Facebook Twitter

საქმე # 050100121004961901

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№953აპ-22 ქ. თბილისი

ხ. გ. 953აპ-22 7 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. გ. ხ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ხ–ეე 2021 წლის 26 მაისიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ნ. თ–თან და მასთან ქ. ლ–ში, .........ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. გ. ხ–ე მიიჩნევდა რა, თითქოს, ოჯახში ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა ქმრის ბრძანებებს, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის მიზნით, ნ. თ–სთან უკრძალავდა ურთიერთობას მშობლებთან. იგი ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ნ. თ–სის თავისუფალი ცხოვრების უფლებაზე და მიაჩნდა, რომ მეუღლე იყო მისი პირადი საკუთრება, რის გამოც უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა მის ყველა მითითებას და ოჯახში უნდა შეესრულებინა ქალისათვის გენდერული ნიშნით მიკუთვნებული საქმიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ხ–ე გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ნ. თ–სთან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2021 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ხ–მ ნახა მეუღლის - ნ. თ–სის სოციალურ ქსელ „ფ–ში“ განთავსებული ე.წ. „სტატუსი“, რაზეც გაბრაზდა და ქ. ლ–ში, ..........ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გაშლილი ხელებით ძლიერად უბიძგა მეუღლეს გულმკერდის არეში, რის შედეგადაც, ნ. თ–სე ზურგით დაეცა მიწაზე და როდესაც წამოდგომას ცდილობდა, გ. ხ–მ კვლავ უბიძგა ხელებით მარჯვენა მკლავზე და არ აძლევდა წამოდგომის საშუალებას, ამასთან, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ნ. თ–ემ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენით გ. ხ–ეე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. ხ–ეის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

9. დაზარალებულმა ნ. თ–მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. ხ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება). შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში (სადავო მტკიცებულება) ასახული, დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა.

11. სასამართლო ითვალისწინებს რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).

12. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე ი. კ–ს ჩვენების იმ ნაწილს, რომელშიც გადმოცემულია დაზარალებულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რადგან წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეების გ. ჯ–სა და ა. ი–ს განმარტებებით, მათ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაუნახავთ. მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა კი დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. შესაბამისად, მათი ჩვენებები სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, არარელევანტურია.

14. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 23 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას ნ. თ–სთან სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

15. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 3 აგვისტოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.......... დასკვნის თანახმად, ნ. თ–სთან მეუღლის - გ. ხ–ს მიერ თანაცხოვრების პერიოდში მის მიმართ ჩადენილი შეურაცხყოფის შედეგად ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ჩვენება, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილის დადასტურება, ურომლისოდაც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა. მართალია, დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ტესტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №746აპ-19; საქმე №674აპ-20), თუმცა, საქმეში არ მოიპოვება არც ისეთი მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა მის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას.

17. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

18. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე