საქმე # 330100121005152964
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1001აპ-22 ქ. თბილისი
ჭ-ე დ, 1001აპ-22 17 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ჭ-ს, - დაბადებულს ... წლის .... აგვისტოს, - ბრალად ედება ეროვნული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ეროვნული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 12:45 საათზე, ქ. თ-ი, ს. ც-ის ქუჩა N...-ში, ავტომობილების გაჩერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ, ჭ-მ, ეროვნული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მ, ფ-ი იყო ირანელი, მიაჩნდა, რომ მას ამის გამო ნაკლები უფლებებით უნდა ესარგებლა, არ უნდა მიემართა პოლიციისთვის თავისი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, არ უნდა მოეთხოვა ავტოსადგომზე ავტომანქანისთვის ადგილის შეცვლა, უთხრა: „შე ჩამოთრეულო, როგორ გადამიღე ტელეფონით ვიდეო,“ „ვიდეოები როგორ გადამიღე და პოლიციაში როგორ მიჩივლე,“ „შე ირანელო, ჯერ სად ხარ, მე გაჩვენებ შენ“. დ, ჭ-მ მ, ფ-ს მუშტი დაარტყა სახის და თავის არეში, ხოლო ფეხი - წელის არეში, წააქცია და კვლავ ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რის შემდეგაც ადგილზე მყოფმა მამაკაცებმა შეძლეს დ. ჭ-ის განცალკევება, თუმცა მან კვლავ შეძლო და კიდევ ორჯერ დაარტყა მუშტი მ. ფ-ს სახეში. დ. ჭ-ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ. ფ-ა მიიღო დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით, ხოლო სახეზე - მსუბუქი ხარისხის ნახეთქი ჭრილობა, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
· 2021 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 14:25 საათზე, თ-ი, ს. ც-ის ქუჩა N...-ში, ავტომობილების გაჩერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ. ჭ-მ, ეროვნული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მ. ფ-ი იყო ირანელი, მიაჩნდა, რომ მას ამის გამო ნაკლები უფლებებით უნდა ესარგებლა, არ უნდა მოეთხოვა ავტოსადგომზე ავტომანქანისთვის ადგილის შეცვლა, უთხრა: „შენ ვინა ხარ, რომ მე მანქანა გავწიო,“ რის შემდეგაც დაზარალებულის კუთვნილ ავტომანქანას - „TOYOTA AVALON HYBRID-ს,“ სახ....., დაარტყა მუშტები და დააზიანა მარცხენა საყრდენი, რამაც 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის განაჩენით:
2.1. დ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2300 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 9 სექტემბრიდან იმავე წლის 12 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი; 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5300 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 9 სექტემბრიდან იმავე წლის 12 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5300 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 9 სექტემბრიდან იმავე წლის 12 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
2.2. დ. ჭ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჭ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 12:45 საათზე, თ-ი, ს. ც-ის ქუჩა N...-ში, ავტომობილების გაჩერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ. ჭ-მ მ. ფ-ს მუშტი დაარტყა სახისა და თავის არეში, ხოლო ფეხი - წელის არეში, წააქცია და კვლავ ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში. შემთხვევის ადგილზე მყოფმა მამაკაცებმა შეძლეს დ. ჭ-ის განცალკევება, თუმცა მან კვლავ მოახერხა და მ. ფ-ს მუშტი დაარტყა სახეში. დ. ჭ-ის ძალადობის შედეგად მ. ფ-ა მიიღო დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით, ხოლო სახეზე - მსუბუქი ხარისხის ნახეთქი ჭრილობა, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
· 2021 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 14:25 საათზე, თ-ი, ს. ც-ის ქუჩა N...-ში, ავტომობილების გაჩერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ. ჭ-მ მ. ფ-ის კუთვნილ ავტომანქანას - „TOYOTA AVALON HYBRID-ს,“ სახ....., დაარტყა მუშტები და დააზიანა მარცხენა საყრდენი, რამაც 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ. ჭ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დგინდებოდა დ. ჭ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა ეროვნული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მსჯავრდებულის მიმართ მსუბუქი სასჯელის - ჯარიმის გამოყენება უსამართლოა.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მსჯავრდებულ დ. ჭ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ მ. ფ-ა და მოწმეების - მ. კ-ის, გ. გ-ის ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N.... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
8. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ დ. ჭ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
9. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
12. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. ჭ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
12.1. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ,,დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“.
13. ამდენად, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიშნით დანაშაულის ჩადენისას ქმედების განმსაზღვრელი მოტივი დაზარალებულის ეროვნული კუთვნილებაა. შესაბამისად, დამნაშავის სპეციალური მიზანი და სურვილი სწორედ ამ ნიშნით - ეროვნული კუთვნილებით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაა და მნიშვნელოვანია, იგი გაიმიჯნოს სხვა პირადი მოტივებისგან (შურისძიების, ეჭვიანობის და ა.შ.), ვინაიდან რიგ შემთხვევაში ამგვარი მოტივების არსებობა მთლიანად გამორიცხავს დისკრიმინაციული ნიშნების არსებობას. დანაშაულის მსგავსი ხასიათის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენის დადასტურებისათვის აუცილებელია, რომ პირს შეცნობილი ჰქონდეს ამგვარი დისკრიმინაციული ნიშანი და მისი განზრახვა მოიცავდეს ქმედების სწორედ ამ მოტივით ჩადენას - თავისი ქმედებით ზიანი მიაყენოს მისგან განსხვავებული ეროვნების წარმომადგენელს და ეს უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის ერთადერთი, არსებითი მოტივი.
14. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულ მ. ფ-ა და მოწმე მ. კ-ის ჩვენებებიდან, ასევე სხვა ზეპირი და წერილობითი მტკიცებულებებიდან დგინდება, 2021 წლის 6 სექტემბერსა და 8 სექტემბერს დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი გახდა ავტომანქანის პარკირების საკითხთან დაკავშირებული შეუთანხმებლობა, რა დროსაც დ. ჭ-მ დააზიანა მ. ფ-ის ავტომანქანა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. ამასთანავე, 8 სექტემბერს დ. ჭ-ის მიერ დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით თავად მ. ფ-ი აცხადებს, რომ კონფლიქტის სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს მის მიერ ავტომანქანის დაზიანების შესახებ პოლიციაში გაცხადების ფაქტი. ამდენად, საქმეში გამოკვეთილია, ერთი მხრივ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს ჩადენილი დანაშაული, რაც უკავშირდებოდა არა დაზარალებულის ეროვნულ კუთვნილებას, არამედ - მის მიერ ავტომანქანის გაჩერების საკითხს, ხოლო, მეორე მხრივ, ვლინდება შურისძიების მოტივი და დ. ჭ-ის განაწყენება იმ ფაქტით, რომ დაზარალებულმა მისი წინარე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ პოლიციას შეატყობინა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ დ. ჭ-ის ქმედება განაპირობა მ. ფ-ის ეროვნებამ და ის სხვაგვარად იმოქმედებდა მის ადგილას სხვა ეროვნების წარმომადგენლის, მათ შორის - ქართველის ყოფნის შემთხვევაში.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მსჯავრდებულ დ. ჭ-ს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე), კერძოდ: დ. ჭ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პირველადაა სამართალში.
16. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია, დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი