Facebook Twitter

საქმე # 040100122005548111

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №861აპ-22 ქ. თბილისი

დ-ი ა, 861აპ-22 17 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენზე ამბროლაურის რაიონული პროკურორის - ზურაბ ლორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენით:

1.1. ა. დ-ი, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ ა. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

1.2. გაუქმდა ა. დ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

1.3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად, ა. დ-ს 5 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 6 თვით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-ა ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე და მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ა. დ-ა ა-ის რაიონის სოფელ ზედა შ-ი, თავის საკარმიდამო ნაკვეთში, დაამონტაჟა სახერხი საამქრო და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებპორტალზე (https://emoe.gov.ge). ა. დ-ის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო 2022 წლის 11 იანვარს გამოავლინეს შსს ა-ის რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.

· ა. დ-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, საერთო წონით 14,432 გრამი, რასაც ასევე 2022 წლის 11 იანვრამდე უკანონოდ ინახავდა ა-ის რაიონის სოფელ ზედა შ-ი მდებარე თავის სახერხ საამქროში. ხსენებული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა 2022 წლის 11 იანვარს ამოიღეს შსს ა-ის რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცაგერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ა. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3.3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. დ-ს 5 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 6 თვით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3.4. ცნობად იქნა მიღებული, რომ ა. დ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

4. კასატორმა - ამბროლაურის რაიონულმა პროკურორმა ზურაბ ლორიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. დ-ის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 5 წლით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. პროკურორი ზურაბ ლორია საკასაციო საჩივრით ითხოვს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. დ-ის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 5 წლით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბრალმდებელს მსგავსი პოზიცია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას არ დაუფიქსირებია.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში.

8. სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. დ-ის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 5 წლით ჩამორთმევის თაობაზე და ითხოვდა მხოლოდ მისთვის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას და სახერხი დანადგარის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. დ-ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 5 წლით ჩამოართვას.

9. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ამბროლაურის რაიონული პროკურორის - ზურაბ ლორიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი