Facebook Twitter

ბს-148-114-კ-05 25 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “ტ.-ის” აქციონერებმა მ. და ზ. ყ.-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს 15138,62 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელეები მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდნენ შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1998წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელეთათვის 102800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნება. მოპასუხე მხარემ არ შეასრულა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ნაცვლად 102800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა, მ. და ზ. ყ.-ების სახელზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხა მხოლოდ 129835 ლარი, რომელიც 97254,67 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენდა.

მოსარჩელეები ითხოვდნენ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის აუნაზღაურებელი ნაწილის, _ 5545,32 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მოპასუხისათვის დაკისრებას და დროულად გადაუხდელობის გამო, ეროვნული ბანკის ბანკთაშორის აუქციონზე 1998წ. მაისიდან 2003წ. 1 აგვისტომდე პერიოდში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის დაკისრებას, რაც მათი გაანგარიშებით, შეადგენდა 9593,3 აშშ დოლარს. მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1996წ. მაისიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში მოსარჩელეებმა გადაიხადეს 113339 ცალი აქციის ღირებულება იმ დროისათვის მოქმედი ანგარიშსწორების წესის შესაბამისად, რაც შეადგენდა 129528 ლარს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მართალია, დაეკისრათ 102800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, მაგრამ ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ სს “ტ.-ის” შრომით კოლექტივს აღუდგა უფლება 113339 ცალ აქცის პირდაპირ შესყიდვაზე და აქციის პაკეტის ღირებულება 102800 აშშ დოლარი დარჩა უცვლელად. ვინაიდან ანგარიშსწორება 1996 წელს განხორციელდა ლარებში, უზენაესმა სასამართლომ ეს ღირებულება, ანუ 129528 ლარი, დატოვა უცვლელად აქციების ახალი მყიდველისათვის. აღნიშნული თანხა მოსარჩელეებს გადაერიცხათ ჯერ კიდევ 1998წ. მაისში, რითაც სასამართლომ მთლიანად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. და ზ. ყ.-ების სარჩელი. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 15138 აშშ დოლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმავე საფუძვლებით, რომელი საფუძვლითაც სარჩელს არ ცნობდა. სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 5 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 316.1 მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება ამავე კოდექსის 317.1 მუხლის შესაბამისად. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. აპელანტი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.1998წ. გადაწყვეტილებით სამინისტროს წარმოეშვა ვალდებულება მ. და ზ. ყ.-ებისათვის 102800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნების შესახებ. სკ-ის 961.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სადავო არ იყო, რომ სამინისტრომ მოსარჩელეების სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა 129835 ლარი. არც ის იყო სადავო, რომ ჩარიცხული თანხა _ 129835 ლარი, შეადგენდა 97254.68 აშშ დოლარს, რის გამოც სამინისტროს მიერ ასანაზღაურებელმა თანხის ოდენობამ შეადგინა 5542,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა სკ-ის 403.1 მუხლის საფუძველზე, მოპასუხისათვის ფულადი თანხის ვადაგადაცილების გამო, კანონით განსაზღვრული პროცენტის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. და ზ. ყ.-ების სარჩელი, გაუქმდა სს “ტ.-ის” პრივატიზება 113339 ცალი აქციის ნაწილში და დაევალა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უზრუნველეყო მოსარჩელეებისათვის 113339 ცალი აქციის ღირებულების _ 102800 აშშ დოლარის ეკვივალენტური ოდენობით ლარის დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 13.08.1998 წელს გადარიცხა 129835 ლარი საქართველოს ბანკში ზ. და მ. ყ.-ების სახელზე გახსნილ პირად ანგარიშზე. ასევე, დადგენილია, რომ სამინისტროს მიერ ზ. და მ. ყ.-ების სახელზე გახსნილ ანგარიშზე გადარიცხული 129835 ლარი გადარიცხვის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად შეადგენდა 97254.68 აშშ დოლარს. დადგენილად ცნობილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან მთლიანად აუნაზღაურა ზ. და მ. ყ.-ებს 20.03.98წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 1996წ. მაის-ივნისში ყ.-ებმა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე ჩარიცხეს 129528 ლარი და არა 102800 აშშ დოლარი, ე.ი. ანგარიშსწორება განხორციელდა ეროვნული და არა უცხოური ვალუტით, იმის გათვალისწინებით, რომ იმდროინდელი ლარის კურსით, აქციათა ღირებულება უტოლდებოდა 102800 აშშ დოლარს.

საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს კანონიერ ძალაში შესულ 20.03.98წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლითაც სამინისტროს დაეკისრა ყ.-ებისათვის 102800 აშშ დოლარი და არა აქციების შესაძენად გადახდილი თანხა 129528 ლარი. ვინაიდან კასატორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ საქართველოს ბანკში მ. და ზ. ყ.-ების პირად ანგარიშზე ჩარიცხული _ 129835 ლარი ჩარიცხვის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით შეადგენდა 97254.68 აშშ დოლარს, ამიტომ კასატორის მოსაზრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჯეროვნად შესრულების თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება, მაგრამ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. და ზ. ყ.-ების სარჩელზე 20.03.98წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ძირითადი თანხის _ 5545,32 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსკ-ის 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადების ამ ნაწილში დაკმაყოფილებას ითხოვდნენ იმ მოტივით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა სრულად არ აუნაზღაურა სამინისტრომ, ანუ სარჩელი აღძრულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რაც, საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს სასარჩელო წესით განსახილველ დავას, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება წარმოებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ახალი სარჩელის წარდგენა დაუშვებელია.

რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. ვინაიდან დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.1998წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რომლის უფლებამონაცვლეს დღეისათვის წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, დაეკისრა 102800 აშშ დოლარის დაბრუნება მ. და ზ. ყ.-ებისათვის, ხოლო უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამდენად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელეებისათვის 102800 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.98წ. გადაწყვეტილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 316.1 მუხლის მიხედვით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება და არ გაითვალისწინა ამავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. საკასაციო პალატის აზრით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ვალდებულება წარმოიშვა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და ეხება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არაჯეროვნად შესრულების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, ხომ არ შეუწყო ხელი ზიანის წარმოშობას მოსარჩელის უმოქმედებამ და მიმართეს თუ არა მოსარჩელეებმა სამინისტროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და დაიწყეს თუ არა იძულებითი აღსრულება, კერძოდ, თუ აიღეს სააღსრულებო ფურცელი და მიმართეს სასამართლოს აღმასრულებელს. აღნიშნული გარემოებების გარკვევას, საკასაციო სასამართლოს აზრით, მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, რადგან უნდა გაირკვეს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედება (უმოქმედობა) ზიანის მიყენებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და განჩინებაში მითითებული საკითხების გარკვევის მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ივლისის განჩინება;

3. შეწყდეს საქმის წარმოება მ. და ზ. ყ.-ების სარჩელის იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ძირითადი თანხის _ 5 545,32 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას;

4. მ. და ზ. ყ.-ების სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

5. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.