგებენ, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსი, რომლის თანახმადაც: თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა (რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გამოკვეთილია), სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან (რაც განსახილველ საქმეზე არ წარმოდგენილა).

7. მაშასადამე, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ნათლად განსაზღვრავს როგორც სასჯელის დანიშვნის წესს, როდესაც პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში ჩაიდენს განზრახ დანაშაულს, ისე - მოცემული წესისგან დაშვებული გამონაკლისის ფარგლებს; საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, კერძოდ, XII თავისაგან (პირობითი მსჯავრი) განყენებულად ხელმძღვანელობას, მითუმეტეს, რომ როგორც ვადიანი თავისუფლების აღკვეთა (თავი X), ისე პირობითი მსჯავრი (თავი XII) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთ კარშია მოქცეული (კარი მესამე, სასჯელი) და ისინი სისტემურად ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი. აქედან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დანაწესი სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა არა იზოლირებულად, არამედ სხვა ნორმასთან - საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსთან კავშირში. შესაბამისად, ფაქტი, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის ყველა წინაპირობა მოცემულ საქმეში, ცალკე აღებული, გამოკვეთილია (დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის ჩადენის ან ჩადენისთანავე არ წაუსწრიათ), არ გულისხმობს პირობითი მსჯავრის პირობებში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნის სხვა, კონკრეტული მომწესრიგებელი ნორმის უგულებელყოფის უფლებამოსილებასაც.

8. მსგავს სამართლებრივ საკითხზე მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ იმსჯელა, რომ: ,,საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი, გარდა პირობითი მსჯავრის გამონაკლის შემთხვევაში გამოყენების წესისა, ასევე არეგულირებს პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში დანაშაულის ჩადენისას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის დანიშვნის წესს, რაც მიემართება არა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის, არამედ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ პირობით მსჯავრსაც. შესაბამისად, გაუგებარია, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმგვარი განმარტება, რაც უშვებს მისი პირველი და მეორე წინადადებების გავრცელებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაზე, ხოლო მსგავს მიდგომას გამორიცხავს მესამე წინადადებასთან მიმართებით“ (იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს N525აპ-22 განაჩენი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიხედვით, კასატორი ამტკიცებდა, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილს შორის კონკურენციისას უპირატესობა უნდა მინიჭებოდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით დადგენილ წესს, როგორც სპეციალურ ნორმას. საკასაციო სასამართლომ მოცემულ პოზიციას უპასუხა შემდეგნაირად: „საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლი აწესრიგებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო ამავე კოდექსის 67-ე მუხლი - უშუალოდ პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმების ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირების საკითხს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სწორედ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას“ (იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს N562აპ-21 განაჩენი).

9. სააპელაციო პალატამ საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებისას სრულად გაიზიარა დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში მოხმობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (კერძოდ, იგულისხმება: №77აპ-22, №18აპ-22 გადაწყვეტილებები), რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მითითებულ გადაწყვეტილებებს არ მიიჩნევს განსახილველი საქმისათვის რელევანტურად, ვინაიდან ხსენებულ შემთხვევებში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის პარალელურად, საკასაციო სასამართლოს არ გამოუყენებია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათიც (ა. ბ-ოს სისხლის სამართლის საქმეში კი ზემოხსენებული ორი მუხლი სააპელაციო სასამართლომ ერთობლივად გამოიყენა).

10. სააპელაციო პალატამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ა. ბ-ოს პირობითი მსჯავრის გაუქმების შემდეგ, განაჩენთა ერთობლიობით კვლავ შეეფარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი დანაწესი. მოცემული მითითება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებათა ქრონოლოგია არ არღვევს მათ შორის ურთიერთკავშირს და მითუმეტეს, არ გულისხმობს - პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების უფლებამოსილებას.

11. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ა. ბ-ოს სასჯელის დანიშვნისას ამ მუხლით გამოყენებულ შეღავათზე მითითება უნდა ამოერიცხოს.

საკასაციო სასამართლოს მიერ ა. ბ-ოსათვის შერჩეული სასჯელის სახე და ზომა:

12. ამგვარად, მას შემდეგ, რაც საკასაციო პალატამ გაიზიარა პროკურორის მითითება იმ ნაწილში, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება არ შეესაბამება საპროცესო კანონის მოთხოვნებს, ა. ბ-ოს მიმართ სასჯელის კონკრეტული სახე და ზომა უნდა შეირჩეს.

13. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს.

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

15. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო, ქმედების სახისა და მოვალეობათა დარღვევის ზომის პარალელურად (განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ა. ბ-ომ, კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ, ოჯახში ძალადობა, რა დროსაც მუცელში ფეხი ჩაარტყა დედას), აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მან აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და მიაჩნია, რომ:

ა. ბ-ო ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს №0---- გადაწყვეტილებით - 3 (სამი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს №0----- გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლებული სასჯელიდან - 2 (ორი) წლით, 3 (სამი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთიდან, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ოს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა. ბ-ოს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ა. ბ-ო ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს №0---- გადაწყვეტილებით - 3 (სამი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლება;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს №0--- გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლებული სასჯელიდან - 2 (ორი) წლით, 3 (სამი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთიდან, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ--ოს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. ა. ბ-ოს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ამავე საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 16 სექტემბრიდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი