საქმე # 330100120003595994
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №627აპ-22 ქ. თბილისი
გ. ი. 627აპ-22 7 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ი. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით;
1.2. ი. ქ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 108-ე, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ი. გ–სმა, 2020 წლის 1 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ–ში, .........ის ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ, მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დ. ნ–ს მიაყენა მარჯვენა ლავიწის, ზურგისა და ბეჭის მიდამოში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობები, მაგრამ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზებისა გამო - დროული სამედიცინო დახმარების შედეგად.
2.1.1. ი. გ–მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე უკანონოდ ატარებდა და რომლითაც 2020 წლის 1 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე თ–ში, ..........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, დ. ნ–სეს მიაყენა მარჯვენა ლავიწის, ზურგისა და ბეჭის მიდამოში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობები.
2.2. 2020 წლის 1 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ი. ქ–ა იმყოფებოდა თ–ში, .........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. გ–სთან ერთად, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დ. ნ–ს მიაყენა მარჯვენა ლავიწის, ზურგისა და ბეჭის მიდამოში შემავალი ჭრილობები, რასაც უშუალოდ შეესწრო ი. ქ–სია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვალდებული იყო, შეეტყობინებინა აღნიშნული დანაშაულის შესახებ სათანადო ორგანოებისათვის, მან განზრახ თავი აარიდა მათთვის ინფორმაციის მიწოდებას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ი. გ–ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდა;
ი. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილზე;
ი. გ–სი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
ი. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 2 მარტიდან;
3.2. ი. ქ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
ი. ქ–სიას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 2 მარტიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 1 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ი. ქ–ა და ი. გ–სი იმყოფებოდნენ თ–ი, ......ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დ. ნ–ს მიადგა მარჯვენა ლავიწის, ზურგისა და ბეჭის მიდამოში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობები, რასაც უშუალოდ შეესწრნენ ი. ქ–სია და ი. გ–ი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ, შეეტყობინებინათ აღნიშნული დანაშაულის შესახებ სათანადო ორგანოებისათვის, განზრახ თავი აარიდეს მათთვის ინფორმაციის მიწოდებას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. კერძოდ: თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ, რომელმაც მოითხოვა ი. გ–სა და ი. ქ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ქმედებებში, ხოლო მსჯავრდებულების - ი. გ–ს და ი. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ჯ. კ–მა და ტ. კ–მ მოითხოვეს მსჯავრდებულების გამართლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ, რომელიც ითხოვს ი. გ–სის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო ი. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
8. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულების - ი. გ–სისა და ი. ქ–ს ადვოკატმა ტ. კ–მ, რომელიც ითხოვს, რომ არ იქნეს დაშვებული განსახილველად/არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი.
9.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ი. გ–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე ი. ქ–სიას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს (შესაგებლით) გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას, ანუ ეთანხმება ი. გ–სა და ი. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებას.
10.1. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ი. გ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, თუ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. გ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდება, ასევე საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილზე გადაკვალიფიცირება და აღნიშნული მუხლით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი, ასევე - ი. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება ი. გ–ს მიერ როგორც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება, ასევე დ. ნ–ს განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობა და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ი. გ–ს აღნიშნულ ნაწილებში ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ დ. ნ–სის ჩვენება. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი სხვა მოწმე (მათ შორის, არც დაზარალებულის თანმხლები თვითმხილველი მოწმე - გ. ს–ეე), ასევე საქმეში არსებული წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულება არ ადასტურებს უშუალოდ ი. გ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დ. ნ–სის განზრახ მკვლელობის მცდელობას. კერძოდ:
12.1. ი. გ–სი არ აღიარებს ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ხოლო დანაშაულის შემსწრე მოწმემ - გ. ს–ემ (დ. ნ–სის ბიძაშვილმა) სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილას მივიდა დაზარალებულ დ. ნ–სთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის მოთხოვნით თავდაპირველად დარჩა ავტომანქანაში, შემდეგ მაინც გადავიდა და შეხვედრაზე მისულ ორი პირთან დაზარალებულის მიახლოებისას, მათი მიმართულებით წავიდა. მოულოდნელად დაიწყო ჩოჩქოლი, ისე, რომ მუქარა არ გაუგია, მხოლოდ კითხვა - ,,ვინ ხარ“ და გინება, რა დროსაც კედლის მხრიდან გამოხტა ვიღაც მესამე პირი, ხელში თითქოს იარაღით და იმწუთიერად გაიგო ერთზე მეტი გასროლის ხმაც. მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ დაზარალებულთან შეხვედრაზე მისული ორი პირის ხელში მას იარაღი არ დაუნახავს, გამოვარდა სხვა, მესამე პირი. თავად მსჯავრდებულმა ი. გ–სმა ასევე ცალსახად დაადასტურა, რომ რეალურად ისროლა მისმა მეგობარმა, ვინმე - ლ-მ.
12.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე გ. ს–მ არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება (ტ. N1; ს.ფ. N7-12), მათ შორის ის, რომ ი. გ–სმა სამი გასროლა განახორციელა დ. ნ–სის მიმართულებით. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე გ. ს–მ უარყო, კერძოდ, არ დაადასტურა ი. გ–ს მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია და ასევე განმარტა, რომ მომხდარის შემდეგ დ. ნ–სთან აღარ ურთიერთობს, რადგან პოლიციელები და დავითის ოჯახის წევრიც გამოკითხვის შემდეგ სთხოვდნენ ამოცნობაში მონაწილეობის მიღებას და მსროლელის ამოცნობას, მიუხედავად იმისა რომ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მას არ შეეძლო ამოცნობა, შესაბამისად, არ სურდა ხელის დადება უდანაშაულო პირზე. მსროლელი, რომ ი. გ–სი ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა; ხოლო, მეორე მხრივ, კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია(იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება).
12.2. რაც შეეხება მოწმე ა. ა-ს ჩვენებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენების თანახმად, მოწმემ გაიგონა გასროლის ხმა და აივანზე გასულმა, დაახლოებით ხუთ მეტრში, ზემოდან და უკანა მხრიდან დაინახა ორი პირი, რომლებიც გარბოდნენ. ერთ-ერთი მათგანი ორი მეტრით წინ მირბოდა, სავარაუდოდ ის ვინც ისროლა, რადგან სირბილის პარალელურად, რაღაც ნივთს იდებდა შარვალში, თუმცა ვერ ახერხებდა. დაახლოებით 1-3 წუთში, იმ მხრიდან, საითაც აღნიშნული ორი მამაკაცი გაიქცა, ადგილზე მივიდა „X5-ის“ მოდელის ავტომანქანა და გაჩერდა მისი კორპუსიდან დაახლოებით 15 მეტრში. ავტომანქანიდან გადმოსულ მუქი ფერის კანის მამაკაცს, რომელიც იქაურობას ათვალიერებდა, ჰკითხა, თუ რას ეძებდა და იყო თუ არა მსხვერპლი, რომ დახმარებოდნენ. უცნობმა უპასუხა, რომ არაფერი იცოდა, იქაურობა შეათვალიერა და შემთხვევის ადგილი დატოვა. მას ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, რადგან არაბუნებრივად იქცეოდა. სხვა პირი იჯდა, თუ არა ავტომანქანაში, არ იცის - არ შეუმჩნევია. ამდენად, მოწმეს დ. ნ–სის დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს და არც ის იცის, თუ ვინ გაისროლა. მოწმის ჩვენებით დგინდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის, ი. ქ–სიას და ი. გ–სის შემთხვევის ადგილიდან გაქცევის და ამ უკანასკნელის მიერ იარაღის ჩადების ფაქტი (რასაც თავად მსჯავრდებული ი. გ–სიც არ უარყოფს და განმარტავს, რომ გასროლების შემდეგ დაზარალებულს იარაღი დაუვარდა, რომელიც მომხდარით დაბნეულმა, უსაფრთხოების მიზნით აიღო, დიდი ზომის გამო ტარით ჩაიდო და ი. ქ–სთან ერთად გაიქცა), შემთხვევის ადგილზე შემთხვევიდან მცირე ხანში მესამე პირის მისვლა.
12.3. საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებზეც, მათ შორის, საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, არის ირიბი, რადგან სადავო დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებულან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-52).
12.4. რაც შეეხება წერილობით მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა; ხოლო ფოტოსურათით ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი - დაზარალებული. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოცნობის ოქმი მართალია, რაოდენობრივად სამი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა სამივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20).
12.5. ი. გ–სის ჩვენების უტყუარობის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის იმ გარემოებასაც, რომ ი. გ–ის ჩვენების თანახმად, ერთი მხრივ, მან დაზარალებულის კუთვნილი იარაღი აიღო შემთხვევის ადგილიდან და შენახული აქვს „სანდო ადამიანთან“, ხოლო, მეორე მხრივ - უთითებს, რომ ისროლა მესამე პირმა - ლ–მა. იგი არ უთითებს დასახელებულ პირთა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაც შეუძლებელს ხდის ასეთი პირების რეალურად არსებობის გადამოწმებას. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს, ასევე - საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, პირის დამნაშავედ ცნობისთვის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილს (არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი), საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს - გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
13. შესაბამისად, ვინაიდან: ი. გ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ დ. ნ–ს ჩვენება; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაცვისა და ბრალდების ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები, ხოლო ნეიტრალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის ვერსიას საქმეში არ მოიპოვება, in dubio pro reo პრინციპის მოთხოვნიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ი. გ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება, ასევე - დ. ნ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობა, როგორც ეს მითითებულია ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ი. გ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.
14. იმავდროულად საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ი. გ–სა და ი. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილში დამნაშავედ ცნობის (დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია საკასაციო საჩივარი და შესაგებლით ითხოვა პროკურორის საკასაციო საჩვრის დაუშვებლად ცნობა) ნაწილში. გასაჩივრებულ განაჩენში მოცემული მსჯელობა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე