საქმე # 150143822005511696
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№845აპ-22 ქ. თბილისი
ხ.კ. 845აპ-22 3 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1. კ. ხ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში მცხოვრები კ. ხ–ი 2002 წლის 7 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ. ხ–სთან. 2021 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, კ. ხ–მა ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - გ. ხ–ს, მათივე არასრულწლოვანი შვილის - გ. ხ–ს თანდასწრებით. ძალადობის შედეგად გ. ხ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2022 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 09:30 საათზე, მეუღლეებს - კ. და გ. ხ–ებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, კ. ხ–მა სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - გ. ხ–ს, მათივე არასრულწლოვანი შვილის - ს. ხ–ს თანდასწრებით. ძალადობის შედეგად გ. ხ–მა მარჯვენა მტევნის არეში ნაკაწრისა და მარცხენა მუხლის არეში ზედაპირული ჭრილობის სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენით კ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (2 ეპიზოდი).
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
7. დაზარალებულმა გ. ხ–მა და მოწმეებმა: ა. ხ–მა, ს. ხ–მა და გ. ხ–მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კ. ხ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
8. სასამართლო ითვალისწინებს რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
9. სასამართლო ვერ გაიზიარებს გამოკითხული პირის - ს. პ–ს გამოკითხვის ოქმის იმ ნაწილს, რომელშიც გადმოცემულია დაზარალებულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რადგან წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოკითხული პირის - ს. პ–ს მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მან საკუთარი თვალით იხილა, კერძოდ, მისი განმარტებით, დაზარალებული იყო აღელვებული და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. მიუხედავად ამისა, ს. პ–ი არ წარმოადგენს შემთხვევის თვითმხილველ მოწმეს და მისი მონათხრობიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობის, მიყენების დროის, ვითარებისა და მიმყენებელი პირის ვინაობის, აგრეთვე, დაზარალებულის აღელვების მიზეზის უტყუარად დადგენა.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას კ. ხ–ის ალკოტესტით შემოწმების ოქმის პირდაპირ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ და მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, არარელევანტურია.
12. რაც შეეხება კასატორის მიერ საჩივარში მითითებულ შემაკავებელ ორდერს, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი (რომელსაც ხელს არ აწერს განსასჯელი) ან/და ის მტკიცებულებები, რომელთა პირველწყარო არის დაზარალებული, დაცვის მხარის მიერ არ იქნება უდავოდ ცნობილი (არ ეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც არ უკავშირდება დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმებას) და შესაბამისად - სასამართლოს მიერ, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე მიღებული - დაუშვებელია, გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის, რადგან არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა საქართველოს სსსკ-ით და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის პირველწყაროს (მაგ: შემაკავებელი ორდერის შემთხვევაში - დაზარალებულის) დაკითხვისა და შესაბამისად - მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს N619აპ.-22 განჩინება).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა გ. ხ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაცვის მხარემ უდავოდ ცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის - შემაკავებელი ორდერი, რითიც დაეთანხმა აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის ოქმში - მსხვერპლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გრაფაში არაფერია ნათქვამი 2022 წლის 16 იანვარს სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ სავარაუდო ძალადობის შესახებ ზოგად ინფორმაციაშია (სავარაუდო ძალადობის ფაბულაში) მითითებული, რასაც არ ადასტურებს მსხვერპლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ამასთან, სავარაუდო ძალადობის ფაბულაც კი მიუთითებს მხოლოდ ძალადობის ჩადენაზე და არ აღწერს მისი გამოვლენის კონკრეტულ ფორმას, კერძოდ, რა ქმედებების ჩადენაში გამოიხატა ძალადობა. რაც შეეხება 2021 წლის 15 დეკემბრის სავარაუდო ძალადობის ეპიზოდს, მართალია, აღნიშნულის შესახებ მითითებულია შემაკავებელი ორდერის ოქმის მსხვერპლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გრაფაში, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ არის აღწერილი, რა ქმედებების ჩადენაში გამოიხატა ძალადობა და ზუსტად არ ასახავს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო შემაკავებლ ორდერსა და მის ოქმს საფუძვლად ვერ დაუდებს გამამტყუნებელ განაჩენს, მიუხედავად მხარეთა მიერ მისი უდავოდ ცნობისა.
14. რაც შეეხება სსიპ - ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 17 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა ემყარება სს „ევექსის ჰოსპიტლების“ ახალქალაქის ჰოსპიტლის ამბულატორიული პაციენტის N........ სამედიცინო ბარათს, რაც, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდების მხარემ მოიპოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ი) არსებითი დარღვევით, კერძოდ: 2022 წლის 17 იანვარს საქართველოს შსს-ის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა წერილით მიმართა სს „....... ჰოსპოტლების“ ა–ს ჰოსპიტლის მენეჯერს და მოითხოვა გ. ხ–ის სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი დამოწმებული სახით. აღნიშნული მიმართვის პასუხად ა–ს ჰოსპიტალმა გასცა გ. ხ–ის სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი - ბარათი N....., რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ით მკაცრად რეგლამენტირებულია მტკიცებულებათა მოპოვების წესი, რომლის არსებითი დარღვევა, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაპირობებს როგორც ამ მტკიცებულების, ისე მის საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარისათვის ცნობილი იყო, რომ სს „.......ს ჰოსპოტლების“ ა–ს ჰოსპიტალში ინახებოდა გ. ხ–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მოპოვებაც საჭიროებდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ჩატარებას. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის. ამავე კოდექსის 120-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილებისა და 112-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილების შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მოითხოვს სასამართლოს განჩინების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - გამომძიებლის დადგენილების არსებობას, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმებას სასამართლოს მიერ, თუნდაც ასეთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იყოს პირის თანხმობით (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის N609აპ.-15 განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის N605აპ.-15 განაჩენი). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ უგულებელყო საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებულების - სამედიცინო დოკუმენტაციის მოპოვების წესი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია როგორც აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაციის, ისე - მის საფუძველზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას.
16. გარდა ამისა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული დასკვნა, ერთი მხრივ, მიემართება მხოლოდ 2022 წლის 16 იანვრის სავარაუდო ძალადობის ეპიზოდს (დასკვნაში მითითებულია 2022 წლის 16 დეკემბერი, რაც, სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომაა), ხოლო, მეორე მხრივ, ამ ეპიზოდთან მიმართებითაც კი წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, რაც, თავის მხრივ, მართალია, ადასტურებს გ. ხ–ის სხეულზე - მარჯვენა მტევნის არესა და მარცხენა მუხლის არეში დაზიანებების არსებობას, მაგრამ უტყუარად ვერ ადასტურებს დაზიანებების წარმომავლობას.
17. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა კ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე