Facebook Twitter

საქმე # 330100121004953144

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №917აპ-22 ქ. თბილისი

ყ-ი ი, 917აპ-22 10 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის განაჩენით:

1.1. ი. ყ-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ყ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 6 ივლისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ყ-ა ჩაიდინა დევნა, ესე იგი ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით (ასოციაციით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით); ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით (ასოციაციით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 6 ივლისს, დღის საათებში, თ-ი, რ-ის გამზირზე, პოლიტიკური მოძრაობა „გ-ის” და ორგანიზაცია „ს-იას” ორგანიზებით გამართული აქციის პარალელურად, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ მოძრაობა „თ-ის“ წევრები, მიმდინარეობდა მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია, რა დროსაც ი. ყ-ა „ლგბტქ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, ასოციაციით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივითა და ძალადობით - შუბლის არეში ხელის დარტყმით, სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ძალის დემონსტრირებით ჩაიდინა სატელევიზიო კომპანია „პ-ის” ვიდეოოპერატორ ბ. მ-ის დევნა.

· 2021 წლის 6 ივლისს, დღის საათებში, თ-ი, რ-ის გამზირზე, პოლიტიკური მოძრაობა „გ-ის” და ორგანიზაცია „ს-ას” ორგანიზებით გამართული აქციის პარალელურად, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ მოძრაობა „თ-ის“ წევრები, მიმდინარეობდა მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია, რა დროსაც ჟურნალისტები ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. ასოციაციით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობრივი ქმედებით - შუბლის არეში ხელის ძლიერად დარტყმით, სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ძალადობის მუქარით ი. ყ-ი შეეცადა სატელევიზიო კომპანია „პ-ის’’ ვიდეოოპერატორ ბ. მ-ის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლას, კერძოდ, ძალის დემონსტრირებითა და ძალადობრივი ქმედებით შეეცადა, ჟურნალისტს შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა, მათ შორის იმ მიზნით, რომ არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. ყ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენის გაუქმება და ი. ყ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატ დ. ხ-ს პრეტენზიას მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ ი. ყ-ის საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დამაჯერებლად და სარწმუნოდ არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა გაანალიზებითაც სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ი. ყ-ა ჩაიდინა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დევნა, კერძოდ:

7.1. სასამართლო პროცესზე დაიკითხა სატელევიზიო კომპანია „პ-ის“ ვიდეოოპერატორი ბ. მ-ე, რომელიც 2021 წლის 6 ივლისს ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და ვიდეოკამერით იღებდა პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, „ლგბტქ“ თემის აქციის საპასუხოდ შეკრებილი იყვნენ კონტრაქციის წარმომადგენელთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, აყენებდნენ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. სწორედ ამ ვითარებაში კონტრაქციის მონაწილეთა ჯგუფს გამოეყო მსჯავრდებული ი. ყ-ი, რომელიც უეცრად მიუახლოვდა მას და იმის გამო, რომ მისთვის ისიც, სხვა ჟურნალისტების მსგავსად, „ლგბტქ“ თემის დამცველად ასოცირდებოდა და კამერით იღებდა ვითარებას, მუშტი დაარტყა შუბლის მარჯვენა არეში, რის შედეგადაც დაეცა ძირს. დაზარალებულმა ბ. მ-მ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას ცალსახად დაადასტურა ის გარემოება, რომ სწორედ მსჯავრდებულმა ი. ყ-ა თავისი ქმედებით უკანონოდ შეუშალა ხელი პროფესიულ საქმიანობაში, ძალადობის მუქარით აიძულებდა გადაღებული მასალის გავრცელებისაგან თავის შეკავებას და სწორედ ეს იყო მისი განზრახი ქმედების მიზანი.

7.2. მსჯავრდებულ ი. ყ-ის მხრიდან ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დასტურდება ასევე მოწმე პოლიციელების - მ. ქ-ა და გ. ნ-ის ჩვენებებით, რომლებიც თავად არიან 2021 წლის 6 ივლისს პარლამენტის შენობის მიმდებარედ განვითარებული ძალადობრივი ქმედებების თვითმხილველნი. მათი ჩვენებების თანახმად, სექსუალური უმცირესობებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილ, დაახლოებით ათკაციან ჯგუფს უეცრად გამოეყო მსჯავრდებული ი. ყ-ი და ლანძღვა-გინებით მივარდა ოპერატორ ბ. მ-ს, რომელიც აშუქებდა ვითარებას და ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც ბ. მ-ე წაიქცა და ვეღარ შეძლო პროფესიული საქმიანობის გაგრძელება.

8. საკასაციო სასამართლოს აზრით, საფუძველსაა მოკლებული კასატორის არგუმენტი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ძირითადად ეყრდნობა დაინტერესებული მოწმეების - პოლიციელების ჩვენებებს.

8.1. სასამართლო მიუთითებს: აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური - დაუსაბუთებელია. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის №355აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის №658აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 30 ივნისის №197აპ-21 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებებში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, ასევე არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება.

9. დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ აღწერილი გარემოებები სრულად შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც აღბეჭდილია 2021 წლის 6 ივლისს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ჟურნალისტების მიმართ. კადრზე აღბეჭდილია თავდასხმის ამსახველი ფაქტი, რის შემდეგაც დაზარალებული ბ. მ-ე, რომელსაც შუბლის არეში აღენიშება დაზიანება, ეცემა ასფალტზე.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნული მოწმეების პირდაპირი ჩვენებებისა, საქმეში არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ისეთი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გონივრული ეჭვის გარეშე დაარწმუნებს ი. ყ-ის ბრალეულობაში, კერძოდ: გ. ჩ-ის ჩვენება, ლ. ქ-ა და ა. მ-ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, ი. ყ-ის ტანსაცმელი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია ი. ყ-ის შუბლისა და მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოში დაზიანებების მიყენების ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ი. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

12. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი