Facebook Twitter

საქმე # 330100120003924187

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№888აპ-22 ქ. თბილისი

ჩ. ე. 888აპ-22 8 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ე. ჩ. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა №..–ში, კორპუს №..–ში მდებარე ბინა N..-ში, ე. ჩ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ. ხ–ს, კერძოდ, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბოთლი დაარტყა გულმკერდის არეში, შემდეგ კი წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ნ. ხ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენით ე. ჩ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ე. ჩ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე. ჩ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ჩ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

7. დაზარალებულ ნ. ხ–ის გარდაცვალების გამო, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოქვეყნდა მისი გამოკითხვის ოქმები. 2018 წლის 12 აგვისტოს გამოკითხვის ოქმში დაზარალებული არ ადასტურებს ე. ჩ–ის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, განსხვავებით 2018 წლის 25 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმისაგან. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციის არგაზიარების შესახებ, მათ შორის არსებული არსებითი ხასიათის წინააღმდეგობის გამო. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში არ მოიპოვება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ე. ჩ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის ამსახველი აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია აუდიოჩანაწერში გადმოცემული ინფორმაცია და არც ის გარემოება, რომ „ინიციატორის“ სახელით მოსაუბრე პირის ხმა ნამდვილად მას ეკუთვნის, შეუძლებელია, მოცემული ჩანაწერი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც მხარეებმა უდავოდ ცნეს, ისინი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, რადგან არცერთი გამოკითხული პირი არ არის ფაქტის თვითმხილველი.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება. შესაბამისად, ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს არც დაზარალებულის ჩვენება და არც სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად არ ადასტურებენ დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას (ტკივილის მიყენება არ დასტურდება არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №746აპ-19; საქმე №674აპ-20)) - არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა.

10. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ე. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე