საქმე # 330100118002448892
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №965აპ-22 ქ. თბილისი
ყ-ი ხ, 965აპ-22 10 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ.ყ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. ხ. ყ-ი, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 20 წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ხ. ყ-ს შეეფარდა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ხ. ყ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 5 თებერვლიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ყ-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების - ორი და მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, განსაკუთრებული სისასტიკით; განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევი და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი ხ. ყ-ი 2017 წლის 14 ნოემბერს იმყოფებოდა თ-ი, ა-ის ქუჩაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
· 2017 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ი, ა-ის ქუჩა №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, განქორწინებით განაწყენებული ხ. ყ-ი თავს დაესხა თავის ყოფილ მეუღლეს - ნ. რ-ს, მის დედას - დ. კ-ს და მამობილს - ვ. დ-ს, რომლებსაც ოჯახის სხვა წევრების თანდასწრებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთნაქონი დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. ხ. ყ-ი დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ ნ. რ-ი და ვ. დ-ი, ხოლო დ. კ-ე, მკურნალობის მიუხედავად, 2017 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები დაზუსტებული მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ხ. ყ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ხ. ყ-ის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ხ. ყ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულების - ნ. რ-ა და ვ. დ-ის, ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. დ-ის ჩვენებებიდან, მოწმეების - მ. ყ-ს, მ. ყ-ის, ა. ჩ-ის, ნ. რ-ის, დ. ე-სა და სხვათა ჩვენებებიდან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... და კომისიური ექსპერტიზის №... დასკვნებიდან, სამედიცინო ექსპერტიზის №... და №... დასკვნებიდან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გენეტიკური ექსპერტიზის №.. დასკვნიდან, საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმიდან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. ყ-ის მტკიცება იმის თაობაზე, რომ თითქოს, მას არ ამოძრავებდა მკვლელობის განზრახვა, დანას მხოლოდ თავდაცვის მოტივით იქნევდა, მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებისა და დაცვის მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შემთხვევის დროს ხ. ყ-ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომლითაც მან დაზიანებები მიაყენა ნ. რ-ს, დ. კ-ა და ვ. დ-ს. ამ ფონზე დაუსაბუთებელია მსჯავრდებულის ჩვენება მასზე თავდასხმისა და დანის მოგერიების მიზნით გამოყენების თაობაზე. აღნიშნული არა მხოლოდ არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც არსებულ მტკიცებულებებსა და უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მათ შორის, მსჯავრდებულ ხ. ყ-ის ჩვენება ეწინააღმდეგება შემთხვევის თვითმხილველ - შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა - ნ. რ-ის, ვ. დ-ს, გ. დ-ის, მ. ყ-ს, მ. ყ-ის, ა. ჩ-ის ჩვენებებს, რომლებიც ერთხმად აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ხ. ყ-ი მათ სახლში შევიდა, ისინი უკვე დასაძინებლად იყვნენ დაწოლილები. იგი ჩუმად, ყველასგან დაუნახავად თავდაპირველად შევიდა იმ ოთახში, სადაც ნ. რ-ი იწვა, გააღვიძა მ. ყ-ი და სთხოვა, ბავშვთან ერთად გასულიყო ოთახიდან, ხოლო თვითონ დანა დაარტყა ნ. რ-ს.
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, №527აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობის ისეთი მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის, როგორიცაა ორი ან მეტი პირის მკვლელობა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობას ერთდროულად, ან მეორე პირისათვის სიცოცხლის მოსპობას, პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ მკვლელობის ამ პუნქტით დაკვალიფიცირებისათვის დამნაშავე უნდა მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით. თუ მეორე მკვლელობა ერთიანი განზრახვით არ უკავშირდება პირველს, გამოკვეთილი არ იქნება სიხლის სამართლის კოდესის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხ. ყ-ი ერთდროულად და ერთიანი განზრახვით მოქმედებდა ორზე მეტი პირის - ნ. რ-ის, დ. კ-ა და ვ. დ-ს მოკვლის განზრახვით. აქედან დ. კ-ის მიმართ განზრახვა მოიყვანა კიდეც სისრულეში.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებზე, კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ სამივე მსხვერპლს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ: დ. კ-ე კლინიკაში მოთავსდა მრავლობითი ჭრილობებით, მათ შორის ყველაზე მძიმე იყო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, მსხვილი ნაწლავის/კოლინჯის და თირკმლის დაზიანებით. მისი გარდაცვალების მიზეზია მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა - დასწვრივი კოლინჯის დაზიანებით, გართულებული დიფუზური ჩირქოვან-ფიბრინული პერიტონიტით. ნ. რ-ს დაუდგინდა დიაგნოზი: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ტრავმული კანქვეშა ემფიზემა, მარცხენა მხრის სახსრის ნაკვეთი ჭრილობა, მხრის ძვლის თავის შემომხვევი წინა არტერიის დაზიანებით. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ტრავმული კანქვეშა ემფიზემა (სამედიცინო დოკუმენტაციით ბეჭის მიდამოში არსებული ჭრილობა ჰემატომით) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ვ. დ-ს დაუდგინდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ნეკნთა რკალის დონეზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის მარცხენა წილის და კუჭის დაზიანებით; ასევე აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე-2-3 ნეკნების დონეზე ბეჭის ხაზზე (ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით მარჯვენა ბეჭქვეშა მიდამოში). დაზიანება მარჯვენა ნეკნთა რკალის დონეზე არსებული, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიყენებულ დაზიანებათა სიმრავლე პირდაპირ ადასტურებს ქმედების ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით. სისასტიკის ფაქტზე მიუთითებს არა მხოლოდ მიყენებული დაზიანებების სიმრავლე, რითაც დაზარალებულებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი (ტანჯვა), არამედ ასევე მათი ერთმანეთთან ახლო ნათესაური კავშირი, რის გამოც ხ. ყ-ს ქმედებები გამოიწვევდა მათ სულიერ ტანჯვასაც. ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულთა ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით კვალიფიკაციისათვის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხ. ყ-ა დაზარალებულებს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ერთმანეთისა და სტუმრად მყოფი პირების თანდასწრებით, რომელთა შორისაც იყვნენ არასრულწლოვნები. განსაკუთრებულ სისასტიკეს მოწმობს მსჯავრდებულის მოქმედების ხასიათიც, ვინაიდან იგი გულგრილად ეკიდება იმ ფაქტს, რომ მშობლების თვალწინ კლავდა შვილს და პირიქით, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ იგი ოჯახის ყოფილი სიძეა, მას ეს ფაქტი გაცნობიერებული ჰქონდა და გულგრილად ეკიდებოდა დაზარალებულთა ამ გრძნობებს. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზარალებულებისათვის, ერთმანეთის თანდასწრებით, არაერთი ჭრილობის მიყენებით ხ. ყ-ი მიზნად ისახავდა არა მხოლოდ მათ მოკვლას, არამედ ამავდროულად, მსხვერპლებში ტანჯვის გამოწვევასაც. აღნიშნული მიზანი დ. კ-ის შემთხვევაში მიღწეულ იქნა, ხოლო ნ. რ-ა და ვ. დ-ს, დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, შეუნარჩუნდათ სიცოცხლე.
12. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, არის დანაშაულის მცდელობა. კანონის ამ ნორმისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, გამოკვეთილია მოცემულობა, რომლის თანახმადაც, ხ. ყ-ა ჩაიდინა ორი და მეტი პირის - დ. კ-ის, ნ. რ-ა და ვ. დ-ს მკვლელობის მცდელობა. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ. ყ-ის მსჯავრდება არის კანონიერი და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ არსებობს.
14. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ხ. ყ-ის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ხ. ყ-ს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი (მას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის და ქმედების ჩადენა ოჯახის წევრების მიმართ; ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები - მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ხ. ყ-ა დაზარალებულებს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა დანის გამოყენებით/ქმედება განახორციელა ოჯახის წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მისი მტკიცე სურვილი, მისწრაფება დანის გამოყენებით სიცოცხლე მოესპო დაზარალებულებისათვის), პირადი და ეკონომიკური პირობები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი).
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ხ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი