საქმე # 330100120003883855
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №857აპ-22 ქ. თბილისი
გ-ი ს, 857აპ-22 10 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის განაჩენით:
1.1. ს. გ-ი, - დაბადებული … წლის … თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 3 აგვისტოდან.
1.2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლებები; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-ა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 26 ივნისს, ქ. თ-ი, სოფელ ფ-ი, მ. ფ-ის 1-ლი ჩიხი, ბინა N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. გ-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,1307 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, სამ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება 150 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. გ-ე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
· 2020 წლის 3 აგვისტოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თ-ი, სოფ. ფ-ი, რ-ის გზატკეცილი N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს ს.გ-ი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენის გაუქმება და ს. გ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
7. საკასაციო სასამართლო ადვოკატ ლ. მ-ის მოთხოვნას მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის - ს. გ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ს. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
8. მოწმის სახით დაკითხულმა მ. გ-მ დეტალურად მიუთითა იმ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, თუ რა ვითარებაში შეიძინა მან ს. გ-ნ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. მ. გ-ის განმარტებით, მან თავისი დიდი ხნის ნაცნობ ს. გ-ან მიიღო შეთავაზება, რომ საჭიროების შემთხვევაში მისგან შეეძლო შეეძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული შემოთავაზების თაობაზე მოწმემ განცხადებით მიმართა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და გამოთქვა თანხმობა, რომ გამოძიებას დაეხმარებოდა ს. გ-ის დანაშაულებრივი ქმედების მხილებაში. იგი აღიჭურვა სპეციალური აპარატურით და გამომძიებელ რ. მ-ნ ერთად, ამ უკანასკნელის სამსახურებრივი ავტომანქანით წავიდა სოფელ ფ-ი ს. გ-ნ ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. ს. გ-ნ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, სამი ე.წ. „წონაკი“, თითო - 50 ლარად, ჯამურად - 150 ლარად. ნაყიდი ნარკოტიკული საშუალება მისგან ამოიღო გამომძიებელმა და დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. მოწმე მ. გ-ის ჩვენებას ავსებს და ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - რ. მ-ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია. მისი განმარტებით, დაინახა, თუ როგორ გადასცა ს. გ-ა მ. გ-ს ნარკოტიკული საშუალება, რა დროსაც თავად მანქანის უკანა სავარძელზე იმყოფებოდა, რათა არავის შეემჩნია. მანვე აღნიშნა, რომ მ. გ-ე თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს. გამომძიებელმა შემთხვევის ადგილზე ს. გ-ის არდაკავება ახსნა შემდეგი გარემოებებით: მისთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, თავად იმყოფებოდა მარტო, ამასთან, დანამდვილებით არ იცოდა, რა ნივთიერება გადასცა ს. გ-ა მ. გ-ს. უნდა აღინიშნოს, რომ გამომძიებელმა რ.მ-ა დადგენილებით იმავე დღეს დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა მ. გ-ნ ამოღებულ ნივთიერებაზე.
10. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N…. დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: ლურჯი ფერის, თავმილღობილ, პოლიეთილენის ნაჭრებში 3 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით - 0,2722 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაოდენობით 0,1307 გრამს.
11. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის პასუხის მიღების შემდეგ მიმართა პროკურორმა სასამართლოს ს. გ-ს პირადი, საცხოვრებელი ბინის, ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის, ასევე, მისი დაკავების ნებართვის გაცემის თაობაზე. სწორედ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - მ. გ-ა და რ. მ-ის ჩვენებებს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის, თავისი თვისებრიობიდან გამომდინარე, სრულიად ნეიტრალური მტკიცებულებები - 2020 წლის 26 ივნისის მ. გ-ა და ს. გ-ს შეხვედრისა და საუბრის ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ გადასცა ს. გ-ა მარცხენა ხელით მ. გ-ს ხელში ლურჯ პარკში შეკრული რამდენიმე „ჩეკი“. საქმეზე ჩატარებული, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N…. დასკვნით კი დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან, სახელწოდებით: „Rec1_0001“, ამოღებულ ფოტოსურათსა (ფოტო N4) და ექსპერტების ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ ს. ს-ის ძე გ-ის (პ/ნ …) ფოტოსურათზე (ფოტო N5) დაფიქსირებულია, სავარაუდოდ, ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
13. კასატორი - ადვოკატი ლ. მ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული.
14. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, აღნიშნავს, რომ ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N… დასკვნის კვლევით ნაწილში ცალსახად მითითებულია, რომ ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული, გამოძიებისათვის საინტერესო პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია ანუ შესაძლებელია პიროვნების სავარაუდო დადგენა/ამოცნობა. ამავე დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამას, სახელწოდებით - „Rec1_0001“, არ აღენიშნებოდა რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. აღნიშნულ კონტექსტში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. გ-ე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი პირის (ამ შემთხვევაში - ს. გ-ის) იდენტიფიკაციის ერთადერთ მტკიცებულებას არ წარმოადგენს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. მოწმე მ. გ-მ არაერთხელ აღნიშნა, რომ ს. გ-ს იცნობდა კარგად, ამასთან, მან დაკითხვისას ს. გ-ის მეზობლების სახელებიც კი დაასახელა და განმარტა, რომ არა მხოლოდ ს-ს, მის მეზობლად მცხოვრებ პირებსაც კი იცნობს. ს. გ-ის მიერ მ. გ-ე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს უშუალოდ შეესწრო გამომძიებელი რ. მ-ც, რომელსაც მანამდე ს. გ-ს ფოტოსურათი ჰქონდა ნანახი.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ სწორედ ს. გ-ა გადასცა ნარკოტიკული ნივთიერება მ. გ-ს. შესაბამისად, ს. გ-ის ქმედებაში გამოკვეთილია ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ყველა აუცილებელი ნიშანი.
16. ადვოკატი ლ. მ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს მოწმეების - მ. გ-ა და რ. მ-ის ჩვენებებს შორის გარკვეულ წინააღმდეგობებზე, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში, მტკიცების საგნის თვალსაზრისით, არ არსებობს მცირე წინააღმდეგობებიც კი, მითუფრო არ არსებობს წინააღმდეგობები საქმის არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით, რომელიც მათ ჩვენებებს სანდოობას დაუკარგავდა. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო არა მხოლოდ მათი თანმიმდევრულობა და ერთმანეთთან შესაბამისობა, არამედ გაითვალისწინა მათი თანხვედრა სრულიად ნეიტრალურ მტკიცებულებებთან - საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებთან და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებთან. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, ბრალდების მხარის აღნიშნულმა მოწმეებმა, რომლებმაც ამხილეს ს. გ-ი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში, სასამართლოს მიაწოდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი, ობიექტური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყვეს სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
17. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენასა და საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ს. გ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვასა და გასაღებას.
19. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი