Facebook Twitter

საქმე # 190100120004072442

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№960აპ-22 ქ. თბილისი

გ–ე გ., 960აპ-22 8 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის - მალხაზ გეწაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

გ. გ. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2020 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ს–ში, საერთო საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ. გ–მ იძალადა პაპის - ს. გ–ს მიმართ, კერძოდ, გ. გ–ს სურდა ს. გ–ს საცხოვრებელი ოთახის გაყიდვა, რის გამოც მოუხდათ შელაპარაკება. გ. გ–მ პაპას - ს. გ–ს მუშტი დაარტყა მკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2020 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ს–ში, საერთო საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ. გ–მ იძალადა პაპის - ს. გ–ს მიმართ, კერძოდ, გ. გ–ს სურდა ს. გ–ს საცხოვრებელი ოთახის გაყიდვა, რის გამოც მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც გ. გ–მ პაპას - ს. გ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ორივე ხელი მოჰკიდა მხრებში და წააქცია, რის შემდეგაც ორივე ხელი მოჰკიდა ბეჭებზე, გაათრია მიწაზე და მარჯვენა ფეხი დაარტყა თეძოს არეში. გ. გ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ს. გ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განაჩენით:

2.1. გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2020 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) ჩადენაში და გამართლდა;

2.2. გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2020 წლის 8 ოქტომბრის ეპიზოდი) ჩადენაში და გამართლდა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენაში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონულმა პროკურორმა მალხაზ გეწაძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

8. დაზარალებულის შვილიშვილის, მოწმე ა. გ–ს ჩვენებით, 2020 წლის 4 ოქტომბერს გ. გ–ე იმყოფებოდა ა. გ–სთან სახლში, რა დროსაც გამოვიდა პაპა და ეძებდა ბარს. მათ შორის რაიმე საუბარი არ შემდგარა. გ–სა და ს–ს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. ამის შემდეგ ისინი გავიდნენ გ–ს სახლში. იმ დღეს გ–ს პაპა აღარ უნახავს.

9. დაზარალებულის შვილიშვილის, მოწმე ლ. გ–ს ჩვენებით, 2022 წლის 8 ოქტომბერს სახლში იმყოფებოდნენ თვითონ, გ. და მამამისი. დაახლოებით 11 საათზე პაპა გამოვიდა ეზოში, იყო აგრესიული, რაღაც დაკარგა, ილანძღებოდა, ხოლო ლ–ა და გ–ი მას აწყნარებდნენ. ამ დროს ს. გ–სე წაიქცა, შემდეგ ადგა და გაიქცა სახლიდან. წაქცევისას მათსა და ს. გ–სეს შორის იქნებოდა 2 მეტრის დისტანცია. ლ. გ–ს განმარტებით, არც თვითონ და არც გ. პაპას ხელით არ შეხებიან. იყო მხოლოდ კამათი და ისინი ცდილობდნენ მის დამშვიდებას.

10. დაზარალებულის მეუღლის - მ. ქ–ს ჩვენებით, 2020 წლის 8 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ხმაური. სახლიდან გასვლისას დაინახა, რომ წაქცეული ს. გ–სე დგებოდა. სხვა ფაქტი მოწმეს არ დაუნახავს. ეზოში ს. გ–ს გარდა, იყვნენ ლ. გ–ე, გ. გ–ე და ჯ. გ–ე. მოწმის მოსაზრებით, მათ შორის მოხდა ოჯახური შელაპარაკება. სავარაუდოდ, ს. გ–სეს ფეხი აუცურდა და დაეცა.

11. დაზარალებულ ს. გ–სის ჩვენებით, მასა და მის შვილიშვილს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც მათ აშველებდა უმცროსი შვილიშვილი - გოგონა. გ. გ–მ მას მკლავში მოჰკიდა ხელი. ამ კამათის შემდეგ, მეორედაც მოხდა მსგავსი შემთხვევა. ს. გ–ს ფეხი დაუცურდა და როდესაც წაიქცა, მისმა შვილიშვილმა ყელში და ხელზე მოუჭირა ხელი, რის გამოც ჩალურჯებები კიდევ ეტყობა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს. გ–ს განმარტებით, პირველ ჩხუბს შეესწრო მხოლოდ ა. გ–ე, ხოლო მეორე ჩხუბის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ჩხუბი დაინახეს ა. და ლ. გ–ებმა. 2020 წლის 8 ოქტომბერის ფაქტთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ იმყოფებოდა ავტოფარეხში, სადაც გ–ი შეუვარდა და დაუწყო ჩხუბი. ჩხუბისას ეტკინა ხელი და მუხლი, რის შედეგადაც, განიცადა ფიზიკური ტკივილი. მათ აქვთ დიდი ღობე და არავის არაფერი დაუნახავს, მათ შორის - არც მის მეუღლეს. მას მხოლოდ ხმაური ესმოდა.

12. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 11 ოქტომბრის №..... დასკვნის თანახმად, გარეგანი დათვალიერებით ს. გ–ს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარცხენა მტევნის მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ლ–მ განმარტა, რომ მიყენებული დაზიანებები, შესაძლოა, წაქცევის შედეგად განვითარებულიყო.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას დაზარალებულის ჩვენების სანდოობისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებთან შესაბამისობის შესახებ. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ 2020 წლის 8 ოქტომბერს ს. გ–ე წაიქცა, ხოლო 4 ოქტომბრის ეპიზოდთან მიმართებით, მოწმე ა. გ–მ კატეგორიულად უარყო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. ამასთან, დაზარალებული დამაჯერებლად ვერ აღწერს, თუ როგორ და რა ვითარებაში მიადგა დაზიანებები.

14. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მტკიცებულებებს - დანაშაულის შესახებ შეტყობინებასა და დაზარალებულის გამოკითხის ოქმს, საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას (შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით). ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება) და არა გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია.

15. რაც შეეხება საქმეში არსებულ 2020 წლის 8 ოქტომბრის N..... შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, შემაკავებელი ორდერი გამოცემულია მხოლოდ 2020 წლის 8 ოქტომბერს მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახული ინფორმაცია იმეორებს დაზარალებულის ჩვენებას, წარმოადგენს ერთი წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას და არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას.

16. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

17. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება გ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის - მალხაზ გეწაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე