Facebook Twitter

საქმე # 150100119003239657

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №634აპ-22 ქ. თბილისი

გ. ე. 634აპ-22 9 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1 სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით;

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.3. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული ე. გ–მ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დედას - ს. გ–ს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: დაახლოებით ორი თვის წინ, საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში დაახლოებით სამი დღის წინ სახლში დაბრუნებულმა ფეხები ჩაარტყა რამდენჯერმე ორივე ფეხის ტერფთან და ტერფის ზედა ნაწილში. ასევე, 2019 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქალაქ ა–ში, ,,..... ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. გ–მა ს. გ–ს ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რადგან მან ვერ შეძლო ე–ს მიერ მისთვის მოთხოვნილი კრედიტის აღება. ე. გ–ს ზემოაღნიშნული სისტემატური ძალადობრივი ქმედებების შედეგად ს. გ–მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა;

2.2. 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული 2019 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, ე. გ–მა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დედას - ს. გ–ს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - აგინებდა და მიმართავდა უშვერი სიტყვებით. ე. გ–ს სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ს. გ–სმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა;

2.3. ქ. ნ-ში თანაცხოვრების პერიოდში ე. გ–ს დედას - ს. გ–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა, მიეცა მისთვის პენსიის სახით აღებული თანხა. ასევე, 2019 წლის 3 სექტემბერს ქალაქ ა–ში, ,,...... ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ე. გ–ს ს. გ–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა ბანკიდან აეღო სესხი და თანხა მისთვის გადაეცა.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ე. გ–სი (პ/ნ ...........) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (სისტემატური ცემის ეპიზოდი);

გამართლებულ ე. გ–ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

3.2. ე. გ–სი (პ/ნ ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა -100 საათით;

საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;

3.4. ე. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანიდან - 2021 წლის 27 სექტემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 3 სექტემბრიდან 2020 წლის 9 მარტის ჩათვლით.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

4.1. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ე. გ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (სისტემატური ცემის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4.2. ე. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ: 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული 2019 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, ე. გ–მა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დედას - ს. გ–ს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - აგინებდა და მიმართავდა უშვერი სიტყვებით, რის გამოც ს. გ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა;

4.3. ე. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ: 2019 წლის 3 სექტემბერს, ქალაქ ა–ში, ,,...–ი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ე. გ–ს დედას - ს. გ–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა, ბანკიდან აეღო სესხი და თანხა გადაეცა მისთვის; ამასთან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ქ. ნ–ში თანაცხოვრების პერიოდში ე. გ–ს დედას - ს. გ–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა, მიეცა მისთვის პენსიის სახით აღებული თანხა.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

5.1. მსჯავრდებულის ადვოკატმა კ. ა–მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე. გ–სის გამართლება;

5.2. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა ითხოვა მსჯავრდებულ ე. გ–სის საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან ერთად და მისთვის საბოლოოდ უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ ე. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და საბოლოოდ მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ პროკურორმა, რომელიც ე. გ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან ერთად, ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითაც და საბოლოოდ მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

9.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნის და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის გათვალისწინებით, დავის საგანს არ წარმოადგენს ე. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

9.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022წლის 2 მაისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულშიც ე. გ–ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ე. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Volodina v Russia, no. 41261/17, §72, ECtHR, 09/07/2019) და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი.... გამოწვევა დაუძლეველი ხდება მსხვერპლისთვის, რომელმაც თავად უნდა შეაგროვოს მტკიცებულებები და ამავდროულად განაგრძოს მოძალადესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მისგან ანგარიშსწორების შიშში (Volodina v Russia, no. 41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019).

12. იმავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ე. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით ბრალად წარდგენილ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით.

14. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი არ ითხოვს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას ან/ და მის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებთან („3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშნვისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“), მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. მოცემულ შემთხვევაში ე. გ–სს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უნდა განსაზღვროდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის აღნიშნული სახის გამოყენების შემთხვევაში) გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული 9 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად.

14.1. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა სრულად მიემართება ერთი მხრივ - ე. გ–სთვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის კანონიერების და სამართლიანობის შემოწმებას და მეორე მხრივ - საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების უკანონობის დასაბუთებას და ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, -საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს გასაჩივრებული განაჩენით ე. გ–სთვის საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელის საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე