Facebook Twitter

საქმე # 330100122005511652

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №893აპ-22 ქ. თბილისი

შ-ი ი, 893აპ-22 10 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის განაჩენით:

1.1. ი. შ-ი, - დაბადებული … წლის … ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით მას შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ი. შ-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 8 იანვრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. შ-ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თ-ი, გ-ის მე-… მიკრო/რაიონში, კორპუს №..-ში მდებარე ბინა №…-ში, ი. შ-ა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - დ. ბ-ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახეში და მუცელში ჩაარტყა ფეხი, ასევე, დანის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელისა და ხელის არეში, რა დროსაც დ. ბ-ა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დ. ბ-ს არასრულწლოვანი შვილი - ალისა ბალარდი.

· 2022 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თ-ი, გ-ის მე-… მიკრო/რაიონში, კორპუს №…-ში მდებარე ბინა №..-ში, ი. შ-ი დანის დემონსტრირებით მოკვლით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - დ. ბ-ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. შ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ი. შ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ დ. ბ-ა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნით, აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ ვ. კ-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ ი. შ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ი. შ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ი. შ-ის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის მკაცრად დაცვის პირობებში ადვოკატ ვ. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) ვერ გადაწონის მსჯავრდებულ ი. შ-ნ ოჯახის მიმართ მომდინარე საფრთხეებს და არ ქმნის მშვიდ გარემოში ცხოვრების გარანტიას.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი.

12.1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან („ტალპისი იტალიის წინააღმდეგ“ (Talpis v Italy), „ტ. მ. და ს. მ. მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ“ (T.M and C.M v the Republic of Moldova), ხოლო ოჯახში ძალადობა სერიოზულ გავლენას ახდენს მსხვერპლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ოჯახური ძალადობის მთავარი მიზეზებია: ეჭვიანობა, უმუშევრობა და სიღარიბე; ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე, ქმრის მიმართ უპატივცემულობა, ქმრის, როგორც ოჯახის უფროსისა და გამგებლის „უფლება“ - იძალადოს ფიზიკურად მეუღლეზე, ალკოჰოლური მდგომარეობა. ძალადობას გააჩნია თავისი ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები, გამომწვევი/ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასა და საზოგადოებაში მსგავსად ვლინდება. განსაკუთრებით მძიმე შედეგები გააჩნია ოჯახში ძალადობას ბავშვის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე იმ შემთხვევის ჩათვლით, როდესაც ძალადობის ობიექტი უშუალოდ ბავშვი არ არის, თუმცა იგი მოწმე ხდება ძალადობრივი გამოვლინებებისა.

12.2. მსჯავრდებულ ი. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული მოიცავს ზემოაღნიშნული კონვენციის 46-ე მუხლით ჩამოთვლილი, დამამძიმებელი გარემოებების რამდენიმე სახეობას. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვითაც, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

13. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი. შ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

14. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევასთან ერთად, გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ხელ-ფეხისა და დანის გამოყენებით ძალადობა და მუქარა), ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი (დარტყმებმა და დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვიეს სხეულის დაზიანება, ტკივილი და მუქარის დროს - შიშის განცდა), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია განზრახ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ორი ეპიზოდი ოჯახის წევრის მიმართ), ი. შ-ის პიროვნება და მისი წარსული ცხოვრება (იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულებისათვის და ახალი ძალადობრივი დანაშაულები ჩადენილია პირობით მსჯავრდებულმა) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ი. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად (სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით), განუსაზღვრა სამართლიანი, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულების თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი