Facebook Twitter

საქმე # 190100121004546475

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №980აპ-22 ქ. თბილისი

ჯ-ე ა, 980აპ-22 10 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. ა. ჯ-ე, - დაბადებული .. წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 13 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჯ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 12 მარტს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.რ-ი, მე-... მ/რ-ში მდებარე მაღაზია „ლ-ი“ შევიდა პისტოლეტის მაგვარი იარაღით შეიარაღებული ა. ჯ-ე, რომელიც აღნიშნული საგნის დემონსტრირებით, კონკლუდენტურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა მაღაზიის მოლარე-ოპერატორ ე. წ-ს და მოსთხოვა სალაროში არსებული ფულის მისთვის გადაცემა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენით:

3.1. მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენის გაუქმება და ა. ჯ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. ჯ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ე. წ-ის ჩვენებას, პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღების ოქმსა და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნას, ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნას, მაღაზია ,,ლ-ს“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. ჯ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

7. დაზარალებულ ე. წ-ის ჩვენებით, ა. ჯ-მ მაღაზია ,,ლ-ი“ შესვლისთანავე იარაღი ამოიღო, გადატენა და დაუმიზნა. მას შეეშინდა და ხელი მიადო იარაღს, იფიქრა, რომ თუ იგი გაისროდა, ხელზე მაინც მოხვედროდა. ასევე მიუთითა, რომ როდესაც ა. ჯ-მ ფული მოსთხოვა, მიანიშნა სალაროსკენ. ამ დროს დააჭირა განგაშის ღილაკს ხელი, რის დანახვაზეც ა. ჯ-ე მაშინვე გავიდა მაღაზიიდან. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ როდესაც ა. ჯ-ე იარაღით ხელში დაინახა, შეეშინდა.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ა. ჯ-ის მაღაზია ,,ლ-ი“ ყოფნისა და ასევე იარაღის ფლობის ფაქტს. თუმცა სადავოდ მიიჩნევს დაზარალებულ ე. წ-ის მიერ ა. ჯ-ის ქმედების შეფასებას უშუალოდ სალაროსთან.

9. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა გამამტყუნებელ განაჩენებში იმსჯელეს, თუ რატომ ვერ ჩაითვლება ა. ჯ-ის ქმედება დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებად, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების საკითხებს აწესრიგებს საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლი. ნებაყოფლობით ხელის აღების ნორმების გამოყენება და პირის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დაცულია ნებაყოფლობით ხელის აღებისათვის წაყენებული წინაპირობები:

ა) დანაშაულზე ხელის აღება აუცილებლად დამნაშავის ნებით უნდა ხორციელდებოდეს, ე.ი. ნებაყოფლობითი უნდა იყოს;

ბ) დანაშაულზე ხელის აღება საბოლოო ხასიათს უნდა ატარებდეს;

გ) დანაშაული ბოლომდე არ უნდა იყოს მიყვანილი, ე.ი. შედეგი არ უნდა განხორციელდეს ან საფრთხემ არ უნდა მიიღოს დასრულებული სახე;

დ) დანაშაულზე ხელის აღება ობიექტურად უნდა არსებობდეს და ნებაყოფლობით ხელის აღებისათვის საკმარისი არ არის დამნაშავის წარმოდგენაში მისი არსებობა.

10.1. დასახელებული ოთხი ძირითადი პირობა განსაზღვრავს დანაშაულზე ხელის აღების საკითხს, რაც იმას გულისხმობს, რომ სუბიექტი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ოთხივე პირობა კუმულაციურად არ იქნება წარმოდგენილი.

10.2. ნებაყოფლობით ხელის აღების ფსიქოლოგიური შეფასების თანახმად, დანაშაულზე ხელის აღებას ნებაყოფლობითი ხასიათი გააჩნია მაშინ, როდესაც დამნაშავეს შინაგანად აღარ სურს დანაშაულის ჩადენა. მაშასადამე, დამნაშავე მოქმედებს ფსიქოლოგიური იძულების გარეშე. პირიქით, ნებაყოფლობითობა არ არსებობს მაშინ, როდესაც რაღაც გარემოებები დამნაშავეზე იმდენად ძლიერ სულიერ გავლენას ახდენს, რომ მას ისღა დარჩენია, შეწყვიტოს დანაშაულებრივი საქმიანობა. რაც შეეხება ნორმატიულ შეფასებას, იგი ნებაყოფლობით ხელის აღების მოტივებს არა მარტო ფსიქიკაზე, არამედ ასევე შეფასებაზე დაყრდნობით განიხილავს. ამდენად, ნებაყოფლობით ხელის აღების ნორმების გამოყენება და პირის გათავისუფლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დანაშაული არ დამთავრებულა არც მატერიალურად და არც ფორმალურად. დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე ნებაყოფლობით ხელის აღება არსებობს მაშინ, როცა შედეგის დადგომა თავიდან იქნება აცილებული. ნებაყოფლობითი ხელის აღების შესახებ ნორმა არის წამახალისებელი. პირი დანაშაულისაგან იმიტომ კი არ თავისუფლდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, რომ მან თავიდან აიცილოს სამართლებრივი სიკეთის

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენების მსჯელობას და მიაჩნია, რომ ა. ჯ-ე არ მოქმედებდა დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების პირობებში და მისი მაღაზიიდან გასვლა ფულადი თანხის ან სხვა რაიმე ნივთის დაუფლების გარეშე განაპირობა დაზარალებულის რეაქციამ და მისმა დაუყოვნებელმა მოქმედებამ - განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერამ. მსჯავრდებულმა გააცნობიერა, რომ დაზარალებულმა მოასწრო დაცვის ზომების მიღება, რასაც ადგილზე სამართალდამცავების გამოცხადება მოჰყვებოდა და მისი ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ყაჩაღობის დანაშაულის შემადგენლობა, რომელიც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისაგან სწორედ თავდასხმით ხასიათდება და ვინაიდან მომეტებული საშიშროებით გამოირჩევა, ყაჩაღობის დამთავრებულად მიჩნევისთვის საკმარისია თავდასხმის განხორციელება ნივთის დაუფლების გარეშეც. ნივთის ღირებულება და მისი დაუფლების აუცილებლობა გავლენას ახდენს სასჯელის დანიშვნის მიზნებზე. ამ შემთხვევაში ა. ჯ-ის მიერ ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირება (ამ მომენტისათვის დაზარალებულისთვის არ იყო ცნობილი, რომ იარაღი არ იყო ცეცხლსასროლი და მისი რეაქცია სწორედ იარაღის საშიშროებამ განაპირობა) და თანხის მოთხოვნა ქმნის თავდასხმის პირობას და ყაჩაღობის შემთხვევაში ქმედება დამთავრებულად ითვლება თავდასხმის განხორციელების მომენტიდან. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ფულადი თანხის დაუფლების გარეშე გავიდა მაღაზიიდან, ვერ შეფასდება დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებად ფორმალური დანაშაულების ნორმატიული ბუნების საფუძველზე.

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ა. ჯ-ის მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა - მსჯავრდებულ ა. ჯ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი