საქმე # 160100120003463405
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №966აპ-22 ქ. თბილისი
ა-ი ს, 966აპ-22 17 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
1.1. ს. ა-ი, - დაბადებული … წლის … დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 17 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ა-ა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, დ-ის რაიონის სოფელ კ-ოს ცენტრში, ი. კ-ა ს. ა-ნ საუბრის დროს ამ უკანასკნელის დედა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფით მოიხსენია. ს. ა-ა, დედის სიტყვიერი შეურაცხყოფით განაწყენებულმა, მოკვლის მიზნით, დანა ხუთჯერ დაარტყა ი. კ-ს გულმკერდის, მუცლისა და მარცხენა მხრის არეში, რითაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქმეში არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №17 დაწესებულების მომართვის თანახმად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ს. ა-ს სასჯელი შეუმცირდა 75 დღით.
5. კასატორმა - მსჯავრდებულ ს. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ძ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ს. ა-ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,111-ე მუხლზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმება.
5.1. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ს. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ძ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „Georgiadis v. Greece“, N21522/93, 29/05/1997, §43).
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეუფასებია ყოველმხრივ და ობიექტურად, მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა როგორც ს. ა-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დადგენილი დანაშაულის ელემენტების არსებობა, ისე - საქართველოს სსკ-ის 19,111-ე მუხლით ქმედების დაკვალიფიცირების უმართებულობა.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი. კ-ა და მოწმეების - ა. ო-ს, მ. ო-ის, ო. მ-ის, კ. კ-ა და სხვათა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N…. დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N… დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N…. დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნით, სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N… დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ს. ა-ის მიერ ი. კ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა.
10. მსჯავრდებულ ს. ა-ის მიერ დაზარალებულ ი. კ-ის დანის გამოყენებით დაზიანებების მიყენების ფაქტი დასტურდება ასევე თავად მსჯავრდებულის ჩვენებით, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა აღნიშნავს, რომ ს. ა-ს ი. კ-ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და კასატორის პოზიციით, მან დაზარალებულ ი. კ-ის მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად დგინდება ის გარემოება, რომ ს. ა-ი დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა ი. კ-ის მოკვლის განზრახვით, თუმცა ის, რომ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, განპირობებული იყოს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ ს. ა-ის განზრახვას - ჩაედინა პირის მკვლელობა, ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება და მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობა, განლაგება და ლოკალიზაცია, ხარისხი და სიმძიმე, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებს - მუცლისა და გულმკერდის მიდამოს. სამედიცინო ექსპერტიზის N… დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის დროს დაზარალებულს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ისეთ მიდამოებში, როგორიცაა გულმკერდის და მუცლის არე, კერძოდ, ი. კ-ს აღენიშნებოდა 5 ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის, მუცლისა და მარცხენა მხრის მიდამოებში, ოპერაციულად დაუდგინდა: ორი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, დიდი ბადექონის, კუჭის, წვრილი ნაწლავის დაზიანებებით, ჰემოპერიტონეუმი. აღნიშნული დაზიანებები ერთობლივად მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ბუნებრივია, ს. ა-ის მიერ გამოყენებული დანით სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში დაზიანებების მიყენებით იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის რისკი, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ქმედებები მიმართული იყო კონკრეტული პირისაკენ. ეს გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ ს. ა-ი აცნობიერებდა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის - ი. კ-ის სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას.
13. მსჯავრდებულ ს. ა-ის განზრახვას დამატებით ადასტურებს შემდეგი გარემოებებიც: როგორც დადგენილია, მას შემდეგ, რაც 2020 წლის 16 იანვარს ს. ა-ის ცნობილი გახდა ი. კ-ა და მისი დედის სავარაუდო სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მეორე დღეს - 17 იანვარს, ს. ა-ა ტელეფონით დაურეკა ი. კ-ს და შეხვედრა სთხოვა, რასაც ი. კ-ი დათანხმდა და შეთანხმებისამებრ მივიდა დ-ის რაიონის სოფელ კ-ოს ცენტრში, სადაც ასევე მივიდა ს. ა-ი, რომელმაც მასთან პირადად საუბრის მოტივით ა/მანქანიდან გადაიყვანა ი. კ-ი. მათ შორის მომხდარი შელაპარაკებისას, აღნიშნულზე განაწყენებულმა, რამდენჯერმე დაარტყა დანა გულმკერდის, მუცლისა და მარცხენა მხრის არეში; აგრეთვე, ს. ა-ი დანის დარტყმით ი. კ-ის სხეულის სხვადასხვა მიდამოში ჭრილობების მიყენების და მისი ძირს დაცემის შემდეგაც კვლავ ცდილობდა მისთვის დანის დარტყმას და დაზიანებების მიყენებას, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ხელი შეუშალეს და მისი ქმედებები აღკვეთეს, რის გამოც მას არ დარჩა რეალური შესაძლებლობა, დამატებითი დაზიანებები მიეყენებინა ი. კ-ის და განზრახვა სისრულეში მოეყვანა.
14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ს. ა-ი მოქმედებდა ი. კ-ის მოკვლის განზრახვით და კონფლიქტის დროს მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო ხსენებული დანაშაულის ჩასადენად, თუმცა მას არ დარჩა რეალური შესაძლებლობა, რომ დამატებითი დაზიანებები მიეყენებინა დაზარალებულისათვის და განზრახვა სისრულეში მოეყვანა. ს. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებათა რაოდენობა, ხარისხი და სიმძიმე, რასაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ნაკვეთი ჭრილობები სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში - გულმკერდის და მუცლის არეში, ადასტურებს იმას, რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლო შედეგს (ი. კ-ის შესაძლო სიკვდილს) იგი უცილობლად ითვალისწინებდა. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ს. ა-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, რომლითაც მან დაზიანებები მიაყენა ი. კ-ს, არის დასაკეცი კონსტრუქციის და შესაბამისად, ს. ა-ა გააზრებულად ამოიღო დანა, გაშალა და შემდეგ დაარტყა ი. კ-ს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ს. ა-ის ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები, მათ შორის - განზრახვა.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ს. ა-ი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო.
16. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას 2021 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინების (უარი ახალი მტკიცებულების გამოკვლევის თაობაზე) გაუქმების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
16.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ წარადგინა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-ის“ მიერ გაცემული ექსპერტიზის N-…. დასკვნა, რომელიც დასაშვებად არ იქნა ცნობილი და არ გამოკვლეულა როგორც მტკიცებულება, ვინაიდან დაცვის მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით განსაზღვრულ იმპერატიულ მოთხოვნებს, რაზედაც იმსჯელა სააპელაციო პალატამ 2021 წლის 16 თებერვალს და საოქმო განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულს საკასაციო სასამართლოც ეთანხმება (სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებებზე, რაზე დაყრდნობითაც ადვოკატი ითხოვდა ახალი მტკიცებულების დასაშვებად ცნობას, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდებული სარგებლობდა დუმილის უფლებით, მან ჩვენების მიცემა გადაწყვიტა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ და ამის საფუძველზე გადაწყდა მოგვიანებით ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება დაცვის მხარის მიერ. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ საოქმო განჩინებით განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რაიმე ახალი გარემოება, რასაც შეეძლო გადაეწყვიტა ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემა, არ გამოვლენილა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდებულის უფლებაა მისცეს ან არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლობლის წინააღმდეგ ან ისარგებლოს დუმილის უფლებით, მაგრამ პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სსსკ-ის მე-3, მე-9 მუხლებსა და 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ფონზე, როცა მოცემულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2020 წლის 17 იანვარს, ის გარემოებები, რაზეც მხარე უთითებდა ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლად, ცნობილი იყო უშუალოდ დაცვის მხარისათვის გამოძიების ეტაპზევე, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა და იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდებულის მიმართ მოცემულ საქმეზე სისხლისასამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, წარედგინა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში, მომხდარიყო გამოკვლევა და შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ადვოკატმა გადაწყვიტა ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ ექსპერტიზის დანიშვნა, არ არის ობიექტური გარემოება, რაც საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძველს.
17. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ს. ა-ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი