Facebook Twitter

საქმე # 330100122005554579

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად

დატოვების შესახებ

საქმე №978აპ-22 ქ. თბილისი კ. გ. 978აპ-22 31 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განჩინებაზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 15 იანვარს, ნ. ღ–ის დაცვის მიზნით, ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით, მისი შვილის - გ. კ–ს მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი N....

შემაკავებელი ორდერით გ. კ–სეს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მოახლოება, სადაც ნ. ღ–იი (მსხვერპლი) ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე აეკრძალა მისვლა თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე კაფეში.

მიუხედავად იმისა, რომ გ. კ–სთვის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული აკრძალვების თაობაზე, მან არ შეასრულა დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ: 2022 წლის 31 იანვარს, საღამოს საათებში, გ. კ–სე მივიდა თ–ში, ....ის ქუჩა N..-ში მდებარე კაფეში, სადაც დედასთან - ნ. ღ–თან დაამყარა კომუნიკაცია, რაც გამოიხატა მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომის ოქმიდან ამონაწერით დაკმაყოფილდა ადვოკატ თ. ხ–ს შუამდგომლობა გ. კ–სის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ;

3.1. საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა გ. ნ–ს ძე კ–ს მიმართ (დაბადებული 1.. წლის 5 ივნისს, პირადი №.......) სისხლის სამართლის №....... საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;

3.2. გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ ,,განჩინება კანონიერ ძალაში შედის და აღსრულებას ექვემდებარება გამოცხადებისთანავე; განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის მიერ 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“.

4. თბილისის საქალაქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ. კ–სის სარჩელი და გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ..........ს მთავარი ........... სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრის - ნ. მ–ს მიერ 2022 წლის 15 იანვარს გამოცემული N... შემაკავებელი ორდერი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ........ს მთავარი ......... სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრის - ნ. მ–ს მიერ 2022 წლის 15 იანვარს გამოიცა N... შემაკავებელი ორდერი, რომელიც მოსარჩელე გ. კ–მ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი და გაუქმდა 2022 წლის 15 იანვარს გამოცემული N........ შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, რომელიც საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა და მოითხოვა გ. კ–სის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების (საოქმო განჩინების) გაუქმება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად. ამასთან, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა, რომელიც ითხოვს გ. კ–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) მე-300 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს და მკაფიოდ ადგენს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. მოცემული ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების - განაჩენის კანონიერება, ასევე - საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, 314-ე მუხლის საფუძველზე - სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სპეციალური კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგალითისთვის იხ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში).

8.1. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე (გარდა განაჩენისა და განკარგულებისა) გამოაქვს განჩინების სახით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი, მართალია, ადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის უფლებას, გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ საქართველოს სსსკ-ით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

8.2. საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილს ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს, თუ ვითარება შეიცვალა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 107-ე მუხლის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა, საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.

9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინება, გ. კ–ის მიმართ სისხლის სამართლის №........ საქმეზე (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით), საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობაზე (განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ი მითითებული განჩინების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ, რომლის გადასინჯვა სცდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განჩინებაზე პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განჩინებაზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე