საქმე # 330100122005385918
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №892აპ-22 ქ. თბილისი
ჯ-ი გ, 892აპ-22 17 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენით:
1.1. გ. ჯ-ი, - დაბადებული ... წლის .... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. ჯ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 14 დეკემბრიდან 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
1.2. გ. ჯ-ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
1.3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. ჯ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 7 დეკემბერს გ. ჯ-ა მეუღლეს - ნ. კ-ს სახეში დაარტყა ხელი, ასევე ხელები ძლიერად მოუჭირა ყელის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 7 დეკემბერს, ფიზიკური ძალადობის დროს, გ. ჯ-ი მეუღლეს - ნ. კ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ყელში მოუჭირა ხელები და უთხრა, რომ არ აცოცხლებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. ჯ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. კ-ა და მოწმეების - თ. დ-ის, შ. მ-ის, ლ. უ-ის, ნ. დ-ის, მ. ჯ-ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ბარათით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გ. ჯ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების განხილვის პარალელურად, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს გ. ჯ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან.
13. პროკურორის ძირითად არგუმენტს თავისი მოთხოვნის გასამყარებლად წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, კერძოდ, რომ გ. ჯ-ა ჩაიდინა ოჯახური დანაშაული და მუქარა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედში, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა სიტყვიერად), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ.. ამ შემთხვევაში, გ. ჯ-ის ბრალდების შესახებ დადგენილების ფაბულის თანახმად, პროკურატურა მას ედავებოდა ოჯახური დანაშაულის ჩადენას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც თან ახლდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ამდენად, მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არ არის მეტისმეტად მაღალი, რაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე.
14. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის, ქმედების ხასიათსა და სიმძიმესთან ერთად (როგორც აღინიშნა, ეს უკანასკნელი წარმოადგენს პროკურორის ძირითად არგუმენტს), დამატებით უნდა შეფასდეს საქმის ყველა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, გ. ჯ-ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ნასამართლობის არმქონეა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ნ. კ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, იგი შერიგებულია მსჯავრდებულთან და პრეტენზია არ გააჩნია (ტ.1.ს.ფ.180-181). გ. ჯ-ის მიერ ჩადენილი ძალადობის ხარისხისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი