Facebook Twitter

საქმე # 330100119003216481

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №468აპ-22 ქ. თბილისი

ო. ი. 468აპ-22 1 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანისა და მსჯავრდებულ ი. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჭ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ო–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ო–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თ–ში, ........ის გამზირზე, ..........ს სასახლის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია. მონაწილეთა მოთხოვნა იყო ........ის თ–სა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, .........ს ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა დაიწყეს ..........ს შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე მათი კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება.

ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობდა ი. ო–ი, რომელიც სიტყვიერად და თვალსაჩინო დემონსტრაციული მოქმედებებით მოუწოდებდა იქ მყოფ პირებს, ძალადობის გამოყენებით გაერღვიათ სამართალდამცავების კორდონი და შეეღწიათ ...........ის სასახლის დაცულ ტერიტორიაზე. იგი სხვებთან ერთად უშუალოდაც მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში, რომლებიც მიმართული იყო ............ის სასახლის დაცული ტერიტორიის პერიმეტრზე ............ის დასაცავად განლაგებული სამართალდამცავების კორდონის ძალადობით დასაძლევად და დაცულ ტერიტორიაზე ჯგუფურად შესაჭრელად. ზემოაღნიშნული ძალადობრივი მოქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა, ისე - პროტესტის გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა. ასევე დაზიანდა და განადგურდა სამართალდამცავთა კუთვნილი აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით:

3.1. ი. ო–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ი. ო–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.3. მსჯავრდებულ ი. ო–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 ივლისიდან.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თ–ში, .........ის გამზირზე, .............ის სასახლის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია. მასში მონაწილეთა მოთხოვნა იყო .........ის თავმჯდომარისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, ..........ის ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა დაიწყეს ..........ს შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. აღნიშნულ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობდა ი. ო–ი, კერძოდ, იგი სხვებთან ერთად მონაწილეობდა იმ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში, რომლებიც მიმართული იყო ...........ის შენობის დაცული ტერიტორიის პერიმეტრზე, ...........ის ტერიტორიის დასაცავად განლაგებული სამართალდამცავების კორდონის ძალადობით დასაძლევად და დაცულ ტერიტორიაზე ჯგუფურად შესაჭრელად. ზემოაღნიშნული ძალადობრივი მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა, ისე პროტესტის გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა. ასევე დაზიანდა და განადგურდა სამართალდამცავთა კუთვნილი აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებები.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

5.1. მსჯავრდებულ ი. ო–ს ადვოკატმა მ. ჭ–მა მოითხოვა ი. ო–ის სრულად გამართლება.

5.2. გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორებმა - გიორგი მუკბანიანმა და ვაჟა თოდუამ მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ო–სის საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დამნაშავედ ცნობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენით:

6.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორების - გიორგი მუკბანიანისა და ვაჟა თოდუას სააპელაციო საჩივარი, ასევე მსჯავრდებულ ი. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჭ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი ი. ო–ის მიმართ დარჩა უცვლელად;

6.2. ი. ო–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

6.3. ი. ო–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

6.4. ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი. ო–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. ასევე ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი. ო–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 ივლისიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 15 მაისის განკარგულებით იგი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

7.1. პროკურორი გიორგი მუკბანიანი, ითხოვს მსჯავრდებულ ი. ო–ს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დამნაშავედ ცნობას;

7.2. მსჯავრდებულ ი. ო–ს ადვოკატი მ. ჭ–ი ითხოვს ი. ო–ის სრულად გამართლებას.

7.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით ადვოკატ მ. ჭ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აღდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, par. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს ი. ო–ის მსჯავრდებას, როგორც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, ისე - აღნიშნული მოქმედებების ხელმძღვანელობაშიც, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს ი. ო–ის სრულად გამართლებას.

10. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თ–ში, ...........ის გამზირზე, ...........ის სასახლის წინ გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მონაწილეობდა თუ არა ი. ო–სი ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა და ხელმძღვანელობდა თუ არა იგი ასეთ მოქმედებებს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა (საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ისეთი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი); გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი); არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას (საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნას ი. ო–ის საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებებითა და ...........ს სასახლის მიმდებარედ სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ვიდეოჩანაწერებით, ცალსახად დადასტურდა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან პროტესტმა მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ი. ო–ის მიერ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა.

12.1. ი. ო–სის მიერ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მოწმეების - ბ. გ–სა და ი. მ–ს ჩვენებები, რომელთაც მიუთითეს, რომ ქ. თ–ში, ჭ–ს ქუჩაზე, ................ის გვერდითა შესასვლელის დაცვისას, დაახლოებით 22:00-23:00 საათების შუალედში, მათთან მივიდა ი. ო–ი, დაახლოებით 30 თანმხლებ პირთან ერთად და ითხოვა ...........ში შესვლა. უარის მიღების შემდეგ, თანმხლებ პირებს მოუწოდა, ძალის გამოყენებით გაერღვიათ პოლიციის თანამშრომელთა კორდონი და შესულიყვნენ ..............ის შენობაში. თანმხლები პირები ემორჩილებოდნენ ი. ო–ს მითითებებს და მოქმედებდნენ შესაბამისად. მათ ერთად დაიწყეს მათზე მიწოლა, რაც გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთს, თუმცა, სამართალდამცავებმა შეძლეს „ცოცხალი ჯაჭვის“ შენარჩუნება და ვითარების განეიტრალება. ამის შემდეგ ი. ო–მა თანმხლებ პირებს მოუწოდა, დაბრუნებულიყვნენ .............ის გამზირზე, რის შესაბამისადაც, ისინი ერთად გაემართნენ ...........ის გამზირის მიმართულებით.

12.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ დადასტურდა ი. ო–ს თანმხლები პირების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც ავტომატურად გამორიცხავს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, საქმეში ასევე წარმოდგენილია დაცვის მხარის იმ მოწმეების (ე. ხ–ა, გ. მ–ი, გ. ტ–ში, კ. ბ–ი, ზ. ნ–ე და გ. ლ–ი) ჩვენებები, რომლებიც ახლდნენ ი. ო–სს ან იმყოფებოდნენ ჭ–ს ქუჩაზე. კერძოდ, მათ დაადასტურეს, რომ მითითებულ პერიოდში ი. ო–სი ნამდვილად იყო ქ. თ–ში, ჭ–ს ქუჩაზე, .........ის გვერდითა შესასვლელთან, სადაც იმყოფებოდა პოლიციელთა უზარმაზარი კორდონი, თუმცა, მსჯავრდებულის მხრიდან რაიმე ძალადობა, ან ძალადობის მოწოდება არ ყოფილა, იგი მშვიდად გაესაუბრა პოლიციის თანამშრომლებს, შემდეგ კი დაბრუნდა ..........ს გამზირზე.

12.3. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც ი. ო–ს მიერ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ჩადენას ადასტურებს ადგილზე მყოფი მხოლოდ ორი პოლიციელი; მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უარყოფს სასამართლოში დაკითხული არაერთი თვითმხილველი მოწმე; საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა, ნეიტრალური მტკიცებულება (მაგ. ვიდეოკამერის ჩანაწერი), - სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს - ი. ო–ს მიერ ჯგუფური მოქმედების (ძალადობის) ხელმძღვანელობის ნაწილში.

13. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ო–ს მსჯავრდება განაპირობა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, par.91, ECtHR, 2010; Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, par. 27, ECtHR, 13/07/2017). ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Ruiz Torija v. Spain, par. 29, Series A no. 303-A, ECtHR, 09/12/1994; García Ruiz v. Spain [GC], no. 30544/96, par. 26, ECtHR, 1999-I; Moreira Ferreira v. Portugal (no.2), [GC], no. 19867/12, par. 84, ECtHR, 11/07/2017; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11, 35839/11, par. 65, ECtHR, 27/02/2020). აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, par. 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, par. 33, ECtHR, 21/07/2015).

14.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ი. ო–სი სისხლისსამართალწარმოების ყველა ეტაპზე წარმოდგენილი იყო მოწვეული ადვოკატით (დაცვა შეთანხმებით) -კერძოდ, სატელეფონო გასაუბრების შესახებ 20.. წლის ... ის ოქმის თანახმად, დეტექტივ-გამომძიებელმა ი. ო–სს ტელეფონის საშუალებით, დაახლოებით 18:00 საათზე შეატყობინა, რომ 20.. წლის .. ივნისის, 20:00 საათზე მოწმედ გამოკითხვის მიზნით დაბარებულია შსს-ში (ტ. N3; ს.ფ. 252); 20.. წლის .. ივნისით დათარიღებული ორდერის თანახმად, ადვოკატ მ. ჭ–ს დაევალა, წარადგინოს და დაიცვას ი. ო–სის ინტერესები წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში; ორდერი ადვოკატმა ჩაიბარა 20:50 საათზე (ტ.N3; ს.ფ. 395); ი. ო–ის 20.. წლის ........ის განცხადების თანახმად, იგი საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ დ. ჩ–ს აცნობებს, რომ მისი უფლებების დასაცავად მიზანშეწონილად მიაჩნია, მოწმის სახით დაიკითხოს მოსამართლის წინაშე (ტ. N3; ს.ფ. 253); აღნიშნულიდან გამოდინარე, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების ეტაპზე ი. ო–სი მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2019 წლის 23 ივლისს (ტ. N3; ს.ფ. 255, 259-261, 265-275); ხოლო პირის ბრალდების შესახებ დადგენილებას გაეცნო 2019 წლის 26 ივლისს, ადვოკატთან ერთად (ტ. N4; ს.ფ. 14-17); სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქმის განხილვისას, ასევე წინასასამართლო სხდომაზე, საქმის პირველ და სააპელაციო ინსტანციებში განხილვისას ი. ო–სის ინტერესებს იცავდა ადვოკატი მ. ჭ–სი (ტ. N4; ს.ფ. 66-76); იმავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის გარკვეულ ეტაპზე მის ინტერესებს იცავდნენ ასევე ადვოკატები - ვ. ი–ი და ს. კ–ე.

14.2. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გაცნობისა და არსებით სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის/შედავების, ასევე - სასამართლოსთვის საკუთარი პოზიციისა და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის, გასაჩივრების და საქართველოს სსსკ-ის 38-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სამართალწარმოების ფარგლებში დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობას, არ უთითებს ევროპული კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით დაცვის მხარისათვის მინიჭებული საპროცესო უფლებების რეალიზაციაში დაბრკოლებების ან სირთულეების არსებობაზე.

15. საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების უფლება, რომელიც არ მოიცავს საპროტესტო აქციას, სადაც ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ძალადობრივი განზრახვა/მიზანი აქვთ, ახდენენ ძალადობის წახალისებას ან სხვაგვარად უარყოფენ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს, ასევე არ მოიცავს ისეთ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, რომელიც გახდა ძალადობრივი (იხ. Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20, 31365/20, 32525/20, par. 79, 90, ECtHR, 01/09/2022; Kudrevičius and Others, v. Lithuania [GC], no. 37553/05, par. 92, ECtHR, 15/10/2015).

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ი. ო–სის მსჯავრდება არ უკავშირდება per se ქ. თ–ში, ........ს გამზირზე, ..........ის სასახლის წინ, 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციაში მის მონაწილეობას (იხ. Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20, 31365/20, 32525/20, par. 101, ECtHR, 01/09/2022; Barraco v. France, no. 31684/05, par. 46, ECtHR, 5/03/2009; Budaházy v. Hungary, no. 41479/10, par. 43, ECtHR,15/12/ 2015); არამედ უკავშირდება 2... წლის .......სს ქ. თ–ში, .........ის გამზირზე, ..........ის სასახლის წინ გამართული საპროტესტო აქციისას ...........ის შენობაში შეჭრის მიზნით მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის ძალადობრივ მოქმედებებში - ...........ის სასახლის დაცული ტერიტორიის პერიმეტრზე, ...........ის ტერიტორიის დასაცავად განლაგებული სამართალდამცავების კორდონის ძალადობით დაძლევაში - მონაწილეობას, რის შედეგადაც როგორც სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებმა, ისე - პროტესტის გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები, ასევე დაზიანდა და განადგურდა სამართალდამცავთა კუთვნილი აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებები.

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ემყარება, როგორც თვითმხილველი პოლიციელების ჩვენებებს, „ის ასევე გამყარებულია სადავო მოვლენების ამსახველი ვიდეომასალით, რომლის რელევანტურობა, კანონიერება და მსჯავრდებისათვის საკმარისობა შეაფასეს განაჩენის დამდგენმა სასამართლოებმა“ (იხ. Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20, 31365/20, 32525/20, par. 63, ECtHR, 01/09/2022).

18. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ი. ო–სს სამართალწარმოების ფარგლებში (მათ შორის, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას) წარმოადგენდა მის მიერ არჩეული ადვოკატი და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა: მათ შორის, დაეკითხა თვითმხილველი მოწმე პოლიციელები, რომლებიც მას დანაშაულის ჩადენაში ამხელენ (შეადარეთ და განასხვავეთ Navalnyy and Gunko v. Russia, no. 75186/12, par. 66, ECtHR, 10/11/2020. ციტირებულია: Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20, 31365/20, 32525/20, par. 62, ECtHR, 01/09/2022); გამოეკვლია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები, დაეკითხა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები, წარმოედგინა ახალი მტკიცებულებები, შუამდგომლობები, გაესაჩივრებინა საპროცესო აქტები და განეხორციელებინა საქართველოს სსსკ-ით დაცვის მხარისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების: თ. კ–ს, ი. ბ–ს, გ. ჩ–სა და ვ. თ–ს ჩვენებებს, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებს, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებსა და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ი. ო–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

20. თვითმხილველი მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102). შესაბამისად, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასოს ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენება, როდესაც მათი ჩვენებები, შესაძლოა, იყოს სუბიექტური (იხ. მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განაჩენი საქმეზე N902აპ-19).

21. მოწმე თ. კ–მის ჩვენების თანახმად (მუშაობს საქართველოს შ.. გ... დ... დ-ს განყოფილებაში), ........ის გამზირზე, ............ის სასახლის წინ გამართული საპროტესტო აქციისას ხალხის მასები აწვებოდნენ პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ მათი ჯაჭვის გარღვევას. მოქალაქეთა ერთ-ერთი შეტევის დროს იგი (თ. კ–ე) გადავარდა (წაიქცა), რა დროსაც წაართვეს ფარი და ხელკეტი (უშუალოდ ვინ წაართვა, არ იცის), თუმცა შეძლო წამოდგომა და პოლიციის თანამშრომელთა ცოცხალ ჯაჭვში ჩადგომა. ხალხი კვლავ ცდილობა ჯაჭვის გარღვევას, იმავდროულად, ესროდნენ სხვადასხვა ნივთებს (მათ შორის, პოლიციელებისთვის წართმეულ - ფარებს, ჩაფხუტებს, ასევე ბოთლებს, რომლებშიც ჩაყრილი ჰქონდათ ქვები (ხრეში)). ამ დროს შენიშნა ი. ო–ი, რომელიც ცდილობდა წინააღმდეგობის დაძლევას და ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას. აღნიშნულის შემდეგ ხალხმა მეორედ წააქცია, რა დროსაც შემოახიეს ფორმა. ამ შემთხვევაშიც შეძლო წამოდგომა და ვინაიდან აღარ ჰქონდა ჩაფხუტის გარდა სხვა სპეციალური აღჭურვილობა (ფარი, ხელკეტი), სცადა .........ის ეზოსკენ წასვლა. სწორედ ...........ის ეზოში შესვლისას მეორედ შენიშნა ი. ო–სი, ასევე - ზ. უ–ი (2... წლის 13 დეკემბერი; 14:16:54), ისინი თითქმის ერთმანეთის გვერდზე იყვნენ და ხალხთან ერთად ცდილობდნენ წინ გადაწევას და ...........ის ეზოში შესვლას (14:32:38).

21.1. მოწმემ დააკონკრეტა, რომ ი. ო–ი, რომელიც ასევე ცდილობდა მისი წინააღმდეგობის დაძლევას, ექაჩებოდა - ხელზე მოჰკიდა ხელი და გამოქაჩა (14:31:02; 14:31:16), რათა გადაელახა დაბრკოლება და შიგნით შესულიყო (14:23:21). მოწმის მიერ მოწოდებული აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობის შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს ვიდეოჩანაწერებს, მათ შორის, სახელწოდებით - ,,...............“ (13:19-13:27). მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამოქაჩვის შესაბამისად, გადაიწია წინ, რა დროსაც სხვებმა (ხალხმა) მოჰკიდეს ხელი, რის შედეგადაც თავად გადავარდა, ხალხმა კი მოახერხა წინ წაწევა (14:31:52). მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა (ხელის ან/და ფეხის დარტყმა) არ მიუყენებიათ, თუმცა მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებდნენ, პოლიციის წინააღმდეგობა დაეძლიათ და წინ წასულიყვნენ. საბოლოოდ მისი წინააღმდეგობა დაძლიეს და ის ჯაჭვში ვეღარ იდგა (14:32:20). დაცემისას მიიღო უმნიშვნელო ნაკაწრები (14:24:05).

21.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის თანდასწრებით ვიდეოჩანაწერის (სახელწოდებით - ,,...............“) დათვალიერებისას თ. კ–მ მიუთითა კადრზე და განმარტა, რომ ხელზე ექაჩება ი. ო–სი (14:44:50). გარდა ამისა, მიუთითა, რომ როგორც სხვები აწვებოდნენ, ისე აწვებოდა ი. ო–სიც, თუმცა მისი მხრიდან მოწოდებები არ გაუგია (14:54:35). წინა რიგებს უკნიდან აწვებოდა ხალხი, შესაბამისად, ი. ო–სსაც აწვებოდა მოქალაქეთა მასა (14:55:50), ..........ს სასახლის სვეტებთან შექმნილ სიტუაციაში, სადაც ხდებოდა ხალხის მასობრივი მიწოლა, ი. ო–სი ვერაფერს იზამდა - რომ მოენდომებინა ვერ შეძლებდა გამოსვლას, თუმცა მანამდე, ნაკლები ინტენსივობის გამო, ამის შესაძლებლობა ჰქონდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კონკრეტულ მომენტში ი. ო–სს უკნიდან ინტენსიურად, რომ მისწოლოდნენ და მას, რომ არ ჰქონოდა მოქმედების შესაძლებლობა, ის ვერ მოახერხებდა, თავის მხარეს მის (მოწმის) დაქაჩვას (14:57:32).

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვიდეოჩანაწერებში გარკვევით ჩანს აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილის ძალადობა, კერძოდ, მოქალაქეები პოლიციის თანამშრომლებს ართმევენ დამცავ ფარებსა და ხელკეტებს, რომელთაც შემდეგ იყენებენ მათ წინააღმდეგ. ისინი ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლებისთვის წართმეულ ნივთებს, აწვებიან პოლიციის კორდონს და ცდილობენ ............ის შენობაში შეჭრას. ვიდეოჩანაწერებში ასევე ფიქსირდება ი. ო–ც (რაც ასევე დადასტურებულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით), რომელიც ხალხის მასასთან ერთად აწვება პოლიციის კორდონს და ცდილობს პარლამენტის შესასვლელის მიმართულებით გადაადგილებას. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ი. ო–ი ხელს ჰკიდებს მის წინ მდგომ პოლიციის თანამშრომელს, ძალის გამოყენებით წევს, ახერხებს მისთვის გვერდის აქცევას და ..........ის შესასვლელისკენ გადანაცვლებას (ვიდეო ფაილი სახელწოდებით ..........; 00:07:42); ასევე ვიდეოჩანაწერი (სახელწოდებით - ,,...........“) კადრში დაფიქსირებულია (იგივე ეპიზოდი, სხვა რაკურსით), რომ ი. ო–სი მიიწევს წინ, ..........ს შენობისაკენ (00:11:20), მას წინ ხვდება პოლიციის თანამშრომელი (00:13:19), რომელთანაც აქვს ფიზიკური კონტაქტი, რის შემდეგაც კადრში ფიქსირდება, რომ ის გადანაცვლებულია პარლამენტის შენობისკენ, ხოლო მის უკან იმყოფება მითითებული პოლიციელი (00:14:14).

23. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ხალხის მასაში გადაადგილება მომიტინგეთა სურვილზე არ იყო დამოკიდებული და ხშირად მასობრივი მიწოლის შედეგად უხდებოდათ, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილება, რასთან დაკავშირებითაც კასატორი უთითებს მოწმე თ. კ–მის ჩვენებაზე, რომ ,,თვითონაც, რომ მოენდომებინა, ვერაფერს იზამდა“.

23.1. სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ციტირებს მოწმის ჩვენების არასრულ ამონარიდს - მოწმემ განმარტა, რომ ..........ის სასახლის სვეტებთან, სადაც ხდებოდა ხალხის მასობრივი მიწოლა, ვერაფერს იზამდა - რომ მოენდომებინა, ვერ შეძლებდა გამოსვლას, თუმცა მანამდე, ნაკლები ინტენსივობის გამო, ამის შესაძლებლობა ჰქონდა. იმ დაშვების პირობებშიც კი, რომ ი. ო–ი ეპიზოდურად იმყოფებოდა ისეთ ვითარებაში, როდესაც მასზე მოქმედებდა ხალხის მასა და ვერ ახერხებდა თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ მოძრაობას, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში ი. ო–ს არმონაწილეობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ როდესაც მომიტინგეთა დიდი ჯგუფი აწვებოდა და თავს ესხმოდა მათ წინ მდგომ პოლიციის თანამშრომლებს, პოლიციელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც შეძლებისდაგვარად არ აძლევდნენ მოქალაქეებს წინ გადაწევის საშუალებას, ი. ო–მა ხელი მოჰკიდა მის წინ მდგომ თ. კ–მეს (სამართალდამცავის), თავის მხარეს მოქაჩა, შედეგად მოახერხა მისთვის გვერდის აქცევა და სიღრმეში (პარლამენტის სასახლისკენ) გადანაცვლება; მოწმე თ. კ–ის ჩვენებას, რომ კონკრეტულ მომენტში - მასთან ფიზიკური შეხებისას, ი. ო–სს ინტენსიურად, რომ მისწოლოდნენ და მას, რომ არ ჰქონოდა თავისუფლად (შეძლებისდაგვარად) მოქმედების შესაძლებლობა, ის ვერ მოახერხებდა, თავის მხარეს მის (მოწმის) დაქაჩვას (14:57:32);

23.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც ასახულია, რომ მაშინ, როცა მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან დაწყებულია ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები და ნებისმიერ ადგილზე მყოფი პირისათვის ადვილად აღქმადი უნდა ყოფილიყო, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში, ი. ო–ი და ზ. უ–იი იმყოფებიან ერთმანეთის სიახლოვეს და ცდილობენ პარლამენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილებას (მაგ: ვიდეოფაილი სახელწოდებით ...............), თუმცა მოქალაქეების ძალადობრივი მოქმედების პარალელურად, უშუალოდ ი. ო–სის გვერდზე მყოფი ზ. უ–ი ბრუნდება და ტოვებს ტერიტორიას (00:07:10), ხოლო ი. ო–ი არ ცდილობს ტერიტორიის დატოვებას, პირიქით, ის მოქალაქეების ძალადობრივი მოქმედების პარალელურად, მაინც ცდილობს პარლამენტის სასახლის მიმართულებით გადანაცვლებას, რაც მისი მხრიდან წარმოადგენდა მიზანმიმართულ და არა - უნებლიე (ხალხის მასის ან/და ტალღის ინერციით) მოქმედებას, რაზეც მიუთითებს მისი ჟესტიკულაციაც - მათ შორის გარშემომყოფებისთვის ხელის მოძრაობით წინ (.........ის სასახლის მიმართულებით) გადაადგილებისკენ არაერთხელ მინიშნება (იხ. ვიდეო ფაილი სახელწოდებით ..............).

24. ამდენად, მოწმეების - თ. კ–მის, ი. ბ–ს, გ. ჩ–სა და ვ. თ–ს ჩვენებებისა და ვიდეოჩანაწერის საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ათასობით მომიტინგეთა შორის იმყოფებოდა ი. ო–ც და მისი და მისი თანმხლები პირების განზრახვა იყო, როგორმე ჩამდგარიყვნენ პოლიციელთა და მომიტინგეთა შორის და განემუხტათ სიტუაცია და არა - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ ი. ო–მა, მის სიახლოვეს არსებული დაპირისპირებისას, არათუ არაფერი გააკეთა სიტუაციის განსამუხტად, არამედ - აქტიური მოქმედებით თავად ცდილობდა სამართალდამცავთა წინააღმდეგობის დაძლევას.

25. კასატორი დაცვის მხარე სადავოდ ხდის მოწმე პოლიციელების ჩვენებების უტყუარობას მათი გამოკითხვის ოქმების ენობრივ და სტილისტიკურ არსებით იგივეობაზე მითითებით. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება) და ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა, როგორც საკუთარი მტკიცებულებების წარმოდგენის, ასევე - არსებით სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის (მათ შორის - სადავო მოწმეების დაკითხვის) და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით თითოეული მოწმისათვის სასურველი კითხვების დასმის, მოწმეთა მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის - აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობის, რელევანტურობის თუ კანონიერების, მოწმის სანდოობის შემოწმების/შედავების) გამოკვლევის შესაძლებლობა.

26. კასატორი დაცვის მხარე სადავოდ ხდის ქმედების კვალიფიკაციასაც, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოქალაქეების უნებართვო შეჭრის დაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXX თავით (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ) გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით. დაცვის მხარის პოზიციით, თუ სადავო ქმედება წარდგენილი მუხლით უნდა ისჯებოდეს, მაშინ ი. ო–ს გარდა, პასუხისგებაში ასეულობით მოქალაქე უნდა ყოფილიყო მიცემული.

26.1. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის დანაწესს, სისხლის სამართალში მოქმედ პირადი პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპებს; საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს (,,დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი“); იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ჯგუფურ ქმედებებში მონაწილეობისათვის, რასაც თან ახლავს, ნორმის დისპოზიციით განსაზღვრული რამდენიმე ალტერნატიული ქმედებიდან ერთ-ერთი მაინც, მათ შორის - ძალადობა (ბრალდების მხარე საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში, ი. ო–ს ედავება - ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა), რომელიც მრავალი სახით და ფორმით შეიძლება გამოვლინდეს და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით კვალიფიკაციის მიზნებისთვის a priori არ უკავშირდება მავნე შედეგის დადგომას (ზიანის მიყენებას).

26.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როგორც დემოკრატიულ პროცესებში მოქმედ პირებს, ეკისრებათ ვალდებულება, პატივი სცენ პროცესის მარეგულირებელ წესებს, მოქმედი რეგულაციების შესრულებით (იხ. Balçık and Others v. Turkey, no. 25/02, par. 49, ECtHR, 29/11/2007; Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20, 31365/20, 32525/20, par. 100, ECtHR, 01/09/2022).

26.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი გულისხმობს ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ხოლო საზოგადოებრივი უშიშროება - ცხოვრების უსაფრთხოებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, თ–ში, ...........ის გამზირზე, .............ის სასახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ............ის ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრის მიზნით დაიწყო ............ს შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართ ძალადობა. ი. ო–სი სხვებთან ერთად მონაწილეობდა ............ს სასახლის დაცული ტერიტორიის პერიმეტრზე, ..........ს ტერიტორიის დასაცავად განლაგებული სამართალდამცავების წინაღობის (კორდონის) ძალადობით დაძლევაში დაცულ ტერიტორიაზე ჯგუფურად შესაჭრელად.

27. კასატორი დაცვის მხარე ასევე უთითებს ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსის მიმართ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის საარჩევნო კამპანიის ან რეფერენდუმის დროს, ავტომატურად არ უთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მიზნად ისახავდა პოლიტიკური საკითხების განხილვის შეზღუდვას (იხ. Selahattin Demirtaş v. Turkey (no. 2), [GC], no. 14305/17, par. 425, ECtHR, 22/12/2020).

28. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დასაბუთების ვალდებულებას - საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველ ნაწილის (კასატორმა უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა) და 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის (კასატორმა უნდა „დაასაბუთოს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება, მათ შორის, მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამნიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს“) დანაწესს; ასევე - იმ გარემოებას, რომ სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე (საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი), რა დროსაც სწორედ მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაცვის მხარეს ენიჭება, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება, ხოლო სასამართლოს არ აქვს საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებების მოპოვების უფლება.

28.1. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (პირდაპირი, ირიბი/გარემოებითი), არგუმენტი ან/და კასატორის დასაბუთებული მსჯელობა, რის გამოც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე და 303-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

28.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11, 35839/11, par. 69, ECtHR, 27/02/2020).

29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 15 მაისის განკარგულებით ი. ო–ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

30. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

31. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

34. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანისა და მსჯავრდებულ ი. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჭ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი