Facebook Twitter

საქმე # 010100121004328053

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №951აპ-22 ქ. თბილისი

მ. ე. 951აპ-22 10 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. მ–ს, - დაბადებულს 1.... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;

1.2. განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ე. მ–ე ქ–ს მუნიციპალიტეტში, სოფელ კ–სა და სოფელ ბ–ს შორის არსებულ გზაჯვარედინზე გადაადგილდებოდა ზ. მ–ს, ნ. ა–სა და თ. პ–სთან ერთად ,,ოპელ ვექტრას“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით (სანომრე ნიშნით ........, გამოშვების წელი 1....), რომელსაც თ. პ–ე მართავდა. ე. მ–მ სხვისი მოძრავი ნივთის - სატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თანნაქონი ,,ტოზ-ბ“ მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა თ. პ–ე, გაეჩერებინა და გადასულიყო ავტომანქანიდან. თ. პ–მ გააჩერა ავტომანქანა ზემოთ აღნიშნულ ადგილზე, გადავიდა და მას შემდეგ, რაც ე. მ–ს მოთხოვნით საჭესთან დაჯდა ნიკა ანდღულაძე, ე. მ–სე, ზ. მ–სთან და ნ. ა–სთან ერთად ამავე ავტომობილით გაემართა ქ–ს მიმართულებით, რითაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 4000 ლარად ღირებულ ,,ოპელ ვექტრას“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას (სანომრე ნიშნით ......., გამოშვების წელი .....).

2.2. 2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ე. მ–მ ქ-ს მუნიციპალიტეტში, .........ის ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ვ. ვ–ს განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ,,ტოზ-ბ“ მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფიდან ორი გასროლით მიაყენა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები ზურგის, გულმკერდისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, ხოლო ე. მ–სე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ე. მ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რეციდივისას, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

3.4. ე. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 16 დეკემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

4.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოითხოვა ე. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი - მაქსიმუმთან მიახლოებული - სასჯელის შეფარდება, როგორც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით, ისე - საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის გამკაცრება;

4.2. მსჯავრდებულ ე. მ–სის ადვოკატმა დ. ჩ–მა მოითხოვა ე. მ–სის გამართლება, ხოლო ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში - სასჯელის შემსუბუქება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

6.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ირაკლი დონდოლაძე ითხოვს ე. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი - მაქსიმუმთან მიახლოებული - სასჯელის შეფარდებას, როგორც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით, ისე - საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის გამკაცრებას;

6.2. მსჯავრდებულ ე. მ–ს ადვოკატი დ. ჩ–ი ითხოვს ე. მ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, , no.36755/06, §31, ECtHR 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვისა და ბრალდების მხარეებმა გაასაჩივრეს მხოლოდ სასჯელის ნაწილში. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ე. მ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ე. მ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გვამის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე. მ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაულები. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

10. რაც შეეხება კასატორების მოთხოვნას, ბრალდების მხარის შემთხვევაში - ე. მ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების, ხოლო დაცვის მხარის შემთხვევაში - სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით ე. მ–სთვის განსაზღვრული სასჯელის მხოლოდ შემსუბუქებას, მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებულის შეზღუდულ შერაცხადობასა და სასჯელის მოხდის პერიოდში გამოვლენილ ე. მ–ს ფსიქიკური აშლილობის ნიშნებზე. კერძოდ:

11.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 21 მაისის დასკვნის თანახმად, ე. მ–ს აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - …. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ნარკოტიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შერეული პერსონალური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).

11.2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის N... დასკვნით, შემთხვევის კლინიკური სურათის სირთულეზე მითითებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ე. მ–ს მიმართ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება შპს ,,........... ცენტრში“;

11.3. N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორ ზ. ნ–ს 2021 წლის 18 ოქტომბრის N..... მიმართვის საფუძველზე მსჯავრდებულ ე. მ–ს მიმართ დაინიშნა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა;

11.4. შპს ....... ცენტრის“ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2021 წლის 27 ოქტომბრის N... დასკვნის თანახმად: 1. ე. მ–სეს აღენიშნება ფსიქოზური რეგისტრის, ქრონიკული ფსიქიკური დაავადება მანიაკალური ტიპის შიზოაფექტური აშლილობა /…/, - (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა), რასაც მოწმობს ანამნეზური მონაცემები, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია და ამჟამინდელი კვლევის შედეგები; 2. ამჟამად აღნიშნული დაავადება ე. მ–სეს ხელს უშლის სასჯელის მოხდაში; 3. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ე. მ–სე საჭიროებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობას შპს ......... ცენტრში“ (ხ., ქ.), აღნიშნული მდგომარეობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა.

11.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ 2021 წლის 2 ნოემბრის ბრძანების თანახმად, მსჯავრდებული პაციენტი - ე. მ–სე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში - შპს ,,............ ცენტრში“ (......) არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვით; მსჯავრდებულ პაციენტს - ე. მ–ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების ვადა, რომელიც შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში, აეთვალა სტაციონარში მოთავსების დღიდან.

12. სააპელაციო სასამართლოში დაკითხული ექსპერტის - თ. მ–ს ჩვენების თანახმად, ე. მ–სე შემოწმდა დაავადების გამწვავების პერიოდში; მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო რთული, სავარაუდოდ, მკურნალობის კრიტერიუმები არ არის ამოწურული, რის გამოც სამკურნალო დაწესებულება მას არ აბრუნებს პენიტენციურ დაწესებულებაში; დასკვნასთან დაკავშირებით, არცერთ ექსპერტს არ გამოუთქვამს განსხვავებული აზრი.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაულის ჩადენა შეზღუდული შერაცხადობის მქონე პირის მიერ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, ისევე როგორც დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირის ფსიქიკური დაავადება. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდული შერაცხადობა გაითვალისწინება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნის დროს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს).

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა - თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი - თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით, რეციდივის გათვალისწინებით, ე. მ–სეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული აქვს მინიმალურთან მიახლოებული (თავისუფლების აღკვეთა 9 წლით), ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - მინიმალური (თავისუფლების აღკვეთა 7 წლით) ხანგრძლივობის სასჯელი.

15. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო, მათ შორის, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს აღენიშნებოდა შერეული პერსონალური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ;

16. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები - კერძოდ, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ ე. მ–სე წარსულში არის ნასამართლევი და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, ხოლო, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებების უმეტესობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე - ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენისას აღენიშნებოდა შერეული პერსონალური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ (შეზღუდული შერაცხადობა), სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და როგორც თითოეული დანაშაულისათვის, ასევე - დანაშაულთა ერთობლიობით შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

17. შესაბამისად, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N... დასკვნით დადგენილი გარემოება, რომ ე. მ–სეს აღენიშნება ფსიქოზური რეგისტრის, ქრონიკული ფსიქიკური დაავადება მანიაკალური ტიპის შიზოაფექტური აშლილობა /…/, - (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა), ვერ გახდება დანიშნული სასჯელის შემდგომი შემსუბუქების საფუძველი.

18. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორი დაცვის მხარე არ ითხოვს საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო საკასაციო საჩივრის განხილვისას შეზღუდულია საკასაციო საჩივრის მოთხოვნით.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

20. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22 განჩინებები).

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

22. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე