საქმე # 330100122005510876
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №915აპ-22 ქ. თბილისი
ი-ი ვ, 915აპ-22 17 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით:
1.1. ვ. ი-ი, - დაბადებული ... წლის .... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 16 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ი-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 15:51 საათზე, საქართველოს შსს ქ. თ-ის პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორმა ვ. ი-ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №... და შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლითაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 30 დღის განმავლობაში აეკრძალა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ჭ-ნ (რომელთანაც წარსულში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას), მის საცხოვრებელ სახლსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ. ჭ-ი იმყოფებოდა. ამასთან, ვ. ი-ს აეკრძალა ნ. ჭ-ნ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ვ. ი-ა დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2022 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 15:30 საათსა და 2022 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, მივიდა ქ. თ-ი, ა-ის ქუჩა №...-ში მდებარე ნ. ჭ-ის საცხოვრებელ სახლში, ხოლო 2022 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 12:11 საათსა და 13:30 საათზე, თავისი ტელეფონით, საკონტაქტო ნომრით - 599 544 070, შეტყობინებები გაუგზავნა ნ. ჭ-ს, საკონტაქტო ნომერზე - .....
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. ი-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ვ. ი-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულ ვ. ი-ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ნ. ჭ-ა და მოწმეების - გ. ი-ის, ზ. დ-ს, ს. ჭ-ის, ლ. ყ-ის, ვ. ბ-ის, რ. ს-ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ვ. ი-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ი-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ნასამართლობის არქონა, ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ვ. ი-ა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ჩაიდინა დანაშაული), მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება (მსჯავრდებულის მტკიცე სურვილი, მისწრაფება დაზარალებულ ნ. ჭ-ის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება), მისი პირადი და ეკონომიკური პირობები (ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, დასაქმებულია), ვ. ი-ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ ვ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს (საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), თუმცა შემდეგ სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაუთვალეს პირობით მსჯავრად. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
12. პროკურორი იოსებ ხუციშვილი მსჯავრდებულ ვ. ი-ის სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს მის მიმართ სასამართლოში საქმის წარმოებას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მსჯელობას და აღნიშნავს შემდეგს: ის გარემოება, რომ ვ. ი-ის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა სხვა დანაშაულისთვის, რომელზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია, ვერ განაპირობებს მისთვის სასჯელის დამძიმებას განსახილველი დანაშაულისთვის.
14. რაც შეეხება პროკურორ იოსებ ხუციშვილის აპელირებას დაზარალებულ ნ. ჭ-ის პოზიციაზე (ვ. ი-ის მხრიდან მუდმივი საფრთხის განცდა და მის მიერ შექმნილი სტრესული გარემო), საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, სრულად იაზრებს სახელმწიფოს ვალდებულებებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის თვალსაზრისით, რაც საერთაშორისო და შიდასაკანონმდებლო დანაწესებითაა გაწერილი; ამასთან, აღნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტის არსებობისას, დამნაშავე პირისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტების მხედველობაში მიღების გარეშე, შეიძლება გახდეს თავად მსჯავრდებულის უფლებების დარღვევის საფუძველი, რაც ასევე დაუშვებელია იმავე სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი