საქმე # 020100121004602889
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№701აპ-22 ქ.თბილისი
ს. რ. №701აპ-22 11 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ს–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. გ-ს და ე. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: რ. ს-ეს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 19:25 საათზე, ქ. ზ–ი, კ. გ-ას ქუჩაზე, ორმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ საავტომობილო გზაზე, ......ს ქუჩის მიმართულებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33.2 და 33.6 მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით მოძრავი „ფოლკსვაგენის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ...., რომელსაც მართავდა რ. ს-ე, საავტომობილო გზის საპირისპირო ზოლში დაეჯახა ველოსიპედით მოძრავ დ. გ-ს, რომელიც დიაგონალურად, ავტომობილის მოძრაობის მიმართულების მიხედვით, მარჯვენა კიდიდან მარცხნივ კვეთდა საავტომობილო გზას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით დ. გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენით რ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მასვე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 წლითა და 6 თვით;
3.1. რ. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2021 წლის 22 ნოემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ს-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ჯ. გ-მ და ე. რ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა ან მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ს-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ჯ. გ–მ და ე. რ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის (5 წლით თავისუფლების აღკვეთა) შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. გ-სა და ე. რ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს რ. ს-ის მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში, რ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.
4. მსჯავრდებულ რ. ს-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე კასატორების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანობა გულისხმობს მართლწესრიგში ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფას, პირის მიერ ჩადენილი ქმედების მიერ გამოწვევადი საფრთხეების გათვალისწინებით ადეკვატური სასჯელის დაკისრებას და იმავდროულად, სასჯელის გამოყენებას განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით; რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
7. სასჯელის დანიშვნისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე; ასევე ითვალისწინებს, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებებს და პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ასევე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს და იმ გარემოებას, რომ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე ((საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე - მსჯავრდებული სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე აღიარებდა ბრალს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან; დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანზე; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე; დანაშაულის ჩადენის ვითარებაზე (მოწმე ს. მ-ს განმარტებით, მათ შვილს საყლაპავში გადასცდა კანფეტი, მსჯავრდებულმა ჩაუყო ხელი და ამოუღო, მაგრამ ბავშვს სისხლი წამოუვიდა, აღებინებდა, გაშავდა და ცუდად გახდა, რის გამოც ვერ დაუცადეს სასწრაფო დახმარების მოსვლას და თავად მიჰყავდათ საავადმყოფოში, რაც დასტურდება მათ შორის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითაც); მსჯავრდებულის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ (მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულს შვილი მიჰყავდა საავადმყოფოში, მომხდარი შეჯახების შემდეგ იგი დარჩა შემთხვევის ადგილზე; პირველივე წუთებიდან მსჯავრდებული აშკარად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას მომხდარი შემთხვევისადმი, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დანაშაულის აღიარების გულწრფელობაში (სასჯელის რესოციალიზაციის და პრევენციის მიზნების განსაზღვრისთვის), რომ რ. ს-ის მიერ დანაშაულის აღიარება ემსახურება მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების მიზანს კერძოდ: ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, მომხდარის შემდეგ მძღოლი დაეცა მუხლებზე და ხელები წაივლო თავზე; ასევე მოწმე ე. შ-ის ჩვენებას (მძღოლი ყვიროდა და თავში ირტყამდა ხელს, ხოლო იმავე ავტომანქანიდან გადმოსული ბავშვიანი ქალი, რომელიც დახმარებას ითხოვდა, გამვლელმა ავტომანქანით წაიყვანა საავადმყოფოში); მოწმე პ. ღ-ს განმარტებას ( ახალგაზრდა კაცი ასფალტს ურტყამდა ხელს, ავტომანქანიდან გადმოსული ქალი კი კიოდა, რომ შვილი იხრჩობოდა); ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათს (გაუფრთხილებელი დანაშაული).
10. იმავდროულად, ვინაიდან სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე პირს უნდა დაეკისროს „სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც ... საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ), მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 63-ე ან/და 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები, დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული მძიმე შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე ან/და 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და პირობითი მსჯავრის დადგენა. იმავდროულად, სამართლიანობის, რესოციალიზაციისა და პრევენციის მიზნების მიღწევის, ჩადენილი დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებებისა და რ. ს-ის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმამდე შემცირება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. გ-სა და ე. რ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ: რ. ს-ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მასვე 1 წლითა და 6 თვით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. გ-სა და ე. რ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. რ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
4. რ. ს-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2021 წლის 22 ნოემბრიდან;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე