Facebook Twitter

საქმე # 160100121004950596

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№840აპ-22 ქ. თბილისი

ნ. შ. 840აპ-22 1 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. შ. ნ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მისპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ს .......ს მეურნეობაში მდებარე, შ. ნ–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ტელევიზორის ხმის ჩაწევის თხოვნაზე გაბრაზებულმა, ალკოჰოლით მთვრალმა შ. ნ–მა, სახლიდან გაგდების მიზნით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - გ. ა–ზე, კერძოდ, პლასტმასის მუსიკალური დინამიკი ესროლა და მოარტყა თავის მარჯვენა არეში, შემდგომ, მარჯვენა გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა კისრის არეში, ხოლო მარჯვენა ფეხი -წელის არეში, რის გამოც, გ. ა–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2021 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ს ........ს მეურნეობაში მდებარე, შ. ნ–იის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, შ. ნ–იი, ფიზიკური ძალადობის შემდგომ, სახლიდან გაგდების მიზნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - გ. ა–ს, თუ ის მათ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდებოდა. გ. ა–მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის განაჩენით:

2.1. შ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. შ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, შ. ნ–იის დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, შ. ნ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

7. დაზარალებულმა გ. ა–მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შ. ნ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.

8. სასამართლო ითვალისწინებს რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).

9. სასამართლო ვერ გაიზიარებს გამოკითხული პირის - ნ. გ–ის გამოკითხვის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც გადმოსცემს დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოკითხული პირის - ნ. გ–სის მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მან საკუთარი თვალით იხილა, კერძოდ, მისი განმარტებით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით პოლიციის განყოფილებაში მისვლისას, გ. ა–ა უჩიოდა შინაგან კანკალს, ჰაერის უკმარისობას, გულისცემის აჩქარებასა და სხეულის დაბუჟებას. მიუხედავად ამისა, ნ. გ–ე არ წარმოადგენს შემთხვევის თვითმხილველ მოწმეს და დაზარალებულის მიერ მითითებული ჩივილების გამომწვევი მიზეზი მისთვის ცნობილია დაზარალებულისგან.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არსებული სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტს შემოწმებისას არ აღენიშნებოდა სხეულის დაზიანების ახალი კვალი.

12. რაც შეეხება კასატორის მიერ საჩივარში მითითებულ შემაკავებელ ორდერს, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი ან/და ის მტკიცებულებები, რომელთა პირველწყარო არის დაზარალებული, დაცვის მხარის მიერ არ იქნება უდავოდ ცნობილი (არ ეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც არ უკავშირდება დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმებას) და შესაბამისად - სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული - დაუშვებელია, გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის, რადგან არსებითი განხილვის ფარგლებში არ მომხდარა ინფორმაციის პირველწყაროს (მაგ: შემაკავებელი ორდერის შემთხვევაში - დაზარალებულის) დაკითხვა და შესაბამისად - მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევა (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს N619აპ.-22 განჩინება).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა გ. ა–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაცვის მხარემ უდავოდ ცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის - შემაკავებელი ორდერი, რითიც დაეთანხმა აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, ერთი მხრივ, ზუსტად არ ასახავს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს - თუ რაში გამოიხატა შ. ნ–ის მიერ ჩადენილი ძალადობა, ასევე, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო, მეორე მხრივ, არ ადასტურებს დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებას და დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმას.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ჩვენება, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილის დადასტურება ( როდესაც დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის ობიექტურად განცდა არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა არც ერთი მტკიცებულებით), ურომლისოდაც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა. მართალია, დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ტესტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №746აპ-19; საქმე №674აპ-20), თუმცა, საქმეში არ მოიპოვება არც ისეთი მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა მის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას. ანალოგიურად, მუქარის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში და იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ გამოძიების დაწყებას მხოლოდ ფიზიკური ძალადობის შესახებ შეტყობინება დაედო საფუძვლად, შეუძლებელია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის დადასტურება როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით.

15. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა შ. ნ–იის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე