საქმე # 330100120003512953
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №846აპ-22 ქ. თბილისი
ნ. დ. 846აპ-22 4 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ნ–ს,- დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ნ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში, N.. კორპუსის N.. ბინაში, დ. ნ–მ ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს - თ. წ–ს, არასრულწლოვანი შვილის - ი. ნ–სის თანდასწრებით, მარჯვენა მკლავში მოჰკიდა ხელი და შეაჯანჯღარა, რის შემდეგაც სახის არეში გაარტყა ხელი. დ. ნ–ს ქმედებებით თ. წ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2019 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში, N.. კორპუსის N.. ბინაში, დ. ნ–სემ ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს - თ. წ–ს სახის არეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც თ. წ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
3.1. დ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
3.2. დ. ნ–სის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი);
3.3. დ. ნ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა დ. ნ–სის მიერ 2019 წლის 25 ოქტომბერს მეუღლეზე - თ. წ–სზე ძალადობა, თუმცა არ დადასტურდა აღნიშნული ქმედების ჩადენა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით; გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე არ დადასტურდა დ. ნ–სის მიერ 2019 წლის 26 ოქტომბერს მეუღლეზე ძალადობა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
5.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ნ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
5.2. მსჯავრდებულ დ. ნ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ვ. მ–მა მოითხოვა დ. ნ–სი სრულად გამართლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ დ. ნ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს დ. ნ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
9.1. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2019 წლის 25 ოქტომბერს დ. ნ–სემ მეუღლე - თ. წ–სზე ფიზიკურად იძალადა მათი არასრულწლოვანი შვილის - ი. ნ–სის თანდასწრებით, თუ მის - გარეშე; ასევე დ. ნ–მ 2019 წლის 26 ოქტომბერს იძალადა თუ არა მეუღლე - თ. წ–სზე, კერძოდ, გაარტყა თუ არა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დ. ნ–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: შემაკავებელი ორდერის ოქმით (სავარაუდო მსხვერპლს აღენიშნება დაზიანებები - მარჯვენა მკლავის არეში, რომელიც მიიღო 2019 წლის 25 ოქტომბრის ძალადობისას), სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (თ. წ–სს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს), დათვალიერების (დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების) ოქმითა და თანდართული ფოტოებით (თ. წ–მა მიუთითა მარჯვენა ხელის არეში არსებულ სისხლნაჟღენთზე და განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანება მეუღლემ - დ. ნ–მ 2019 წლის 25 ოქტომბერს მიაყენა, როდესაც იგი ეჭვიანობის ნიადაგზე აჯანჯაღარებდა), ბრალდებულის განმარტებით (მეუღლე შეაჯანჯღარა და მკლავზე ძლიერად მოჰკიდა ხელი) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ნ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ნ–სის მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიმართ შერაცხული ქმედების ჩადენაში. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მტკიცებას და ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
12.1. მოცემულ შემთხვევაში კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ დ. ნ–სემ 2019 წლის 25 ოქტომბერს მეუღლეზე იძალადა არასრულწლოვანი შვილის - ი. ნ–სის თანდასწრებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) - დ. ნ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არასრულწლოვანი ი. ნ–სე, რომლის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენასაც ედავება ბრალდების მხარე მსჯავრდებულს (დაზარალებულის 2019 წლის 26 ოქტომბრის ხელწერილით, იგი უარს აცხადებს მისი 11 წლის ნ. ნ–სა და 4 წლის ი. ნ–სის მოწმის სახით გამოკითხვაზე (ტ. N1; ს.ფ.N20)); საქმეში ასევე არ არსებობს ფაქტის თვითმხილველი და იმავდროულად, ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაადასტურებდა დანაშაულის არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენას; ბრალდების მხარემ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად საქმეში წარმოადგინა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი (ტ. N1; ს.ფ.13-19), სადაც გრაფაში - ,,ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი ბავშვ(ებ)ის თანდასწრებით“, აღნიშნულია - ,,კი“, ხოლო არასრულწლოვნის სახელსა და გვარში მითითებულია - ი. წ.
12.2. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ - 2019 წლის 26 ოქტომბრის ფიზიკური ძალადობის (დ. ნ–სემ ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს - თ. წ–სს სახის არეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც თ. წ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი) ეპიზოდს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) - დ. ნ–სის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; შემაკავებელი ორდერით (სადაც აღნიშნულია მხოლოდ მარჯვენა მკლავის არეში არსებული დაზიანება, რომელიც სავარაუდო მსხვერპლმა მიიღო 2019 წლის 25 ოქტომბრის ძალადობისას), სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დათვალიერების (დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერებით) ოქმითა და მასზე თანდართული ფოტოსურათებით არ ფიქსირდება/დასტურდება თ. წ–სის სახეზე (სახის არეში) რაიმე დაზიანების კვალი; სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა შესაძლო ფაქტის თვითმხილველი ნეიტრალური მოწმე, მსჯავრდებულ დ. ნ–სის მიერ ხელმოწერილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი შემაკავებელი ორდერით (შემაკავებელი ორდერის ინციდენტის ფაბულაში მითითებულია, რომ დაზარალებულის განმარტებით - 2019 წლის 26 ოქტომბერს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამასთან, ძალადობა ხშირად არ ხდება და გამოიხატება სახეში გარტყმაში) და 2019 წლის 26 ოქტომბრის დაზარალებულის განცხადებით (რომლის თანახმად, 2019 წლის 26 ოქტომბერს ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ გაარტყა სახეში) ვერ დგინდება დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის სუბიექტური ან/და ობიექტური კრიტერიუმი, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინების თანახმად, ინიციატორი არის არა დაზარალებული, არამედ - დედამისი, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ 2019 წლის 26 ოქტომბერს მივიდა შვილთან - თ. წ–სთან, მას შემდეგ, რაც შვილიშვილისგან ცნობილი გახდა, რომ მისმა მშობლებმა იჩხუბეს; დ. ნ–სის მხრიდან ძალადობის შესახებ თ. წ–სს დედისთვის არაფერი უთქვამს; ამასთან, თ. წ–სი იყო ,,შეწუხებული სახით“, თუმცა რაიმე სახის დაზიანება ვიზუალურად არ ემჩნეოდა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კასატორის პოზიციის დასადასტურებლად და მითითებულ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე